იაკობ პაპიაშვილის წიგნის წინათქმა

დამსახურებული კურთხევა და ქება იაკობ პაპიაშვილის ღირსშესანიშნავ მხატვრულ შემოქმედებას. ვსაუბრობ ცნობილ მწერალზე და პუბლიცისტზე, ისრაელის და საქართველოს მწერალთა კავშირების წევრზე, ისრაელის ორგანიზაციის ACUM (ლიტერატორების, კომპოზიტორების და გამომცემლობების საავტორო უფლებათა დაცვის) წევრზე 1997.

mwerlis_gazეს არის ბიოგრაფიულ–ისტორიული და ამავე დროს მიმზიდველი სიონისტური მოთხრობა, აგებული ბიბლიურ მოტივზე: განდევნილობასა და განთავისუფლებას შორის. იაკობ პაპიაშვილი ამოვიდა ისრაელში 1996 წელს. ამჟამად ის თოთხმეტი, შეიძლება მეტი, წიგნის ავტორია, მათ შორის სამი პოეტური კრებულია. ყველა წიგნი წარმოდგენილია ინტერნეტში ქართულ და რუსულ ენებზე. მისი შემოქმედება არა მარტო თემატურად, არამედ ჟანრობრივადაც საინტერესო და მრავალფეროვანია. მაგალითად, პოეტური კრებული, გამოცემული საქართველოში 2010 წელს, შეიცავს არა მარტო ლირიულ ჟანრს, არამედ აგრეთვე დრამატულ პოემას საქართველოს ისტორიული სინამდვილიდან, რომელიც აფხაზეთის საკითხს ეხება, ამასთანავე აქ წარმოდგენილია ლიტვის და ლატვიის პოეტების ლექსების მხატვრული თარგმანები. ამავე კრებულში დაცულია ფრიად შთამბეჭდავი ლექსი მიძღვნილი იცხაკ რაბინის ხსოვნისადმი: “მწუხრის ზარები”. ეს ლექსი ავტორმა დაწერა 1995 წლის ნოემბერში და სხვა ლექსებთან ერთად გამოაქვეყნა ისრაელის ქართულენოვან გაზეთში “ალია საქართველოდან”. მაგრამ ამავე გაზეთში 1989–1991 წწ. გამოქვეყნდა პაპიაშვილის თითქმის ყველა ნაწარმოები, მათ შორის რომანი “ქართული ლეგენდა”, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთის ოც ნომერში სამი თვის მანძილზე.

2014 წელს, საქართველოს მწერალთა კავშირმა, მწერალს და პუბლიცისტს იაკობ პაპიაშვილს მიანიჭა ივანე მაჩაბლის სახელობის საპატიო პრემია უკანასკნელ წლებში გამოქვეყნებული ლიტერატურულ-პუბლიცისტური თხზულებებისა და თარგმანებისათვის.

იაკობ პაპიაშვილის ნაწარმოებები ეხება როგორც ისტორიას, ისე ადამიანურ ურთიერთობებს. იაკობს, როგორც მწერალს, ხელეწიფება ლეგენდების და მითების ჰარმონიული შეხამება ისტორიულ ფაქტებთან, ისე, რომ სიუჟეტის რეალური განვითარება აღწევს ადამიანურ მოვლენათა არსში.

ამ თვალთახედვით საყურადღებოა მისი პირველი რომანი “ქართული ლეგენდა”. რომანის ფაბულა ერთობ საინტერესოა. მისი წყაროა ძველი ქართული ისტორიოგრაფია “ქართლის ცხოვრება”: სიუჟეტი გაშლილია IV საუკუნის დასაწყისის ფონზე, საქართველოში იმარჯვებს ახალი რელიგია – ქრისტიანობა.

წარმართობა (და ცეცხლთაყვანისმცემლობა, კერპთაყვანისმცემლობა) დამარცხების ზღვარზეა. ქალაქ მცხეთაში და მის შემოგარენში ქართველი ებრაელების მნიშვნელოვანი დასახლებებია, რომელთა ნაწილი აღიარებს ქრისტიანულ სარწმუნოებას, ხოლო ნაწილი ისევ ტრადიციული ებრაული სარწმუნოების დამცველად რჩება. ასეთ სარწმუნოებრივ ალიაქოთში ტრაგიკულად ვითარდება ორი ებრაელი ახალგაზრდის ელიაზარისა და რეხას სიყვარული. პრობლემა ის არის, რომ გოგონას მამა და თვითონ რეხა ღებულობენ ქრისტიანულ სარწმუნოებას… საკითხი ფრიად გამოუცნობია: რა მოელით მათ?

რომანი “ქართული ლეგენდა” გამოქვეყნდა ჟურნალ “განთიადში“ (N2, 1989), ხოლო წიგნი ამავე სათაურით გამოიცა ქ. თბილისში – “მერანი” – 1991 წელს. რამდენიმე წლის განმავლობაში რომანის ავტორი იმყოფებოდა საქართველოს კპ ცკ, როგორც შევარდნაძის, ისე პატიაშვილის დროს – გასაუბრების მიზნით. საკითხი ეხებოდა წიგნის გამოცემისათვის ქაღალდის გამოყოფას და ზოგიერთ იდეოლოგიურ მიმართულებას. რომანის შინაარსთან დაკავშირებით დაიწერა ცნობილი – დიდი ქართველი მწერლების დადებითი რეცენზიები. აღინიშნა, რომ ეს რომანი იყო პირველი ცდა (ვ. ბარნოვის შემდეგ – ი. პ.) ძველი ქართული ისტორიოგრაფიის გაცოცხლებისა.

iakobpapiisrael

ფოტო გადაღებულია თელ-ავივის ჩერნიხოვსკის სახელობის მწერალთა კავშირში. მარცხნიდან: ისრაელის მწერალთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე ბალფთურ ხაკაკ, იაკობ პაპიაშვილი და ისრაელის ივრითულენოვანი მწერლების კავშირის თავმჯდომარე გერცელ ხაკაკ.

ის, ვინც კითხულობს იაკობ პაპიაშვილის ნაწარმოებებს გრძნობს, რომ ლიტერატურა არის ის ძალა, ვისაც საკუთარი მხრებით შეუძლია ზიდოს დრო, სივრცე და შთამომავლობა. ლიტერატურას აქვს შესაძლებლობა მისცეს გარდასულ სამყაროს ის სახე, რომელსაც იგი ქმნის ხელახლა. კლოდ ლევი შტრაუსი ოდესღაც წერდა, რომ დიდ ტილოში თავისებური არეკვლაა შესაქმისა. კარგი ლიტერატურა დრამატიზმის მატარებელიცაა, იგი სიცოცხლისათვის შექმნილი სამყაროს მსგავსია.

1998–1999 წწ. ისრაელში რუსულ ენაზე გამოიცა წიგნი “ორი სურათი სასტუმრო “გაგრიფშის” ცხოვრებიდან”, რომლის ავტორი იყო იაკობ პაპიაშვილი. მრავალ შთამბეჭდავ რეცენზიათა შორის, თავისი ორიგინალური თვალთახედვით გამოირჩევა ცნობილი ისრაელელი ლიტერატორის და კრიტიკოსის ლეონიდ ფინკელის შეფასება:
“პროფესიონალი ლიტერატორი, გამოსცა ექვსი წიგნი ლექსების და პროზის ქართულ ენაზე –  აქ კი, ისრაელში, იაკობ პაპიაშვილმა უკვე გამოსცა ახალი წიგნი. ეს წიგნი იმ ტრაგიკულ ქაოსზეა, რომელშიც განზრახ ჩაითრიეს საქართველო. ავტორის ამ ახალ ნაწარმოებში ჩადებულია ის ტრაგიკული გულისტკივილი და ამაყი სულისკვეთება, რაც ასე აახლოებს ქართველებს ისრაელის მოქალაქეებთან. იაკობ პაპიაშვილს უყვარს საქართველო და უყვარს ისრაელი. მის ნაწარმოებებში ჩანს ისრაელის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ღრმა ცოდნა. მწერლის პროზაში დიდი პოეზიაა – ზოგჯერ იგი ჰგავს შოფარის ხმას, როცა მელოდია მუსიკად კი არა, თრთოლვად გვევლინება და ეს ხმა გულის ყველაზე შორეულ სივრცეში აღწევს. რომანის გმირები არწმუნებენ მკითხველს, რომ ფრენა შეუძლია ისწავლოს ყველამ. საინტერესოა იაკობ პაპიაშვილის “მესხის” მნიშვნელობის განმარტება შოთა რუსთაველის და გალაკტიონ ტაბიძის რამდენიმე სტროფის მიხედვით. ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა საფუძველზე – უძველესი დროიდან დღემდე, მას გამოქვეყნებული აქვს რიგი მეცნიერული ნაშრომები ენათმეცნიერების საკითხებზე.

იაკობ პაპიაშვილი არის გაზეთ  “Новости недели” -ს და მისი დამატების “Еврейский камертон”-ის დიდი ხნის ავტორი, რომელთა ფურცლებზე მან გამოაქვეყნა ბევრი თავისი პუბლიცისტური ნაწარმოები.

მწერლისა და პუბლიცისტის 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით ისრაელის სახელმწიფოს მწერალთა კავშირების ფედერაციამ გაუგზავნა მას მილოცვა კეთილი სურვილებით, კეთილდღეობა, კარგი სულიერი განწყობილება, და რა თქმა უნდა, ახალი წიგნები.

ვთავაზობთ ჩვენი გაზეთის მკითხველებს ლიტერატორის ახალ ნარკვევს: “ბუხენვალდის სიმღერა”.

“Новости недели”- ს საგამომცემლო სახლი ულოცავს იაკობ პაპიაშვილს იუბილეს, უსურვებს მას ჯანმრთელობას, ბედნიერებას და შემოქმედებით დღეგრძელობას! (Время НН, 12.4.2012, с.10–11 и ЕК -11.9.2007. с. 18-19).

იაკობ პაპიაშვილის მრავალწახნაგოვანი შემოქმედებითი ნიჭის დამადასტურებელია 2014 წელს გამოცემული მისი ახალი წიგნი “იერუსალიმი – თბილისი” (ეს არის ცნობილი ქართველი მწერლის რევაზ მიშველაძის ნოველების თარგმანი რუსულ და ებრაულ ენაზე). რუსული თარგმანი ეკუთვნის იაკობ პაპიაშვილს, ხოლო ებრაული თარგმანი შეასრულა იგორ შალმანმა.

ჩემი მოსაზრებით, ეს წიგნი “იერუსალიმი – თბილისი” უნდა დაიდგას ჩვენს კინოსა და თეატრებში რა თქმა უნდა, ეს იქნება მისი შინაარსის გამოსხივება ებრაულ სცენაზე, ეთნიკური საზოგადოებრივი აზრის თავმოყრის მიზნით. ამ წიგნს აქვს ნამდვილად დამსახურებული გამოძახილი: იგი უკვე დაცულია ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში (Berlin State Library – Prussian Cultural Heritage).
და ბოლოს:

რამდენიმე სიტყვა მწერლის და პუბლიცისტის იაკობ პაპიაშვილის ახალ წიგნზე, რომლის სათაურად ავტორს გამოყენებული აქვს ფრაზა დავითის 123 ფსალმუნიდან: “ვით ჩიტი გაფრენილი დამჭერთა მახიდან” – “ვით დამჭერთა მახიდან ზეცას გაჭრილი ჩიტი”. ანიჭებს რა “რუსულ ალიას” დიდ მნიშვნელობას ისრაელის სახელმწიფოსათვის, შემდგენელი წიგნს ისევ ორ ენაზე გვთავაზობს – ივრითზე და რუსულზე. უნდა აღინიშნოს: ყველა პუბლიცისტური ნაწარმოები, პროზისაგან განსხვავებით, ავტორმა დაწერა ისრაელში რუსულ ენაზე და თითქმის ყველა გამოქვეყნებულია ისრაელში “Издательский дом “Новости недели”-ის გაზეთების ფურცლებზე 1997–2015 წწ.

ის, ვინც კითხულობს იაკობ პაპიაშვილის წიგნს, შეიგრძნობს, რომ იგი მღელვარე ისტორიული მოვლენების ეპიცენტრში იმყოფება: იგი თვითმხილველია ამ ისტორიული მოვლენებისა, რევოლუციის მანქანის ქვეშ მოყოლილი ხალხთა ტრაგედიისა და აქედან გამომდინარე ჩვენც მოწმენი ვხდებით ქართველი და რუსი ხალხების ცხოვრებისეული ჭირ-ვარამისა, რაც გადაჯაჭვულია ებრაელების ჯერ კიდევ გაურკვეველ მდგომარეობასთან – ამ აბობოქრებულ ოკეანეში. პაპიაშვილი ჩვენს სმენას ამახვილებს იმ ხმებისათვის, რომელიც გვეგონა, რომ დავიწყებული იყო,  გვეგონა, რომ აღარავის ახსოვს “დოლის ტყავის ქვეშ დაფარული ელდა, თავზარი”; მისი მოთხრობები გასაგებს ხდის გარდასულ ლეგენდებს, არეულ-დარეული ადამიანური ყოფიერების ფაქტებს და ეს უცნაური, ქარიშხლისებური ამბები გვიპყრობს, გვიტაცებს ჩვენ – გულგატეხილებს. მის ნაწარმოებებში ჭეშმარიტად ჩამალულია ებრაული სული, ის არაჩვეულებრივი მელოდია, რომელიც ებრაელთა ბედისა თუ უბედობის კვალს მისდევს უდაბნოში.

იაკობ პაპიაშვილი კარგი მწერალი და პუბლიცისტია, კარგი მთხრობელია, პროზაიკოსი – ბელეტრისტია, რომელსაც შეუძლია დაიპყროს მკითხველთა გული.

გერცელ ხაკაკ

ისრაელის ივრითულენოვანი მწერლების
კავშირის თავმჯდომარე

04.02.2015წ.

დაიბეჭდა “მწერლის გაზეთი”, თბ., 2016, N8, გვ.9.

 

რეცენზია

იაკობ პაპიაშვილის რომანს “ქართული ლეგენდა” წამძღვარებული აქვს ანოტაცია, რომელიც ამოღებულია რევაზ ჯაფარიძის და რევაზ qartulilegendaინანიშვილის პირველი რეცენზიიდან: “წიგნი წარმოგვიჩენს ქართველის ერის შორეულ წარსულს – მეფე მირიანის მეფობის ხანას და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად შემოღებას. ვასილ ბარნოვის შემდეგ ამ ამაღელვებელ ამბებს ჩვენი ერის ისტორიისა ქართველ მწერალთაგან აღარავინ შეხებია და აღარავის უცდია მათი გაცოცხლება. სწორედ მადლობასა და მხურვალე თანაგრძნობას იმსახურებს ავტორი, რომელმაც უაღრესი ერთგულებით მოჰკიდა ხელი მადლიან საქმეს და იგი ბოლომდე მიიყვანა. საგულისხმოა ავტორს კოლოსალურად დიდი შრომა აქვს გაწეული, კერძოდ, გულდასმით შეუსწავლია სათანადო სპეციალური ლიტერატურა, ისტორიული და საარქივო წყაროები, ბიბლიის ძველი და ახალი აღთქმა, რის საფუძველზეც დაუმუშავებია რამდენიმე მეცნიერული ხასიათის ნაშრომი; მათზე დაყრდნობით შვყავართ რა დრამატიზმით დამუხტულ რთულ კოლიზიებში, ავტორი მხატვრულად ასახავს IV საუკუნის იბერიაში მიმდინარე კულტურულ-ეკონომიკურ ვითარებას, იმ ეპოქაში არსებულ ქვეყნებთან ურთერთობის თვალსაწიერიდან. რომანი „ქართული ლეგენდა“ ი. პაპიაშვილის მეორე წიგნია.” (რომანი “ქართული ლეგენდა” თავდაპირველად გამოქვეყნდა ალმანახ “განთიადში” N2, 1989წ. მთ. რედ.: რეზო ჭეიშვილი, მთ. რედ. მოადგილე ავთანდილ ყურაშვილი.)

 

1986 წლის 17 თებერვალი
N123

რ.ა. ჯაფარიძეს

        ღრმადპატივცემულო ბატონო რევაზ!
        მწერალთა კავშირში ხელმეორედ სარეცენზიოდ შემოსულია ახალგაზრდა ქუთაისელი მწერლის ი. პაპიაშვილის რომანი “ქართული ლეგენდა”, რომლის დაბეჭდვა აქვს ავტორს განზრახული.
        მოგმართავთ თხოვნით გამოთქვათ თქვენი მოსაზრებანი და შენიშვნები  წარმოდგენილი ნაწარმოების შესახებ.

პატივისცემით
საქართველოს მწერალთა კავშირის
გამგეობის მდივანი:                                  (რ. ინანიშვილი)

ხელმოწერილია და დადასტურებულია საქართველოს მწერალთა კავშირის ბეჭდით.

 

რეცენზია

ი. პაპიაშვილი – “ქართული ლეგენდა”, რომანი

ავტორმა წარმოადგინა მეორე ვარიანტი თავისი წიგნისა, რომელიც, შეიძლება თამამად ითქვას, არსებითად განსხვავდება წიგნის პირველი ვარიანტისაგან. იაკობ პაპიაშვილს აღმოაჩნდაpapiashvili შესაშური უნარი, შეექმნა სრულიად ახალი მხატვრული ქსოვილი და მიეცა ნაწარმოებისათვის სულ სხვა საზოგადოებრივი ჟღერადობა. იგულისხმება, რომ მე თავის დროზე წავიკითხე რომანის პირველი ვარიანტი და მწერალთა კავშირის თხოვნით რეცენზიაც დავწერე. იშვიათად მინახავს, ახალბედა ავტორს ასე გულდასმით შეესწავლოს წინამავალი კაცის შენიშვნები და გამოეყენებინოს ისინი ქმნილების შემდგომი სრულყოფის მიზნით.

ახლა რაც შეეხება ახალ ტექსტს. საერთო შთაბეჭდილება ისეთია, რომ რომანის ავტორის, იაკობ პაპიაშვილის სახით საქმე გვაქვს არა მარტო ისტორიულ მასალაში ჩახედულ პიროვნებასთან, არამედ მხატვრული ნიჭით დაჯილდოებულ ლიტერატორთან, რომელსაც ხელეწიფება მთავარი – სული ჩაუდგას თავისი ხელით მოზელილ და გამოძერწილ თიხას. რა ვუყოთ თუ ჯერჯერობით მას ალაგ-ალაგ ღალატობს მხატვრული გემოვნება, ზომიერების გრძნობა, ყოველთვის ვერ ახერხებს ბეწვის ხიდზე გავლას, ვერც სიტყვასა და ფრაზას იმორჩილებს, როგორც ოსტატს შეეფერება, სამაგიეროდ მას აშკარად ემარჯვება სახოვანი თხრობა, ხასიათების გამოძერწვა, ცოცხალი დიალოგის აგება, რთული დრამატული კოლოზიების დახატვა.

“ქართული ლეგენდა”ავტორის ნიჭისა და შესაძლებლობების კვალობაზე აცოცხლებს იბერიაში ქრისტიანული რელიგიის გავრცელებისა და სახელმწიფო რელიგიად  დამკვიდრების დროს. რომანში, როგორც პერსონაჟი, შემოდის მოციქულთა სწორი ნინო კაპადოკიელი. მოქმედებენ აგრეთვე პირველი ქართველი ქრისტიანი მეფე მირიანი და მისი თანამეცხედრე ნანა. გამოყვანილია მცხეთელი ებრაელობა აბიათარ მღვდლისა და სხვათა და სხვათა სახით. ავტორი ცდილობს რომანის ცენტრში მოაქციოს ახალგაზრდა ებრაელი ქალ-ვაჟის ვისისა და რამინის ამაღლებული სიყვარული, გამოატაროს ეს სიყვარული უდიდესი განსაცდელის ქურაში და გვიჩვენოს, რა სასწაულების მოხდენა შეუძლია ადამიანთა ცხოვრებაში ამ ზენა გრძნობას.

დამაჯერებელია ორი ანტაგონისტური რელიგიის – ქრისტიანობისა და წარმართობის შეურიგებელი ბრძოლა, რომელსაც ნაწარმოების მრავალი ფურცელი ეძღვნება, სავსებით შესაძლებელია სარწმუნოების ნიადაგზე ჩამოვარდნილი ის წინააღმდეგობანიც, რომლებიც თავდავიწყებით შეყვარებულ ქალსა და ვაჟს შორის აღიმართა. საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ ბევრი მუშაობა დასჭირდება ავტორს, რათა თხრობის უფრო მეტ კონდიციას მიაღწიოს. საჭიროა გამოცდილი, პროზის ყველა საიდუმლოებაში ჩახედული რედაქტორი, რომელიც ტექსტს ღრმად გაეცნობა და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში კონკრეტულ შენიშვნებს გააკეთებს. თუ ეს ასე არ მოხდა და წიგნის საერთო სულისკვეთებით რომელიმე სქელი ჟურნალი ან გამომცემლობა არ დაინტერესდა, ავტორს შეუძლია მესამე და მეოთხე ვარიანტიც  წარმოადგინოს, მაგრამ მაინც ვერ მიაღწიოს იმ სანუკვარ მიზანს, რის მიღწევასაც მთელი სულიერი ენერგიის დაძაბვით ესწრაფვის.

იაკობ პაპიაშვილი ტომით ქართველი ებრაელი, ყველა თავისი წინაპრის მსგავსად საქართველოზე და ქართულ კულტურაზე მთელი არსებით შეყვარებული, სწორედ ის ავტორია, რომელიც ჩვენს ყურადღებასა და კოლეგიალურ დახმარებას იმსახურებს. ნუ დავიშურებთ მისთვის ამ ყურადღებასა და დახმარებას. მწერალთა კავშირი კეთილ საქმეს იზამს, თუ გაუკვალავს ახალბედა ავტორს ჟურნალებისა და გამომცემლობების არცთუ ისე ადვილად გადასალახავ გზას.

წარმოდგენილი ხელნაწერის ის ნაწილი, რომელსაც “წიგნი მეორე” აწერია, ერთობ რიტორიკულად და ზედმეტად მეჩვენება. იგი რაიმე ახალს აღარაფერს გვეუბნება და ნაწამოების მხატვრულ ქსოვილში უცხო სხეულადაც კი გამოიყურება. სამწუხაროდ, პირველი წიგნი დაუმთავრებლის შთაბეჭდილებას სტოვებს. მას ლოგიკური წერტილი ჭირდება და თუ ავტორი ამ წერტილს იპოვნის მგონია, რომ ნაწარმოებიც აქ დასრულდება, აღარ დასჭირდება მას აღარავითარი “წიგნი მეორე”.

მისაღებია ვითომ ასე დემონსტრაციულად ვისისა და რამინის სახელების გამოყენება? ამას რომ რაიმე მხატვრული ფუნქცია ჰქონდეს, სხვა ამბავია, მაგრამ რაკი რომანში ეს ასე არ არის, მკითხველი ცოტა არ იყოს გაკვირვებული და შეცბუნებული რჩება.

იგივე ითქმის ეპიზოდური პერსონაჟების ზოგიერთ სახელზეც. აი ისინიც: ტარიელი, ავთანდილი, ფრიდონი (ასე დაწყობილად), ამირანი, ბადრი და სხვ.

ერთობ ბევრია ამონაწერები “ქართლის ცხოვრებიდან”, კერძოდ ლეონტი მროველის თხზულებიდან. ერთგან სქოლიოში არასწორადაა მითითებული, თითქოს ცნობა ამოღებული იყოს “ქართლის ცხოვრების” სომხური თარგმანიდან. რისთვის დასჭირდებოდა სომხური თარგმანის შეწუხება ჩვენს ავტორს, როდესაც იგივე ცნობა ორიგინალშიაც ზუსტად ისე წერია.

ავტორი ზოგჯერ ცდილობს თავისი გმირები არქაული ენით ალაპარაკოს, მაგრამ ეს ყველგან არაბუნებრივად გამოუდის. მის ენას საერთოდ ატყვია კ. გამსახურდიას ენობრივი კონსტრუქციების გვლენა. ავტორი ვერ გაქცევია გრ. ჩიქოვანის “ოდიშური მოთხრობების” გავლენასაც. აქ არის დიალოგი ქალ-ვაჟს შორის , რომელიც ლიტერატურული წარმოშობისაა და სწორედ ერთ-ერთი ოდიშური მოთხრობიდან მომდინარეობს.

უმჯობესი იქნება თუ მაქსიმალურად თავს ავარიდებთ შიშველ ფილოსოფიურ აზროვნებასაც და მსჯელობას თეოლოგიის საკითხებზე.

ამ ჩემს ზოგად შენიშვნებს, თუმცა არც თუ ისე ზოგადს, ავტორი არ უნდა შეუშინდეს. მას უნარი შესწევს კვლავაც დაუბრუნდეს ხელნაწერს და გამოცდილ რედაქტორთან თანამშრომლობით თავისი ამ პირველი ნაწარმოების მხატვრული სრულყოფა ბოლომდე მიიყვანოს.

29 მარტი, 1986 წ.

რევაზ ჯაფარიძე
(ხელმოწერილია)

რომანი “ქართული ლეგენდა” შეიცავს 10,5 საავტორო თაბახს
რ. ინანიშვილი (ხელმოწერილია)

 

დაიბეჭდა: პაპიაშვილი ი., ხანისწყალთან, ქუთაისი, 1994, გვ.144-146

 

რედაქტორის წინათქმა

ძვირფასო მკითხველო,

ეს წიგნი ამჟამად ისრაელში მცხოვრები ქართველი მწერლის იაკობ პაპიაშვილის ცხოვრებაზე გვიამბობს. წავიკითხე იგი ხელნაწერში. gagraრომ იტყვიან, სტრიქონ-სტრიქონ.
წავიკითხე და პირველი ფრაზა, რამაც თავში გამიელვა, გახლავთ:
“რა კაი კაცი ყოფილხარ შენ, იაკობ”.
მადლობა როგორ არ გითხრა იმ სითბოსთვის, რაც შენი სამშობლოსთვის – საქართველოსთვის გაგიღია.
რა ქართულია და რა ებრაულია შენი გულწრფელი სევდა, რა წმინდაა შენი ცრემლი, რა მართალია შენი ნოსტალგია.
ამ წიგნში იაკობის ცხოვრებაა მეთქი, შემთხვევით არ წამომცდენია.
ნამდვილად ასეა.
ჩვენ მწერლები ჩვენს ცხოვრებაზე ვწერთ; მაშინაც კი, როცა ფანტასტიკურ თხზულებას ვქმნით.
ვერავინ გაექცევა საკუთარ ჩრდილს, საკუთარ სამყაროს.
ამ წიგნში ჟანრული სხვადასხვაობა მოგჭრით თვალს.
იგი ორი რომანისაგან, რამდენიმე მოთხრობისაგან, ესეებისაგან, მოგონება -ჩანახატისაგან და პოპულარულ ენაზე დაწერილი სამეცნიერო გამოკვლევისაგან შედგება.
და ყველაფერი საქართველოთი ფეთქავს, საქართველოს დვრიტას დასტრიალებს.
აგერ რომანი “გაგრა”.
გარდა ნაწარმოების რომანული ხაზისა, თქვენს ყურადღებას მიიპყრობს ავტორი, რომელმაც ყველაფერი კარგად იცის მრავალტანჯულ საქართველოზე და ცდილობს მოასწროს, ბევრი რამ გითხრას, მიგანიშნოს იმაზეც, რაზეც პოლიტიკოსები დელიკატური მოსაზრებით აღარ ლაპარაკობენ.
დაგვატარებს რომანის ავტორი გაგრის წალკოტიდან მსოფლიოს გზებზე.
წიგნში გაიელვებს აფხაზეთზე შეყვარებული გალაკტიონი,სასტუმრო “გაგრიფშში” ცოლით და ქალიშვილით ჩამომხტარი კონსტანტინე გამსახურდია, აქვეა ირაკლი აბაშიძეც, რომელმაც ხრუშჩოვს იერუსალიმის ჯვრის მონასტერში სამეცნიერო ექსპედიციის ნებართვა უნდა გამოტყუოს… რომანში იხილავთ ჩართულ თეთრ ლექსებს, ასე ბუნებრივად რომ შენივთულან რომანის სიუჟეტურ ხაზთან.
და რაც მთავარია, მეოცე საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს დაწერილ ამ რომანს თავიდან ბოლომდე გასდევს აზრი, რომ ე.წ. აფხაზეთი  – საქართველოა, საქართველოს ისეთივე კუთხეა როგორიც იმერეთი, კახეთი და ა.შ.
ისტორიის ამგვარი ღრმა ცოდნით დაწერილი თხზულება ორმაგად ძვირფასია  სწორედ იმის გამო, რომ ამას გვარტომით ებრაელი კაცი წერს. იგი მსოფლიოს ეუბნება, რომ რუსმა დამპყრობელმა წაართვა ახლახან საქართველოს ძირძველი ისტორიული მიწები – აფხაზეთი და სამაჩაბლო. ამ პრობლემებზე მსჯელობისთვის მეტი დამაჯერებლობის მისაცემად ავტორს წიგნში მე-13 საუკუნის საქართველოს რუკაც ჩაუკრავს.
მადლობა ამისათვის შენ, ძვირფასო იაკობ.
მღელვარების გარეშე ვერც მეორე რომანს ქართული სინამდვილის პანორამულ სოციალურ თხზულებას (“ხონისწყალთან”) წაიკითხავთ.
ჩემს ინტერესს ამ წიგნის მიმართ ისიც ასულდგმულებს, რომ ჩემი სიყრმობისდროინდელი ქუთაისის სურნელი ვიგრძენი.
დოკუმენტურ მოთხრობებში გაგვიცოცხლა მწერალმა დომენტი ახობაძის, ბორის გაპონოვის, ალიოშა ტოგონიძის, ზურაბ კუხიანიძის, ვანო ჭეიშვილის, დავით კვიცარიძის,, დავით ბრეგაძის…  ქუთაისი.
დიახ, წიგნში საქართველოდან შორს მცხოვრები ერთი კეთილშობილი ქუთაისელი კაცის გულისცემა ისმის.
მწერალმა კარგად იცის ჩვენი ჭირ-ვარამი, იცის რა მეხთატეხა მოაქცია ჩვენს თავზე უახლესმა ისტორიამ.
იცის და იერუსალიმის ჯვრის მონასტრის კედელზე მიწერილ საუკუნო ღაღადისს შეგვახსენებს:
“ქართველნო, დექით მტკიცედ და შეურყევლად!”

რევაზ მიშველაძე
რუსთაველის პრემიის ლაურეატი
18.01.2013წ.

დაიბეჭდა: პაპიაშვილი ი.,  გაგრა, თბ. 2013, გვ.5-6

 

იაკობ პაპიაშვილის ახალი წიგნი

2017 წელს, ისრაელში გამოიცა იაკობ პაპიაშვილის ახალი წიგნი «…Как птица из сети ловящих…» რუსულ და ივრიტულ ენებზე. წიგნში ორი ლიტერატურული ჟანრია პროზა და პუბლიცისტიკა. წიგნში შემავალი პუბლიცისტური ნაწარმოებები, განსხვავებით პროზისაგან, ავტორის მიერ 1997-2017 წლები რუსულ ენაზე იბეჭდებოდა გაზეთ  «Новости недели»-ში და გაზეთ «Еврейский камертон»-ის დამატებაში.
წიგნის ანოტაცია რუსულ ენაზე იხილეთ ბმულზე.

kakptitsa123kakptitsa_is123

P.S. წიგნი დაცულია ბერლინის მთავარ ბიბლიოთეკაში

berlin

წერილი ბერლინიდან იაკობ პაპიაშვილისადმი