რაგბის დაბადება ქუთაისში

(მოგონება)

დრო, დრო აღნიშნე! მოაწერე ლექსს –
ეს საუკუნე, დღე და საათი
გალაკტიონ ტაბიძე

1958 წელს დავამთავრე ქუთაისის მე-3 საშუალო სკოლა (დირექტორი თამარ დახუნდარიძე, დამრიგებელი მარგარიტა დვალი) – ფრიადებზე. იმავე წელს მისაღები გამოცდები ჩავაბარე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, თბილისში. ქულები არ მეყო და დავბრუნდი ქუთაისში. მუშაობა დავიწყე მე-4 სამშენებლო ტრესტში – მუშად. მალევე მივიღე დეპეშა ინსტიტუტიდან, რომ ჩარიცხული ვარ დაუსწრებელზე ქუთაისის ფილიალში, რომელიც შემდეგ გადაკეთდა საღამოს დასწრებულ ფაკულტეტად (რექტორი ბარქაია). როცა სამი კურსი დავხურე, მე-4 ტრესტის ლიმიტით გადამიყვანეს თბილისში და სწავლა გავაგრძელე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დღის დასწრებულზე; ჩამრიცხეს მე-2 კურსზე. ფიზიკურ მომზადებას გავდიოდით ინსტიტუტის დიდ სპორტულ დარბაზში, სადაც ერთხელ გამოგვიცხადეს, რომ ვისაც სურვილი გვქონდა შეგვეძლო გადავსულიყავით რეგბის (სახელი რაგბი ჩვენში გვიან შემოვიდა) სპორტულ გუნდში „პოლიტექნიკში“, რომლის მწვრთნელი იყო გივი მრელაშვილი. თუ მეხსიერება არ მღალატობს, ეს განცხადება თვითონ ბატონმა გივიმ გააკეთა. ასე გავხდი რაგბისტი. თანაგუნდელებიდან კარგად მახსოვს ირაკლი კიზირია, სერგო კეშელავა, თამაზ შერაზადიშვილი (მისი მამა დოცენტი იყო და ისტორიაში ლექციებს გვიკითხავდა). სხვათა შორის თ. შერაზადიშვილი ჩემი თანაკურსელი იყო და ჩემი დაჟინებული რჩევით აღმოჩნდა ინსტიტუტის რაგბისტთა გუნდში.

Regb_1

როგორც გადმოცემით არის ცნობილი ეს სპორტი დაიბადა ინგლისის ქალაქ რაგბიში; როცა მე გუნდში ჩამრიცხეს, მას საბჭოთა კავშირის სინამდვილეში ათიოდე წლის ისტორია ქონდა.
1966 წლამდე „პოლიტექნიკში“ ვთამაშობდი, რადგან დიპლომის დაცვის შემდეგ, სამუშაოდ გამანაწილეს ქუთაისის მე-4 სამშენებლო ტრესტში ინჟინრად. ვინაიდან რაგბი არც ქუთაისში და არც დასავლეთ საქართველოში ცნობილი არ იყო, გადავწყვიტე მისი პოპულარიზაცია: სამსახურის შემდეგ მივდიოდი „დინამოს“ სტადიონზე და რაგბის ბურთს მარტო ვკენწლავდი. იმ ხანებში ფინანსურად მამა მეხმარებოდა, რომელმაც ქუთაისში მძლავრი საგალანტერიო წარმოება-კომბინატი ჩამოაყალიბა და შექმნა (დირექტორი ლექსო კვიცარიძე, მთავარი ინჟინერი მიხეილ-მიშა პაპიაშვილი), სადაც დასაქმებული იყო ათასზე მეტი ქალი და კაცი. თავდაპირველად მამა მთავარი მოდელიორი იყო.

ეს იყო 1966 წლის ზაფხულში, „დინამოს” სტადიონზე. მინდორზე გასვლას რომ ვაპირებდი, რკინის მოაჯირთან მომიახლოვდა ნაცნობი თბილისელი მორაგბე გოგი ყუფარაძე, რომელსაც კარგად ვიცნობდი. იგი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის „სასოფლოს“ გუნდში თამაშობდა, რომელსაც ჩვენი გუნდი „პოლიტექნიკი“ თბილისის ჩემპიონატებში ხშირად ვხვდებოდით. როცა ერთმანეთი მოვიკითხეთ, შევთავაზე ჩაგვეტარებინა რაგბის საჩვენებელი თამაში. მან გაიღიმა და მითხრა: „ორმა რომ ვითამაშოთ სირცხვილიაო“. ერთი სიტყვით, მე იგი ძალით გავიყვანე მინდორზე და ქუთაისელმა ახალგაზრდებმა პირველად დაინახეს რაგბის ელემენტარული წესები: ბურთის წაღება, გადაწოდება, დარტყმა, დამიწება, შერკინება. როცა დავიღალეთ და ბალახებში ჩავიმუხლეთ, აღმოვჩნდით მომავალი ქუთაისელი რაგბისტების რკალში. მე ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ გავიხსენებ ზოგიერთ მათგანს: შ. ქურციკიძე, „ბუკუჩი“ (მეტსახელი) – იგი მასწავლებელი იყო, რ სვანიძე, ზ. ცერცვაძე, ნ. ფურცხვანიძე, შ. ბიტკაშა, ო. მიქელთაძე (მოჭიდავე)…

გ. ყუფარაძე თბილისიდან იშვიათად ჩამოდიოდა და ახალგაზრდებს მე ვუხსნიდი და ვასწავლიდი რაგბის თამაშის წესებს. ყოველდღე, სამსახურის შემდეგ „დინამოს“ სტადიონს მივაშურებდი. შევქმენი ორი გუნდი და ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, 1966-1968 წლებში ჩამოვაყალიბე ქუთაისის რაგბის პირველი ფედერაცია, მასში შევიდნენ: იაკობ პაპიაშვილი (ინჟინერი), ბოგდან ზაუტაშვილი (მე-4 ტრესტის მთავარი ინჟინერი), ამირან კირტავა (მე-9 სამშენებლო სამმართველოს უფროსი) და გოგი ყუფარაძე. და ამ ოთხეულმა, ჩემი ხარჯით, აღვნიშნეთ ქუთაისში რაგბის დაბადება რესტორან „იმერეთში“ (მაშინდელი „წულუკიძის ბაღის“ წინ), ამავდროულად მე-4 ტრესტს (ბიბილეიშვილი, ზაუტაშვილი). ქ. ქუთაისის სპორტკომიტეტში გადავარიცხინე, სოლიდური თანხა, რითაც შევიძინეთ რაგბის ბურთები, მაისურები და ბუცები. ქუთაისის პირველი რაგბის გუნდი „მშენებელი“ მზად იყო ოფიციალური შეჯიბრებისათვის.

პირველი ამხანაგური შეჯიბრება გავმართეთ თბილისის „დინამოსთან“ (ან „ლოკომოტივთან“). ქუთაისის „მშენებელის“ პირველი მწვრთნელი იყო გოგი ყუფარაძე. ჩემს მაისურს ეწერა ნომერი „9“ (ჰავბეკი). ეს ამხანაგური შეხვედრა გაიმართა 1967 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ქ. ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე. შეხვედრა დამთავრდა ფრედ. თუ არ ვცდები ბურთები დაამიწეს ომარ მიქელთაძემ, ხოლო თბილისიდან სერგო კეშელავამ ნომერი “15” (ფოლბეკი).

თამაშს ესწრებოდა ორასამდე კაცი, მათ შორის იყვნენ: ლექსო კვიცარიძე, მიშა პაპიაშვილი, ბოგდან ზაუტაშვილი, ამირან კირტავა და ჩემი სკოლის ამხანაგები: დავით ჟორჟოლიანი, რამაზ ახვლედიანი, ბონდო შალიკიანი,   ჯეირან ფაჩუაშვილი და ინსტიტუტის მეგობარი ჯერ ქუთაისში და შემდეგ თბილისში გიზო ჯღარკავა.

ეს იყო ისტორიული მატჩი. სამწუხაროდ, შაკო ქურციკიძე რუსეთში ძმასთან იყო წასული და ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

მამაჩემი წერეთლის ქ. N 38 ცხოვრობდა, სუფრა იქ მქონდა გაშლილი, დიდ, ვრცელ აივანზე, რომელიც ახლაც რიონს გადაჰყურებს. იმ განუმეორებელ წამებს, წუთებს, საათს ვზეიმობდით ორმოცდაათამდე ადამიანი, მათ შორის იყვნენ ოცდაათი მორაგბე და გოგი ყუფარაძე. სუფრა საზეიმოდ მოამზადეს: დედაჩემმა მარიამმა და ჩემმა მეუღლემ თამარმა.
გავიმეორებ: ეს იყო 1967 წლის ოქტომბერ-ნოემბერში. როგორც გალაკტიონი ბრძანებს – „დრო, დრო აღნიშნე! მოაწერე ლექსს – ეს საუკუნე, დღე და საათი“.

იმ ისტორიული თამაშის შემდეგ, ჩვენი გუნდის მეურვეობა იკისრა ქუთაისის სახლმშენებელმა კომბინატმა (დირექტორი რომან ბეჟუაშვილი, მთავარი ინჟინერი რამაზ ახვლედიანი). შესაბამისად, გუნდმა მიიღო ახალი სახელწოდება „სახლმშენი“, რომელიც „აიას“ საბაზო გუნდად იქცა. გუნდის მწვრთნელობა დაეკისრა ჯერ შაკო ქურციკიძეს, ხოლო შემდგომ დუგლას კავთელაშვილს. ამ პერიოდში „სახლმშენმა“ სამჯერ მოიპოვა სსრკ ჩემპიონის ტიტული და ორჯერ თასი.

70-იანი წლების დასაწყისში მე სერიოზულ ლიტერატურულ მუშაობას შევუდექი და სპორტს დავშორდი.
1993 წლის ზაფხულის პერიოდში დამიკავშირდა შაკო ქურციკიძე და მთხოვა, ერთიანი ძალებით აღგვენიშნა ქუთაისში რაგბის დაბადების 25 წლისთავი. მე უარს როგორ ვიტყოდი და ამ გასაოცარ იუბილეს ბრწყინვალედ გავართვით თავი. მინდა დიდი პატივისცემით მოვიხსენოთ ის ადამიანები, რომლებმაც ამ იუბილესათვის მზადების დროს ფინანსური დახმარება აღმოგვიჩინეს: რამაზ ახვლედიანი -სახლმშენებელი კომბინატის დირექტორი (3000 მანეთი), თამაზ ბერეკაშვილი – მე-4 სამშენებლო ტრესტის მმართველი (2500 მანეთი), მურმან ჭეიშვილი – მე-9 სამშენებლო სამმართველოს უფროსი (2000 მანეთი). ეს თანხები გადაირიცხა შ. ქურციკიძის სამსახურის სპორტულ ანგარიშზე.

ამხანაგური შეხვედრა გავმართეთ თბილისის „დინამოსთან“. მე კვლავ შევხვდი ჩემს „პოლიტექნიკელ“ თანაგუნდელებს ირაკლი კიზირიას და სერგო კეშელავას.
საზეიმო ცერემონიალის დროს შ. ქურციკიძემ გადმომცა საპატიო სიგელი, როგორც ქ. ქუთაისის პირველ რაგბისტს – ქალაქის რაგბის ჩამოყალიბების საქმეში დიდი დამსახურებისათვის, აგრეთვე ფასიანი საჩუქარი წარწერით, რაც ქუთაისში, ჩემს სახლში ტ. ტაბიძის N17-19 უნდა იმყოფებოდეს. სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცა აგრეთვე საიუბილეო თამაშის ყველა მონაწილეს.

ამხანაგური შეხვედრის შემდეგ საიუბილეო საღამო აღინიშნა ქუთაისის მინისტარის ქარხნის, წინ არსებულ დიდ საბანკეტო დარბაზში. ესწრებოდა 200-ზე მეტი კაცი, მათ შორის იყო ქ. ქუთაისის ლენინის რაიკომის მეორე მდივანი, ქ. ქუთაისის სპორტკომიტეტის წარმომადგენლები. ჩემს გვერდით ისხდნენ, მარცხნივ – რამაზ ახვლედიანი, მარჯვნივ – ირაკლი კიზირია და სერგო კეშელავა. თბილისის „დინამოს“ მორაგბეებს საჩუქრად გადავეცი ჩემი ახლადგამოცემული წიგნი „ქართული ლეგენდა“.

მთხოვეს შესავალი სიტყვა მეთქვა და მე აღვნიშნე, რაც ზემოთ მოგახსენეთ, თან დავძინე: „გოგი ყუფარაძე ქუთაისში არავის იცნობდა, როცა „დინამოს“ სტადიონზე შევხვდით. მითხრა – „სირცხვილია, მინდორზე ორი კაცის გასვლა სათამაშოდო“. ესეც არ იყოს, მასთან შეხვედრამდე ქალაქის სპორტკომიტეტი „ავატალახე“; ეს დაწესებულება მაშინ ძველი მწერალთა კავშირის შენობაში იმყოფებოდა, გრიშაშვილის ქუჩაზე, მე-3 სართულზე. გაოცებულები შემომყურებდნენ, ვერ და ვერ გაითვითცნობიერეს ამ ახალი სპორტის მნიშვნელობა, მისი მომავალი… მაგრამ კარგია რომ მე და გოგი ყუფარაძე 1966 წელს „დინამოს“ სტადიონზე შევხვდით და ეს საშვილთაშვილო საქმე დავათავიანეთ. ჩვენი შეხვედრა ალბათ შთამომავლობას გადაეცემა ძალიან ცნობილი შემდეგი პოეტური სტრიქონით: „ და ვსჭამთ ნაყოფსა მისგან ტკბილსა აწ ძენნი შენი“. ჩემი სიტყვების ბოლოს კი ვთქვი: „მე ვიცოდი, რომ აქ, მრავალათასწლოვან ქალაქში, დაგროვილი იყო დიდი ისტორიული ძალისხმევა და მე ამ ნიაღვარს მივეცი კეთილშობილური სპორტული მდინარება ყველასათვის სასურველ კალაპოტში, რისთვისაც მადლობელი ვარ განგების.“

დასასრულს, ყველა მოთამაშემ ხელი მოვაწერეთ რაგბის ბურთს – დაცული იქნება ქუთაისის სპორტულ მუზეუმში. თამაშის მსვლელობა გაშუქდა გაზეთ „ქუთაისში“. სტატიას ხელს აწერს პოეტი ნანული ცხვედიანი, რედაქტორები: თენგიზ წიწონავა, ბეჟან რამიჭეიშვილი.

იაკობ (სლავა) პაპიაშვილი
საქართველოს და ისრაელის მწერალთა კავშირების წევრი
გალაკტიონ ტაბიძის და ივანე მაჩაბლის პრემიის ლაურეატი

აპრილი, 2018
ბათ-იამი

_____________________________________________

შენიშვნა: ვინაიდან სწრაფად დარბოდა,  თანაგუნდელებმა თბილისში სლავა შეარქვეს, თბილისის  “დინამოს” ცნობილი ფეხბურთელის სლავა მეტრეველის სახელი.

“რაგბის დაბადება ქუთაისში” დაიბეჭდა  გაზეთ “მწერლის გაზეთში”.
იხილეთ “მწერლის გაზეთი” 2018, N6(265), გვ.10

1 thoughts on “რაგბის დაბადება ქუთაისში

  1. მეგობარო!
    დიდი სიამოვნებით მივიღე შენი წიგნი. უდიდესი სიხარული განვიცადე: გამახსნდა ახალგაზრდობა და რაგბის პირველი ნაბიჯები საქარველოში. წავიკითხე თქვენი მოგონება, სადაც ქუთაისის რაგბის პირველი დღიდან ჩავუყარეთ საფუძველი. ეს არის საქართველოს რაგბის განვითარების ერთ-ერთი ამაღელვებელი ფურცელი. საქართველოს ვეტერან რაგბისტთა სახელით გითვლი დიდ მოკითხვას. თქვენი დამსახურება უნდა აისახოს საქართველოს რაგბის განვითარების ისტორიაში.
    გულთბილად გელოდებით თბილისში.
    ირაკლი კიზირია
    XX საუკუნის მორაგბე.

    Like

დატოვე კომენტარი