ცემა გმართებს გამზრდელისა…

ეპილოგის მაგიერ

ავტორი ორ სტროფიანი ლექსისა „ცემა გმართებს გამზრდელისა, რა ყმა ნახო ავად ზრდილი“ უცნობია. ზოგი ამ სტრიქონს შოთა რუსთაველს მიაწერს, ზოგიც კიდევ დავით გურამიშვილს. ასე მგონია (ჩემი აზრით), არცერთი მათგანი უარს არ იტყოდა ამ „მინი“ ლექსის ავტორობაზე. ის, რომ აკაკის „გამზრდელი“ ამ სტრიქონების გავლენით უნდა იყოს დაწერილი, ალბათ ბევრი დამეთანხმება:

„მაგრამ უსუბ ეუბნება:
შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?!
სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ,
რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ!“

„ცემა გმართებს გამზრდელისა…“ იდეურ მნიშვნელობაზე დაწერილია მრავალი კარგი, აღმზრდელობითი ხასიათის ნაწარმოებები. მე არ შევუდგები მათ დახასიათებას, დაინტერესებული მკითხველი თვითონ მოძებნის მათ და წაიკითხავს. მაგრამ ერთი უნდა ავღნიშნო, ეს ფრთიანი გამოთქმა, რომელიც წინამდებარე ნაშრომის სათაურია, ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობისაა და ჩემს თხზულებას ლეიტმოტივად გასდევს. თუმცა, აქვე უნდა დავძინო, ამ ნაწარმოების სათაურის აზრობრივი დატვირთვა არ ვრცელდება და არ გულისხმობს არცერთ პიროვნებას, რომლებიც ამ მონათხრობში არიან დასახელებული.

კომუნისტური პარტიის მანიფესტი იწყება სიტყვებით: „აჩრდილი დადის ევროპაში – აჩრდილი კომუნიზმისა,“ და მთავრდება მოწოდებით: „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით!“ მეცნიერული კომუნიზმის პირველი საპროგრამო დოკუმენტი დაწერილია გერმანელი ფილოსოფოსების კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის მიერ „კომუნისტთა კავშირის“ მე-2 კონგრესის დავალებით (1847), და რაღა თქმა უნდა, არც ლენინის და არც სტალინის  გამონაგონი არ არის. საწარმოო საშუალებების საზოგადოებრივ საკუთრებად გამოცხადება და მიწების ექსპროპრიაცია ერთი შეხედვით, მართლა მიმზიდველად გამოიყურება, და თავის დროზე დიდი ავტორიტეტი მოიხვეჭა, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ტერმინი „კომუნიზმი“ ანუ ყველა ქვეყნის პროლეტარების შეერთება და მთელი მსოფლიოს გაწითლება, უტოპიად მოსჩანს. თუმცა,  ამ იდეამ შესძლო მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმის მოსპობა და განადგურება. მიუხედავად ამისა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ის ტრაგედიები, რომლებიც შექსპირის ავტორობით არის ცნობილი (37 პიესიდან 11 ტრაგედიაა, 10 ისტორიული ქრონიკა და 16 კომედიაა – ი.პ.), შესაძლებელია კომედიად მივიჩნიოთ იმ საშინელებებთან და განუკითხაობებთან შედარებით, რაც გამოიწვია კომუნისტური იდეის დაპირისპირებამ წინა ფორმაციებთან: ფეოდალიზმთან და კაპიტალიზმთან (მხედველობაში მაქვს რელიგიური ომები, ბართლომეს ღამე, საფრანგეთის და რუსეთის რევოლუციები) (1)

ვიყოთ პირუთვნელნი, ზემოთ დასახელებულ ოთხ უდიდეს პიროვნებას (მარქსი, ენგელსი, ლენინი, სტალინი) შორის, სტალინი აღმოჩნდა გაცილებით პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი, ვიდრე დანარჩენი სამი. თვითონ განსაჯეთ:

  1. სტალინი მიხვდა, რომ მთელ მსოფლიოში პროლეტარიატის დიქტატურის გამარჯვება შეუძლებელი იყო და აკრძალა, გააუქმა კომინტერნი საბჭოთა კავშირში ლენინისა და ტროცკის იდეა მთელი პლანეტის გაწითლების შესახებ.
  2. სტალინი მიხვდა, რომ მარქსიზმ-ლენინიზმისეული ათეიზმი, – ფაშისტურ რეჟიმთან ბრძოლის დროს და კოალიციურ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის გაღრმავების თუ გაუმჯობესების მიზნით, – დამაბრკოლებელი ფაქტორი იქნებოდა… და აქედან გამომდინარე, უღმერთოთა იმპერიაში, წითელაშვილების სტრუქტურებში დააბრუნა ღმერთი, რამაც საშუალება მისცა აღედგინა ავტოკეფალია საქართველოში, რის გამოც რუსი თეოლოგების მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა.

არის თუ არა კავშირში წინამდებარე ნაშრომის სათაური “ცემა გმართებს გამზრდელისა“ ზემოაღნიშნულ მსჯელობასთან, ქვემოთ დავინახავთ. ყოველ შემთხვევაში გავიმეორებ, რომ ეს ფრთიანი გამოთქმა ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობისაა. იგი საშუალებას გვაძლევს გავითვითცნობიეროთ, გავისიგრძეგანოთ, რომ თითოეული ადამიანი ღვთისგან არის მოვლენილი, რომ თითოეული ბავშვის აღზრდა მშობლისათვის უმნიშვნელოვანესი მოვალეობაა და თუ ამ „მოვალეობას“ უყურადღებობის, დაუდევრობის ბურუსში მოვაქცევთ და მომავალზე ფიქრს და ზრუნვას სასხვათაშორისოდ ჩავთვლით, ალბათ ჩვენი ცივილიზაცია ისევე გაქრება, როგორც გაქრა  ჩვენამდე არსებული მრავალი ცივილიზაცია.

მცდარი ვერსია

ამას წინათ, ტელეკომპანია „იმედი“-ს ერთ-ერთი რეკლამის დროს, ყური მოვკარი ფრაზას: „ფრთები, ფრთები გინდა, კიდევ ფრთები გინდა.“ გალაკტიონის ლექსი „ქებათა ქება ნიკორწმინდას“ გამოყენებული მაქვს ნაშრომში: „საქართველოს მაღალმთიანეთის სინაგოგა და დიდი მეცენატი“. ნაშრომი შემოკლებული სახით დაიბეჭდა „მწერლის გაზეთში“ (2019, 1-30 აპრილი, გვ.4) სათაურით „სინაგოგა“, ასევე გამოვეცი წიგნი ზემოაღნიშნული ვრცელი სათაურით ისრაელში ოთხ ენაზე: ქართულად, ებრაულად, ინგლისურად და რუსულად. წიგნი დაცულია ისრაელის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში, იერუსალიმში, რევაზ მიშველაძის ჩემს მიერ გამოცემულ წიგნთან ერთად: ‘იერუსალიმი-თბილისი“. ამ ბიბლიოთეკიდან მიღებული მაქვს სამადლობელი წერილები რამდენჯერმე, ხოლო ინტერნეტში დადებულია საიტი, სადაც ხაზგასმულია წიგნის მრავალმხრივი მნიშვნელობა მკითხველი საზოგადოებისთვის.  ქუთაისში ნაშრომით დაინტერესდნენ ჩემი ქრისტიანი ძმები თეიმურაზ ლანჩავა და თემურ ამყოლაძე, რომლებთანაც ხანგრძლივი ლიტერატურული მეგობრობა მაკავშირებს. მითხრეს, რომ „უქიმერიონში“ და „განთიადში“ გამოვაქვეყნებთო’ თან დასძინეს: „ჩვენ ქუთაისში ვართო“. მე მეილით ვუპასუხე, მათ ჩემი ლექსი გავუგზავნე: „ვხატავდი მთვარეს“, რომელიც ჯანსუღ ჩარკვიანმა გამოაქვეყნა „ქართულ სიტყვაში“ (თბ,2012, N28, გვ.7). მოვიყვან ამ ლექსის ბოლო კუპლეტს:

“სადაც კი ვცხოვრობ, თბილისში ვარ, მთაწმინდით ვსუნთქავ,
ვცხოვრობ თბილისში და ვიგონებ ყოველდღე მუდამ:
…ბრძოლის წინ წყრომით თამარ მეფე წარბს რო შეხრიდა!
ჯვრის მონასტერს კვდებოდა შოთა, თვის პორტრეტს ქმნიდა.
„ოხვრა არის შვება უბედურისა“.

ასე თუ ისე, „სინაგოგაში“ გადმოცემული ერთი ეპიზოდი განმეორდა „პრაიმ შოუში“ 2020 წლის 24 ივნისს. მონაწილეობდნენ: მაგათსა, ანრი ჯოხაძე, ნოე სულაბერიძე, ნინი ბადურაშვილი, სალომე ღვინიაშვილი, გიორგი კალანდია (ისტორიკოსი). ეპიზოდი, რომელზეც გვაქვს საუბარი, ნიკორწმინდის ტაძრის მიმდებარე შემოგარენშია გადაღებული. აქ, ეკრანზე ოთხი პიროვნება მოსჩანს: ნოე სულაბერიძე, გიორგი კალანდია, მაგათსა და ვახტანგი (კახა) – ტაძრის წინამძღვარი, რომელიც კითხულობს გალაკტიონის ლექსს: „ქებათა ქება ნიკორწმინდას“. თუმცა, წაკითხვამდე იგი აკეთებს განმარტებას: „ტაძარს უცნაური ისტორია აქვს, ერთ-ერთი ვერსიით (ფრაზა ორჯერ გაიმეორა – ი.პ.) გალაკტიონმა ეს შედევრალური ლექსი ისე დაწერა, რომ ნანახი არ ჰქონდა ტაძარი, მას უყვებოდა დალაქი….“ ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ ამ გამონათქვამზე კომენტარი არ გააკეთა. წარმოთქმულ კონტექსტში სიტყვა „დალაქი“ რომ უხეში შეცდომაა, ტაძრის წინამძღვარს ეპატიება, მაგრამ საგანგაშო ის არის რომ ვერსია, თითქოს გალაკტიონმა „ქებათა ქება ნიკორწმინდას“ ტაძარის უნახავად მიუძღვნა საქართველოში აქსიომად იქცა და ამ მცდარ ვერსიას ყველა ქართული ტელეკომპანია პოპულარიზაციას უწევს. თავიდათავი ამ უაღრესად არასწორი, ტყუილი ვერსიისა კი გახლავთ:

„…საინტერესოა თვითონ (იგულისხმება გალაკტიონი – ი.პ.) რომ ენახა, რას იტყოდა?! დიახ! გალაკტიონს ნიკორწმინდა არ უნახავს!!! გალაკტიონმა მხოლოდ დურგლის ნაამბობის გონებაში რეალიზებით შექმნა ნიკორწმინდის სახე და ასე აღავლინა მისი ხოტბა“
(ვახტანგ ჯავახაძე, „უცნობი“, თბილისი, „ნაკადული“, 1991).

დღეისთვის „უცნობის“ საერთო ტირაჟი 64 500 ეგზემპლარია. და აგორდა მითი, მითი ტყუილი ვერსიისა:

„ერთხელ გალაკტიონი შოვში ისვენებდა, იქ ერთმა მოხუცმა დურგალმა, ნიკორწმინდელმა, ტყეში მუხის ქვეშ გაუკეთა მაგიდა, რომელიც გალაკტიონს ძალიან მოსწონდა. სწორედ ეს დურგალი უამბობდა მას ნიკორწმინდის საოცარი ჩუქურთმების შესახებ“ (ავტორი უცნობია).

„დურგალი მაგიდის კეთებისას გატაცებით უყვებოდა გალაკტიონს ტაძრის ჩუქურთმების შესახებ… (ვიკიპედია).

„1947 წელს დაიწერა გალაკტიონის „ქებათა ქება ნიკორწმინდას“. იმ პერიოდში მხოლოდ ისტორიკოსებმა, სპეციალისტებმა, რაჭველებმა და საზოგადოების ერთმა ნაწილმა თუ იცოდა რა იყო, სად იყო და როგორი იყო. რაც ყველაზე უცნაური შეიძლება მოეჩვენოს ადამიანს, გალაკტიონსაც არ ჰქონდა ნანახი ნიკორწმინდა. მას ერთმა ნიკორწმინდელმა მოხუცმა დურგალმა, ნიკოლოზ ვაჩაძემ უამბო ნიკორწმინდის ჩუქურთმების, 12 სარკმლისა და საერთოდ აღნაგობის და დიდებულების შესახებ“ (ვიკიპედია).

„ნიკოლოზი ხშირად უყვებოდა მას ნიკორწმინდის შესახებ, მის ულამაზეს ჩუქურთმებზე“ (მაია ჯალიაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი).

გალაკტიონი რომ ღმერთის ტოლა ადამიანი ბრძანდებოდა ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ პოეტი, თუნდაც „ღმერთის ტოლა“, შეიძლება იყოს უწიგნური, რომელიც მხოლოდ წარმოსახვით ან სხვის ნაამბობით წერდა შედევრებს, როგორიც გალაკტიონს აქვს შექმნილი?

როგორ, მეორე კრებული „არტისტული ყვავილები“ (1919) პოეტმა ისე შექმნა, რომ არაფერი ჰქონდა წაკითხული და არაფერი არ იცოდა იმ მსოფლიო პოეზიის ვარსკვლავედზე, რომლებიც არსებობდნენ გალაკტიონამდეც და გალაკტიონის სიცოცხლის პერიოდშიც?

ახლა, კარგი იქნება, თუ გადავხედავთ ზოგიერთ მომენტს მომავალი დიდი პოეტის ბიოგრაფიიდან. იგი რვა წლისა იყო, როცა ჩაირიცხა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. მაშინ მას ეძახდნენ გალაქტიონს და ალბათ ამ სახელით მას იცნობდნენ 1910 წლამდე, როცა მან დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. სახელი გალაკტიონი, ჩემი აზრით, მოგვიანებით გამოჩნდებოდა, როცა მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა ქუთაისისა და თბილისის ჟურნალ-გაზეთებში. ყოველ შემთხვევაში, თბილისში გამოცემული მისი ორი კრებული „ლექსები“ (1914) და „არტისტული ყვავილები“ (1919) გალაკტიონის სახელით გამოვიდოდა, რადგან ამ კრებულებმა ავტორს „გენიალური გალაკტიონისა“ და „პოეტების მეფის“ სხელი მოუტანეს. აქ დავაფიქსიროთ, რომ 1917-1918 წლებში იგი მოსკოვსა და პეტროგრადში იმყოფებოდა. მართალია ეს პერიოდი უკვე რევოლუციურია, მაგრამ რუსეთის იმპერიის ამ ორი უდიდესი ქალაქის კულტურული ტრადიციები ახალგაზრდა შემოქმედზე დიდ ზეგავლენას მოახდენდა, ორი აზრი არ არსებობს.

ამას როცა ვამბობ, მხედველობაში მაქვს თვითგანვითარება ანუ პირადი ცოდნის ამაღლება პროფესიონალიზმის თვალსაზრისით, რადგან მოსკოვსა და პეტროგრადში იგი იმყოფებოდა პროფესიონალი ლიტერატორის სტატუსით.

თავის დროზე ვაჟა-ფშაველა პუბლიცისტურ წერილებსაც აქვეყნებდა. ერთ-ერთ პუბლიკაციაში იგი წერდა:

„კაცის სწავლა-ცოდნა მიდის იმ წესზე, როგორზედაც ქოხის შენება. ჯერ საძირკველს ჩააგდებენ, მერე კედლებს ამოიყვანენ, ძელზე-ძელს დასდებენ ან ფიცარს ფიცარზე დააწყობენ. ისეა კაცის სწავლაცა, ძველ სწავლას კაცი უმატებს ახალ-ახალსა“.

დედის მუცლიდან არავის არაფერი რომ არ მოჰყვება ყველამ კარგად ვიცით. ზნეობა და მორალი ადამიანში სწავლის პროცესში ყალიბდება. მაგრამ ეს პროცესი გეომეტრიული პროგრესიის მსგავსად იზრდება თუ „ძველ სწავლას კაცი უმატებს ახალ-ახალსაო“.

მაგრამ დავუბრუნდეთ ძირითად თემას, ექნებოდა ნახული გალაკტიონს ნიკორწმინდის ტაძარი, როცა იგი ქმნიდა „ქებათა ქებას…“ თუ არა.

„უცნობის“ ავტორი პოეტი ვახტანგ ჯავახაძე გვარწმუნებს:
„გალაკტიონს ნიკორწმინდა არ უნახავს!!! გალაკტიონმა მხოლოდ დურგლის ნაამბობის გონებაში რეალიზებით შექმნა ნიკორწმინდის სახე და ასე აღავლინა მისი ხოტბა“.
„სადაც შემხვდება ქუთაისის მატარებელი“- ეს ლექსი ვახტანგ ჯავახაძისაა. ამ მატარებლით ხშირად ვმგზავრობდი მე თბილისიდან ქუთაისში და უკან-ქუთაისიდან თბილისში. ამ მატარებელზე მეც ისევე ვიყავი შეყვარებული, როგორც ბატონი ვახტანგი:

„ვერავინ გამასწრებს ქუთაისის მატარებლისკენ,
ვერავინ მიმასწრებს ქუთაისის მატარებელთან,
ვერავინ ამასწრებს ქუთაისის მატარებელში,
ვერავინ შემასწრებს ქუთაისის მატარებელში.“

მოხდა ისე, რომ ჩემი რომანი „ქართული ლეგენდა“ და მასზე თანდართული მეცნიერული ნაშრომი „ქართველ ებრაელთა წარმომავლობის და ქართული ასომთავრული ანბანის შექმნის საკითხისათვის“ ბატონმა რეზო ჭეიშვილმა გამოაქვეყნა ჯერ ალმანახ „განთიადში“ და შემდეგ ჟურნალ „განთიადში“. ასეთივე ბედი ერგო ვახტანგ ჯავახაძის „უცნობს“, რომელიც ადრე ანაწყობი საბეჭდი მანქანიდან ჩამოხსნეს. ბატონი რეზო ჭეიშვილი მართლაც რომ რევოლუციონერი იყო იმ წიგნების დღის სინათლეზე გამოტანაში, რომლებიც ადრე წლობით იყო თაროებზე შემოწყობილი, ვიდრე საგამომცემლო გეგმაში მოხვდებოდნენ.

80-ინი წლების დასაწყისში ჩემი პირველი წიგნის „ჰაბა, ნაგილა“-ს ხელნაწერები მე საბჭოთა საქართველოს“ გამომცემლობაში მივიტანე. გამომცემლობის დირექტორმა ბატონმა გურამ ფანჯიკიძემ ხელნაწერები ვახტანგ ჯავახაძეს გადასცა. ასე გავიცანი გამომცემლობის მთავარი რედაქტორი ბატონი ვახტანგ ჯავახაძე. „ჰაბა, ნაგილა“ საგამომცემლო გეგმაში შევიდა.

წიგნების ტირაჟს რაც შეეხება, დღეისთვის ასეთი მდგომარეობაა: „უცნობის ტირაჟმა 64500-სს უკვე გადააჭარბა და ალბათ კიდევ გაიზრდება, რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელია; „ქართული ლეგენდა“ კი, რაც მე არაერთხელ მითქვამს, ქუთაისში ჩემს ბინაშია თავშეფარებული და მეზობლები თანდათან ანადგურებენ.

ასე იყო თუ ისე, მე კატეგორიულად არ ვეთანხმები ჩემს თანაქალაქელს, რუსთაველის პრემიის ლაურეატს, პოეტს ვახტანგ ჯავახაძეს მის მცდარ ნააზრევში:
„დიახ! გალაკტიონს ნიკორწმინდა არ უნახავს!!! გალაკტიონმა მხოლოდ დურგლის ნაამბობის გონებაში რეალიზებით შექმნა ნიკორწმინდის სახე და ასე აღავლინა მისი ხოტბა.“
(ვ. ჯავახაძე, „უცნობი“, თბ., „ნაკადული“, 1991)

პატივცემული ნიკოლოზ ვაჩაძე, რომ კარგი დურგალი იყო ეჭვის გარეშეა, მაგრამ თუ ეს დიდებული ხის ოსტატო გალაკტიონს მასწავლებლად მოევლინებოდა, შეუძლებელია, დაუჯერებელია. აი, დაუკვირდით, როგორი კურიოზული ამბავი გამოდის: ნიკორწმინდელი ხის ოსტატი ტყეში, მუხასთან აკეთებს მაგიდას და გალაკტიონს, რომელიც მის გვერდით დგას ეკითხება: ნიკორწმინდის ტაძარი თუ გინახავთ, პოეტო?, არა, – პასუხობს გალაკტიონი, რასაც მოჰყვება გალაკტიონის პასუხით გაოცებული დურგლის ხოტბა-დიდების აღვლენა ნიკორწმინდაზე და ა.შ. ამ ეპიზოდის გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ უმჯობესია თვითონ გალაკტიონს მოვუსმინოთ:

დღიური 661-4-ზაფხული, 1947 წელი

სტენოგრამა

1947 წ. ზაფხულში შოვში გამართულ სხდომაზე გალაკტიონ ტაბიძის მიერ წარმოთქმული სიტყვა

თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის საქართველოს სახალხო პოეტს, აკადემიკოსს გალაკტიონ ტაბიძეს (ყველა ფეხზე დგება: ხანგრძლივი ოვაციები).

გალაკტიონ ტაბიძე: „ჩემს (აქ ყოფნაში) რაჭა-ლეჩხუმში ყოფნის დროს ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი: (ამას წინად) ბუბასაკენ მიმავალ გზაზე შემხვედრმა მწყემსებმა წამიკითხეს გაზეთი „ლიტერატურა და ხელოვნება“, რომელშიც ეწერა, რომ ჩეხოსლოვაკიის მწერლები სცემენ ქართველი მწერლების ანთოლოგიას, რომლის საერთო სახელი იქნება „დროშები ჩქარა“, ჩემი ლექსის სახელი“.

დროებით აქ შევჩერდეთ და დავიმახსოვროთ ფრაზა: „ჩემს რაჭა-ლეჩხუმში ყოფნის დროს“.

როგორც ჩანს, გალაკტიონი მდინარე ბუბას წყლის ხეობით მიემართება მთისაკენ შოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მამისონის უღელტეხილის ჩრდილო-დასავლეთით. ულამაზესი ხეობაა, ფერთა სიუხვე კაცს დაღესტნურ ხალიჩას რომ მოგაგონებს.
„ჯამური მანძილი შოვიდან ბუბას მყინვარამდე 1 კმ. მყინვარის სიგრძე 2,7 კმ, სიმაღლე 4419მ.“

ეჭვგარეშეა, გალაკტიონს ბუბას მყინვარი უნახავს, ანუ გამოდის, რომ გალაკტიონს რაჭა-ლეჩხუმში უმოგზაურია, მაგრამ დღიურში სიტყვას „მოგზაურობა“ არ ხმარობს, რატომღაც ერიდება, რატომღაც ეკრძალება ამ სიტყვის გამოყენება და მის ნაცვლად იყენებს ფრაზას „ჩემს რაჭა-ლეჩხუმში ყოფნის დროს“.

ისმის კითხვა: რატომ რა მიზეზით შეიკავა თავი გალაკტიონმა და მკითხველს არ მიაწოდა ცნობა, რომ მან რაჭა-ლეჩხუმში იმოგზაურა?
იმისათვის, რომ საკითხს ნათელი მოვფინოთ, გავიხსენოთ ფრაზა:
„აქ ჩემს ახლო მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით“ – ეს აკაკის ლანდია. ლექსი „მთაწმინდის მთვარე“ პოეტმა გამოაქვეყნა „ცისფერ ყანწებში“ 1916 წელს, აკაკი წერეთელი კი გარდაიცვალა 1915 წლის თებერვალს. როგორც ვხედავთ, აკაკის გარდაცვალებიდან „მთაწმინდის მთვარის“ გამოქვეყნებამდე დიდი დრო არ არის გასული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ გალაკტიონი აკაკისადმი დიდი პატივისცემით იყო გამსჭვალული და მისი „ლანდის“ წინაშე კრძალვით თავს ხრიდა. აი, ამიტომ გვიჩნდება აზრი: „აკაკის მოგზაურობა“ უნდა იყოს მიზეზი, რის გამოც გალაკტიონი ირჩევს ფრაზას: „ჩემს რაჭა-ლეჩხუმში ყოფნის დროს“ და არ აკონკრეტებს თავის მოგზაურობას ამ ულამაზეს მხარეში.

აკაკის პიროვნებისადმი რიდი და კრძალვა შეინიშნება ვაჟა-ფშაველას ლექსში „დაგვიანებული პასუხი აკაკის“. ამ პოეტური პაექრობის ისტორია ასეთია: აკაკიმ გაზეთ „თემში“ გამოაქვეყნა ლექსი: „ვაჟა-ფშაველას!“

„ენას გიწუნებ ფშაველო,
მგოსანო მაღალ მთისაო,
თუმც კი გვითესავ მარგალიტს!
მკითხველიც იმას მკისაო!“

საინტერესოა კონსტანტინე გამსახურდიას აზრი ამ ინციდენტის შესახებ:
„რუსთაველმა და გურამიშვილმა დაანათეს მას დიდი მადლი. ეგ იყო და ეგ. ენა მწერლისთვის, რაც კომპოზიტორისათვის, სამუსიკო ინსტრუმენტია. აქ ბევრი რამ ჰქონდა სადაო აკაკი წერეთელს და სიმონ ხუნდაძეს. მე სიყრმიდანვე ვაჟას მომხრე ვიყავი და გიმნაზიის უკანასკნელ კლასებში, მერხიდან ვუწევდი ოპოზიციას ჩემს განსვენებულ მასწავლებელს სიმონ ხუნდაძეს… ვაჟა ჩუმი გენიოსი იყო და როგორც ცნობილია გენიოსისათვის კანონი არ დაწერილა.“

ვაჟა-ფშაველა აკაკი წერეთლისთვის პასუხის გაცემას დიდხანს ერიდებოდა; ჭოჭმანობდა, ვაითუ პასუხი უაზრო კინკლაობაში ჩამომართვანო. მოგვიანებით დავით კლდიაშვილი ასე მოიგონებს ვაჟას ნათქვამს: „ახირებული ადამიანია ჩვენი აკაკი! დამიწერა, „ენას გიწუნებ, ფშაველოო“. კაცო, ამ ჩემი ენით მომწონს თავი, თორემ სხვა რა არის ჩემს ლექსებში და პოემებში! თუ ენაც დასაწუნია, მაშ აღარაფერი ყოფილა და ბარემც ასე ეთქვა პირდაპირ და ის იქნება! უცნაური კბენა იცის ხოლმე! – ამას საოცარი გულისტკივილით ამბობდა დიდებული ვაჟა.“ აკაკის და სიმონ ხუნდაძეს ადრეც ჰქონდათ გამოთქმული კრიტიკა ფშავ-ხევსურული დიალექტის მიმართ.

მიუხედავად დიდი ხნის ჭოჭმანისა, ვაჟამ მაინც უპასუხა აკაკი წერეთელს და უპასუხა მთიელი კაცისთვის შესაფერი სიამაყით:
დაგვიანებული პასუხი აკაკის
“ბევრი ვიფიქრე ძალიან,
თუ რა პასუხი გამეცა
შენთვის, მხცოვანო პოეტო;
დღეცა ვფიქრობდი, ღამეცა.
როს დავაპირე სიტყვის თქმა,
უცებ თავზარი დამეცა…“

და ბოლოს:

„ნუ შეგაშინებსთ, არ გავნებსთ
მთიდან ყვირილი ხარისა.“

ორივე ლექსი 1913 წელს არის დაწერილი. რა დრო, რა ხანი გავიდა აკაკის ლექსსა და ვაჟას დაგვიანებულ პასუხს შორის არ მაქვს დაზუსტებული, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არც უნდა ჰქონდეს ჩვენი შემთხვევისათვის, რადგან მთავარი ის არის, რომ გალაკტიონიც გარკვეულ მოკრძალებას იჩენს აკაკის ლანდის წინაშე, არ აკონკრეტებს თავის მოგზაურობას რაჭა-ლეჩხუმში და უბრალოდ ამბობს: „ჩემს რაჭა-ლეჩხუმში ყოფნის დროსო“. ნუ დავივიწყებთ, აკაკის პოეზიის ლირიკული ავტორიტეტი გალაკტიონს მუდამ თან სდევდა:

„კურთხეულ იყოს, კურთხეულ იყოს, კურთხეულ იყოს ეს მოლანდება!“
 „აკაკის ლანდი“, 1915

რადგან სიტყვამ მოიტანა გადავავლოთ თვალი „აკაკი წერეთლის მოგზაურობას რაჭა-ლეჩხუმში“ ან მოკლედ „აკაკის მოგზაურობას“. ეს დოკუმენტური ფილმი გადაიღო რეჟისორმა ვასილ ამაშუკელმა. ფილმის პრემიერა გაიმართა 1912 წლის 20 სექტემბერს ქუთაისში, კინოთეატრ „რადიუმში“. პრემიერას დაესწრო დიდძალი ხალხი, მათ შორის აკაკი წერეთელიც, რომელიც კმაყოფილი დარჩენილა მაყურებლის სიმრავლით. ფილმის ჩვენება ერთი კვირის განმავლობაში ანშლაგით მიმდინარეობდა.  „აკაკის მოგზაურობა“ პირველი ქართული დოკუმენტური ფილმი იყო. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, როგორც რეჟისორი იგონებს, აკაკის დაჟინებული თხოვნა ყოფილა ნიკორწმინდის საგანძურისა და ჩუქურთმების გადაღება. მოდით, ერთხელ კიდევ მივადევნოთ თვალი ისტორიული თვალსაზრისით ამ ფრიად საინტერესო პირველ ქართულ დოკუმენტურ ფილმს:

ვასილ ამაშუკელის დოკუმენტური ფილმი
„ქართველი მგოსნის აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“
გადაღებულია 1912 წელს,
ფილმის ნეგატივი დაკარგულია.

მოგზაურები ქუთაისიდან გავიდნენ 1912 წლის 21 ივლისს, გაიარეს ძიმისტარო, მექვენა, მცირე ხნით შეჩერდნენ „საირმის’ მთასთან, ჭრებალოში აკაკიმ ლექცია წაიკითხა (22 ივლისი), ამ დღეს გადაკვეთეს რაჭის საზღვარი. 23 ივლისს მოგზაურებმა ფერხული გამართეს ბარაკონში – როსტომ რაჭის ერისთავის მემკვიდრეების ეზოში, შემდეგ დაათვალიერეს ერისთავის ციხის ნანგრევები ხიდისკარში და ეკლესია სოფელ ხოტევში. აქ აკაკი და მოგზაურები კადრში აღარ ჩანან. ეკრანზე ჩნდება წარწერა: „მდინარე შაორო, რომელიც იკარგება სოფელ ნიკორწმინდასთან და გამოდის კლდის ძირში ჭელიშის უდაბნოს ხეობაში ხუთი ვერსის მანძილზე.“ ნიკორწმინდაში აკაკი და მოგზაურები აღარ ჩანან. ბატონი ვასილ ამაშუკელი მისთვის დამახასიათებელი ოსტატობით იღებს ნიკორწმინდის ტაძარს, მის არაჩვეულებრივ ორნამენტებს და შემოგარენს. აკაკი და მოგზაურები კადრში გამოჩნდებიან ლეჩხუმში, სოფელ ლაილაშში. მოგზაურობა მთავრდება 1912 წლის 2 აგვისტოს.

მე ვიცი, ვასილ ამაშუკელის დოკუმენტური ფილმი „აკაკის მოგზაურობა“ ჩემს თანაქალაქელს ვახტანგ ჯავახაძეს ნახული აქვს, რაც შეეხება გალაკტიონს ყველა ქართველისათვის ეს ხელიხელსაგოგმანებელი უნიკალური ფილმი, გაუბრალოებული ენით რომ ვთქვათ გადათუთხმეტებული ექნებოდა. მაშასადამე ვასილ ამაშუკელის ფილმის მიხედვით გალაკტიონი იცნობდა ნიკორწმინდის ტაძარს, ხოლო რაც შეეხება ვიზუალურ ასპექტს, მას შესწავლილი ექნებოდა ტაძრის აშენების დრო, მისი აღმშენებლი, გაერთიანებული, ძლიერი ფეოდალური საქართველოს მყარი საფუძველის შემქმნელი მეფე ბაგრატ III ეპოქა, ფასადი, ჩუქურთმა, 12 სარკმელი, ტაძრის დეკორი ქართული ხუროთმოძღვრების შედევრი, ფრესკები…

გავიხსენებ: სკოლაში გამოსაშვებ და ინსტიტუტში მისაღებ გამოცდებზე (1958) ქართულ წერაში თემად გალაკტიონის შემოქმედება ავირჩიე, რადგან გატაცებული ვიყავი მისი პოეზიით. აი, იმ ხანებში, ერთ-ერთ გაზეთში წავიკითხე, რომ შოვში ყოფნის დროს გალაკტიონს კურორტის ხელმძღვანელობისთვის უთქვამს ნიკორწმინდის ტაძარზე ლექსი უნდა დავწეროო, აქვე სასტუმროს მიმდებარე ტყეში, მუხასთანო, რასაც წერს კიდეც თავის დღიურში:

„აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი კურორტის თავაზიანი დირექტორისა და კურორტის მთავარი ექიმის ინიციატივით, ნიკორწმინდელმა დურგალმა ნიკოლოზ ვაჩაძემ, დამიდგა სამუშაო მაგიდა, გაიყვანა რა ბილიკი ვილიდან ჩემს მაგიდამდე.

ამგვარად, ჩემს განკარგულებაშია ახალთ-ახალი ხეივანი სრულიად საკმარისი დაფიქრებისა და მოგონებებისათვის ბუბელ მწყემსებთან შეხვედრისა“.

და პოეტი იგონებს როგორ დაწერა ლექსი „დროშები ჩქარა“. იგი ჩაბალახმოხვეული ქუთაისის თეატრში შესულა, სადაც რაღაც არაჩვეულებრივი ხდებოდა:

„ –  რა მოხდა? – ვკითხულობ.რევოლუცია, მგოსანო. – იყო პასუხი.
რას ამბობ, გაიმეორე…
რევოლუცია, მგოსანო…. (ლაპარაკია 1917 წლის რევოლუციაზე – ი.პ.)
რევოლუცია…. მერე… სად არის დროშები.“

„იმ დროს ქუთაისი ცენტრი იყო ქართული ლიტერატურული მოძრაობის, მრავალ შეჯახებებისა და ახალ გზათა ძიების… ხელით ამიტაცეს; ხელთ აყვანილი  რამდენიმეჯერ შემომატარეს თეატრი, ისმოდა მქუხარე ტაშისცემა“.

ერთ-ერთ დღიურში გალაკტიონი წერს, როგორ დააპატიმრეს იგი და მისი მეუღლე ოლია ოკუჯავა თბილისში ღამის 2 საათზე. ორივე სატვირთო მატარებლის ვაგონში ჩასხეს და მოსკოვში ჩაიყვანეს. იქ გალაკტიონი მეუღლეს დააშორეს. დიდი ბოდიშის მოხდით, ჯერ აბანოში წაიყვანეს, ახალი ტანსაცმელი ჩააცვეს და კრემლში სტალინთან წაიყვანეს. ბელადთან საუბრის დროს გალაკტიონს უთქვამს ჩემი ოლია დააპატიმრესო. სტალინს პოსკრებიშევი გამოუძახებია და როცა საქმის ვითარება შეუტყვია გალაკტიონისათვის მშვიდად მიუმართავს. დაივიწყე ოლია, ოლია ოკუჯავა მოკვდა. შემდეგ კი პოსკრებიშევს დაავალა: ეს ცნობილი ქართველი პოეტი გალაკტიონ ტაბიძეა, მიეცი ჩემი პირადი ტელეფონი და როცა დარეკავს, სადაც არ უნდა ვიყო, შემატყობინეო.

საყურადღებოა გალაკტიონის დღიური – 122, 2 იანვარი, 1939წ.

„მწერალთა კავშირში შალვა დადიანმა შემომჩივლა: გუშინ ჩამოვედი ბაქოდან, ახუნდოვის ხსოვნის დღესასწაულიდანო (?). ყველასი ჭყონდიდელი მე ხომ ვერ  ვიქნებიო. შალვა-ჭყონდიდელი! იგი თავის ქერქში ვერა გრძნობს თავს, ჭყონდიდელი კია არა – კონფერანსიე, არტისტი, ჩვეულებრივად იცინოდა…შალვა შემეცოდა, მან ბევრი გადაიტანა და იტანს წმინდა სტოიკური სიდინჯით და არტისტული ნიღბით. ფაქტიურად ის უბედური ადამიანია. ამას წინათ ის ჩემს იუბილეს დაესწრო. მოვიდა მოგვიანებით ალიოსთან ერთად. რა აკავშირებს მას ალიოსთან?“

ალიო მაშაშვილთან (მირცხულავასთან) გალაკტიონს პირადი ანგარიშსწორება ჰქონდა, რამეთუ მირცხულავას იმ ხანებში დაუწერია ლექსი, რომელშიც ეწერა: „ლექსის ვეფხვი და გრიგალი, მე ვარ და გალაკტიონიო.“ „არ მომეწონა ეგ ძამიკო“, უთქვამს მისთვის გალაკტიონს და წინადადებაში ერთი ასო შეუცვლია: „ლექსის ვეფხვი და გრიგალი, მოვარდა გალაკტიონიო.“

გალაკტიონს შალვა დადიანთან გარკვეული მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა. ამა თუ იმ საზეიმო შეხვედრებზე, ფოტოსურათებში ისინი ხშირად ერთმანეთის გვერდ-გვერდ დგანან. ალბათ, არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ შალვა დადიანის გარდაცვალებამ (15 მარტი, 1959წ.) დააჩქარა გალაკტიონის გადაწყვეტილება თვითმკვლელობასთან დაკავშირებით (17 მარტი, 1959.)

აქ, ვალდებული ვარ გალაკტიონისეული უკვდავი ლექსებიდან რამდენიმე ამონარიდი მოვიყვანო:
„დღეს მაისი ფერში ნაირ-ნაირშია,
თუ დრო არის, დროს ისევ შენ შეფერი.
და ვით ქრისტემ გალილეა აირჩია,
მე თბილისი ავირჩიე ბებერი“

„თუ სამშობლო მაინც არ მომეფეროს,
მე მოვკვდები – როგორც პოეტს შეჰფერის,
სიმღერები ხალისის და ბრძოლისა,
პოეზია – უპირველეს ყოვლისა!“

„რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები –
რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები“.

ეს სტრიქონები მიაცილებდა, მიაფრენდა გალაკტიონს უკვდავებისკენ!!!

                                                .  .  .

„რაღაც პათეტიკური მას სიკვდილშიც დაჰკრავდა,
იწვა, როგორც ყოველთვის, ახლაც არვის არ ჰგავდა.
ერთი-ორი სხვაც ჰყავდა, ვინც მშობლისთვის იბრძოდა,
მაგრამ ვისაც მარხავდა, საქართველომ იცოდა!“
მურმან ლებანიძე

გალაკტიონს სამწერლო ასპარეზზე გამოსვლა სისხლიანი ეპოქის გარიჟრაჟზე მოუწია. აქ, წინა პლანზეა ცარიზმის მონობისაგან განთავისუფლებული და აღფრთოვანებული ხალხი. იწყება ახალი რევოლუციური ეპოქა, ლენინის მოწოდება: „რევოლუციას, რომელსაც არ შეუძლია თავის დაცვა, განწირულია დასაღუპად“. სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე მდგარი თავზარდაცემული და სულაფორიაქებული ახალგაზრდა პოეტის არჩევანი „რევოლუციური საქართველოა“, რომელსაც გალაკტიონმა გარკვეული ხარკი გაუღო და მისმა ლირიულმა პოეზიამ ფართოდ გაუღო კარი. მიუხედავად იმ დიდი კატაკლიზმებისა, რაც საბჭოთა ხალხმა გადაიტანა სტალინურ ეპოქაში, გალაკტიონი ურყევად იდგა რევოლუციის დამცველთა რიგებში:

„ულმობელ ტრიალს ისტორიის მედგარი ბორბლის,
რევოლუციურ საქართველოს –
ნახტომს უდიდესს, უზარმაზარს, განსაცვიფრებელს –
რევოლუციურს, ჯერ არ ნახულს. ჯერ არ გაგონილს,
ვაშა ამ ახალ საქართველოს, ვაშა შენებას!“

ეს ისტორია დღეს წარსულს ჩაბარდა; მოვიდა ახალი ეპოქა, შოუს ეპოქა. არ არის გასაკვირი და არც მიკვირს, რომ ამ ეპოქაში მავანისთვის და მავანისთვის „სტალინი კაციჭამიაა“, „სტალინი ურჩხულია“. ბითურობაა ეს და სხვა არაფერი.

მენშევიკების მიერ საქართველოდან გატაცებული 279 ყუთიდან, სტალინმა მხოლოდ 39 ყუთის გადარჩენა მოახერხა, რაც ხელუხლებელი დაუბრუნა საქართველოს, ქართველ ხალხს. როგორც ადრე ვწერდი ამ განძეულს, სტალინის თანხმობით, ბატონი ექვთიმე თაყაიშვილი გამოჰყვა. ნოე ჟორდანიასაც სურდა მაშინ საქართველოში დაბრუნება, მაგრამ სტალინისაგან უარი მიიღო.

ისმის კითხვა: რატომ უთხრა სტალინმა უარი ნოე ჟორდანიას საქართველოში დაბრუნებაზე? ნუთუ ეშინოდა მისი? არა მგონია, სტალინს ჰიტლერული კოალიციის არ ეშინოდა და ჟორდანიასი როგორ შეეშინდებოდა. მაშინ, იქნებ იმიტომ უთხრა სტალინმა ნოეს უარი სამშობლოში დაბრუნებაზე, რომ მენშევიკებმა 242 ყუთი განძეული გაყიდეს და ლევილის მამული იყიდეს? არა, გამორიცხულია, არც ამისათვის. სტალინი არა მარტო გენერალისიმუსი, არამედ დიდი ეკონომისტიც იყო და კარგად ესმოდა მენშევიკებს რომ ქართველი ხალხის განძეულობა არ გაეყიდათ, ფიზიკურად ვერ გადარჩებოდნენ. საბოლოო პასუხი კი ასეთია: სტალინმა ნოე ჟორდანიას არ აპატია წიგნის გამოცემა: „რუსთაველის კრიტიკა“.

. . .

„… ჩვენ (უკანონოდ შობილნი) არ ვარსებობთ და არც არაფერი გაგვაჩნია. ყველა ბავშვს, კანონიერად შობილებს, შეუძლიათ დატკბნენ სიცოცხლით დედამიწაზე უფასოდ.“
ჟან პოლ სარტრი, „ეშმაკი და უფალი“

კალათა, რომელშიც მოსე დედამ ჩასვა და ნილოსის დინებას მიაბარა, ფარაონის ქალიშვილმა დაინახა. პრინცესამ მოსამსახურეებს უბრძანა კალათის ნაპირზე გამოყვანა. ასე იწყება ბურუსით მოცული ლეგენდა, რომლის მიხედვით ღმერთის მნახველი და ღმერთთან მოსაუბრე დიდი რჯულმდებელი ფარაონის დიდგვაროვან ოჯახში აღიზარდა. დიდგვაროვანთა გარემოცვაში  აღიზარდაო, ვამბობთ, მაგრამ სინამდვილეში ღმერთი იყო მისი მფარველი, მისი ყოველი ნაბიჯის წარმმართველი. ოთხმოცი წლისა რომ გახდა მოსეს ღმერთი გამოეცხადა და უბრძანა მას: მიდი ფარაონთან და ჩემი სახელით უთხარი, რომ გაუშვას ჩემი ხალხი, გაათავისუფლოს ისინი მონობისაგან. და როცა ფარაონმა არ დაიჯერა, რომ იგი ღმერთისგან იყო წარმოგზავნილი, მოსემ კვერთხით გააპო მეწამული ზღვა და სამშვიდობოს გაიყვანა ფარაონისაგან დევნილი, ტანჯული ებრაელი ხალხი, უბოძა მათ ათი მცნება – ხუთწიგნეული ანუ ებრაული თორა და დასაბამი მისცა უდიდეს რელიგიას – იუდაიზმს.

ალექსანდრე მაკედონელმა მეტეორივით გადაუქროლა ჩვენს პლანეტას ეგეოსის ზღვიდან ატლანტიკის ოკეანამდე. მისი მშობლები მაკედონიის მეფე ფილიპე და დიდგვაროვანი ოჯახიდან გამოსული ქურუმი ქალი იყო, მისი სახელია ოლიმპიადა. საკუთარი წარმოშობა, რომ იგი უკანონო შვილი იყო, (პლუტარქე), ალექსანდრემ ყმაწვილკაცობაში შეიტყო და როცა იგი მაკედონიის მეფე გახდა, საჯაროდ, ამაყად გამოაცხადა თავისი ღვთაებრივი წარმომავლობის შესახებ, რითაც იწინასწარმეტყველა საკუთარი ისტორიული გამარჯვებები.

საიდუმლოებით არის მოსილი იესო ქრისტეს დაბადება ებრაულ წიაღში. მიუხედავად დიდი სიფრთხილისა ამ საკითხზე მსჯელობისას, ცხადზე უცხადესია: ახალი აღთქმის თანახმად იესო დედის მარიამის საშოში ჩაისახა სულიწმინდისაგან.

„სულიწმინდა, ეს იგივე სულია, რაც „სული სიცოცხლისა“, რომელიც შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად (დაბადება 1:30, 2:7). ყივრითზე სულს ჰქვია – იეჰოვას „სუნთქვა“ ან „ქარი“. ეს სულიწმინდააა „სიცოცხლის მომნიჭებელი“, რომელიც ინარჩუნებს და განამტკიცებს სამყაროს მის არსებობაში (ფსალმუნი:10329, იობი,33:4).

                                                   .  .  .                                                

ქუთაისელ პოეტს მიხეილ კაკიტელაშვილს, სხვა რომ არაფერი დაეწერა, იგი ქვემოთ მოყვანილი ლექსით დარჩებოდა საქართველოს და ქუთაისის ლიტერატურულ ცხოვრებაში:

„ებრაელთა გოდებავ, წუთისოფლის დარდო,
კანიბალთა ქუსლებით, გასრესილო ვარდო.“
„წარწერა ანა ფრანკის დღიურზე“

ეგვიპტურ წყაროებში, დაახლოებით მე-17, მე-18 საუკუნეებში, როცა ეგვიპტეს ბიბლიური იოსები მართავდა, დაცულია მაშინდელი ეგვიპტის ერთ-ერთი ოლქის გუბერნატორის ცნობა. იგი იგონებს: მე დედ-მამა არ მყავდა, ქუჩაში ვცხოვრობდი, პურს სანაგვეში ვეძებდი. ერთხელ ფარაონის ხალხმა დამიჭირა, წამიყვანეს, დამბანეს, ჩამაცვეს, გამომკვებეს, მასწავლეს და დღეს ამხელა ოლქის გუბერნატორი ვარო.

სტალინი „კაციჭამია“ იყო, ამბობს მავანი და მავანი.
არსებობს ასეთი გადმოცემა:
„ერთ-ერთ ცნობილ ქართველ ბოლშევიკს, ფილიპე მახარაძეს, რომელსაც თავი მოჰქონდა თავისი განათლებით, სტალინი საშუალო დონის ლიტერატორს უწოდებდა. არც ფილიპე მახარაძეს უყვარდა სტალინი. ერთხელ მათი ურთიერთობა ფილიპესათვის კინაღამ ცუდად დამთავრდა. მოსკოვში ყრილობაზე მიმავალ მახარაძესთან, სტალინის დედა კეკე მივიდა და უთხრა: ფილიპე, მე მოვხუცდი, აღარ შემიძლია, ჩემი შვილი ჩამოიყვანე და შენთან რამე სამუშაო მიეცი თბილისშიო.  ფილიპემ არაფერი შეიმჩნია და კეკეს დაპირდა შვილს ჩამოგიყვანო. ამ დროს მახარაძესთან სულ ორი თუ სამი ადამიანი იმყოფებოდა. გავიდა თუ არა კეკე ფილიპემ ჩაილაპარაკა: ამ ბოზს ჰგონია, რომ მე მაგის შვილზე დიდი კაცი ვარო. მოსკოვში ყრილობის გახსნის წინ სტალინი საქართველოს დელეგაციასთან მივიდა, რამდენიმე სიტყვით მოიკითხა თანამემამულეები, ხოლო ფილიპე გვერდზე გაიხმო, მაგრამ ისე, რომ დელეგაციის წევრებს გაეგონათ, ჰკითხა: „ფილიპე, თუ იცი, კიდევ ბოზობს დედაჩემი?“ – ადვილი წარმოსადგენია რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა ძველი ბოლშევიკი“.

ფილიპე მახარაძე გარდაიცვალა 1941 წელს თავისი სიკვდილით. დაკრძალეს მთაწმინდის პანთეონში…. ამჟამად მახარაძის და ცხაკაიას ადგილას ნოდარ დუმბაძე და ანა კალანდაძეა დაკრძალული.

ამ ეპიზოდით თუ ვიმსჯელებთ სტალინი არ არის კაციჭამია. უფრო მეტიც, სტალინმა ლენინთან ერთად სწავლა-განათლების სხივი შეიტანა და დაამკვიდრა ცარიზმის დამყაყებულ იმპერიაში. როდის, რომელ ეპოქაში აჯილდოვებდნენ პოეტებს, მწერლებს, მსახიობებს და კულტურის სხვა მუშაკებს ისეთი ჯილდოებით, როგორიც იყო ‘სტალინური პრემია“? როდის იყო (აქ ბიბლიური იოსები არ მყავს მხედველობაში – ი.პ.) უდედმამო, მაწანწალა ბავშვებს ქუჩაში სანთლით რომ ეძებდნენ, თავშესაფარში მიჰყავდათ, აცმევდნენ, აჭმევდნენ, ასმევდნენ, განათლებას აძლევდნენ?! ვინ დაასამარა ტროცკიზმი და კომინტერნი, უბოროტესი იდეა მთელი მსოფლიოს გაწითლების შესახებ, რაც დღეს ზიუგანოვის საქაღალდეში ძევს? ვინ შეძლო შეუძლებელი და უღმერთოთა სახელმწიფოში ღმერთი ზეციდან კვლავ მიწაზე დააბრუნა? ვინ აღადგინა საქართველოს ავტოკეფალია, რომლის გარეშე საქართველოს დამოუკიდებლობა შეუძლებელი იქნებოდა? ვინ გადაარჩინა ებრაელები „კანიბალთა ქუსლით“ გასრესას და კრემატორიუმებში ტოტალური მოსპობისაგან?

სტალინს, არასოდეს უამაყია იმით, რომ მის ძარღვებში დიდგვაროვანი ქართველი თავადის სისხლი ჩქეფდა. როცა რუზველტი და ჩერჩილი  ეკითხებოდნენ, თუ ვინ იყვნენ მისი მშობლები, იგი თავმდაბლად პასუხობდა, რომ ისინი უბრალო მშრომელი ადამიანები იყვნენ და შეძლებისდაგვარად დაეხმარნენ მას ცოდნის მიღებაში.

მე მახსოვს ის დრო, ჩემი სათაყვანებელი, „სავარდო და სამაისო“ ქუთაისის ცხოვრებიდან, როცა ქართველი ებრაელები ქართველებთან ერთად ტკბებოდნენ ბაღის კიდეზე სეირნობით, ლადო მესხიშვილის თეატრის მშვენიერებით, საიდანაც დღეს ბორის გაპონოვის და დომენტი ახობაძის ქუჩა იწყება… ბოდიშით, მაპატიეთ, შემეშალა, ეს ქუჩა დღეს მხოლოდ ბორის გაპონოვის სახელს ატარებს… თუმცა, მომავალში ისე იქნება, როგორც ზემოთ ვთქვი.

ეჰ, კარგ მოგონებას რა სჯობია, მაშინდელი ქუთაისური ლაღიძის წყლების და ქართული ხაჭაპურის გემოს რა დამავიწყებს!!! ნათქვამია, დრონი მეფობენ და არა მეფენიო, რაც იყო აღარ დაბრუნდება, წავიდა, გაქრა გალაკტიონის და სტალინის ეპოქა.

სტალინისაგან განსხვავებით გალაკტიონმა კარგად იცოდა ვინ იყო და საიდან მოდიოდა. მართალია სიღარიბე, მატერიალური სიდუხჭირე ფინია ძაღლივით ადევნებოდა უკან, მაგრამ როცა ოკუჯავების სახლში იმყოფებოდა და არაყს გადაჰკრავდა, ამაყად წამოიძახებდა: „თქვენ რა იცით, ვინ ვარ მე!“ მაშინ მეორე კრებული „არტისტული ყვავილები“ გამოცემული ჰქონდა და უკვე იცოდა ვისი შვილი იყო! ალბათ, ამიტომ წერდა ავტობიოგრაფიაში „მამა არ მახსოვსო“.

ოკუჯავების ოჯახის ახლობლები ამბობენ, , რომ თვით ოლია ოკუჯავა შესახედავად მახინჯი იყო და რამ შეაყვარა გალაკტიონს გაუგებარიაო. ასეა ეს, სიყვარული უცნაური რამ არის, არც კანონებს ექვემდებარება, არც აკრძალვებს, ვერაფერსაც ვერ გაუგებ… ყველა ედვიჯ ფენეკი (2) ხომ არ იქნება?

1917-1918 წლებში გალაკტიონი მოსკოვში და პეტროგრადში იმყოფებოდა! იმყოფებოდაო, ვამბობთ და არ ვაკონკრეტებთ რას აკეთებდა ის ამ ორ უდიდესი კულტურული ტრადიციების მქონე ქალაქებში. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ პოეტი მოსკოვში უფრო ადრეცაა ნამყოფი -1915 წელს., სადაც იგი პირადად გაეცნო რუს სიმბოლისტებს: ბალმონტს, ბრიუსოვს, ბლოკს.. ამ ურთიერთობის შედეგი იყო „ლურჯა ცხენები“, „მთაწმინდის მთვარე“. ეს ლექსები „ცისფერ ყანწებში“ გამოქვეყნდა 1916 წელს, გალაკტიონის თბილისში დაბრუნებისთანავე. ამავე წელს იგი ჯვარს იწერს ოლია ოკუჯავაზე.

სიმბოლიზმის პრიორიტეტები: ბოჰემის, ლოთობის კულტი, ირეალური სამყარო, მისტიციზმი, მუსიკის გაფეტიშება… იმის უარყოფა, რომ გალაკტიონი რუსი სიმბოლისტების გარდა ფრანგი სიმბოლისტების: ვერლენი, სტეფან მალარმე, არტურ რემბოს გავლენას განიცდიდა, ყოვლად შეუძლებელია. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ქართველმა სიმბოლისტებმა, მსგავსად ფრანგი სიმბოლისტებისა, ბრძოლა გამოუცხადეს წინა თაობას – რეალისტებს, ქართულ სინამდვილეში თერგდალეულებს; ილიას, აკაკის… აი, ამის მიზეზი იყო, რომ გალაკტიონი არ იზიარებს ცისფერყანწელების ლიტერატურულ კრედოს და თანდათან შორდება მათ, მაგრამ არც იმის უარყოფა  შეიძლება, რომ მისი ცოდნა, ინტელექტი მაღლდება, იმდაგვარად, როგორც ამას დიდი ვაჟა გვეუბნება: „ძველ სწავლას კაცი უმატებს ახალ-ახალსა“.

სასიხარულოა – ვახტანგ ჯავახაძე წერს, რომ გალაკტიონის და ვაჟა-ფშაველას აზრი ამ საკითხზე ერთმანეთს ემთხვევა:
„რაც უფრო განათლებულია ადამიანი, მით უფრო სასარგებლოა თავისი სამშობლოსთვისო – ამბობს ა. გრიბოედოვი. აქედან რაც უფრო გაუნათლებელია კაცი, მით უფრო მეტი ზიანი მოაქვს სამშობლოსათვის. „ან უნდა გავნათლდეთ, ან უნდა გავმრავლდეთო“ – სწერდა ვაჟა-ფშაველა  – „და თუ ორივე ერთად იქნება – ამას რაღა სჯობსო? უნდა გავნათლდეთ რა თქმა უნდა!“
„უცნობი“

მაგრამ დავუბრუნდეთ 1917-1918 წლებს, როცა გალაკტიონი ჯერ მოსკოვში, ხოლო შემდეგ პეტროგრადში იმყოფებოდა.

საინტერესოა , ალბათ თუ რა ხდება ამ დროს რუსეთში: ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებს. რევოლუცია საფრთხეშია. „ყოფნა-არყოფნა“, საკითხავი აი, რა იყო. მსოფლიოში პირველი სოციალისტური სახელმწიფოს მოსასპობად გაერთიანდნენ: ადმირალი კოლჩაკი, გენერლები დენიკინი და იუდენიჩი. მათ ზურგს უმაგრებს ანტანტა (სამთა კავშირი) და ოთხთა კავშირი. მიმდინარეობს დაუნდობელი, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა არსებობისათვის. ლენინი ბრესტ-ლიტოვსკის ზავის ჩაშლისთვის ტროცკის უწოდებს იუდას, პოლიტიკურ მეძავს და იძულებულია საბჭოთა ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით დაუთმოს გერმანიას ვრცელი ტერიტორიები, რათა შეაჩეროს გერმანიის და ავსტრო-უნგრეთის არმიების შტურმი. სტალინი ამ დროს ცარიცინშია, სადაც პური და სურსათი თეთრი გვარდიელების ზედამხედველობაშია. 1918 წლის 17 ოქტომბერს სტალინი უგზავნის ლენინს დეპეშას, რომ განადგურებულია დენიკინის და ვრანგელის არმიები. აღდგა სარკინიგზო მიმოსვლა. (პური (ხორბალი) ვაგონებით მიემართება მოსკოვისაკენ, პეტროგრადისაკენ… საბჭოთა ხელისუფლება გადარჩა.

ის, რომ გალაკტიონი რევოლუციური ეპოქალური ქარტეხილების უებრო მომღერალი იყო ორი აზრი არ არსებობს. „დროშები ჩქარა“, „ჯონ რიდი“, „ჩვენ პოეტები საქართველოსი“, „ეპოქა“, „რევოლუციური საქართველო“, „ღრუბლები ძაუგთან“ რევოლუციური საქართველოს ერთიანი მგზნებარე ჰიმნია. მართალია მას გვერდში ედგნენ არა ერთი და ორი სახელოვანი ქართველი თანამოკალმენი, მაგრამ თანამედროვე და არამარტო თანამედროვე ქართულ პოეტიკაში, მას პირველობას ვერავინ ეცილება. მისი ლექსები ერთხელ წაკითხვითაც გიტაცებს, გაჯადოებს, გხიბლავს, მაგრამ რაც უფრო მეტჯერ წაიკითხავთ მათ, კვლავ და კვლავ გაბრუნებთ უკან რათა ერთხელ კიდევ წაიკითხოთ და დატკბეთ მათი მუსიკალური სიდიადით და ღრმა ქვეტექსტით. მაპატიოს ქართველმა პოეტებმა, ძველმა თუ ახალმა ამას რომ ვამბობ: ცოტას თუ ვისმე  აუმღერებია ქართული სიტყვა ისე მსუბუქად და ფრთაასხმულად, როგორც ეს გალას, გატუნიას (ასე ეძახდა მას დედა, ქალბატონი მაკრინე -ი.პ..) პოეზიაშია.

ჩემს მეცნიერულ ნაშრომში „მესხის“ მნიშვნელობის განმარტება რუსთაველისა და გალაკტიონის რამდენიმე სტროფის მიხედვით“ ერთგან ვწერ:

„გალაკტიონმა „ვწერ ვინმე მესხი მელექსე“ 1936 წელს დაწერა. ამ პერიოდისთვის შექმნილი აქვს ისეთი შედევრები, როგორიცაა: „ხელოვნება“, „მესაფლავე“, „ქალი და ხელოვნება“, „მე და ღამე“, „მერი“, „მთაწმინდის მთვარე“, „ლურჯა ცხენები“, „დროშები ჩქარა“, „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“. ეს ლექსები 1917 წლისთვის უკვე დაწერილია. ამით, ის მინდა ვთქვა, რომ როცა გალაკტიონმა „ვწერ ვინმე მესხის..“ შექმნა დაიწყო პარნასზე იყო ასული და ქართულ პოეზიაში რუსთაველის გვერდით მიაბიჯებდა… და როგორც ლექსის წერის ოსტატი, ზოგჯერ რუსთაველზე მაღლაც მოსჩანს… არა, ღმერთმა დამიფაროს გალაკტიონი რუსთაველზე მაღლა დავაყენო, ლექსის წერის დონის, რითმის, რიტმის და ჟღერადობის განსასაზღვრელად რუსთაველის და გალაკტიონის ეპოქებში განსხვავებული საზომი ერთეულები არსებობდა. მათი შედარება შეუძლებელია, ორივე გენიოსია და რაც ვთქვი მხოლოდ სიტყვას მოჰყვა.“

ამ სიტყვების შემდეგ ძნელია იმის გახსენება, რომ იგი დაიჭირა იმ კაცმა, რომელიც იმ ხანებში ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის მდივანი იყო და რომელმაც აფხაზეთის ტერიტორიის ნახევარი, სოჭის ოლქი, რომელიც პილენკინოდან (განთიადიდან) იწყებოდა რუსებს, ხოლო დავით-გარეჯი, კახის რაიონი აზერბაიჯანს მიჰყიდა. იგი მეტეხის ციხეში ჩასვეს, მასთან ერთად დააპატიმრეს პოემა : „მოგონებები იმ დღეების, როცა იელვა“. „მნათობის“ მე-5 ნომერში დასაბეჭდად გამზადებული პოემა ჩეკამ მთლიანად გაანადგურა. გალაკტიონი ციხიდან სამი დღის შემდეგ გამოუშვეს, ალბათ სტალინის მითითებით. ამის თქმა იმდენადაა შესაძლებელი, რომ 1924 წლის აჯანყებასთან დაკავშირებით მრავალი გამოჩენილი ადამიანი მოხვდა მეტეხის ციხეში: დავით კლდიაშვილი და მისი ვაჟი, ძმები შალვა და სამსონ დადიანები, საქართველოს კათოლიკოსი ამბროსი… აი, როგორ იგონებს კონსტანტინე გამსახურდია მეტეხის ციხეში გატარებულ დღეებს:

„ჩვენ მთელი ღამეები არ გვეძინა, რადგან დახვრეტას მოველოდით. ახალმოყვანილ პატიმრებს ამბავი მოჰქონდა ტფილისსა და მთელ საქართველოში დამდგარ სისხლის წვიმების გამო. არცერთი ჩვენგანი არ ნატრობდა გადარჩენას, ჩვენ მოთმინებით ვუცდიდით სიკვდილს, ვმღეროდით და ნარდს ვთამაშობდით. მე შევადგინე ჰუმორისტული კედლის გაზეთი. ამ გზით ვაცინებდი ჩემს მეგობრებს…“

„1933 წელი გალაკტიონისათვის ბედნიერი აღმოჩნდა. რეპრესირებული ნათესავებისა და საეჭვო ლექსების მიუხედავად, საბჭოთა ხელისუფლებამ მას სახალხო პოეტის წოდება მიანიჭა და პერსონალური პენსია დაუნიშნა. 1935 წელს, მარჯანიშვილის ოთხ ნომერში მეორე სართულზე სამოთახიანი ბინა მიიღო. 1936 წელს უკვე ლენინის ორდენოსანი ხდება. საქართველოში ერთადერთი პოეტი იყო, რომელსაც მკერდზე ოქროს ლენინი უბრწყინავდა.“

მაგრამ საბჭოთა მწერლების პირველ საკავშირო ყრილობაზე იგი- გალაკტიონი ქართველ დელეგატთა სიაში არ მოხვდა. ამბობენ, რომ გალაკტიონის სიაში შეყვანა გამორჩათ, უბრალოდ დაავიწყდათ.

… 1934 წელი. აგვისტო. მოსკოვში გაიმართა საბჭოთა მწერლების პირველი საკავშირო ყრილობა. ყრილობის მუშაობაში მონაწილეობდა 600-ზე მეტი საბჭოთა მწერალი. -ქართული დელეგაცია მოსკოვში 30 კაცის შემადგენლობით გაემგზავრა. საზღვარგარეთიდან მიწვეული იყო 40 სტუმარი. გასაოცარია ის ფაქტი, რომ სტალინის მითითებით მსოფლიოს პროგრესულმა საზოგადოებამ პირველად გაიგონა ორი სახელი: შოთა რუსთაველი და „ვეფხისტყაოსანი“. ცარიზმის ეპოქაში „ვეფხისტყაოსანს“ წვავდნენ, ანადგურებდნენ. საქართველოში დღესაც არიან ისეთი ჭკუათმყოფელები, რომლებიც ანათემას უგზავნიან მსოფლიო პოეზიის ამ გენიალურ შედევრს.

ყრილობა გახსნა მაქსიმ გორკიმ. საქართველოდან სიტყვით გამოვიდა დელეგატი მალაქია ტოროშელიძე. როგორც ბესო ჟღენტი გაზეთ „კომუნისტში“ იგონებდა, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მალაქია ტოროშელიძე ყრილობის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე გამოიძახეს მოსკოვში, კრემლში, რადგან საქმეში ჩაერია სტალინი. მის შეკითხვაზე, თუ როგორ ჩამოაყალიბებდა მოხსენებას მწერალთა ამ დიდ ფორუმზე ქართული ლიტერატურის შესახებ, ტოროშელიძემ უპასუხა, რომ მოახსენებდა ყრილობას იმ მნიშვნელოვან მოვლენებზე, იმ ქართველი მწერლების შესახებ, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებები შექმნეს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში; კერძოდ, გაამახვილებდა ყურადღებას ისეთ ნაშრომებზე, რომლებშიც მრავალფეროვნად არის წარმოჩენილი სოციალისტური რეალიზმი,. ასეთმა გამონათქვამმა სტალინი თურმე ძალიან აღაშფოთა და ტოროშელიძეს მკაცრად მიუთითა; როგორ ოქტომბრის რევოლუციამდე ჩვენს წინაპრებს კულტურისა და მწერლობის სფეროში არაფერი შეუქმნიათ? გადაეცით ქართველ მწერლებს, რომ მოხსენება უნდა დაიწყოთ რუსთაველიდან მაინც, თუ უფრო ადრეული, ჰაგიოგრაფიული მწერლობიდან არა, „დაე, გაიგოს ყველამ ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთაც, როგორი ღირებულების კულტურული განძი შეუქმნია ქართველ ხალხს ოქტომბრის რევოლუციამდე.“ შემდეგ ბესო ჟღენტი იხსენებს, თუ როგორ წერდნენ ქართველი მწერლები მატარებლის ვაგონში პირველ საკავშირო ყრილობაზე წასაკითხ მოხსენებას, რაც დაახლოებით ასე გამოიხატება: „მოსკოვისაკენ მიმქროლავი მატარებლის ვაგონის კუპის კართან რიგი იდგა, ყველა დელეგატს ხელში ეჭირა ფურცლები და ითხოვდნენ მათი ნააზრევი მოხსენებაში ჩაგვერთო.“

მალაქია ტოროშელიძის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მეორე დღეს, 18 აგვისტოს, კავშირების სახლის სვეტებიანი დარბაზის ფოტოსურათების რიგი გადაადგილდა. საბჭოთა მწერლების პირველი ყრილობის დელეგატებს სვეტებიანი დარბაზის კედლებიდან უკვე ღიმილით ესალმებოდნენ მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი უკვდავი პოეტები, მწერლები, ლიტერატორები: რუსთაველი, პუშკინი, შევჩენკო, გოგოლი, ჰეინე, მოლიერი, ნეკრასოვი, სალტიკოვ-შჩედრინი, ბალზაკი, ტოლსტოი.

ყრილობის მიმდინარეობის დროს, ერთ-ერთ ლიტერატურულ საღამოზე მწერალმა ნ. ტიხონოვმა წაიკითხა გალაკტიონის ლექსების თარგმანები რუსულ ენაზე.

საბჭოთა ლიტერატურის ძირითად მეთოდად ყრილობამ მიიღო სოციალისტური რეალიზმი.

პირველი საკავშირო ყრილობის მიმდინარეობის დღეებში, ყრილობის ახალგაზრდა დელეგატმა, პოეტმა ირაკლი აბაშიძემ შექმნა უკვდავი ლექსი:

„უცებ ღელვა და ჟრუანტელი,
უცებ თვალებში ბედნიერი ალმასის წვეთი,
კავშირთა სახლში შემოვიდა დიდი ქართველი
და ტრიბუნასთან დაიკავა პირველი სვეტი!“.
„რუსთაველის სახე სვეტებიან დარბაზში“

პროლოგი

ნაშრომის დასაწყისში აღვნიშნე (ვთქვი), რომ ყველა ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტების სარეცელზე იბადება ზეციდან არის მოვლენილი, მაგრამ ძველი ბერძნული ფილოსოფიური სკოლის გადმოცემით, უკვდავება მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.  უკვდავება მისჯილ რჩეულთა რიგებში ებრაელებმა მყარი ადგილი დაუმკვიდრეს მოსეს და დავით მეფსალმუნეს, ბერძნებმა ბრმა ჰომეროსს და ალექსანდრე მაკედონელს, ამერიკელებმა ჯორჯ ვაშინგტონს და აბრაჰამ ლინკოლნს… ამ სიას წინამდებარე ნაშრომის მკითხველი თვითონ გააგრძელებს. რაც შეეხება საქართველოს, ეს სია საკმაოდ მრავალფეროვანია, მაგრამ წინამდებარე ნაშრომის აზრობრივი დატვირთვიდან გამომდინარე მე ვიტყვი: დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე-დედოფალი, შოთა რუსთაველი, გალაკტიონი, სტალინი.

                                                      .  .  .

P.S. 1995 წლის 27 მარტს ქუთაისში, მწერალთა კავშირში გაიმართა იაკობ პაპიაშვილის შემოქმედებითი საღამო: „დაბადებიდან 50 წელი შეუსრულდა ქუთაისში მოღვაწე მწერალს იაკობ პაპიაშვილს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს მწერალთა კავშირმა იუბილარს მისალმება გაუგზავნა  (მასალები იხ. ინტერნეტში „იაკობ პაპიაშვილი – 50“)

ამონარიდი პროფესორ სიმონ არველაძის სიტყვიდან:

„მკითხველთა საზოგადოების წინაშე წარმოსდგა ბატონი იაკობი თავისი შემოქმედებით. აქ წარმოადგინეს ასე თუ ისე, ფრაგმენტები მისი შემოქმედებიდან. თუმცა თქვენ იცნობთ მას აგრეთვე წიგნებით, რითაც დასტურდება რომ იაკობი არის პროზაიკოსი და არა მხოლოდ პროზაიკოსი, ის არის პოეტი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. იმიტომ კი არა, რომ პოეტური კრებულები აქვს გამოცემული და ბევრი ლექსის ავტორია, არამედ მისი პროზაა საერთოდ პოეტური, თავისი განსაცვიფრებელი დინამიურობით და პოეტისათვის დამახასიათებელი მოსხლეტილი ფრაზებით.

გამოხმაურებანი, რომელიც აქვს მის რომანს „ქართულ ლეგენდას“ ცნობილი მწერლების რევაზ ჯაფარიძის, რევაზ ინანიშვილის და სხვათა და სხვათა, ადასტურებს, რომ იაკობ პაპიაშვილი თავის დროზე საიმედო სამწერლო ძალად აღიარეს და ეს მან დაგვიმტკიცა ახლად გამოცემულ წიგნში, რომელშიც გარდა რომანისა „ხანისწყალთან“, არის სხვა ჟანრობრივი ნაწარმოებები და აგრეთვე მეცნიერულ-პუბლიცისტური ნაშრომი. საკითხი ეხება რუსთაველის ფრაზას „ვწერ ვინმე მესხი მელექსე“, რომელიც გალაკტიონის ცნობილ ლექსში მეორდება, რაზეც ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში ჯერ არ არის ნათქვამი ოფიციალური და გადამწყვეტი სიტყვა. მეცნიერული ნაშრომი, რომლის სათაურია : „მესხის მნიშვნელობის განმარტება რუსთაველის და გალაკტიონის რამდენიმე სტროფის მიხედვით“  გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოშიც“ გამოქვეყნდა“.

2014 წლის 3 ნოემბერს, საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართა იაკობ პაპიაშვილის წიგნის „გაგრა“ – პრეზენტაცია. პრეზიდიუმის სხდომას უძღვებოდა და ვრცელი სიტყვა წარმოსთქვა შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატმა, მწერალმა რევაზ მიშველაძემ (მასალები იხ. ინტერნეტში).

2017 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა იაკობ პაპიაშვილის შემოქმედებითი საღამო (მასალები იხილეთ ინტერნეტში).

აქ უნდა დავძინო, რომ ჩემი ყველა მეცნიერული ნაშრომი, რომლებიც გამოქვეყნებულია ქართულ და რუსულ პერიოდიკაში, სადოქტორო დისერტაციებია, მაგრამ ამათგან მინდა გამოვყო ორი მათგანი: „ქართველ ებრაელთა წარმომავლობის და ქართული ასომთავრული ანბანის შექმნის საკითხისათვის“ (ატვირთულია მართლმადიდებლურ ფორუმზე – ი.პ.) და „მესხის მნიშვნელობის განმარტება რუსთაველისა და გალაკტიონის რამდენიმე სტროფის მიხედვით“. ორივე ნაშრომი, რაც უკვე საკამათო აღარ არის, ახალი ფურცელია, ახალი სიტყვაა ქართულ და ახლო აღმოსავლეთის ისტორიოგრაფიაში, აგრეთვე ენათმეცნიერებაში. აქ, მეორედ დასახელებული ნაშრომიდან, მინდა მოვიყვანო ამონარიდი, რომელიც მეტყველებს გალაკტიონის დიდ ინტელექტზე, განათლებაზე და რაც მთავარია შრომისუნარიანობაზე. ამით ის მინდა ვთქვა, რომ გალაკტიონი თითოეული ლექსის შექმნას დიდი სერიოზულობით ეპყრობოდა და ზერელედ, ჰაიჰარად არაფერს წერდა:

„დასკვნა: როგორც ზემოთ ვწერდი, ფრაზა „ვწერ ვინმე მესხი მელექსე“ ორივე გენიოსი პოეტისათვის არა მხოლოდ შთაგონების, არამედ დიდი ხნის და დაძაბული შრომის ნაყოფია. რუსთაველს ალბათ ხელთ ექნებოდა ფარნავაზისეული და აბიათარისეული „ქართლის ცხოვრება“ , ძველი და ახალი აღთქმა და ვინ იცის კიდევ რა… რაც შეეხება გალაკტიონს მას „მესხის“ წარმომავლობის შესწავლისათვის მეტი შრომა დასჭირდებოდა; ყოველ შემთხვევაში ვიცით, რომ ფსალმუნნი ჯიბით დაჰქონდა, ძველსა და ახალ აღთქმას, „ქართლის ცხოვრებას“ ხომ რაღა თქმა უნდა ძირფესვიანად შეისწავლიდა, რითაც საბოლოოდ დარწმუნდებოდა რუსთველური „გასაიდუმლოებული“ კონცეფციის ჭეშმარიტებაში, რასაც გვიდასტურებს მხატვრული გარდასახვის ის უდიდესი ძალისხმევა, მისივე ლექსის ფინალში რომაა წარმოჩენილი:

შმაგი, ვით ვეფხვი დაჭრილი,
მშობლიურ მთა და ველებზე,
ვარ ოცნებისთვის გაჭრილი
მე, ვინმე მესხი მელექსე.”

_________________________________________________________________________

შენიშვნა:
1. იაკობ პაპიაშვილის წიგნები აღნიშნულ საკითხებზე არსებობს მსოფლიოს მრავალი დიდი ქალაქის ნაციონალურ ბიბლიოთეკებში. საქართველოში მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია გაზეთ „მწერლის გაზეთში“.

2. ედვიჯ ფენეკი – ალჟირული წარმოშობის იტალიელი კინომსახიობი და კინოპროდიუსორი, ითამაშა კინოფილმში „მადამ ბოვარი“. მისი ნამდვილი გვარია სფენეკი.

იაკობ პაპიაშვილი
გალაკტიონ ტაბიძის და ივანე მაჩაბლის პრემიის ლაურეატი,
ნობელის პრემიის ნომინანტი
ივლისი, 2020
ბათ იამი
ისრაელი

იაკობ პაპიაშვილის “ცემა გმართებს გამზრდელისა” გამოქვეყნდა გაზეთ “მწერლის გაზეთში”, 2020 წლის N5 (15 სექტემბერი -15 ოქტომბერი), გვ. 5.
სტატიის ნახვა და ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ამ ბმულიდან =>

დატოვე კომენტარი