ხმელი ფოთოლი

ქართული ფეხბურთის ჰიმნი

გვანახეთ – ფეხბურთი ქართულიdinamo
და შემართება შვილებო,
მესხური ილეთი ზღაპრული,
“ხმელი ფოთოლი” ბიჭებო.

მისამღერი:

ჰერი ბიჭებო, ჰერიო,
მომავალს ვუცქერიო,
აამღერეთ იბერიო,
პონტის კარი ვრცელიო.

გვანახეთ – თამაში ქართული,
იცეკვეთ, იფრინეთ შვილებო,
შეტევა! – გოლები კოლხური,
დიუსელდორფული ბიჭებო.

მისამღერი:

ჰერი ბიჭებო, ჰერიო,
მომავალს ვუმღერიო,
საქართველოს სასახელოდ,
დაგელოცოთ გზებიო.

P.S. ამ ჰიმნში შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ფრაზები ძველი სიმღერიდან:
1. “ბიჭებო, ბიჭებო, ბიჭებო, გამარჯვება ბიჭებო”.
2. “დინამო, დინამო, დინამო, გამარჯვება დინამო”.

P.S. 2011 წ. აპრილის დასაწყისში “რუსთავი–2” ტელეწამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა გამოაცხადა კონკურსი ქართული ფეხბურთის ჰიმნის შესაქმნელად. წინამდებარე ჰიმნი მე გავუგზავნე ისრაელში საქართველოს კონსულს ქ-ნ ნატალია კორძაიას. ასე აღმოჩნდა ჰიმნის ტექსტი ჯერ საქ. კულტურისა და სპორტის სამინისტროში და შესაბამისად ფეხბურთის ფედერაციაში. მე ვესაუბრე პრეზიდენტს ბ-ნ ზვიად სიჭინავას, რომელმაც ჰიმნის ტექსტი არ განიხილა იმ მოტივით, რომ ბორის პაიჭაძეს მეტი დამსახურება მიუძღვისო. ალბათ, ამის გამო, “რუსთავი-2” კონკურსის შედეგები აღარ გამოაცხადა:

ჩემს ნაშრომში “მესხის” მნიშვნელობის განმარტება რუსთაველისა და გალაკტიონის რამდენიმე სტროფის მიხედვით”, რომელიც გამოქვეყნდა ლიტერატურულ საქართველოში (1995) და შესულია ჩემს პოეტურ კრებულში “სად არის საქართველო?! (ქუთაისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2003) მეცნიერულ დონეზე მაქვს დასაბუთებული, რომ ტერმინები “მესხი” და “ქართველი” სინონიმებია. ამგვარად ფრაზა “მესხური ილეთი ზღაპრული” ჩემს ჰიმნში ალეგორიულ დატვირთვას იძენს და ქართული სპორტის განვითარებას მიანიშნებს უხსოვარი დროიდან დღემდე. რაც შეეხება ვის მეტი თუ ნაკლები დამსახურება აქვს, ჩემი აზრით, აქ, კერძო შემთხვევაში, არსებითი მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს. ყოველ შემთხვევაში, მინდა გავიხსენო ერთი სტუდენტობისდროინდელი ეპიზოდი: თბილისის “დინამო” მოსკოვის “სპარტაკს” (შეიძლება “ლოკომოტივს”) ხვდებოდა. მოედანს ხელისგულივით ვხედავდი… დანარჩენი იხილეთ წინამდებარე წიგნის 38-ე და 39-ე გვერდებზე. და კიდევ ერთი: მიხეილ მესხს პირადად ვიცნობდი. იგი გავიცანი ჯემალ ზეინკლიშვილის ბინაში, სადაც შემთხვევის წყალობით ოჯახთან ერთად ვისვენებდი. იგი ცხოვრობდა წაღვერიდან კეჩხობში მიმავალი აღმართის მარჯვენა მხარეს. მახსოვს, მე მაშინ N4 სამშენებლო ტრესტის საწარმოო განყოფილების უფროსი ვიყავი და მქონდა კეჩხობის დასასვენებელი სახლის ორი საგზური, რომელიც დავთმე ამ ორი დიდი ფეხბურთელის პატივსაცემად.

პაპიაშვილი ი., გაგრა, თბ., 2013, გვ.335-336.

ქართული ანბანის შექმნასთან დაკავშირებით ორი კონცეფცია

(რუბრიკა – მეცნიერება)

ქართული ანბანის კვლევის საქმეში საკუთარი კონცეფცია გააჩნია თამაზ ჩხენკელს (“ქართული ანბანი: “თვალსაზრისები”, „განთიადი“ N5, 1989) ფრიად საყურადღებოა მისი მოსაზრება ა. ფერიხანიანის ნაშრომის შესახებ. ამასთან იგი არ ეთანხმება რ. პატარიძის ვერსიას, რომელიც ასომთავრულს ძვ. წ. V საუკუნეში ფინიკიური დამწერლობის ნიადაგზე შექმნილად მიიჩნევს და ქართული ანბანის შემოქმედის სახელის დადგენას იზოფსეფიის (ასოების რიცხვითი ოდენობის ჯამით გამოხატვა) საშუალებით ცდილობს.

საკამათოა თ. ჩხენკელის თვალსაზრისი: “… ქართული ანბანის შექმნის ცნობა პირდაპირ კავშირს ამყარებს ქართული ენის ექვსი ენისაგან შექმნის მითოლოგემასთან” (“მეფეთა ცხოვრება” და თვლის შვიდობითი სისტემა”, “ლიტერატურა და ხელოვნება”, N1, 1991, გვ. 26, 27), ვინაიდან შეუძლებელია თითქოს “ქართულმა ენამ თავის თავში მოიცვა, შეისრუტა, შთანთქა: სომხური, ხაზარული, ასურული, ებრაული, ბერძნული და “მათი ადგილი დაიჭირა”… მესროპისეული შეთხზული სიუჟეტისა არ იყოს, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ეს ხუთი ენა რატომღაც მოწადინებული ყოფილა ქართული ანბანის შესაქმნელად. ფრაზა, “და არღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა” არ ნიშნავს იმას, რომ ქართულ სახელმწიფოში სხვა ენებზე ლაპარაკი საერთოდ აიკრძალა. ასეთი სიმკაცრე სხვა ენებისადმი ნიშანდობლივი არ არის ქართული ხასიათისათვის. ეს ფრაზა მხოლოდ დაფიქსირებაა ქართულის ოფიციალური მმართველობის სახელმწიფო ენად აღიარების ისტორიული ფაქტისა, რამაც განაპირობა მაშინდელ ქართლში დანარჩენი ხუთი ენის კვდომა. ანუ მათი გადაქცევა შინაურულ სამეტყველოდ ამ ენებზე მოლაპარაკე, ქართულ სახელმწიფოში საცხოვრებლად დარჩენილ ეროვნულ დაჯგუფებებისათვის. რაც შეეხება ქართულ ენაში უცხო სიტყვების დამკვიდრებას, ამ მიმართებით არსებობს ერთადერთი სწორი განმარტება: “ინდოევროპული, ქართველური და სემიტური წინარეენობრივი სისტემების ლექსიკური ნასესხობანი და სტრუქტურულ-ტიპოლოგიური მსგავსება, აშკარად მოწმობს, რომ ძველი წინა აზიის გარკვეულ არეალში ამ სამ წინარეენობრივ სისტემასა და მათზე მოლაპარაკე ხალხებს შორის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არსებობდა მჭიდრო ურთიერთობა და კონტაქტები”… (თ. გამყრელიძე, “ინდოევროპელები, ქართველები, სემიტები”, მნათობი, N6, 1984).

1972 წელს გურამ შარაძემ გამოაქვეყნა მის მიერ მიკვლეული ცნობა ქართული დამწერლობის წარმოშობის შესახებ, რომელიც დაცული ყოფილა კათოლიკოს ანტონ II-ის კუთვნილ წიგნში “მატიანე შემეცნებათა”, ეს ცნობა 1822 წელს ამოუწერია თეიმურაზ ბაგრატიონს, რომლის ნაშრომი თოთხმეტიოდე წლის შემდეგ ფრანგულად გამოაქვეყნა მარი ბროსემ, სადაც დაცულია ეს ცნობა:
“არა უწიგნონი იყვნენ ქართველნი უწინარესთა ჟამთაცა შინა, ვიდრე ფარნავაზამდე სწერდნენ იგინი უხუცესთა და ხევის ბერთა უხმობენ, იგინი იყვნენ კერპთა მღვდელნი და მემსხვერპლენი ერისანი ღმერთთა მიმართ. და წერილი მათი არს წერილი ესე ხუცური ჩვენი. ფარნავაზმან წერილთა მათთგან განჰყო მხედრობისათვის თვისისა მხოლოდ ხელით წერილი განყოფილი – ასონი და არა სხვით რაითიმე, მაგრამ წერილნი ხუცესნი პირველსა ჟამსა ქმნილ არს წერილისაგან ებრაულისა და ქალდეურისა და მსგავსცა არიან მათთა ჩვენნი ხუცურნი”.

პაპიაშვილი ი., ქართველ ებრაელთა წარმომავლობისა და ქართული ასომთავრული ანბანის შექმნის საკითხისათვის; ვეფხის დამცემი… და მისი ქართველი მეგობარი; საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ისტორიიდან, ქუთაისი, 1993, 25-26გვ.

ჩემს მეგობარს! გაზეთ “მარტვილის” რედაქტორს ბატონ ფაუსტ ნადარაიას

ძვირფასო ფაუსტ!

დიდი ყურადღებით წავიკითხე თქვენი “რეპლიკები და მოსაზრებები”. თქვენი არიალის სფერო იმდენად მრავალფეროვანია, რომ ყველაფერს ვერ შევეხები; ამიტომ გადავწყვიტე, ჩამოვაყალიბო ჩემი ზოგიერთი მოსაზრება.

… მეგრული ენა, იგულისხმება მეგრული მეტყველება, მეგრულ-ჭანური, სენაკური, მარტვილურ-ბანძური თქმით ისევე უძველესია, როგორც ქართული, სვანური და აფხაზური მეტყველება. ამის შესახებ ორი აზრი არ არსებობს, თუმცა, თქვენთვის კარგად არის ცნობილი, როგორ მოახერხეს რუსმა ნაციონალ-შოვინისტებმა აფხაზური დამწერლობის შექმნა კირილიცას გამოყენებით. თვითონ  კირილიცა კი ლათინური, ბერძნული და ებრაული ანბანებითაა შექმნილი. თქვენთვის აგრეთვე ცნობილია, თუ როგორ მოხდა აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია “პერესტროიკის” საშუალებით. ახლა რუსები მუშაობენ მეგრული დამწერლობის შექმნაზე და ალბათ სამეგრელოს ოკუპაციის მერე (ღმართმა ნუ ქნას! – ი.პ.) ისინი შეეცდებიან “შექმნან” სვანური, იმერული, რაჭვული, ლეჩხუმური და ა.შ. დამწერლობები, მანამდე ვიდრე მთლად საქართველოს არ დაიპყრობენ.

აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, მურმან ლებანიძის ლექსი არ ნიშნავს იმას, რომ მურმან ლებანიძეს სამეგრელო და მეგრელები სძულდა. მე მგონი პირიქითაა – მურმან ლებანიძეს სამეგრელო და მეგრელები უყვარდა.

პატივისცემით,

იაკობ პაპიაშვილი. 2016 წელი

ისრაელი, ბათ-იამი

სინერგია – 1995

პატივცემული ოპონენტი (ე. მამისათვალიშვილი) ვერ არის გარკვეული ჩემს თეორიაში ჰურიათა ქართველთა შესახებ. იგი ეყრდნობა რა ი. დავიდის გლობალიზაციას ამ საკითხზე, უშვებს უაღრესად დილეტანტურ შეცდომებს. მე ადრე გავეცი მას დამაჯერებელი პასუხი გაზეთ “მენორას” საშუალებით, რომელიც გაზეთის სამ ნომერში გამოქვეყნდა… ნათქვამს აღარ გავიმეორებ და ვურჩევვ მას წაიკითხოს ჩემი ნაშრომი: “ვინ იყვნენ ჰურიანი ქართველნი”, ჟურნ. “განთიადი”,  N7-8, 2010, “ისტორიის ზოგიერთი საკითხისათვის”, ჟურნ. “განთიადი”, N7-8, 2011 და “ქართული ხუცური (ასომთავრული და ნუსხური) დამწერლობის შექმნისათვის (ძვ.წ. XIV-XIIIსს.),  ჟურნ. “განთიადი”, N11-12, 2014.

… ოპონენტი რომ გათვითცნობიერდეს საკუთარ მცდარ გამონათქვამებში, შევახსენებ: ჰურიანი ქართველნი ამიერკავკასიაში, თარასა და აბრაამის ტომი მესოპოტამიაში (შუამდინარეთი და ძველი ბაბილონი) განსახილველ ეპოქაში მთვარის კულტის თაყვანისმცემლები იყვნენ, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს…

ჰამურაპის მიერ მზის კულტის დამკვიდრებამ კი განაპირობა მათი მიგრაცია ჯერ წმინდა მიწისაკენ და შემდეგ ეგვიპტისაკენ… აქვე მივანიშნებ, რომ აბრაამი ჰამურაპის კანონების მიმდევარი იყო, რამაც გამოიწვია მამასა და შვილს შორის გაუგებრობა.

იაკობ პაპიაშვილი. 2016 წელი

ისრაელი, ბათ-იამი.

ქართული ხუცური (ასომთავრული და ნუსხური) დამწერლობის შექმნისათვის (ძვ. წ. XIV-XIII სს.)

(რუბრიკა  – მეცნიერება)

საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!
                                               ლადო

მწვერვალზედ ვიდექ – ჩვენ მხარეს,
მთიდან ვუცქერდი ქვეყანას,
მკერდს მომეფინა მზე-მთვარე,
ვსაუბრობდი ჩემს ღმერთთანა.
                                               ხალხური

 

ენა არის მეტყველება. ქართული მეტყველება რომ ქართველთა ეთნარქების თარგამოსის, ქართლოსის, მცხეთოსის, გარდაბოსის, კახოსის, ჯავახოსის და ა. შ. ეპოქაში არსებობდა – სიმართლეა და არა ლეგენდა.

ქართული დამწერლობა არის ქართული ენის გამოხატვა ასო ნიშნის ანუ სამეტყველო ბგერის ნიშნის საშუალებით ქვაზე, თიხის ფირფიტაზე, ლითონზე, ეტრატზე.

ჩემი თვალსაზრისით, ქართველთა ეთნარქები დღევანდელი სქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ შუმერების მესოპოტამიაში გამოჩენამდე (ძვ. წ. VI ს.), და, ალბათ, უფრო ადრეც.

ზოგადად, დამწერლობა არის მეტყველების ფიქსაცია გრაფიკულ ნიშანთა სისტემების საშუალებით რაიმე ინფორმაციის გადასაცემად მანძილზე ან დროში (შენახვის მიზნით). პირველ ცივილიზებულ სახელმწიფოდ მიჩნეულია შუმერი (IV-III ათასწლეული). ქ. ქიშში აღმოჩენილი თიხის ფირფიტები, სოლისებრი დამწერლობით, თარიღდება ძვ. წ. 3200 წლით. არსებობს ამ ლურსმული დამწერლობის სამი მიმართულება: ვერტიკალური, მარჯვნიდან მარცხნივ და მარცხნიდან მარჯვნივ. ცნობილი შუმეროლოგი, ამერიკელი პროფესორი სამუელ ნ. კრემერი გვარწმუნებდა, რომ ას წელზე ცოტა ხნის წინათ ეჭვის თვალით უყურებდნენ შუმერების და შუმერული ენის არსებობას („ისტორია იწყება შუმერში“, 1959, თავი 2, რუსულ ენაზე). თუმცა არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც: ქ. ქიშში აღმოჩენილი 1000 თიხის ფირფიტა კრემერამდე შეისწავლა ფრანგმა აღმოსავლეთმცოდნემ ფრანსუა ლენორმანმა იგი თან ახლდა ეგვიპტეში შამპილიონ უმცროსს, იყო პროფესორი ათენში. 1837-1883 წწ. ფრ. ლენორმანმა პარიზში გამოაქვეყნა რვა მეცნიერული ნაშრომი, რომლებშიც ამტკიცებდა, რომ შუმერულ-აქადური ენა საერთოდ არ არსებობდა და იგი წარმოადგენდა ერთ-ერთი სემიტური ენის სახეცვლილებას ზმნიზედების გამოყენებით (მასპერო, ძვ. აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, მოსკოვი, 1903 წ., გვ. 131, რუსულ ენაზე). ამ წიგნში ფრ. ლენორმანის გამოკლევებს დათმობილი აქვს რამდენიმე გვერდი. სხვათა შორის, კრემერიც აღნიშნავს, რომ იმ ხალხის სახელწოდება, რომლებიც შავთავიანების (შუმერის მნიშვნელობა) შემოსევამდე ცხოვრობდნენ შუამდინარეთში, უცნობიაო. თუმცა, ამ ხალხის ვინაობის გარკვევა დიდ სიძნელეს არ უნდა წარმოადგენდეს, მითუმეტეს, რომ შუმერული ქალაქები, ური და ურუქი, გაშნებულია იმ ადგილზე, სადაც ევფრატი სპარსეთის ყურეს უერთდება. ეს ყოველთვის ასე იყო და არის, დამპყრობელი მუდამ აქარწყლებს იმ ცივილიზაციას, რომელზეც ფუძნდება და რომელსაც იყენებს საკუთარი მიზნებისათვის. მაგალითად: სპარსელები ამტკიცებენ, რომ ზარატუშტრამდე (ავესტა) არ იყო არავითარი ცივილივზაცია; ინდოელი ფილოსოფოსის ბრამან ჩათერჯის შემეცნება პირველსაწყისად მიიჩნევს ბრაჰმანს (ბუდიზმი) და ა. შ. ცხადია, რელიგია – გარკვეულ რწმენათა, გრძნობათა ერთობლიობა, უხსოვარი დროიდან არის დაკავშირებული სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროსთან, ხოლო საერთო მიზანი იყო და არის: სხვა სახელმწიფო ხელისუფლების დაპყრობის, მისი შენარჩუნებისა და გამოყენების პრობლემა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქართველთა ეთნარქებს უხსოვარი დროიდან ექნებოდათ არა მარტო საომარი, არამედ, აგრეთვე კულტურულ–ეკონომიკური ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებში მცხოვრებ ხალხებთან: შუმერებთან, ქალდეველებთან, ებრაელებთან, პროტოხეთებთან (ეს პროტოხეთები ძირითადად, მუშქების და თაბალების ეთნოსი იყო – ი. პ.) და ა. შ., რაც ვთქვი, ვინმეს ყბედობა რომ არ ეგონოს დავასაბუთებ:

ცნობილმა ინგლისელმა დიპლომატმა და აღმოსავლეთმცოდნემ სერ ჰენრი კრესიუკ როულინსონმა 1857 წ. ლონდონში გამოაქვეყნა წიგნი სათაურით: „ასურეთის მეფის ტიგ ლათფილესარის წარწერა თარგმნილი როულინსონის, ტალბოტის, დოქტორ ხინკსონის და ოპერტის მიერ“, და ამოიხსნა ლურსმული დამწერლობის საიდუმლო. ამ წიგნში ვკითხულობთ, რომ ასურეთის მეფემ ტიგლათფილესარ I-მა მეფედ შედგომის პირველ წელს (ძვ.წ. 1115 ან 1112) გაილაშქრა კაპადოკიის აღმოსავლეთით და ტაოში მცხოვრები მუშქების წინააღმდეგ – ურარტულ წყაროებში მუშქები მოხსენიებულია “დიაუხის“ სახელწოდებით, ტიგლათფილესარ I, თავის წარწერაში, რომელიც ცნობილია „დაიენის“ სახელწოდებით, სიამაყით მოგვითხრობს, რომ მან დაამარცხა მუშქების ხუთი მეფე და მათ შორის, მთავარი,  სახელით სიენი, ტყვედ აიყვანა.

მუშქები და თაბალები – ბიბლიური მეშეხი და თობალი, პროტოქართული ტომებია. მათი გამოჩენა ისტორიულ ასპარეზზე თარიღდება ძვ. წ. XII ს., რაც არასწორია. მუშქების სავარაუდო საცხოვრისი იყო პონტოს ზღვის ზოლი, ე. წ. მცირე კაპადოკია და ისტორიული ტაო-კლარჯეთი, სადაც ბაგრატიონების სამოსახლოა (სპერი). თაბალების სავარაუდო სამოსახლო იყო დიდი კაპადოკია (არიან ქართველები). ცნობილია, რომ მუშქებმა, 50 წლით ადრე ტიგლათფილესარის ლაშქრობამდე, ევფრატის ზემო დინების მიმდებარე ტერიტორიები დაიპყრეს და უშუალოდ დაუპირისპირდნენ ასურეთს. ჩემი კვლევის თანახმად, ჰურიანი და არიან ქართველები ამ ორი ეთნოსიდან არიან გამოსულნი მაშასადამე, მუშქების და თაბალების ისტორიულ ასპარეზზე გამოჩენა უნდა დათარიღდეს არაუგვიანეს IV–III ათასწლეულით. ის, რომ ამ პროტოქართველების სავარაუდო ტერიტორიაზე აღმოჩენილი ორი ქართული სახელი “მუშქი” და “მითა” არ იძლევა მათი ენის გარკვევის საშუალებას, არაფერს ნიშნავს. არსებობს მეცნიერული კონტრარგუმენტი: როგორ დამკვიდრდა ქართულ ლექსიკაში შუმერულ-აქადური, სპარსული, ქალდეური, ებრაული, ბერძნული, თურქული, სომხური სიტყვები? ან როგორ შეაღწია ამ ენებში ქართულმა ტერმინოლოგიამ? ყველაფერი მართლა ციდან ხომ არ ჩამოცვივდებოდა. ე. ი. მეომრების გარდა არსებობდა მშვიდობიანი მოსახლეობა. ცხოვრობდა ხალხი, ჰქონდათ კულტურულ–ეკონომიკური ურთიერთობები, რაც აისახა მათ არქაულ ლურსმულ დამწერლობაში. ენის ლექსიკურ ფონდში უცხო სიტყვათა დამკვიდრება მყარ ჩარჩოებში ვერ თავსდება, ამ საქმეს ათასწლეულები ჭირდება. ამ მიმართებით მკითხველებისათვის ფრიად საინტერესო იქნება ქართული ასო ნიშნის “ყარი”–ს და ებრაული ასო ნიშნის “ע“–ენის წარმოშობის პერიპეტია. ორივე უკანაენისმიერი ანუ ხორხისმიერი თანხმოვანია (კონსონანტია). დავით ჩუბინაშვილი განგვიმარტავს “ყარი” არის უხმო ასო (ქართულ-რუსული ლექსიკონი, თბილისი, 1984, გვ. 1370). ალბათ დიდმა ლექსიკოლოგმა ეს განმარტება იმიტომ გააკეთა, რომ რუსულ ენაში ასო “ყარი” არ გამოითქმება და ამდენად უხმო ასოა, ქართული “ყ” კი დამკვიდრებულია სამივე დამწერლობაში: ასომთავრულშიც, ნუსხურშიც და მხედრულშიც, ამასთანავე, მკვეთრად ხმიანი ხორხისმიერი ბგერაა ასეთი სახის გრაფემები, როგორიც არის ქართული “ყ” და ებრაული “ע” არ არსებობს არცერთ სხვა დამწერლობაში, ვთქვათ: ბერძნულში, ლათინურში, სომხურში და ა. შ. სწორედ ამ ორი ასო-ნიშნის საოცარმა გრაფიკულმა მსგავსებამ მიმიყვანა ასეთ მოსაზრებამდე: ებრაულ დამწერლობაში ქართული “ყ” დამკვიდრებულია ჰურიათა ქართველთა მეტყველებიდან გამომდინარე. ეს კი მოხდა ძვ. წ. XIV–XIII სს., იმ დროს, როცა მოსემ სინას მთიდან წამოიღო ორი ბროლის ქვა, რომელზეც ღმერთის ხელით ამოკვეთილი იყო ათი მცნება. ამ პირველ ანბანურ წერილში, რომელიც განრისხებულმა მოსემ შემდეგ კლდის ქიმს მიამსხვრია ხშირად არის წარმოჩენილი ასონიშანი “ყ”.

რადგან სიტყვამ მოიტანა, აქვე აღვნიშნავ: ასომთავრული, როგორც წერის სიტემა, შესაძლებელია, თავდაპირველად იმეორებდა ფინიკურ-ებრაული წერის მიმართულებას მარჯვნიდან-მარცხნივ (ძვ. წ. XIV-XIII სს.), რაც ოთხი საუკუნის მერე გადაიღეს ბერძნებმა (ძვ. წ. IX ს.) თავიანთი დამწერლობის შექმნის პროცესში. ჩვენ ვიცით, რომ ჰურიანი ქართველნი ქართლში დაბრუნდნენ ძვ. წ. VI საუკუნის დასაწყისში, ე. ი. აზოს ლაშქრობამდე რამდენიმე საუკუნით ადრე; არიანქართლიდან სამშობლოში დაბრუნებული ქართველები კი ხანგრძლივი დროის მანძილზე იყვნენ ხეთური წერითი სისტემის –  ლურსმული დამწერლობის მატარებლები, რამეთუ მხოლოდ ისინი გაუმკლავდნენ ზღვის ხალხების – ფრიგიელთა შემოსევას (XI-Xსს.). თუ მხედველობაში მივიღებთ ლურსმული წერის მიმართულების თავისუფლად არჩევის შესაძლებლობას: ზემოდან ქვემოთ, მარჯვნიდან მარცხნივ ან მარცხნიდან მარჯვნივ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არიანქართველების კულტურული ურთიერთკავშირი ფრიგიის სამეფსთან და ბერძნულ სამყაროსთან (ძვ. წ. IX–V სს.) გახდა ბერძნული დამწერლობის წინაპირობა რეფორმისათვის, რაც გამოიხატა ბუსტრაფედონის დანერგვაში ძვ. წ.VIIს, განსაკუთრებით სოლონის დროს (წერის ერთგვარი წესი: თუ ტექსტის პირველი სტრიქონი იწერება მარჯვნიდან მარცხნივ, მეორე გრძელდება მარცხნიდან მარჯვნივ, მესამე ისევ მარჯვნიდან მარცხნივ და ა. შ.), ამან კი საფუძველი შეამზადა ბერძნული დამწერლობის წერითი სისტემის ახალი რეფორმისათვის ძ. წ. V ს. რის შედეგადაც ბერძნებმა დაამკვიდრეს წერის მიმართულება მარცხნიდან მარჯვნივ. ეს იყო საბოლოო რეფორმა.

თავის მხრივ, ქართული დამწერლობის რეფორმა ფარნავაზ I–ის დროს ( ძვ.წ. IV-III სს.), რაც გამოიხატა მხედრული დამწერლობის შემოღებით, წერის მიმართულებით მარცხნიდან მარჯვნივ, შესაძლებელია, შედეგი იყო არიან ქართველთა და ჰურიათა ქართველთა სწავლული კაცების – მწიგნობრების ურთიერთკავშირისა რომლებმაც, როგორც ჩანს, გაითვალისწინეს ბერძნული დამწერლობის რეფორმა ძვ. წ. V ს.

თეიმურაზ ბაგრატიონის ამონაწერი კათოლიკოს ანტონ II-ის კუთვნილი წიგნიდან “მატიანე შემეცნებათა” 1822-1836 წ. ფრანგულად გამოაქვეყნა მარი ბროსემ, რომელსაც 1972 წელს მიაკვლია პროფესორმა გურამ შარაძემ.

ფინიკიურ-ებრაული და ქართულ-ბერძნული წერითი სისტემის ამგვარი ევოლუცია გამორიცხავს არქეოლოგ გ. ტურჩანინოვის მოსაზრებას, თითქოს მის მიერ 1960 წ. “მაიკოპის ფილაზე” აღმოჩენილი გაურკვეველი ფსევდოიეროგლიფური ნიშნები ფინიკური დამწერლობის წინამორბედი იყოს. სერიოზულ განხილვას ეს საკითხი არ ექვემდებარება. ასეთი ქვები რუსებს დამატკიცებელ საბუთად ვერ გამოადგებათ. ტურჩანინოვი გ.ფ. იყო ნიკო მარის მოწაფე და ცდილობდა მარის მცდარი ლინგვისტური მოსაზრებებისათვის მეცნიერული საფუძვლები მოენახა და ამით აფხაზეთი რუსეთის ისტორიულ ტერიტორიად დაემტკიცებინა. მისი ჰიპოთეზა პროტოაფხაზური (პროტოკავკასიური) დამწერლობის შესახებ, რასაც ადრე ნიკო მარი ცდილობდა განევითარებინა, არც ცნო მსოფლიოს არცერთმა ლინგვისტურმა მეცნიერულმა საზოგადოებამ. სხვათა შორის, აფხაზეთის ისტორიული განვითარება უშუალო კავშირშია საქართველოს სამეფოსთან და არა რუსეთისა, მაშინაც კი, როცა დასავლეთ საქართველოში აფხაზთა დინასტია გამეფდა (VII ს. ბოლო წლები), ზოგიერთი რომაელი ისტორიკოსი მას ისევ ეგრისის სამეფოს უწოდებს. ამიტომაა არაბუნებრივი კირილიცას გამოყენება აფხაზური ენის გრაფიკად (1862). 1926-1954 წწ. აფხაზები ქართული დამწერლობის გრაფიკას ხმარობდნენ, ისევე, როგორც ადრე.

ასეა თუ ისე, კაპადოკიური თიხის ფირფიტები (ხეთური ლურსმული), თარიღდება ძვ. წ. XIX–XVIII სს. და მოგვითხრობს ამ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას შორის ვაჭრობასთან დაკავშირებულ ამბებს, ოფიციალური თუ კერძო მიმოწერის სახით. დაცულია სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტალური მასალები (იხ. ქსე, „კაპადოკიური ფირფიტები“). ვფიქრობ, რომ მუშქები, თაბალები და სხვა ქართულენოვანი ტომები გათვითცნობიერებული იქნებოდნენ, როგორც ხეთურ, ასევე შუმერულ ლურსმულ დამწერლობაში და იყენებდნენ მას მეზობელ ხალხებთან კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობების დასამყარებლად.

ენა ადამიანური ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი საშუალება იყო და არის. ქართულ ენათმეცნიერებაში არსებობს ქართულ-შუმერული და ქართულ-ხეთური დამწერლობის ნათესაობრიობის სისტემური შესწავლის ცდები და თუ ამ კუთხით მხედველობაში მივიღებთ ჰურიათა ქართველთა და არიან ქართველების ისტორიულ კავშირებს შუამდინარეთის, ახლო აღმოსავლეთის – მცირე აზიის, ბალკანეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებთან და ეგვიპტურ ცივილიზაციასთან, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ლურსმული დამწერლობის ზეგავლენით არის ფორმირებული როგორც ფინიკიურ-ებრაული, ასევე ქართული ხუცური დამწერლობა ძვ. წ. XIV–XIII სს. ამის ნათელი დადასტურება თვითონ ქართული წერითი სისტემაა. იგი, შესაბამისობის თვალსაზრისით, სრულყოფილია, რადგან ქართულში თითოეულ ფონემას ცალკეული გრაფემა შეესატყვისება.მხედველობაშია მისაღები ის უტყუარი ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა, რომ როულინსონის მიერ გაშიფრული პერსეპოლის წარწერა ბეჰისთუნის კლდეზე ითვლის 43 ასო ნიშანს, მაშინ, როცა, ვთქვათ, აქადური ლურსმული 600 ნიშანს აღემატება, რაც აშკარად მიანიშნებს დამწერლობის ეტაპობრივ განვითარებაზე.

ჟურნალი “განთიადი”, 2014, N11-12, გვ.176-178.
“განთიადი”, 2015, N3-4, გვ.156.

 

ვირისთავის შესახებ

(მერვე მცნება)

კ. ლერნერის წიგნი “Евреи Грузии” (Иерусалим – 2008,  на русском языке), თავიდან ბოლომდე, “განთიადში” (1991 , N9) გამოქვეყნებული ჩემი ნაშრომის კრიტიკულ შეფასებას წარმოადგენს. აქვე აღვნიშნავ: ლერნერის ეს ე.წ. “ანალიზი” აგდებული ტონითაა დაწრილი, რითაც შეურაცხყოფას მაყენებს. უპასუხისმგებლოდ აანალიზებს რა ჩემს კვლევას ქართველ ებრაელთა წარმომავლობის შესახებ, იგი ჩემს მოკვლევებს იყენებს საწინააღმდეგო მიმართულებით, საკუთარი, არასერიოზული და არამეცნიერული წიგნის შესაქმნელად, და რაც მთავარია, ამავდროულად, მან ჩემი აზრები თავისად გაასაღა. მე მაქვს სრული უფლება ვუწოდო ამ წიგნს არასერიოზული და არამეცნიერული, რადგან მასში ავტორი იძლევა ძველი ქართული მატიანეების ისტორიული და რელიგიური მომენტების მცდარ შეფასებებს. და კიდევ, ამ წიგნში რაღაც შურის მაგვარი შეიგრძნობა ჩემს მიმართ, რადგან ჩემს ნაშრომს შუქი შეაქვს ძველი აღმოსავლეთს ხალხთა ისტორიოგრაფიაში, და ამიტომ , შესაძლებელია არც ღირდა დრო დამეკარგა და მისთვის პასუხი გამეცა, მაგრამ ვითვალისწინებ, რომ იგი ქართულ ენას და საქართველოს ისტორიას ასწავლის, რის გამოც გადავწყვიტე მისთვის სერიოზული პასუხი გამეცა, რისი უფლებაც მაქვს, როგორც ოპონენტს. ეს ვრცელი პასუხი დაწერილი მაქვს რუსულ ენაზე, მაგრამ ჯერ გამოქვეყნებული არ არის.

წინამდებარე წიგნის ფორმატი, ამჯერად არ მაძლევს ვრცელი პასუხის გაცემის საშუალებას, ე.ი. გადმოვთარგმნო ქართულად ის, რაც რუსულად მაქვს დაწერილი, და ამის გამო, მის არასერიოზულ მოქმედებას ზოგად შეფასებას მივცემ:

ქრისტიანი ღვთისმეტყველი და მწერალი ტერტულიანი კვინტუს სეპტიმუს ფლორენსი, ტრაქტატში გადმოგვცემს, რომ ცნობილ რომაელ ისტორიკოსს ტაციტუსს მოელანდა, თითქოს ქრისტიანები, ისევე როგორც იუდეველები ეთაყვანებიან ვირისთავს. ასეთ სისულელემდე, – განაგრძობს ტერტულიანი, –  იგი მივიდა იმ მოტივით, რომ, თითქოს, იუდეველები, როცა უდაბნოში მოგზაურობდნენ, ისინი გადაარჩინეს გარეულმა ვირებმა, რომლებიც სარწყულებისაკენ მიეშურებოდნენ და მიასწავლეს მათ წყარო…, რის გამოც თითქოს, მადლიერმა იუდეველებმა თაყვანი სცეს ამ ცხოველის გამოსახულებას. აქედან წარმოიშვა აზრი, რომ ჩვენც – ქრისტიანებიც, რადგან რელიგიით ახლოს ვართ იუდეველებთან ვეთაყვანებოდეთ იმავე გამოსახულებას (ტრაქტატი”კერპთაყვანისმცემლებისადმი“, წიგნი პირველი, 11, დაახ. 197 წ.).

რომაელი ისტორიკოსი და მწერალი პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი (დაახ. 55–116 წწ.), 88 წ. იყო პრეტორი, 97წ. – კონსული, თავის შრომებში ცუდად ახასიათებს ბერძნებს, არაბებს, ეგვიპტელებს, და განსაკუთრებით იუდეველებს. ჩვენთვის უცნობია ის წყარო, რომლის საშუალებით მან თავის ისტორიაში შეიტანა ცნობა იმის შესახებ, რომ თითქოს მოსემ იუდეველები ეგვიპტიდან რომ გამოიყვანა, დაავალდებულა ისინი თაყვანი ეცათ იმ ცხოველის გამოსახულებისათვის, რომელმაც წყარო მიასწავლათ და ისინი სიკვდილისაგან იხსნა (“ისტორია” V, 3.4).

ჩემი აზრით, ტაციტუსის, როგორც კერპთაყვანისმცემლის, სიძულვილი იუდეველების, და შესაბამისად ქრისტიანების მიმართ, არის რელიგიური სიძულვილი, რადგან იგი, როგორც მწერალი და ისტორიკოსი, მომდევნო თავში ასწორებს დაშვებულ შეცდომას და დაწერა სიმართლე: როცა რომაელმა სარდალმა და პოლიტიკურმა მოღვაწემ გნეუს მაგნუს პომპეუსმა, რომაელთაგან პირველმა, იუდეა დაიპყრო და იერუსალიმში იუდეველების ტაძარი დაათვალიერა, აღმოჩნდა, რომ ტაძარი ცარიელი იყო და არავითარი ღმერთების გამოსახულება მის კედლებზე არ არსებობდა (“ისტორია”, V, 9), რა თქმა უნდა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მოსეს ხუთწიგნეულს.

რეზიუმე:  როცა ტაციტუსი მიხვდა, რომ დაუშვა შეცდომა, მან იგი გამოასწორა და დაწერა სიმართლე, როგორც სინამდვილში იყო. სამწუხაროდ კ. ლერნერი ტაციტუსი არ არის და არ აღიარებს რომ ჩემი შრომის ანალიზის დროს, დაუშვა უხეში შეცდომები და უღალატა მერვე მცნებას.

ბათ-იამი
იარაელი

პაპიაშვილი ი., გაგრა, თბ.,2013, გვ.322-324

“მესხის” მნიშვნელობის განმარტება რუსთაველისა და გალაკტიონის რამდენიმე სტროფის მიხედვით

(რუბრიკა – მეცნიერება)

წინამდებარე წერილი არ ნიშნავს, რომ პრეტენზიას ვაცხადებდე რუსთველოლოგიურ პრობლემატიკაზე. მითუმეტეს, როცა “ვეფხისტყაოსნის” პოეტიკას უამრავი ღვაწლმოსილი მკვლევარი ჰყავს – ქართველიც და არაქართველიც.

ამ ფრიად საპატიო და უფაქიზესი თემით ჩემი დაინტერესება გამოიწვია წერილმა, რომელშიც გალაკტიონის რიგი შედევრების გვერდით, მიმოხილულია ერთი ოთხტაეპიანი სტროფი, რომელზეც ქვემოთ გვექნება საუბარი. ეს მიმოხილვა რუთაველს ირიბად ეხება, ხოლო ჩემი კვლევის არეალიდან ერთი ნაბიჯითაც კი არ გამოდის გარეთ.

ეს მოხდა სრულიად შემთხვევით. უბრალოდ რომ ვთქვათ, მოულოდნელად; წერილი დაიბეჭდა ჟურნალ “განთიადში” რუბრიკით “გალაკტიონთან… გალაკტიონზე… ” მის ავტორს ძალიან კარგად ვიცნობ, ერთმანეთთან ლიტერატურული მეგობრობა  გვაკავშირებს და ვფიქრობ ეს გამოხმაურება არ ეწყინება, რამეთუ, რაზეც ქვემოთ გავამახვილებთ ყურადღებას, მხოლოდ და მხოლოდ იმით არის განპირობებული, რომ მომავალმა თაობებმა სწორად გაიაზრონ და უშეცდომოდ წაიკითხონ რუსთაველისა და გალაკტიონის ერთი “გასაიდუმლოებული” ტაეპი: „ვწერ ვინმე მესხი მელექსე”.

მოვიყვან საპოლემიკო წერილის კონტექსტს მარტოოდენ განსახილველ სტრიქონთან მიმართებაში:

“ვწერ ვინმე მესხი მელექსე,
რაც კი მივლია მე გზები;
ჯერ ლექსი მწვავდა,  მერე – მზე
ჯერ მზე და მერე – ლექსები.”

ამ ოთხ სტრიქონში მეტაფორაც გვაქვს, სინეკდოქაც, მეტონიმიაც და სიმფორაც! – ეს იმას ნიშნავს, რომ აქ როგორც ცალკეული სიტყვები, ისე ფრაზებიც უნდა გავიაზროთ მხოლოდ და მხოლოდ გადატანითი მნიშვნელობით, ე. ი. წარმოდგენილი მხატვრული მეტყველება უცილობლად უნდა “ვთარგმნოთ” ჩვეულებრივ პროზაულ მეტყველებაზე.
ასე მაგალითად:
პირველი სტრიქონი – საგანგებოდ გამოყენებული რუსთველური კონტამინაცია – მთლიანად მეტაფორული გამოთქმაა და ასე “ითარგმნება”: მეც დღეს რუსთველისებრ დიდი “შემოქმედი ვარ” (არჩილ ჟორჟოლიანი, “განახლება”, “განთიადი”, 1993,  N 3-4. გვ. 125).

ჩვენც აქ შევჩერდებით. ვინაიდან აუცილებლობად მიგვაჩნია განიმარტოს თუ რამდენად შეესაბამება სინამდვილეს გალაკტიონის მიერ “გამოყენებული რუსთველური კონტამინაცია” – “ვწერ ვინმე მესხი მელექსე” “ითარგმნოს” ”შემდეგი პროზაული მეტყველებით: “მეც დღეს რუსთველისებრ დიდი შემოქმედი ვარ”.

რა თქმა უნდა, აქ საგანგაშო არაფერია; საქართველოში არ მეგულება არც ერთი ქართველი ვისაც კი ოდესმე ლექსი დაუწერია და რუსთველობაზე ან გალაკტიონობაზე არ უოცნებია… აქედან გამომდინარე ალბათ თავის დროზე გალაკტიონიც ოცნებობდა, რომ მისი შემოქმედება რუსთაველის პოეზიის დონემდე ამაღლებულიყო და მან ეს სურვილი რეალობად აქცია…

გალაკტიონმა “ვწერ ვინმე მესხი მელექსე” 1936 წელს დაწერა. ამ პერიოდისათვის შექმნილი აქვს ისეთი შედევრები, როგორიცაა: “ხელოვნება”, “მესაფლავე”, “ქალი და ხელოვნება”, “მე და ღამე”, “მერი”, “მთაწმინდის მთვარე”, “ლურჯა ცხენები”, “დროშები ჩქარა!”, “სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში”, ეს ლექსები 1917 წლისთვის  უკვე დაწერილია. ამით ის მინდა ვთქვა , რომ როცა გალაკტიონმა “ვწერ ვინმე მესხის…” შექმნა დაიწყო პარნასზე იყო ასული და ქართულ პოეზიაში რუსთაველის გვერდით მიაბიჯებდა… და როგორც ლექსის წერის ოსტატი, ზოგჯერ რუსთაველზე მაღალიც მოსჩანს; ეს რომ ასეა “მთაწმინდის მთვარეა” მოწამე; ამ ლექსის ბადალი მსოფლიოს პოეზიაში არ მოიძევება. არა, ღმერთმა დამიფარფოს გალაკტიონი რუსთაველზე მაღლა დავაყენო, ლექსის წერის დონის, რითმის, რიტმის და ჟღერადობის განსასაზღვრელად რუსთაველის და გალაკტიონის ეპოქებში განსხვავებული საზომი ერთეულები არსებობდა. მათი შედარება შეუძლებელია, ორივე გენიოსია და რაც ვთქვი მხოლოდ სიტყვას მოჰყვა.

ახლა კი თავისთავად ისმის კითხვა, რატომ “დაესესხა” გალაკტიონი რუსთაველს? თუმცა იქნებ არც დასესხებია?.. ნასესხები რომ ჰქონდეს პოეტი ამ ტაეპს, როგორც წესია, ჩვეულებრივ ბრჭყალებში მოაქცევდა; და რამეთუ ეს არ გააკეთა მაშასადამე გალაკტიონს მიაჩნია, რომ მასაც აქვს უფლება, რომ ფრაზა: “ვწერ ვინმე მესხი მელექსე” თავის დაწერილად ე. ი. ორიგინალად ჩათვალოს.

1926 წელს დაწერილი ლექსის “პოემა ვეფხვისა” ფინალში გალაკტიონი ამბობს:

“ასე მგონია: ეს იმედი მას მოასწავებს,
რომ სულ შემთხვევით ჩამარხულებს და ჩაკალულებს
ჩვენ აღმოვაჩენთ ძველი დროის ძველ წიგნსაცავებს,
ომიანობის გამო სადმე გადამალულებს“.

აქედან ირკვევა, რომ გალაკტიონს ეს საკითხი (“მესხის”- ი.პ.) ძალიან დიდხანს აწვალებდა; ბევრს კითხულობდა, აგროვებდა მასზე მასალებს, ეძებდა არქივებში, წიგნსაცავებში… და როცა მან “ვეფხისტყაოსნისეული” ფრაზა თავისად მიიჩნია, უკვე იცოდა რატომ დაწერა იგი რუსთაველმა.

… ეს ფრაზა: “ეწერ ვინმე მესხი მელექსე” იმდენად დაუოკებელი და ყოვლისმომცველია თავისი ხალასი ბუნებრიობით და საკითხის ღრმა, კონკრეტული ცოდნით, რომ ხელოვნების ვიწრო ჩარჩოებში ვეღარ ეტევა, ყოველგვარ ბარიერს შლის და თითქმის მითოლოგიურ სამყაროში გადავყავართ, ოღონდ, მიუხედავად ამისა, ყველაფერი, რასაც კი ეს ორი გენიოსი ფიქრობს და ოცნებობს, საოცრად რეალურია და იმ ბებერი მუხასავით აქვს ქართულ მიწაში ფესვები გადგმული რომელსაც ვერანაირი დუშმანი თუ გადამთიელი ვერ ამოძირკვავს.

სიმართლე უნდა ვაღიარო, როცა “განთიადში” გამოქვეყნებული ზემოაღნიშნული სტრიქონები წავიკითხე, რამდენიმე თვის განმავლობაში რუსთაველისა და გალაკტიონისეულ ხანებს ძილშიაც კი ვიმეორებდი:

რუსთველი:

“გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა
გარდახდეს გავლეს სოფელი, –  ნახეთ სიმუხთლე ჟამისა!
ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა.
ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისად ამისა.
ქართველთა ღმრთისა დავითის, ვის მზე მსახურებს სარებლად.
ესე ამბავი გავლექსე მე მათად საკამათებლად.
ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად,
ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა გამახარებლად”.

გალაკტიონი:

“ვწერ ვინმე მესხი მელექსე,
რაც კი მივლია მე გზები,
ჯერ ლექსი მწვავდა, მერე მზე,
ჯერ მზე და მერე ლექსები,
იყოს ნაკვეთი შაირი
როგორც ნასროლი ისარი,
ხან სროლა ქუხილნაირი,
ხან რხევა სამაისარი,
ხან საკვნესარი დაირი,
ხან ჩანგი მოდაისარი
ის არი სუნთქვა ჰაერი,
მთელი სიცოცხლე ის არი”.

როცა ლექსი სრულად არის წარმოდგენილი, ადვილდება პოეტის სულის სიღრმეების ამომზიურება აქ თითოეული სიტყვა თუ ფრაზა ცოცხალია… სუნთქავს, მოძრაობს; ქართველი კაცის ის მთავარი არტერიაა, რომლის მაჯისცემა მამიდან შვილზე, თაობიდან თაობაზე გადადის  და საბოლოოდ უკვდავებას პოულობს.

ამ შემთხვევაში შეუძლებელი ხდება მხატვრული მეტყველების დადგენილი ხერხებით და მეთოდებით მსჯელობა. ზემოწარმოდგენილ ლექსებში რაღაც ისეთია, რომლის გადატანა რაიმე საგანზე, თუნდაც მოვლენაზე ან საყოველთაოდ აღიარებული კანონების მიხედვით წარმოუდგენელია. არ მინდა ისე გამიგონ, თითქოს რუსთაველისა და გალაკტიონის პოეტურ სტრიქონებში ტროპისა და მისი სახეების: მეტაფორის, სინეკდოქეს, მეტონიმიას და სიმფორას გამოყენებას ვუარყოფდე. პირიქით, ლიტერატურული შედარების ყველა ეს ხერხი ორივე ლექსში მაღალი პროფესიონალიზმითაა დამუშავებული. უფრო მეტიც ჰიპერბოლაც გვაქვს: “ვის მზე მსახურებს სარებლად”, “ჯერ ლექსი” მწვავდა”… რუსთაველი ლიტოტესსაც იყენებს: “ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა.” მაგრამ უმთავრესი და გასაოცარია, რომ ძირითადი ჩანაფიქრი, დედააზრი ორივე ლექსში სიმბოლურად ერთნაირად არის გადაწყვეტილი, რაც გაიდეალებულია ისეთ წმინდა სახელთან, რომელიც არქაულ ქართულ სამყაროს შესაშური შთაგონებით აერთებს, აკავშირებს, ამთლიანებს თანადროულ ქართულ სამყაროსთან.

ეს უწმინდესი სახელი რუსთაველს და გალაკტიონს ერთი და იმავე მნიშვნელობით აქვთ ჩადებული განსახილველ ფრაზაში: “ვწერ ვინმე მესხი მელექსე”, რაც საბოლოოდ გარდაისახება ფართო მნიშვნელობის ალეგორიად, ანუ სიმბოლოდ, რომლის არსი სიცოცხლესავით მუდმივია; მისანიშნებელია, რომ გალაკტიონთან ამ სახელს მეტი დატვირთვა აქვს, თავად განვსაჯოთ: “ის არი სუნთქვა ჰაერი, მთელი სიცოცხლე ის არი“.

ასე თანდათან იძერწება და იკვეთება ის იდეალი, რომელიც ორი გენიოსის შთაგონებულ წარმოსახვაშია განსხეულებული.

ახლა კი უნდა მოვიშველიო ჩემი კვლევის საგანი; იმ ნაშრომებში, რომელიც ქართველი ერის წარმომავლობის საკითხებზე მაქვს დამუშავებული, ტერმინი “მესხი”ძალიან ხშირად ფიგურირებს. ერთგან ვწერ: “ძველებრაული “მეშეხი” იგივეა რაც ქართი, მოსხი, მესხი… ისრაელის გაერთიანებული სახელმწიფოს უძლიერესი მეფე დავით წინასწარმეტყველი თავის 120-ე ფსალმუნში ამბობს, რომ იგი წარმოშობით მეშეხიდან (მესხეთიდან) არის. I საუკუნის ისტორიკოსის იოსებ ფლავიუსის  მიხედვით “მეშეხი”, იგივე მუშქი, მოსხი და თაბალი ქართველები არიან”.

სამეცნიერო ლიტერატურაში ტერმინი „მესხი“ ადვილად უკავშირდება “ქართს”, ‘”ქართლს” და „ქართველს“ (ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია,  ს. ყაუხჩიშვილი, ს. კაკაბაძე, გ. მელიქიშვილი).

ზემოთქმულიდან გამომდინარე რუსთაველისთვის და გალაკტიონისთვის ტერმინები “მესხი“ და „ქართველი“ სინონიმებია.

დასკვნა: როგორც ზემოთ ვწერდი, ფრაზა “ვწერ ვინმე მესხი მელექსე” ორივე გენიოსი პოეტისათვის არა მხოლოდ “შთაგონების. არემედ დიდი ხნის, და ამასთან დაძაბული შრომის ნაყოფია. რუსთაველს ალბათ ხელთ ექნებოდა ფარნავაზისეული და აბიათარისეული „ქართლის ცხოვრება”, ძველი და ახალი აღთქმა და ვინ იცის კიდევ რა… რაც შეეხება გალაკტიონს მას “მესხის“ წარმომავლობის შესწავლისათვის მეტი შრომა დასჭირდებოდა; ყოველ შემთხვევაში ვიცით, რომ ფსალმუნნი ჯიბით დაჰქონდა; ძველსა და ახალ აღთქმას, “ქართლის ცხოვრებას” ხომ რაღა თქმა უნდა ძირფესვიანად შეისწავლიდა, რითაც საბოლოოდ დარწმუნდებოდა რუსთველური “გასაიდუმლოებული” კონცეფციის ჭეშმარიტებაში, რასაც გვიდასტურებს მხატვრული გარდასახვის ის უდიდესი ძალისხმევა, მისივე ლექსის ფინალში რომაა წარმოჩენილი:

“შმაგი ვით ვეფხვი დაჭრილი,
მშობლიურ მთა და ველებზე,
ვარ ოცნებისთვის გაჭრილი
მე, ვინმე მესხი მელექსე”.

პაპიაშვილი ი., ხანისწყალთან, ქუთაისი, 1994, გვ.144-146.

IMPRESSION

monecapucine1874 წელი.
“კაპუცინების ბულვარი პარიზში”(1). აქ, ამ ბულვარში, 15 აპრილიდან 15 მაისამდე, ფოტოგრაფ ნადარის სალონში, მიმდინარეობდა მხატვართა ერთი ჯგუფის გამოფენა. მასში შედიოდნენ: ედუარდ დეგა, პოლ სეზანი, ფელიქს ბრაკმანი, არმან გიიომენი, კლოდ მონე, ბერტუ მორიზო, კამილ პისარო, პიერ-ოგუსტ რენუარი, ალფრედ სისლეი და სხვანი. ჯგუფში დაახლოებით ოცდაათი შემოქმედი იყო გაერთიანებული. ისინი მაშინ ოცდაათ წელსიყვნენ გადაცილებულნი. გამოფენის ორგანიზატორებმა ჯგუფს უწოდეს: “მსახიობების, მხატვრების, ფერმწერების, მოქანდაკეების, გრაფიკოსების… ანონიმური კოოპერაციული საზოგადოება”.

პარიზელებს ყოველთვის განსაკუთრებით იტაცებდათ ორი რამ: კითხვა და ხელოვნება. ითვალისწინებდნენ რა ამას რედაქტორები, ისინი თავიანთი გაზეთების და ჟურნალების ფურცლებზე დიდ ყურადღებას უთმობდნენ ახალი ლიტერატურული ნაწარმოებების და სახვითი ხელოვნების ნიმუშების რეკლამირებას. საყურადღებოა: თუ 1850–იან წლებში ჟურნალ-გაზეთებს დაახლოებით 250 ათასი პარიზელი კითხულობდა, 1870-იან წლებში მკითხველთა რაოდენობა უკვე ორ მილიონს აღემატებოდა.

იმ დროს პარიზი მხატვრებისათვის ისეთივე წმინდა ადგილი იყო, როგორც დღეს იერუსალიმია მლოცველთათვის და სწორედ რომ სალონი განსაზღვრავდა მხატვრის ბედ-იღბალს.

სალონი ხელოვნების ნამუშევართა ყოველწლიური გამოფენის ორიენტირი, გეზის მიმცემი იყო. მხატვრის ნამუშევრის სალონში გამოდგმა გარკვეულ აღიარებას ნიშნავდა. ამ შემთხვევაში იგი უფლებამოსილი იყო თავისი ნამუშევარი გალერეაში გაეყიდა. ამის გამო ხელოვნების მუშაკებისათვის პრესის გავლენა ახალ მოვლენას წარმოადგენდა და დადებითი შეფასების შემთხვევაში მხატვრული ტილოს ან სახვითი ხელოვნების სხვა დარგის ნამუშევრის წარმატება გარანტირებული იყო.

პირველი სამი კვირის განმავლობაში, კაპუცინების ბულვარი N35-ის სალონში გამოფენილმა ნამუშევრებმა ნახევარ მილიონზე მეტი მნახველი მიიზიდა. ამის შესახებ წერდა ოცდაათზე მეტი გაზეთი და ჟურნალი. წერილების და სტატიების უმეტესობა უარყოფითი აღმოჩნდა. რეცენზენტები მკაცრად აკრიტიკებდნენ… ანონიმური კოოპერაციუილი საზოგადოების” გამოფენის მონაწილეებს. ერთ-ერთ გაზეთში დაიბეჭდა სტატია ასეთი სათაურით: “მეამბოხეთა გამოფენა”. სტატიის ავტორი, ალბათ, ემილ კარდონი იყო. გამოფენის ასეთი ტენდენციური შეფასება გამოიწვია იმ ფაქტორმა, რომ XIX საუკუნის ხელოვნება ძირითადად არისტოკრატიის და ბურჟუაზიული საზოგადოების მონოპოლიად ითვლებოდა. შეფასების კრიტიკული სიმწვავით გამოირჩეოდა ჟურნალ “Le Charivari” (“ლეშარივარი”), რომელსაც შარლ ფილიპი რედაქტორობდა. ეს იყო იუმორისტული ჟურნალი, სადაც დაახლოებით 200 მხატვარი თანამშრომლობდა. სწორედ ამ ჟურნალის მუდმივი თანამშრომელი იყო ლუი ლერუა –  როგორც ილუსტრატორი (დამსურათებელი) და კრიტიკოსი. ირკვევა, რომ ის აგრეთვე წარმატებით მუშაობდა დრამატურგიაში და გრავიურაში, და როგორც ხელოვნებათმცოდნე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. მე ამ მიმართებით იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ მას – ლუი ლერუას დღეს იხსენიებენ, როგორც მაშინდელ პარიზში ნაკლებად ცნობილ ჟურნალისტს. აქვე დავძენ, ეჭვი არ არის, რომ იგი არისტოკრატიის ინტერესების გამომხატველი და დამცველი პიროვნება იქნებოდა.

ლუი ლერუა “…ანონიმური კოოპერაციული საზოგადოების” გამოფენას, მისი გახსნიდან ერთი კვირის მერე, ე.ი. 22 აპრილს ეწვია. ის, რომ გამოფენის მონაწილეთა ეს ზედწოდება: “… ანონიმური კოოპერაციული საზოგადოება” მიანიშნებდა გამოფენის მონაწილეთა არაპრეტენზიულობას გარკვეულ მხატვრულ მიმართულებაზე და პოლიტიკაზე, ეჭვსაც კი არ ბადებს. როცა კრიტიკოსი რედაქციის დავალებით გამოფენის დასათვალიერებლად მივიდა, იგი, ალბათ უფრო მაიმუნობისათვის (ტერმინი “კაპუცინები” არის კათოლიკურ-მონაზვნური ორდენი, დაარსდა იტალიაში 1525 წელს, როგორც ფრანცისკელთა შტო. ებმაგრამ – “კაპუცინი” აგრეთვე არის მაიმუნების გვარი კაპუცინისებრთა ოჯახისა. ისინი ბინადრობენ ტყეში. გვხვდება ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში – ავტ.) იქნებოდა განწყობილი, ვიდრე სერიოზული სტატიის შესაქმნელად, რადგან იმ მომენტში, როცა მან ფოტოგრაფ ნადარის სალონში შეაბიჯა, სულაც არ ფიქრობდა იმაზე, რომ სტატიას, რომელსაც იგი შექმნიდა, დასაბამი უნდა მიეცა ახალი, მთელი მიმდინარეობისათვის სახვით ხელოვნებაში, რაც შემდეგ გარკვეულად აისახებოდა ლიტერატურაშიც.

პირველი, რაც კრიტიკოსს სალონში შესვლისთანავე უცნაურად და ახირებულად მოეჩვენა იყო გამოფენაში მონაწილეთა ჯგუფის სახელწოდება: „ანონიმური კოოპერაციული საზოგადოება არტისტების, მხატვრების და ა.შ.”

monet-impression“ასეთ სათაურს არავინ წაიკითხავს” – გაიფიქრა ლერუამ – “სათაური თვალში საცემი, მკვეთრი უნდა იყოს”,  – თავისთვის ჩაილაპარაკა და წინ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, იქნებ რედაქციაში წარსადგენი ანგარიშისათვის რამე ხელმოსაკიდი შევარჩიოო და შემთხვევით აღმოჩნდა სურათის წინ, რომელზეც გამოსახული იყო პეიზაჟი: მზის ამოსვლა, მზეს დილის ჯანღი ფარავს, წინა პლანზე რამდენიმე გემის წვეტიანი ანძაა, მეთევზეები, წყალზე არეკლილი მზის სხივები, პორტის მანქანათმშენებლობა, ნისლი…

ლერუა რატომღაც ტილომ დააინტერესა და სურათების კატალოგში ჩაიხედა: “Mone, “Impression. Soleil levant”. 1872.

.. 1872 წ. კლოდ მონე ჰავრში, სასტუმრო ამორატში ცხოვრობდა და მანსარდის ღია ფანჯრიდან პეიზაჟს ხატავდა.

“როცა კატალოგისათვის მკითხეს სათაური, მე ვუპასუხე: “შთაბეჭდილება. ამომავალი მზე”.  – იგონებდა შემდეგ იგი.

“შთაბეჭდილება?” –  ირონიულად გაიმეორა ლერუამ და დაიბადა იდეაც და კრიტიკული მიმოხილვაც: საკუთარი თავი მან წარმოაჩინა მხატვარ-აკადემიკოსად, რომელიც გამოფენის ღირსშესანიშნაობათა დათვალიერების დროს წააწყდა რაღაც უცნაურს. გამოდიოდა ვოდევილის მსგავსი მოკლე კრიტიკული წერილი:

“რა არის გამოსახული ამ ტილოზე?” – წერდა იგი – “ჩავიხედოთ კატალოგში: “შთაბეჭდილება. ამომავალი მზე”. მე მაშინვე ვუთხარი საკუთარ თავს: რადგან მე ვიმყოფები შთაბეჭდილების ქვეშ, აქ უეჭველად უნდა იყოს “შთაბეჭდილება”. როგორ მოგწონთ თქვენ ეს? შთაბეჭდილება აქ არის, მაგრამ არ მესმის რას ნიშნავს იგი! მაგრამ როგორი თავისუფლებაა, რა ჰერია! სიმართლეს მაინც ვერსად წაუვალთ, შპალერის ფაბრიკის ქაღალდს უფრო გავს, ვიდრე მხატვრის ტილოს. ოთახის გასალამაზებლად თუ გამოდგება მხოლოდ, ოღონდ იქ უფრო მეტი მონახაზია და აზრის სისრულე, ვიდრე აქ, ამ ზღვის პეიზაჟზე”.

ეს კომიკური მონახაზი ლერუამ ასე დაასათაურა: “იმპრესიონისტების გამოფენა”.

ასე და ამგვარად გაჩნდა ტერმინი იმპრესიონიზმი.

გამოფენის მონაწილეებს ტერმინი არ მოეწონათ, არც უფიქრიათ მიეღოთ ეს მეტსახელი, მაგრამ მკითხველებმა სწრაფად აიტაცეს და მოკლე ხანში ევროპაში და ამერიკაში გავრცელდა.

1876–1886 წწ. იმპრესიონისტებმა შვიდ გამოფენაზე მეტი მოაწყვეს, მაგრამ რაიმე მნიშვნელოვანი წარმატებისათვის არ მიუღწევიათ. როცა ბოლო გამოფენა დასრულდა, მხოლოდ კლოდ მონე დარჩა საკუთარი იდეალების მკაცრად დამცველი და გამგრძელებელი მხატვარი იმპრესიონისტი. იგი ხანშიშესული, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, როცა კატაფალკაზე მის კუბოს შავი გადასაფარებელი დააფინეს, მისმა მეგობარმა მხატვარმა ჟორჟ კლემანსომ იგი ღია ლურჯით შეცვალა, და თან დასძინა: “მონეს არ უყვარდა მუქი ფერი, მისი ფერი ხასხასა ლურჯი და ცისფერი იყო”.

ნახევარ საუკუნეზე მეტი იმპრესიონისტებს და მათ მიმდევრებს დევნიდნენ, ლანძღავდნენ. მათი შემოქმედება ამორალურად იყო მიჩნეული. მათ შეუზღუდეს უფლება გამოეფინათ თავიანთი ნამუშევრები სალონში და გალერეაში. ამის გამო მათ ტილოებს იშვიათად ყიდულობდნენ ან საერთოდ არ ყიდულობდნენ.

რატომ გააღიზიანა კლოდ მონეს სურათმა “Impression. Soleil levant” პარიზის არისტოკრატია და კრიტიკა?

 

(1) კლოდ მონეს ცნობილი სურათი, რომელიც მან 1872-73 წწ. დახატა „შთაბეჭდილება. ამომავალი მზის“ პარალელურად.

პარიზი. დ’ორსეს მუზეუმი. გზამკვლევი. 2002წ.

 

ქართული პოეზიის კონცერტი
მესხიშვილის თეატრთან

შთაბეჭდილება
(ნამდვილი ამბავი)

1993 წ. ქუთაისი.
ულმობელი დრო იყო. მე და ჩემი მეუღლე ნემსის ყუნწში ვძვრებოდით იმისათვის, რომ ბავშვები გადაგვერჩინა. ვყიდდით ყველაფერს, რის გაყიდვაც შეიძლებოდა თუმცა, მყიდველი უეცრად გაქრა, ძალიან იშვიათად შემოანათებდა ხოლმე ჩვენთან. რა დასამალია, იმ დაწყევლილ დროში, კვების პროდუქტებით ოჯახის მომარაგება ძალიან გაჭირდა. როგორც ამბობენ წელზე ფეხს ვიდგამდით და ისე გაგვქონდა თავი. აი, იმ ავად მოსაგონარ დღეებს დაემთხვა სწორედ ჩემი ახალი წიგნის გამოცემა. წიგნი გამომცემლობა “ქუთაისში“ დაისტამბა, გამოსაცემად მზად იყო და დაბრკოლებას მხოლოდ ის წარმოდგენდა, რომ გარეკანისათვის თანხა არ მყოფნიდა და ვინაიდან წიგნი ჩემი (ავტორის) ხარჯით გამოდიოდა, გადავწყვიტე ამ საქმისათვის გამომეყენებინა ის ფული, რომლითაც ქალაქის მერია ყოველთვიურ დახმარებას გვიწევდა ქუთაისში მომუშავე საქართველოს მწერალთა კავშირის წევრებს. ეს თანხა შეადგენდა 100 ლარს; ხოლო მაშინ ლარი დოლარის ეკვივალენტი იყო, და 100 დოლარს უდრიდა. როცა საწყობის გამგეს, ვისგანაც ქაღალდი უნდა შემესყიდა 100 ლარი მივუტანე, მან ამრეზით დახედა ქართულ ვალუტას და მითხრა –  ამერიკული დოლარი ჯობია. როგორც ჩანდა ქართულ ვალუტას ჯერ კიდევ არ ენდობოდა.

პუნქტები, სადაც ფულის გადაცვლის ოპერაცია კანონიერად უნდა განხორციელებულიყო, როგორც ეს ჩვეულებრივად ხდება ყველა ნორმალურ სახელმწიფოში, მაშინ არც საქართველოში არსებობდა და არც პოსტსაბჭოთა იმპერიის სხვა რესპუბლიკებში. მაგრამ ყველგან მოქმედებდა ე.წ. “შავი ბაზარი”, სადაც შესაძლებელი იყო სასურველი ვალუტის შეძენა. სხვა გზა არ არსებობდა და მეც იქ წავედი. მოკლედ მოვჭრი, ამ საქმეში არიფი გამოვდექი და ფულის გადაცვლის დროს მომატყუეს, ნამდვილის ნამცვლად ყალბი ასდოლარიანი შემომაჩეჩეს. როცა ეს ფული ქაღალდის გამყიდველს მივუტანე, ის უმალ მიხვდა რა დოლართანაც ჰქონდა საქმე, ორჭოფულად შემომხედა და მითხრა  – მოუტყუებიხართო. რა უნდა მექნა, ავდექი და მილიციას მივაკითხე, რადგან იმ კაცის სახე, ვინც გამაბრიყვა დავიმახსოვრე, ძიება რამდენიმე დღე მიმდინარეობდა, საბოლოოდ კი უშედეგოდ დასრულდა. ამის გამო გავემგზავრე თბილისში, და მწერალთა კავშირის დახმარებით მივაღწიე იმას, რომ პირადად მიმიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ – მიქაძემ. მან ყურადღებით მომისმინა, მერე აიღო ყურმილი და კომუტატორს თხოვა შეერთებინათ მისთვის ქუთაისის შს სამმართველოს უფროსი – ასანიძე. ათიოდე წუთის ლოდინის მერე, რის გამოც მინისტრის მოადგილემ მოიბოდიშა, თქვა, რომ ისეთი დროა არაფერი ნორმალურად არ სრულდებაო, გაისმა ზარი. მან ყურმილი აიღო.
– როინ, გამარჯობა. რა ხდება თქვენთან? აქ, ჩემთან, კაბინეტში ზის მწერალი იაკობ პაპიაშვილი. რა შეემთხვა მას?
ყურმილში გაისმა პასუხი, რაზეც მინისტრის მოადგილემ მომენტალურად რეაგირება მოახდინა:
– არავითრი პირში წაყენება. მთელი მწერალთა კავშირი ფეხზე დგას. წაართვით ფული იმ არამზადას და მიეცით პაპიაშვილს. – მკაცრად წარმოთქვა და ყურმილი დადო. მერე მომიბრუნდა და წყნარად მკითხა: – უკან როდის ბრუნდებით?
– ახლავე.
– ფული შინ დაგხვდებათ, თქვენ საწერ მაგიდაზე, – ამ სიტყვებით მინისტრის მოადგილემ კარებამდე მიმაცილა, და თითქოს თავს იმართლებსო, ჩაილაპარაკა: – სატირალი მდგომარეობაა, ყველა ერთ ქვაბში ვიხარშებით. წინ უფრო მძიმე
დღეები გველის, მაგრამ წიგნი საჭიროა, წიგნი უნდა გამოვცეთ.

სამინისტროდან პირდაპირ თბილისის ვაგზალს მივაშურე. იქ, სადგურის მოედანზე ქუთაისისკენ მიმავალ პირველივე იკარუსში ჩავჯექი და მალე შინისაკენ მივქროდი. გამიმართლა, ამინდი არ ჭირვეულობდა, რიკოთის უღელტეხილზე დიდი თოვლი არ იდო, ამერ-იმერისაკენ ტრანსპორტი შეუფერხებლად მოძრაობდა და შებინდებისას უკვე შინ ვიყავი. ზღურბლს გადავაბიჯე თუ არა, მეუღლემ მითხრა:
– მილიციიდან იყვნენ, ასი დოლარი დატოვეს, საწერ მაგიდზე დავდევი.
…ორი წლის წინათ.
8 დეკემბერს ბელორუსიის ნაციონალური პარკის – “ბელოვეჟსკაია პუშჩა” – პოლიტიკურ რეზიდენციაში, დაბა ვისკულში, ერთმანეთს შეხვდნენ სამი სახელმწიფოს ხელმძღვანელები: რუსეთის მხრიდან – ბორის ელცინი და გენადი ბურბულისი, ბელორუსიის მხრიდან – სტანისლავ შუშკევიჩი და ვიაჩისლავ კაბიჩა, უკრაინის მხრიდან – ლეონიდ კრავჩუკი და ვიტოლდ ფოკინი.

ბელორუსიის ნაციონალურ პარკთან გადის სახელმწიფო საზღვარი პოლონეთსა და ბელორუსიას შორის. მიეკუთვნება ბრესტის რაიონს და ვრცელდება ბალტიის ზღვის ბასეინისაკენ ორი მდინარით: ნარევი და ლესნაია. იქ, პარკში, წელიწადის ყველა დროს შეიძლება ნადირობა, თევზაობა, რუსულ აბანოში შხაპის მიღება და, თუ აუცილებლობა მოითხოვს – პოლიტიკაზე საუბარიც. და ამიტომ, ზემოდასახელებულმა დიდი თანამდებობის პირებმა, როცა ნადირობით და აბანოთი გული იჯერეს, ცოტა პოლიტიკითაც დაინტერესდნენ და განხილვის გარეშე ხელი მოაწერეს ახალ საკავშირო ხელშეკრულებას, რომელიც მ. გორბაჩოვმა წარუდგინა სსრკ რესპუბლიკების ხელმძღვანელების ყრილობას. 1992 წ. 21 ოქტომბერს ნოვო-ოგარევოში (მოსკოვის ოლქი. იმ შენობაში ახლა პუტინის ოფიციალური რეზიდენციაა).

დოკუმენტის პრეამბულა ადასტურებდა, რომ “საბჭოთა კავშირმა, როგორც საერთაშორისო სამართლის უფლების სუბიექტმა და გეოპოლიტიკურმა რეალობამ შეწყვიტა თავისი არსებობა.”
ისინი, ვინც “ბელოვეჟსკაია პუშჩაში” ამ დოკუმენტზე ხელი მოაწერა, თავს იმართლებდნენ იმით, რომ მათ ხელმოწერას არსებითი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რადგან ლენინური კავშირი, ფაქტიურად; უკვე დაშლილი იყო; გავიდნენ ლიტვა; ლატვია და ესტონეთი, მომწიფებული იყო კონფლიქტი ყაზახეთში, აზერბაიჯანში, ყარაბაღში, საქართველოში და აფხაზეთში…

1991 წ. 25 დეკემბერს აშშ პრეზიდენტმა, მას შემდეგ, რაც საბჭოთა ლიდერმა ტელეფონით აცნობა მას, რომ იგი გადადგა სკკპ ცკ გენერალური მდივნის თანამდებობიდან, განაცხადა, რომ აშშ მიესალმება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მიერ გაკეთებულ ისტორიულ არჩევანს თავისუფლებისათვის, და მიუხედავად ამ ქვეყნებში არასტაბილურობისა და ქაოსის შესაძლებლობისა ეს მოვლენები აშკარად უპასუხებენ ჩვენს ინტერესებს (გაზეთი “Известия”, 26 დეკემბერი, 1991 წ.).

ეს არ იყო თურქ-სელჩუკების, ჩინგის ხანის ან თემურ-ლენგის შემოსევების მაგვარი დარბევა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაწიოკება, მაგრამ ზემოაღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერიდან მეორე დღესვე მილიონობით ადამიანმა გამოიღვიძა ახალ სახელმწიფოში, სადაც გაქრა ფული, სამართალი და საჭმელ-სასმელი. პროსაბჭოური იმპერიის ყველა, უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოში, დაიწყო ახალი ომი სახელწოდებით “შოკური თერაპია”. ნერვიული მოშლილობა, ინფარქტი, შიმშილი… ასეთი იყო სასწრაფო დახმარების ექიმების დიაგნოზი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ნაჯახით მოცელილი ხეებივით ცვიოდნენ მიწაზე. ძვირფასი ნივთების შემსყიდველ მაღაზიებში ხალხის რიგი დადგა. ისინი, იმისათვის, რომ სიცოცხლე რამდენიმე დღით გაეხანგრძლივებინათ, ჯართის ფასად აბარებდნენ იმ ძვირფასეულობას, რომელიც გადანახული ჰქონდათ დღესასწაულისათვის: შვილებისათვის, შვილიშვილებისათვის… ასეთი იყო სპეციალური ბრძანება მოსკოვიდან. საიუველირო მაღაზიის თანამშრომლები საქმეს ვერ აუდიოდნენ. ისინი ფაცი-ფუცით აფასოებდნენ ოქრო–ვერცხლის და თვალ-მარგალიტის მშვენიერ ნიმუშებს ცელულოიდის შავ პარკებში, რომლებსაც შემდეგ დიდ ყუთებში ჰყრიდნენ.”

“შავი ოქროთი” დატვირთული ეშელონები რეგულარულად მიჰქროდნენ მოსკოვში დანიშნულების ადგილზე.

***

მეორე დღეს სახლიდან ადრე დილით გამოვედი. ახალი წიგნისათვის ყოველთვის დიდი მონდომებით ვზრუნავ, ამისათვის არაფერს ვიშურებ, არც ხარჯებს. 100 დოლარი, მილიციამ რომ დამიბრუნა, სათუთად მოვათავსე ჯიბეში. სტამბა, სადაც ჩემი წიგნი გამოდიოდა, გაზეთ ”ქუთაისის“ მესამე სართულზე იყო განთავსებული, ხოლო საწყობი – პირველ სართულზე. ერთი სული მქონდა, ვიდრე ფულს საწყობის გამგეს ჩავაბარებდი.

შუა დეკემბერი იყო. ქუჩაში ძველი თოვლი იდო, გამჭოლი, სუსხიანი ქარი უბერავდა სიარული ჭირდა და ამიტომ ფრთხილად მივდიოდი. თამარ მეფის ქუჩაზე რომ გავედი ხელმარჯვნივ გავუხვიე, ცოტაც გავიარე და ცენტრალურ მოედანზე ავტობუსის გაჩერებასთან დავდექი. იქ ხალხს უკვე მოეყარა თავი. ისინიც ჩემსავით თავიანთ მარშრუტს ელოდებოდნენ. ოდნავ მოშორებით, მესხიშვილის თეატრის მოპირდაპირე მხარეს, მაიაკოვსკის ქუჩაზე, ე.წ. “შახტიორთა” სახლის ქვემო სართულზე, საიუველირო მაღაზია იყო განთავსებული, და იქ უკვე დიდი რიგი დამდგარიყო…

მიყვარდა ამ ადგილზე დგომა და ლოდინი… ხელმარცხნივ ქუთაისის ეთნოგრაფიული მუზეუმი იყო, რომლის სტუმარი ხშირად ვიყავი. მის დირექტორს ბ–ნ მიხეილ ნიკოლეიშვილს პირადად ვიცნობდი, საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებდა. ჩემს უკან, ბორცვზე, მზის საათი იყო მოწყობილი, ხოლო იქით, შემაღლებულზე, კაფე “თოლია” მოჩანდა. ჩემს წინ კი, მოედნის გადაღმა საქვეყნოდ ცნობილი ქუთაისის ბულვარი იშლებოდა. ჩემგან ხელმარჯვნივ მესხიშვილის სახელობის უნიკალური შენობა აღმართულიყო, მის მოპირდაპირე მხარეს კი, ბულვარის დასაწყისიდან ოციოდ მეტრში, ჩანდა შენობის კუთხე, რომელიც ერთ დროს, საღმოობით, ქუთაისელთა თავშეყრის ადგილი იყო. რა ვთქვა აღარ ვიცი. როცა ამ ადგილზე ვიდექი და ავტობუსს ველოდებოდი, რას არ მოვიგონებდი ხოლმე: მახსენდებოდა საახალწლოდ მორთულ-მოკაზმული ნაძვის ხე, მოედნის ცენტრში აღმართული; ლაღად, არხეინად მოსეირნე ქუთაისელები, თავიანთი “ლაღიძის წყლების” მაღაზიიდან სასტუმრო “ქუთაისამდე”, ბულვარის გასწვრივ, ათჯერ მაინც რომ აივლ-ჩამოივლიდნენ…

და ამ დროს ცნობილი მილიციონერის ჩიტიანის სასტვენის ხმას იშვიათად თუ გაიგონებდით ლაილაით გულს რომ მოიოხებდნენ, “ლაღიძის წყლებით” გაისველებდნენ ენას და ზოგჯერ, მომწვანო ან სხვა ფერის გაზიან წყალს, ცხელ ხაჭაპურსაც მიაყოლებდნენ ხოლმე. მაშინ, ეს სიამოვნება რაღაც კაპიკები ღირდა… ერთხელ, ერთმა ქალაქის თავმა, თუ არ ვცდები ოყრეშიძემ მოედანი მთლად გადახნა, და იქ ვარდების ხეივანი გააშენა. ამ ვარდების სურნელებით ქუთაისელები ორიოდე წელი ვტკბებოდით და მერე ყველაფერი ლამაზი სიზმარივით გაქრა.

უეცრად ავტობუსი ჩამოდგა და მოგონებების ბურუსი თავისთავად დაიფანტა. მოხდა ისე, რომ, შემთხვევით, ავტობუსის წინა კარების პირდაპირ აღმოვჩნდი. კარები რომ გაიღო, გამოჩნდა ახალგაზრდა ქალი, ოცდაათი წლის იქნებოდა, საშუალოზე მაღალი, გამხდარი, გრძელი შავი ქვედაწელით იდგა, თავი და მხრები ყავისფერი შალით შემოებურა, რომელიც მის წაბლისფერ თმებს მთლად ვერ ფარავდა. მის გვერდით ორი გოგონა იდგა, ერთი ხუთიოდე წლისა, ხოლო მეორე რვა წლისა იქნებოდა, როგორც ჩანდა დედ–შვილი იყვნენ. ქალს ბავშვები ორივე ხელით ჰყავდა ჩაბღუჯული, გამოხედვა მკაცრი და დაძაბული ჰქონდა, თუმცა თვალებში რაღაც უცნაური სხივი უბრწყინავდა. მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს სხივი თავისი და განსაკუთრებით ბავშვების გადარჩენის იმედის სხივი იყო. თვალებად ქცეული იყო ქალი–მეთქი, და როცა ავტობუსის რამდენიმე საფეხური სწრაფად ჩამოიარა ბავშვებითურთ როცა ფეხი ტროტუარზე ამოდგა და ჩემს წინ აისვეტა, დაჟინებით თვალი თალში გამიყარა გონს მოსვლა ვერ მოვასწარი, უცებ ბავშვები გაანთავისუფლა, ორი გაშლილი ხელი ჩემკენ გამთიშვირა და ისეთი პოზა დაიჭირა, როგორც ნამდვილი მსახიობი აკეთებს ამას სცენაზე, და ხმამაღლა, გამოთქმით, მღელვარე-მჟღერი ხმით მხატვრულად წაიკითხა გალაკტიონის სტრიქონები. ხმა ოდნავ უკანკალებდა.

“გათენდა. ცეცხლის მზე აენთო, აცურდა…
დროშები ჩქარა!..”

ეს ლექსი რომ დაასრულა, შეუსვენებლად განაგრძო გიორგი ლეონიძის “ყივჩაღის პაემანი”:

“…მტკვარზე, არაგვზე ისევ ჰყვავიან,
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩები ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას”.

მერე ტიციანის სტრიქონები წარმოსთქვა:

“მე არ ვწერ ლექსებს,
ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე
ამ ლექსს თან ახლავს!..”

მისი დასრულებისთანავე ლადო ასათიანის “სალაღობო” გაისმა:

“დაუკარით! – რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს,
გაისარჯოს და ბრძოლებში დაიხარჯოს,
გაუმარჯოს საქართველოს მთებს და ზეცას,
საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს!..”

ირაკლი აბაშიძის სტრიქონები:

“როგორც დათბება, როგორც დათბება
და მზე ჩატკბება შემკულ დაისში,
უნდა აღსრულდეს რაც მენატრება,
უნდა გავფრინდე ჩემს ქუთაისში”.

თავდაპირველად შეშლილი მეგონა და გადავწყვიტე გავეცლები-მეთქი, მაგრამ როცა ფეხის გადადგმა დავაპირე და მივიხედ-მოვიხედე წასასვლელი აღარსად იყო. ჩვენს ირგვლივ უამრავი ხალხი მოგროვილიყო. ყოველი ლექსის დამთავრებისთანავე მხურვალე ტაში და ოვაციები ისმოდა. ვიღაცამ პატარა გოგონებს ფული ჩაუჩურთა ხელში. ერთს მეორემ მიბაძა, მეორეს მესამემ… და მე ყველაფერს მივხვდი. უკვე ვგრძნობდი, ვიცოდი, იმათ, ვინც პატარა გოგონებს ფულს ჩუქნიდა, თავიანთი თავი უჭირდათ, მაგრამ ქართულმა სულგრძელობამ საკუთარი თავი დაავიწყათ, ამ უცნაური სურათის ხილვისას და მე ჯიბეში ჩავიყავი ხელი…

რაღა ბევრი გავაგრძელო, იმ სუსხიან დეკემბრის თვეში, დიდი ლადო მესხიშვილის თეატრთან ქართული პოეზიის ჭეშმარიტი დღესასწაულის მოწმე გავხდი. იმ დედა-შვილს მერე ხშირად ვხედავდი, ხან თეთრ ხიდთან, მწერალთა კავშირის სიახლოვეს, ხან წითელ ხიდთან, მიწისქვეშა გადასასვლელთან, მოკლედ ხან სად და ხან სად. ქალი ყოველთვის პათოსით, დეკლამაციით კითხულობდა ლექსებს ქართული პოეზიის საგანძურიდან.

ერთხელ მომეცა შემთხვევა გამოვსაუბრებოდი მას. იგი ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი აღმოჩნდა. როგორც გაირკვა მისი მშობლები შიმშილისაგან დახოცილ იყვნენ, რომლის მიზეზი სწორედ “შოკური თერაპია” გახლდა. თვითონ და მისი ქმარი კი პერესტროიკის დაწყებისთანავე უმუშევრები დარჩენილიყვნენ, ქმარი ფულის საშოვნელად სადღაც გადაკარგულიყო… ერთი სიტყვით, ეს ამბავი დავიწყებული, ალბათ უკვე გამოტირებული ისტორიაა იმ განწირული ადამიანებისა, რომლებიც “შოკური თერაპიის” მსხვერპლნი გახდნენ.

მადლობა უფალს, რომ იმ ახალგაზრდა ქალს, აღმოაჩნდა გასაოცარი ძალა, უნარი დეკლამაციისა, და ქართული პოეზიის წყალობით შეძლო თავისი მშვენიერი გოგონების გადარჩენა.

IMPRESSION

… ნახევარ საუკუნეზე მეტი იმპრესიონისტებს დევნიდნენ. 1874 წ. კაპუცინების ბულვარში გამართული გამოფენის მერე ისინი დაადანაშაულეს უზნეობაში, მათი გამოფენა ასეთი ეპითეტებით მონათლეს: “მეამბოხეთა გამოფენა”, “გამხრწნელი ამორალიზმი”.

რით გააღიზიანეს მათ პარიზის საზოგადოება და კრიტიკა?

მონემ და მისმა მიმდევრებმა დატოვეს მხატვრის სახელოსნო… და დაიწყეს ხატვა პლენერზე, ისინი ესწრაფვოდნენ ბუნებრივი განათების, ჰაერის, გარემოს გადმოცემას სურათში. ღია ცის ქვეშ მათი მუშაობის შედეგად საფუძველი ჩაეყარა პლენარული ფერწერის უმთავრეს იდეას: მხატვარი გარემოს აღიქვამს ისე, როგორც ხედავს, და არა ისე, როგორც ფიქრობს, და ამიტომ, ყოველ მიზეზ გარეშე, აუცილებელია წეროს ისე, როგორც ხედავს.

იმპრესიონისტებმა ასი წლით მაინც გაუსწრეს ლიტერატორებს. ხომ არ დადგა დრო, რომ  ხელოვნების ამ დარგშიც გამოვიყენოთ ტერმინი: ,,impression”? რომ არსებობდეს, ვთქვათ, ასეთი მიმდინარეობა: “ლიტერატურული იმპრესიონიზმი” ან “ლიტერატურული პოსტიმპრესიონიზმი”, ხომ არ უბიძგებს იგი ჩვენს პლანეტას უკეთესობისაკენ? ვინ იცის, იქნებ უმჯობესია წერო სუფთა ჰაერზე, ღია ცის ქვეშ, და არა “რეალობის ოთხ კედელში” (შარლ ბოდლერი) ჩაკეტილმა?

პირველი შთაბეჭდილება – ამომავალი მზის შუქით განათებული, მხატვრისთვისაც და ლიტერატორისთვისაც ჭეშმარიტი ფერწერული ტილოა ყოველთვის ვაი, რომ, ეს მზის შუქით განათებული პირველი შთაბეჭდილება, მერე და მერე, თანდათანობით გადადის ზერეალიზმში ანუ სიურრეალიზმის ქვეცნობიერ სფეროში: სიზმარი, ჰალუცინაცია, ინსტინქტი…

ბათ- იამი

PS.
1. წინამდებარე ნაშრომი ავტორის მიერ თარგმნილია რუსულ ენაზე და გამოქვეყნებულია ისრაელის გაზეთ “Hовости недели” ის დამატებაში “Еврейский камертон”, ოპუსი N5–ის გაგრძელებაა.
2. კლოდ მონეს ტილოს – “შთაბეჭდილება. ამომავალი მზე” – ადგილსამყოფელია მარმოტანის მუზეუმი. ამჟამად მოპარულია და შეტანილია ინტერპოლის სიებში. – ავტ.

 

პაპიაშვილი ი., გაგრა, თბ.,2013, გვ.277-290

 

პროფესორ დავით ბრეგაძის მოგონებიდან

მეცნიერულ-პუბლიცისტური ესსე

(ამონაწერი დავითისა და თამარის დროს მეფეთა სამართლის წიგნიდან)


დავითისა და თამარის დროის მეფეთა სამართლის წიგნში ვკითხულობთ: „ხმითა იგივეითა, ძალითა იგივეითა, უფლებებითა იგივეითა, ვითარცა ერი ქართველისაი, ერი ებრაელისაი, მცხოვრები საქართველოსა მიწასა ზედა“.

„განთიადში“ გამოქვეყნებული ჩემი ნაშრომი როცა წაიკითხა „ქართველ ებრაელთა წარმომავლობის და ქართული ასომთავრული ანბანის შექმნის საკითხისათვის“, – პროფ. დავით ბრეგაძე დარწმუნდა, რომ ბაგრატიონების და ჰურია ქართველების თვალსაწიერიდან – მხედველობის არედან, არასოდეს დაკარგულა მცხეთა და ქართლი, რამეთუ მათი ქარავნები რეგულარულად მიმოდიოდნენ იერუსალიმიდან მცხეთაში და პირიქით, მცხეთიდან იერუსალიმში, და ეს იყო მათი ეკონომიური და ამასთანავე პოლიტიკური მისია იმ წმინდა მიწაზე, სადაც ისინი გახდნენ ორი რელიგიის ზეობის მოწამენი: ჯერ მოსეს მცნების, ხოლო შემდეგ ქრისტეს აღდგომის.

ამ თემაზე მე კიდევ ორი მეცნიერული ნაშრომი გამოვაქვეყნე ჟურნალ „განთიადში“. ორივე ნაშრომი ამტკიცებს და ასაბუთებს ბატონი დავით ბრეგაძის აზრს. ეს რომ ასეა, მკითხველი თვითონ დარწმუნდება, როცა მათ წაიკითხავს.

 

პაპიაშვილი ი., გაგრა, თბ.,2013, გვ.301

ბოლო გაკვეთილი

(ნაწყვეტი მოთხრობიდან)

… ეს იყო ქუთაისში, მე-3 საშუალო სკოლაში. 1958 წლის ივლისში, ფიზიკის მასწავლებელმა, ჩვენი კლასის დამრიგებელმა, – მარგარიტა დვალმა, საზეიმო ვითარებაში სიმწიფის ატესტატები გადმოგვცა და მცირეოდენი გულითადი საუბრის მერე, ბოლო გაკვეთილი ჩაგვიტარა.

– ბავშვებო, – გვითხრა მან, – ძალიან ძნელია, როცა ადამიანები ერთმანეთს სამუდამოდ შორდებიან. ეს განსაკუთრებით ჩვენთვის – მასწავლებლებისათვის არის მძიმე. დღეის იქით თქვენ ჩვენი ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები ხართ. ალბათ, ზოგჯერ, მოგენატრებათ სკოლა – მშობლიური, თბილი ატმოსფერო… მაგრამ ეს სინანული დიდხანს არ გაგყვებათ, რადგან თქვენ გადადიხართ ახალ სამყაროში, რომელსაც ჰქვია – ცხოვრება. თქვენ წინ გადაიშლება დიდების სხვა მწვერვალები, აღსავსე წინსვლით და გამარჯვებებით. თქვენ ხართ ჩვენი სამშობლოს მომავალი კადრი, თქვენ გახდებით მუშები, ინჟინრები, ექიმები, ჯარისკაცები და, შესაძლებელია, დიდი ხელმძღვანელები. ეს მოხდება სულ რამდენიმე წამში – წინ ცხოვრების დიდი ასპარეზი გელოდებათ.

მასწავლებელი ადგა და მერხებს შორის გაიარა.
– დაიმახსოვრეთ, ცხოვრება დაუწერელი წიგნია, სავსე მოულოდნელობებით, სადაც დაუსრულებლად ებრძვის ერთმანეთს კეთილი და ბოროტი. და ჩემი საქმეა – დაგარიგოთ თქვენ, რომ გზას არ აცდეთ, უფსკრულში რომ არ გადაიჩეხოთ.

იცით, ცხოვრება, ხანდახან, მიაგავს თამაშს, სკოლაში დიდი დასვენების დროს. თამაშობთ და ვერ ხედავთ სად მირბიხართ. და ჩემი საქმეა – აგიხილოთ თვალები, რომ არ აღმოჩნდეთ კლდის პირას, უფსკრულის წინ. ეს იყო ჩემი მოვალეობა სკოლაში, როცა გასწავლიდით ეს არის ჩემი მოვალეობა ახლა, როცა რამდენიმე წამის მერე ცხოვრებაში დაფრთიანდებით.

მატერია, სივრცე და დრო. ეს პარამეტრები მნიშვნელოვანია არა მარტო ფიზიკაში, არამედ ცხოვრებისეული mzeპრობლემების გადასაჭრელადაც, რადგან ამ პარამეტრებით განისაზღვრება ადამიანის არსებობა. ადრე ფიქრობდნენ, რომ დედამიწა არის სამყაროს ცენტრი, ხოლო მზე და ვარსკვლავები მისთვისაა შექმნილი, რომ მას უნათონ. ახლა, ჩვენ ვიცით, ყველაფერი პირიქითაა, მზე ჩვენი გალაქტიკის ცენტრია (1) და დედამიწა მის ირგვლივ ტრიალებს თავის ორბიტაზე.

მასწავლებელი მაგიდასთან შედგა.
– არ დაივიწყოთ, ამ ქვეყანაზე მარტონი არა ხართ და ყოველი თქვენი ნაბიჯი, ყოველი თქვენი მოქმედება უკვალოდ არ გაქრება. ეცადეთ იყოთ გულწრფელნი, როგორიც ახლა ხართ. არ დამალოთ ცრემლი გაჭირვების ჟამს და არ დამალოთ სიხარული დღესასწაულის დროს. იყავით პატიოსნები ადამიანებთან ურთიერთობისას და იფიქრეთ მხოლოდ იმაზე, რომ აღარ მოხდეს კიდევ ომი.

ამ სიტყვებით გამოგვემშვიდობა ჩვენი კლასის დამრიგებელი მარგარიტა დვალი. მეტსახელად მას ცუკლოს ვეძახდით.

სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით და როცა მხიარული შეძახილებით სკოლის ზღურბლს გადავაბიჯეთ, მისი დარიგება მალე დაგვავიწყდა.

ახლა?
საკვირველი ძალაა ჩადებული ამ სიტყვაში. იტყვი “ახლა” და უკვე აღარ არის “ახლა” –  თვალს დაახამხამებ და აალდება, ფერფლად იქცევა. ფერფლად იქცევა და გადადის წარსულში, იმ წარსულში, რომლის განმეორება მხოლოდ მოგონებით შეიძლება. არც ერთ გრძნეულს, არც ერთ ჯადოქარს არ შეუძლია შეაჩეროს ეს უცნაური, აალებული და ფერფლად ქცეული წამი, წამი – რომელიც ჩვენთვის, ადამიანებისათვის მუდმივი კავშირია წარულსა და მომავალს შორის. “ახლა?” – აწმყო დრო, რომელიც მხოლოდ ლაპარაკის მომენტში მიმდინარეობს, – იტყვი “ახლა” და თვალის დახამხამებაში აინთებიან და თვალის დახამხამებაში ქრებიან ხსოვნაში ჩაძირული მოგონებები, ისე, როგორც ელექტრონათურები საახალწლო ყვავილწნულზე.

იაკობ პაპიაშვილი
1998-1999 წწ
ბათ-იამი, ისრაელი

(1) პირობით აღნიშვნაა. მზე ცენტრალური პლანეტაა მზის სისტემის, – ავტორი.

პაპიაშვილი ი., გაგრა, თბ.,2013, გვ.139-140