მისი სული… “შენს ბედს ნათლის შუქი მოსავს”

ეს იყო 1980 წელს, სექტემბერში. ქუთაისში აღინიშნა ცნობილი ქართველი პოეტის ზურაბ კუხიანიძის 50 წლის იუბილე. ამასთან დაკავშირებით თბილისიდან ჩამოვიდა ქართველი მწერლების ერთი ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა მწერალი რევაზ მიშველაძე. საზეიმო შეხვედრა გაიმართა ქუთაისის მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოვიდა კრიტიკოსი რევაზ მიშველაძე. მან საკმაოდ მრავალფეროვნად მიმოიხილა ზურაბ კუხიანიძის პოეტური შემოქმედება და გამოსვლა დაასრულა დაახლოებით შემდეგი  კონტექსტით:

ჩემო ზურაბ, მე ასე თუ ისე წარმოვაჩინე შენი პოეტური ნაღვაწი. როგორც ავღნიშნე, ბევრი შესანიშნავი ლექსის ავტორი ხარ, მრავალი დასამახსოვრებელი სახის შემქმნელი, რომლებშიც ქართველი ხალხისადმი დიდი სითბო და სიყვარულია ჩაქსოვილი. არ შემიძლია არ ავღნიშნო ის ჭეშმარიტი კოლორიტი ლექსებისა, სადაც გამოხატულია ჩვენი უსაყვარლესი ქალაქის ქუთაისის, იმერეთის და საქართველოს სხვა კუთხეების ულამაზესი ბუნება და მათი მოსახლეობის ხასიათების წარმოჩენა. ეს იმით არის გამოწვეული რომ შენ არამარტო პოეტური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი ხარ, არამედ იმიტომ, რომ თვითონ ხარ უაღრესად გულთბილი, ხელგაშლილი კაცი, რომლის ლექსები სიმღერებად აიტაცა ჩვენმა ხალხმა. და მე, შენმა მკითხველმა არ შემიძლია არ აღვნიშნო, ამ ლექსებს შორის არ გამოვაცალკევო ერთი, ძალიან პაწაწინა ლექსი, სულ ორიოდ კუპლეტი თუ იქნება, რომელშიც გასაოცარი, განსაცვიფრებელი მუხტია ჩადებული საქართველოს და ქართველი ხალხის სამარადჟამო ერთგულებისა და სიყვარულისა.

ლექსში შენ კერძოდ ამბობ, რომ “ზოგის სული” ამაშიაო, “ზოგის სული” იმაშიაო და ბოლოს ლექსს ამთავრებ ფრაზით, რომელსაც ყველა დროის ცნობილი ქართველი პოეტი მოაწერს ხელს: “ჩემი სული საქართელოს აჩქარებულ სუნთქვაშია”.

                                                                     

             “გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა.

              გარდახდეს, გავლეს სოფელი, – ნახეთ სიმუხთლე ჟამისა! –

              ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა,

              ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისად ამისა.”

აქ, რუსთაველს გამოყენებული აქვს მხატვრული გამოსახვის სტილისტური ხერხი, რაც ჰიპერბოლის საპირისპირო მნიშვნელობისაა, ჰქვია ლიტოტესი და წარმომდგარია ბერძნული სიტყვისაგან “მცირე”. სიცოცხლე ზოგს რომ გრძელი ჰგონია, მხოლოდ ერთი წამიაო, ბრძანებს გენიოსი პოეტი. უნდა მივანიშნოთ, რომ პოემის დაწერიდან მრავალი საუკუნეა გასული და თარგმნილია მრავალ ენაზე და მათ შორის ებრაულზე – ყივრითზე. ბორის გაპონოვმა პოემის ებრაული თარგმანი დაასრულა 1966 წელს, ხოლო წიგნად გამოიცა 1969 წელს პოეტების დომენტი და აბრაამ შლიონსკის ზრუნვით და დახმარებით (საფუძველი: ი. პაპიაშვილი, “ვეფხის დამცემი და მისი ქართველი მეგობარი”).

ბორის გაპონოვი გარდაიცვალა ისრაელში 1972 წელს. გარდაცვალებიდან 18 წლის მერე მას მიენიჭა შოთა რუსთაველის პრემია. თანხა საკმაოდ სოლიდური იყო: 20 ათასი ამერიკული დოლარი. ამ პრემიის განაწილებაში აქტიური მონაწილეობა მაქვს მიღებული. საკითხი სადაო იყო. აბრამ საპირს ისრაელიდან ჩამოტანილი ჰქონდა სანოტარო დოკუმენტაცია, რომლის თანახმად გაპონოვის დედა იძლეოდა ცრუ ჩვენებას, თითქოსდა, ირინა არ იყო ბორისის ქალიშვილი. აგრეთვე, არსებობდა სხვა დაბრკოლებაც; ილია გაგულაშვილმა ჩამოაყალიბა გაპონოვის საზოგადოება და ითხოვდა პრემია გადაეცათ ამ საზოგადოებისათვის. ამიტომ შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი გრიგოლ აბაშიძე გაურკვეველ მდგომარეობაში ბრძანდებოდა. მან პირადად დამირეკა ქუთაისში და მთხოვა დავხმარებოდი პრემიის სამართლიან განაწილებაში, თან განმარტა, რომ მისი სურვილი იყო თანხის ერთი ნაწილი გადაცემოდა ბორისის ქალიშვილს ირინას საქართველოში, ხოლო მეორე ნაწილი ბორისის დედას -ისრაელში.

ბატონი გრიგოლ აბაშიძის თხოვნა მე შევასრულე, როგორც იტყვიან, ფრიადზე. გავფანტე ყოველგვარი ეჭვი ირინას მისამართით თქმული და მოვახერხე აბრამ საპირის და ირინას შეხვედრა გრიგოლ აბაშიძის სამუშაო კაბინეტში. საკითხი გადაწყდა სამართლიანად ისე, როგორც ბატონ გრიგოლ აბაშიძეს სურდა.

ისრაელში 45 წლის მანძილზე გამოდიოდა ქართულენოვანი გაზეთი “ალია საქართველოდან”, რომლის დამაარსებელი და მთავარი რედაქტორი იყო აბრამ საპირი (სეფიაშვილი). ამჟამად, გაზეთი დახურულია, ფინანსების უქონლობის გამო. უნდა აღინიშნოს, რომ ამ გაზეთის მეშვეობით საქართველოს კულტურული და ლიტერატურული ცხოვრება ისრაელში, მხოლოდ ქართველ ებრაელთა შორის ვრცელდებოდა და ებრაულენოვანი საზოგადოება მას არ იცნობდა. აგრეთვე ისრაელში დროგამოშვებით გამოდიოდა ჟურნალი „დროშა“, რა თქმა უნდა ქართულ ენაზე.

გაპონოვის მიერ თარგმნილი “ვეფხისტყაოსანი” იყო ის პირველი მერცხალი, რომელმაც აღფრთოვანებაში მოიყვანა ისრაელის ებრაულენოვანი საზოგადოება. ეს იყო და ეს, სხვა ქართველი მწერლების მხატვრული ნაწარმოებები ებრაულენოვანი მკითხველისათვის იყო უცნობი, ვიდრე იაკობ პაპიაშვილმა რუსულ ენაზე არ გამოსცა რომანი “გაგრა” ისრაელის პრეზიდენტის ფონდის დახმარებით. ეს წიგნი შემდეგში ითარგმნა ებრაულ ენაზე და წიგნად გამოიცა. ამ წიგნით მსოფლიომ შეიტყო თუ როგორ დახოცეს რუსმა ლეგიონერებმა ქართველი ფეხმძიმე ქალები 1989 წლის 9 აპრილს ე. წ. “сапёрные лопаты”-ს საშუალებით. ეს რუსული იმპერიული წარმოშობის იარაღი გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით, განსაკუთრებით ხელჩართულ ომში.

იაკობ პაპიაშვილმა 2014 წელს გამოსცა ცნობილი ქართველი მწერლის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის რევაზ მიშველაძის ნოველების კრებული – “იარუსალიმი – თბილისი” – ებრაულ და რუსულ ენებზე. ეს იყო, ასე ვთქვათ, სიურპრიზი ებრაულენოვანი მკითხველისათვის. ქვეყანაში, სადაც გაფეტიშებული იყო რუსული ლიტერატურა, მიხვდნენ, რომ ქართველი კლასიკოსი მწერლების მხატვრული ნაწარმოებები არანაკლებ ყურადსაღები იყო, ვიდრე რუსულენოვანი. მოგვიანებით ცნობილი ებრაელი პოეტი და პუბლიცისტი ჰერცელ ხაკაკი თავის პუბლიცისტურ ნაშრომში “დღესასწაული ჭირის დროს” აღნიშნავს, რომ X – XI საუკუნეებში, როცა რუსული ენა ჯერ კიდევ ფორმირებული არ იყო, არსებობდა ქართული მხატვრული მწერლობის ბრწყინვალე შედევრები: “ამირანდარეჯანიანი”, “ვისრამიანი”, “აბდულ – მესიანი”, “თამარიანი” და “ვეფხისტყაოსანი”.

XX საუკუნის მეორე ნახევარში “ვეფხისტყაოსანი”, ხოლო XXI საუკუნის პირველ ნახევარში “იერუსალიმი – თბილისი” ითარგმნა ებრაულ ენაზე. იმის განმარტება, რომ პირველის ავტორი არის შოთა რუსთაველი, ხოლო მეორის რევაზ მიშველაძე, ცხადია საჭირო არ არის.

1980 წელს, ზურაბ კუხიანიძის იუბილეზე რევაზ მიშველაძე 40 წლისა იყო. 2014 წელს, როცა მისი ნოველების კრებული “იერუსალიმი – თბილისი” ებრაულ ენაზე გამოიცა, იგი 74 წლის უკვე ღვაწლმოსილი მწერალი ბრძანდებოდა. ახლა იგი, საქართველოს სახალხო მწერალი, 81 წლისაა…

დღეს ებრაული კალენდრით 5782 წელია და განგების ძალით შოთა რუსთაველი რომ გაცოცხლდეს, ალბათ გაუკვირდება: ორი წიგნი გაპონოვისეული “ვეფხისტყაოსანი” და მიშველაძისეული “იერუსალიმი – თბილისი” იერუსალიმის ქუჩებში მსუბუქად ჰქრის, როგორც საქართველოს აჩქარებული სუნთქვა.

მაჩაბლის ქუჩა N13 – შენობა, რომელიც ცნობილია “ხელოვნების სასახლის” სახელწოდებით, ააგო დიდმა მეცენატმა და ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელმა, ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა დავით სარაჯიშვილმა 1903 – 1905 წლებში.

1925 – 1926 წლის “ცნობათა კრებულში”, რომელიც ტიციან ტაბიძის რედაქციით გამოვიდა, ვკითხულობთ: “ხელოვნების სასახლე დაარსებულია 1921 წელს გასაბჭოების პირველ დღეებში”. 1971 წელს, როცა ჩემი ლიტერატურული მოღვაწეობა ამ სასახლეს – ტაძარს დაუკავშირდა, იგი უბრალოდ საქართველოს მწერალთა კავშირის სახელით იყო ცნობილი. მე ჩამოვთვლი თავმჯდომარეებს და მდივნებს საქვეყნოდ ცნობილ პოეტებს და მწერლებს, რომლებთანაც პირადად მქონდა შეხება და ურთიერთობა მყარ ლიტერატურულ ჩარჩოებში: ირაკლი აბაშიძე, გრიგოლ აბაშიძე, ნოდარ დუმბაძე, მუხრან მაჭავარიანი, გურამ ფანჯიკიძე, რევაზ ინანიშვილი, რეზო ჭეიშვილი, შოთა ნიშნიანიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი. იმ დაუვიწყარ დროს, როცა ქართული ხელოვნების – მწერლობის ამ უწმინდეს ტაძარში ეს ბუმბერაზი ადამიანები მხატვრული სიტყვის ხელოვნებას ხოტბას ასხამდნენ:

“მაშ, შენ ხარ, მუზა?

შენ – ცისკრის ბავშვი?

შაბაშ, შენს ღონეს,

შენს ძალას ვაშა!

მაშ, შენ მეწყრავდი

ყველა გზას ფშავში,

რომ ზედ ბუხართან

დაგება ვაჟა?”
                           ირაკლი აბაშიძე, 1984

ლიტერატურული ცხოვრება საქართველოში, უბრალოდ რომ ვთქვათ, დუღდა და გადმოდუღდა. ამ უწმინდეს ტაძარში, მრავალი წლების განმავლობაში, ვხვდებოდი და ვესაუბრებოდი ქართული მწერლობის ბრწყინვალე პლეადის კორიფეებს: რევაზ მიშველაძეს, მაყვალა გონაშვილს, სოსო სიგუას, რევაზ ჯაფარიძეს, ბაღათერ არაბულს, ზაალ ბოტკოველს, ელიზბარ ჯაველიძეს, თამაზ წივწივაძეს, გურამ გვერდწითელს, ნანა ჭოჭუას. ჩვენი საუბრის თემა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ლიტერატურა იყო.

საქართველოს მწერალთა კავშირის ბოლო ყრილობა, რომელსაც მე ვესწრებოდი გადამწყვეტი ხმის უფლებით და სადაც სიტყვით გამოვიდა ბატონი ედუარდ შევარდნაძე, გაიმართა დამოუკიდებელ საქართველოში 1995 წლის 17 მაისს, დილის 10 საათზე, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში (გიორგი ლეონიძის ქ. N110).

                                   ქართული სიტყვის სარდალი

წარმოგიდგენთ საქართველოს სახალხო მწერალს, რუსთაველის პრემიის ლაურეატს რევაზ მიშველაძეს. ზაალ ნემსაძის დოკუმენტური ფილმი “ქართული სიტყვის სარდალი” რამდენჯერმე ვნახე; ეს ჭეშმარიტად დიდებული, ისტორიული მნიშვნელობის ფილმია.  ფილმს ამთავრებს გიორგი გაბუნიას შოუ, რომელშიც ბატონი რევაზ მიშველაძე იღებს მონაწილეობას.

წამყვანის ტექსტი:

“ვინც ქართული ლიტერატურის მრავალსაუკუნოვან ისტორიას ჩვენი დროიდან გახედავს ერთ კანონზომიერებას წააწყდება, როცა ქვეყანას უმძიმესი მომენტი უდგებოდა და გადარჩენილი გმირის საჭიროება ხდებოდა გადაუდებელი, ხშირად მწერალი იღებდა თავზე ამ მისიას. პოლიტიკოსთა და პანდემიისაგან გატანჯულ ჩვენს ქვეყანაში ისევ მწერალი გამოდის წინა პლანზე და კარგად რომ ვუსმენდეთ და დავუჯერებდეთ უფრო იოლად გავუმკლავდებოდით ჭირს. ამ მხრივ უპირველესი ჭკუის საკითხავი პიროვნება და დედოზარის დამრისხებელი რევაზ მიშველაძეა.”

მე მინდა რამდენიმე ამონარიდი გავაკეთო ბატონი რევაზ მიშველაძის გამოსვლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის 100 წლის იუბილეზე:

“…დღევანდელი იუბილე უფრო დრამატული ხასიათისაა. ამის მიზეზი, ჩემო ძვირფასებო, კარგად მოგეხსენებათ – მწერალთა კავშირის წინააღმდეგ გასულ საუკუნეში დაწყებული ომია, რომელიც ახლაც გრძელდება და გრძელდება ჩვენდა სავალალოდ…, მაგრამ მე მინდა ვუთხრა საქართველოს, რომ მათი განზრახვა მწერალთა კავშირის დაშლასთან დაკავშირებით გაქარწყლდა. ეს ომი მწერალთა კავშირის გამარჯვებით დასრულდა (მქუხარე ტაში).

ფსიქოლოგიურ შემეცნებაში მნიშვნელოვანი ასპექტია კითხვა “რატომ”, რადგან ადამიანის ქცევის მიღმა იმალება გარკვეული მოტივები, განზრახვები და მიზანი ამ განზრახვებისა.

მწერალთა კავშირის შენობის წართმევა და სამწერლო ორგანიზაციის მოსპობა საქართველოში უნდოდათ იმიტომ რომ, ჩაეხშოთ ქართული მხატვრული სიტყვა და არ ჩაეტარებინათ შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე.

ეროვნული ფენომენის მტერმა, თავისი შავბნელი საქმე გააკეთა და გააკეთა დანაშაულის ფასად, თუმცა ამ დანაშაულისათვის დღემდე პასუხი არავისთვის მოუთხოვიათ.

საქართველოს მწერალთა კავშირი არსებობდა წითელი იმპერიის მძვინვარების პერიოდში 1921 წლიდან 1991 წლამდე. მიუხედავად გარკვეული დაბრკოლებებისა პატრიოტული სულისკვეთების მქონე კომუნისტები მფარველობდნენ ქართულ მხატვრულ სიტყვას. არ უნდა დავივიწყოთ, რომ სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა ისეთი მაღალმხატვრული ნაწარმოებები, სპექტაკლები ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში და ფილმები ქართულ კინოხელოვნებაში, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკა.”

აქ მცირე პაუზა უნდა გავაკეთო.

…რიტორიკა, – “მჭევრი მეტყველების ხელოვნება” ძველი საბერძნეთიდან მომდინარეობს. რიტორიკული ხელოვნების განვითარება ემთხვევა არისტოტელეს, ციცერონეს და კვინტილიანის ეპოქას.

ორატორული ხელოვნება – ეს არის გონება, გული და სიტყვა, ანუ ეს არის საჯარო გამოსვლის ხელოვნება არტისტული ოსტატობით, რისთვისაც წარმოთქმული სიტყვის დამაჯერებლობა აუცილებელი შემადგენელი კომპონენტია.

ორატორის ემოციები და სიტყვის მასალის ეფექტური მიწოდება უზრუნველყოფს აუდიტორიის ყურადღებაში ყოფნას.

ალბათ ყველა დამერწმუნება, რომ 81 წლის ასაკში, ორატორისათვის ძნელი უნდა იყოს სრულიად მიიქციოს, სრულიად დაიპყროს აუდიტორიის ყურადღება, მაგრამ არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ საქართველოს სახალხო მწერლის ამ გამოსვლაში იგრძნობოდა საქვეყნოდ ცნობილი ქართული სუფრის ტრადიციები, როცა ხშირად ორასკაციანი სუფრა სულგანაბული უსმენს მჭერმეტყველ თამადას.

საქართველოს მწერალთა კავშირის 100 წლის იუბილეზე რევაზ მიშველაძის სიტყვით გამოსვლის დროს ხშირად ისმოდა მხურვალე აპლოდისმენტები.

ორატორმა გამოსვლის პროცესში გამოიყენა ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები. მისი გამოსვლა თავიდან ბოლომდე ფილმში ზეპირსიტყვიერების ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს. იგი კითხულობს გამოთქმით, ამაღლებული და მღელვარე ტონით:

                                         მურმან ლებანიძე – სამშობლო

             …კავკასიის პონტის პირს ძირს ჩაკიდულხართ ხედებო!

                მე რომ სიკვდილი მჭირს, ხომ შენგნით, ჩემო ედემო?!

                ამბავს წაუღებთ ვის, თქვენ, ფრინველებო ღვთის –

                წითელ – ფეხება მტრედებო?!

                                         ჯანსუღ ჩარკვიანი – პატრონი უნდა “ვეფხისტყაოსანს”

             …დიახ, ჩვენს მამულს ასე დაწოლილს,

                ნუ გეშინია არვინ დატოვებს,

                ნუ გეშინია მოვა პატრონი,

                მოვა პატრონი და უპატრონებს.

                                         მაყვალა გონაშვილი – სიმღერა

                მაინც როგორ გიხდება ეს წყეული სიმღერა,

                მომავალი შენია, შენია და ელოდე…

                ასე როგორ მივიდეთ, ასე ხელგაწვდილები,

                ასე დაჩოქილები, ხვალის საქართველომდე.

                                         შოთა ნიშნიანიძე – ბიჭები

             …ათასი დაფნა, წიგნი, მოლბერტი,

                ვინც სინდისს თავი არ მოარიდა!

               “კაცობრიობა რომ არ დაბერდეს,

               ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან?!”

ამ ლექსების კითხვისას ორატორის ინტონაცია ისეთია, რომ მის ჭეშმარიტებაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია:

“მართალია, ჩემო ძვირფასებო, მწერალთა კავშირს ჰყავდა ჩანერგილები და მგონი ეხლაც ჰყავს ამბის მიმტანები, დამსმენები, ისეთები ვინც პაოლო იაშვილს თავს მოაკვლევინებს, მაგრამ, მეგობრებო, დამერწმუნეთ მწერალთა კავშირი თავის სათავეში, თავის სიღრმეში, თავის შიგნით თავანკარაა, სუფთაა, ლამაზია, მას საქართველოს სამსახურში თავი არასოდეს არ შეურცხვენია.”

                                                                                მაღლა მფრენი დაბლაც ხედავს,

                                                                                უფრო ნათლად, უფრო დიდად,

                                                                                ქვეყნის ჭირი, ქვეყნის ლხინი,

                                                                                წინ მიუძღვის გზად და ხიდად.

                                                                                                  აკაკი

ზაალ ნემსაძის დოკუმენტურ ფილმში “ქართული სიტყვის რაინდი” წარმოჩინდა მწერლის ბელეტრისტული ხელოვნების სხვადასხვა სფერო, სხვადასხვა მიმართულება. ის, რომ მისი ლიტერატურული შემოქმედების ოკეანეში მთავარი თემა საქართველოა, ორი აზრი არ არსებობს. გულისტკივილი იმ კაცისა, რომლის ერთადერთი ვაჟი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაიღუპა, შეუძლებელია იყოს ყალბი, თვალთმაქცური. აქედან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სახალხო მწერალს გზად და ხიდად რომ მიუძღვის, დამაჯერებელია და დამპყრობლების მიმართ ზიზღის გრძნობას ბადებს.

ეს იყო 1989 წლის აპრილში.

რევაზ მიშველაძე ჟურნალ “კრიტიკის” მთავარი რედაქტორია. ჟურნალი მრავალტირაჟიანია და პოპულარული, რადგან ისეთ საკითხებს აშუქებს, რაც მკითხველისთვის საინტერესოა.

და აი, ერთხელ, დილით ისმის ზარი. მთავარ რედაქტორს იბარებენ ცკ-ში. ცნობილი ქართველი მწერლები და რედაქტორები დათქმულ დროზე შეიკრიბნენ ცკ-ის პირველი მდივნის გივი გუმბარიძის კაბინეტის მისაღებში, დაახლოებით თხუთმეტიოდე კაცი, მათ შორის: ჭაბუა ამირეჯიბი, მუხრან მაჭავარიანი, ჯანსუღ ჩარკვიანი, გურამ ფანჯიკიძე, შოთა ნიშნიანიძე, აკაკი ბაქრაძე, ნოდარ ნათაძე, რევაზ მიშველაძე… იქ იმყოფებოდა აგრეთვე საქართველოს ტელევიზიის ხელმძღვანელი არჩილ გოგელია. მალე ყველანი კაბინეტში მიიხმეს. დასხდნენ. მაგიდასთან ზიან: ედუარდ შევარდნაძე – შუაში, ერთ მხარეს გივი გუმბარიძე, ხოლო მეორე მხარეს ნოდარ ჭითანავა.

გუმბარიძემ ღიმილით მიმართა მწერლებს, უთხრა მათ: საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ედუარდ შევარდნაძე ჩამობრძანდა მოსკოვიდან და ისურვა ქართველ მწერლებთან შეხვედრა-ო.

“მომენატრეთო, – ამბობს ბატონი ედუარდი და ღიმილიანი მზერა იქ შეკრებილ ლიტერატორებზე მიმოატარა. ჩემი უამრავი საქმეების მიუხედავად მე თვალყურს ვადევნებ საქართველოს, მის ეკონომიურ, კულტურულ ცხოვრებას, რაც შემიძლია გეხმარებით. უნდა გითხრათ, რომ საქართველოდან კრემლში კარგი ამბები მოდის. ჩვენი მეგობრობა და ურთიერთობა ამით არ მთავრდება. მე სადაც არ უნდა ვიყო ყოველთვის ვიქნები ჩემი სამშობლოს პატრიოტი და ქართველი ლიტერატორების გვერდში მდგომი.”

მწერლები ამოძრავდნენ, გამოეხმაურნენ, გაისმა სამადლობელი, თავმდაბლობით თქმული სატყვები.

ამ დროს წამოდგება რევაზ მიშველაძე და თავისებური ჩვეული სითამამით მიმართავს მაღალ სტუმარს:

“ბატონო ედუარდ! ერთი თხოვნა მაქვს, თუ შეიძლება”.

“რევაზ მიშველაძე არისო, ჟურნალ “კრიტიკის” რედაქტორი”, განმარტა გუმბარიძემ.

“ვიციო, თქვა შევარდნაძემ, რად მინდა შეხსენება, ვიცნობ ბატონ რეზოსო.”

“ბატონო ედუარდ, – განაგრძო მიშველაძემ, – სტალინის შემდეგ, ისეთი მაღალი თანამდებობა კრემლში როგორც თქვენ გაქვთ, არავის ჰქონია. დღეს თქვენ ხართ ის კაცი, ვისაც ყოველთვის შეუძლია გორბაჩოვთან შესვლა და ამდენად მინდა გთხოვოთ… გაითვალისწინეთ, რომ ეს თხოვნა ქართველი ინტელიგენციის თხოვნაცაა.”

“თქვი, გისმენ”, – მიუგო შევარდნაძემ.

“- თქვენ მოგეხსენებათ, საქართველო დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვის… დემოკრატიული პრინციპები მსოფლიოს მოედო, მათ შორის რუსეთსაც. იქნებ შეარჩიოთ დრო და აუხსნათ გორბაჩოვს საქართველოს ჭირ – ვარამი; რა საჭიროა ამ პატარა ქვეყანაში სამი ავტონომია: აფხაზეთის, აჭარის და ე. წ. სამხრეთ ოსეთის. ეს გამოგონილი მეტასტაზები მავნებელია ქვეყნისათვის, ხალხისათვის, მომავლისათვის.”

ჩამოვარდა სამარისებული სიჩუმე. შევარდნაძის სახიდან ღიმილი გაქრა, აღელვება გამოეხატა.

“რამ მოგაფიქრა ეს, ჩემო რეზო! გორბაჩოვმა რომ გადაწყვიტოს რესპუბლიკების საერთოდ გაუქმება, რას იტყოდი ამაზე?! – თქვა და მერე გუმბარიძეს გადაულაპარაკა: ამ შეხედულების კაცი, როგორ დანიშნეთ “კრიტიკის” რედაქტორად?-ო.”

ამ ამბიდან ერთი კვირის მერე საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მუხრან მაჭავარიანმა თავის კაბინეტში რევაზ მიშველაძეს უთხრა:

“რეზო, ისე არ მინდა შენი “კრიტიკიდან” წასვლა, როგორც ჩემი მარჯვენა ხელის მოჭრა, მაგრამ სხვა გზა არ არის. მოდი ზეგ პრეზიდიუმის სხდომაზე, უნდა გაგანთავისუფლო.”

მინაწერი: “იმ შემთხვევაში თუ ქართველი კომუნისტები ბუდუ მდივანი და ფილიპე მახარაძე არ იჩივლებდნენ ლენინთან სტალინური კომისიის მიერ შემუშავებული პროექტის წინააღმდეგ, ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა 1922 – 1924 წლებში დაიშლებოდა სამ სუვერენულ ავტონომიურ საბჭოთა რესპუბლიკებად, საბჭოთა კავშირიდან გასვლის უფლებით. 1924 წელს საქართველოში არ მოხდებოდა ე. წ. “მეგრელთა აჯანყება”, არ დაიღვრებოდა ქართველების სისხლი და საქართველოს ტერიტორიული მთლინობა შენარჩუნებული იქნებოდა შიგა ავტონომიების გარეშე, სოჭის ოლქის ჩათვლით (საფუძველი: იაკობ პაპიაშვილი, “ვინ იყო სტალინი”, დაიბეჭდა გაზეთში “მწერლის გაზეთი”, 2021, N5, გვ.13, სათაურით “მის უკვდავსაყოფად ესეც კმარა” ), რაც თავისთავად დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის და გიორგი ბრწყინვალის სახელმწიფოებრივ – პოლიტიკური მოღვაწეობის ტოლფასია.”

                                                              ეპილოგ

                                                            “ზოგის სული ჭიქაშია,

                                                              ზოგის ცინცხალ დუშაშშია,

                                                              ზოგის სული ჭინჭებშია,

                                                              ზოგის კიდევ ოქროშია;

                                                              ჩემი სული საქართველოს აჩქარებულ სუნთქვაშია”

                                                                                                         ზურაბ კუხიანიძე

მისი სული საქართველოს აჩქარებულ სუნთქვაშია

საქართველოს სახალხო მწერალი რევაზ მიშველაძე, როგორც უკვე ვთქვით 81 წლისაა. ქართულ მწერლობაში მისი ღვაწლი და დამსახურება გამორჩეულად ფასეულია და მნიშვნელოვანი. თბილისის ქუჩებში საქართველოს მწერალთა კავშირის მრავალგზის თავმჯდომარე, ჭარმაგი მწერალი დადის. თანამედროვე ქართული ლიტერატურის კლასიკოსის რევაზ მიშველაძის შემოქმედება კარგა ხანია მსოფლიო ლიტერატურის ორგანულ ნაწილად იქცა. მისი მხატვრული და პუბლიცისტური შემოქმედების ნაღვაწი ოთხმოცს, შეიძლება მეტ წიგნს მოიცავს. მისი ნოველები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე, ალბათ არამარტო იმიტომ რომ ისინი იკითხებიან ინტერესით, არამედ განსაკუთრებით იმიტომ რომ ბელეტრისტის ქართული სარკმლიდან, საკუთარი ქვეყნის პრობლემატიკასთან ერთად, მსოფლიოს გულისტკივილია დანახული, რაც დასტურდება ისრაელში ებრაულ ენაზე გამოცემული მისი წიგნით “იერუსალიმი – თბილისი”.

რევაზ მიშველაძე ნობელის პრემიის ნომინანტია.

დასასრულს მინდა ხაზგასმით ავღნიშნო საქართველოს სახალხო მწერლის რევაზ მიშველაძის, როგორც პროზაიკოსის მდიდარი ლექსიკა, მდიდარი ქართული ენა. ვკითხულობ მის ნოველებს და ხშირად ვფიქრობ თუ რომელი ჭიდან იღებს იგი ისეთ სიტყვებს, რაც ზოგჯერ შეუძლებელია მონახო ქართული ენის განმარტებით და ორთოგრაფიულ ლექსიკონში.

ეს თავდაუზოგავი შრომა ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის სამსახურში არის იმის გარანტია რომ მისი სული საქართველოს აჩქარებულ სუნთქვაში არის, იქნება და იარსებებს ყოველთვის და მუდამ.

წინამდებარე ნაშრომი მინდა დავასრულო ფილმის “ქართული სიტყვის სარდალის” წამყვანის სიტყვებით:

“პოლიტიკოსთა და პანდემიისაგან გატანჯულ ჩვენს ქვეყანაში უპირველესი ჭკუის საკითხავი პიროვნება და დედოზარის დამრისხებელი საქართველოს სახალხო მწერალი რევაზ მიშველაძეა და კარგად რომ ვუსმენდეთ და დავუჯერებდეთ უფრო იოლად გავუმკლავდებოდით ჭირს.”

                                                                                 იაკობ პაპიაშვილი

                                                                                 გალაკტიონ ტაბიძის და

                                                                                 ივანე მაჩაბლის პრემიის ლაურეატი

                                                                                 ნობელის პრემიის ნომინანტი 2018 – 2021

მასალის მომზადებაში მონაწილეობა მიიღო ია გორგიშელმა

დაიბეჭდა გაზეთში “მწერლის გაზეთი” 2021, N6, გვ.7,8.

დატოვე კომენტარი