დღესასწაული ჭირის დროს

რომანის “გაგრა” წინასიტყვაობა

იაკობ პაპიაშვილი  კარგად წერს  რომანებს, რომლებმაც მსოფლიო შემოიარა, ხოლო მისი სიუჟეტები  მოქანავე გემით მოგზაურობას ჰგავს. მთხრობელი  სხვადასხვა დროსა და ადგილს გადაკვეთს, და, ყველაფერს, რაზეც ის  ყვება, მრავალფეროვანი  და ამავე დროს, ძალიან განსაკუთრებული ხასიათი აქვს, როცა ყველა დეტალს ერთობლიობაში უნივერსალური მნიშვნელობა ენიჭება.

არ დაგვავიწყდეს, რომ ქართული კულტურა, ძვ. წ. XII საუკუნეში კავკასიაში, ქართლის და კოლხეთის სამეფოში, შავი ზღვის სანაპიროზე წარმოშობილი უძველესი კულტურაა. ვინც წაიკითხავს პაპიაშვილის თხზულებებს, იგრძნობს შორეული ისტორიის და  მითის კვალს, რომლის მიხედვითაც იასონი ოქროს საწმისის მოსაძებნად  გაემგზავრა.

იაკობ პაპიაშვილის შემოქმედებაში ძველ კულტურასთან დამაკავშირებელი ძაფების მოძიების ძლიერ სურვილს ვხედავთ. უდიდესი შთაგონებაა ჩადებული  გამოჩენილ ნაწარმოებში, რომელსაც თანასწორი არ ჰყავს: შოთა რუსთაველმა “ვეფხისტყაოსანი”- ქართული ეროვნული ეპოსი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში XII საუკუნეში დაწერა. ამ დროიდან დღემდე მისი გავლენა  ქართული ლიტერატურის ყველა გვერდს მიჰყვება.

უძველესი ნაწარმოები დავიწყებას არ მისცემია.  მას შემდეგ, მისგან მრავალი თაობა  საზრდოობდა და  ცდილობდა თავისი კვალი დაეტოვებინა ქართულ და დასავლურ ლიტერატურაში (ვგულისხმობ ცნობილი ქართველი მწერლის რევაზ მიშველაძის წიგნს “იერუსალიმი – თბილისი” , რომელიც რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” გვერდით ძევს  ისრაელის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, იერუსალიმში.)

პაპიაშვილი წარსულიდან  გვიყურებს  და გვაგრძნობინებს, რომ არსებობს ძველისა და ახლის შერწყმის საშუალება, რომელსაც ლიტერატურის მეშვეობით შეუძლია გამოგვიყვანოს ნაცრისფერი რუტინიდან მიმზიდველი სიუჟეტებით, რათა  ყოფიერების საიდუმლო შევიგრძნოთ.

ბალზაკმა თავის ნამუშევარს (137 ნაწარმოები – 91 დასრულებული და 46 დაუმთავრებელი) უწოდა “ადამიანური კომედია”, XIV საუკუნის დასაწყისში იტალიურად დაწერილი  დანტე ალიგიერის პოემის “ღვთაებრივი კომედიის” ანალოგიით.  აღსანიშნავია, რომ სიტყვა “ღვთაებრივი” არ ეკუთვნის ალიგიერს, რადგან მან თავის შესანიშნავ ნაწარმოებს არისტოტელეს “პოეტიკის” შესაბამისად,  უბრალოდ “კომედია” უწოდა. „ღვთაებრივად “ იგი პირველად ჯოვანი ბოკაჩომ მოიხსენია.

იაკობ პაპიაშვილი შემოქმედთა რიგს უერთდება. მწკრივში ჩამდგარი მისი წიგნების გალერეა, გვიქმნის ისტორიასა და კაცობრიობასთან დაკავშირებულ საგას, სიტუაციების და შეხედულებების კომედიას, რომლებსაც ღვთიური სიწმინდე აქვს, როგორც წიგნში სინაგოგის შესახებ.

ეჭვგარეშეა, რომ იაკობ პაპიაშვილის შემოქმედება – პროზა, პოეზია, ჟურნალისტიკა, თარგმანები, სამეცნიერო შრომები – ძალიან რეალისტურია და მას არ შეიძლება ეწოდოს არც „კომედია“ და არც „ღვთაებრივი კომედია“, მაგრამ განათლებული ადამიანი, რომელიც კაცობრიობის ისტორიისადმი გულგრილი არ არის, მიხვდება, რომ იაკობ პაპიაშვილის რომანი “გაგრა” უფრო “კომედიაა “, ვიდრე” ტრაგედია “!

უმჯობესია, ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი თავის ადგილზე განვალაგოთ, ვიდრე ყოველდღე ეცადო ვიღაცას უმტკიცებდე, რომ აფხაზეთი საქართველოა და არა რუსეთი!

ამ თვალსაზრისით, ისრაელელი  მწერლის ეფრემ ბაუხის მოსაზრება ძალიან საინტერესოა:

“იაკობ პაპიაშვილი არის ებრაელი მწერალი, რომელიც ქართულად წერს. თავისი სულის ფესვებით, ისევე როგორც იმ სიტყვების ფესვებით, რა ენაზეც წერს, მწერალი უკავშირდება მიწას, სადაც იგი დაიბადა და ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გაატარა . . .

. . . და კიდევ. ყოველ შემთხვევაში, მე, პირველად აქ წავიკითხე იმ ტრაგიკული ქარ-ცეცხლის შესახებ, რომელშიც ეს საოცრად ლამაზი მიწა – საქართველო მოექცა. და “ორი სურათი” სინამდვილეში ატარებს ტკივილს, არასტაბილურობას და შფოთვას ჩვენი სამყაროს მომავლისთვის, რომელიც მესამე ათასწლეულის ზღურბლზეა “. (1998 წელი).

ზოგჯერ ჩვენ გაკვირვებულნი  ვართ, რომ ყველაზე საოცარი ქარიშხლები სწორედ იმ ადგილას ხდება, რომელიც მშვიდი და წყნარი ჩანს.

იაკობ პაპიაშვილი საოცარ და თავზარდამცემ  სიუჟეტს ქსოვს; შეიტყო რა ეპოქის ყველა საიდუმლო, როგორც გამოცდილი რეჟისორი, ახერხებს ძველი სამყაროს ხელახლა შექმნას.

მართალია, მას შემდეგ ათობით წელი გავიდა, და ჩვენ მაინც ვსაუბრობთ იმ ისტორიაზე,  რომელიც მაღალ საზოგადოებასთან ახლოს,  ქართულ კოლექტივში ხდება. სიმშვიდის მიღმა ცვალებადი ქარიშხალია: მთხრობელი ახერხებს ჩვენს  თავბრუდამხვევ სიუჟეტში შეყვანას – და ეს ყველაფერი ხდება გამყინავი სულისკვეთებით. ზღაპრული საკურორტო ზონის ცენტრიდან მოულოდნელობის  ნაკადი იჭრება. ავტორის ნიჭი მდგომარეობს იმაში, თუ როგორ აშუქებს ისტორიულ და მსოფლიო მნიშვნელობის სიუჟეტს: პაპიაშვილი ოსტატურად იყენებს თანამედროვე მთხრობელების ტექნიკას, რომლებმაც იციან როგორ დააკავშირონ  რამდენიმე შინაგანი სიუჟეტი. ფურცელ-ფურცელ სიუჟეტი იხსნება და ძირითადი აზრი ნელ-ნელა იკვეთება. პერსონაჟთა ქცევასა და მოვლენებს შორის აღმოვაჩენთ ეპოქის და ადგილის ისტორიას,  ჩვენთვის უცნობი ადამიანების განწყობებს. და ეს ყველაფერი ამაღელვებელია. ცოტას თუ შეუძლია ამ მომხიბლავი კულტურული სამყაროს პერსონაჟების განსაკუთრებული ხიბლის გამოვლენა.

მაგალითად, ორი პერსონაჟის შეხვედრა, ნაწყვეტი ერთ-ერთი ქალი პერსონაჟის სიტყვებიდან – და შემდეგ, კითხვას პასუხი მოჰყვება, მაგრამ  ვგრძნობთ, რომ ეს დიალოგები მხოლოდ გვაინტრიგებს  სიმართლის  გარკვევის მოლოდინში.

   აი რას ამბობს ეს პერსონაჟი:

      ”არა, გულწრფელად გითხრათ, გულთან არაფრის მიტანა არ ღირს. ჩვენთვის ღმერთისგან მონიჭებული სულ რამდენიმე დღეა.“

მაშინვე ჩნდება ბუნებრივი კითხვა: „მაშ, რა მოხდა სანაპიროზე? – ჰკითხა ვიქტორმა “…

      და ნახეთ, როგორ მიგვიყვანს პასუხი საიდუმლოებებთან, რომლებიც შემდეგში გამოვლინდება:

       ”ხომ ვამბობდი, რომ ეს საშინელებაა. რაღაც წარმოუდგენელი. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი მოგველანდა, მოგვეჩვენა.  მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე ”.

იაკობ პაპიაშვილი რაღაც გზებით ახერხებს სიუჟეტის აგებას, რომელიც პარალელს ქმნის  სუპერ გმირების მდიდრულ სამყაროსა და წარსულიდან გადმოსულ განსაკუთრებულ პერსონაჟებს შორის. ეს მართლაც ამაღელვებელი განცდებია: ჩვენ აღფრთოვანებული ვართ პერსონაჟებთან საინტერესო შეხვედრით, რომლებიც მითოლოგიური ფიგურები არიან, ხელოვნების სამყაროს შთაგონების წყარო.

არსებობენ თუ არა ასეთი პერსონაჟები, შეძლებენ თუ არა გავლენის მოხდენას,  თუ უკვალოდ გაქრებიან?

შეეცადეთ გამოიცნოთ შემდეგი დიალოგის უკან რა იმალება:

”ქალი-დედა, ზღაპრიდან გადმოსული მზეთუნახავი. უსასრულოა მისი დედობრივი სიყვარული! ბევრი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ პოეტური სახეა, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. რომ იგი დიდი ხნის  გამქრალია და XX – XXI საუკუნეებს შემორჩა როგორც მშვენიერი ლეგენდა, როგორც ხელოვნების უნიკალური შედევრი, როგორც მხატვრული სიტყვის უკვდავი ნიმუში. “

ასე რომ, ჩვენ სიუჟეტში იდუმალი გზებით  მივყვებით იმ საიდუმლო კარებს, რომელთა მიღმა დეტალები იმალება და ლეგენდა თანდათანობით რეალობად იქცევა. დიახ, ეს ყველაფერი გაირკვევა სიუჟეტის გაგრძელებისას. იაკობ პაპიაშვილმა იცის რა იმალება კარის მეორე მხარეს, ყოველთვის ახალი სიურპრიზის მოლოდინში ამყოფებს მკითხველს.

დიდი და ტრაგედიებით სავსეა საქართველოს ისტორია. აფხაზეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კუთხეა. ქართული ტომები: აფხაზები, მეგრელები, კახელები და სხვები XII-XIII საუკუნეებში, ისევე როგორც ადრეულ ხანაში (VII-VIII საუკუნეები), არაბ-თათარ-მონღოლთა შემოსევების დროს, მათ წინააღმდეგ ერთად იბრძოდნენ. ეს ის დროა, როდესაც რუსული ენა ჩამოყალიბების პროცესში იყო, ხოლო საქართველოში  შესანიშნავი ლიტერატურული ნაწარმოებები უკვე იწერებოდა. ერთ-ერთი მათგანია მსოფლიოში ცნობილი “ვეფხისტყაოსანი”.

პაპიაშვილის პროზის, ამ შემთხვევაში რომანის ლიტერატურული სახე ეხმიანება იმ ნაწარმოებებს, რომლებმაც  სამყაროს იერსახე შეცვალა. ჰუმანიზმის, თავისუფალი აზროვნების, ასკეტური ცხოვრების უარყოფის იდეით, რელიგიისა და ზნეობის საფუძვლების შერყევით, მშვენიერმა მთხრობელმა, ჯოვანი ბოკაჩომ, “დეკამერონში”, ნოველიდან ნოველამდე,  ეგზოტიკურ ყვავილებსა და ხეხილთა შორის, მოახერხა დაეხატა ათდღიანი “დღესასწაული  ჭირის დროს“ ანუ „ვნებათა ღელვა (გატაცება) სიკვდილის პირას”.

რომანში “გაგრა” არის კვალი სულიერი გავლენისა და განცდებისა, რაც ადამიანური გრძნობების გათვითცნობიერების საშუალებას იძლევა და ზემოქმედებას ახდენს ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე.

იაკობ პაპიაშვილი კარგად ახერხებს  ურთიერთსაწინააღმდეგო სიტუაციების მოფიქრებას: მშვიდობიან დროს, ადამიანები ცხოვრების სხვადასხვა მოულოდნელობებით ერთობიან. ხილულ სიმშვიდეს  შინაგანი ბრძოლა ელოდება. რომანი ასახავს აფხაზეთის, შავი ზღვის კურორტის  საოცარ სილამაზეს: იხსნება საბჭოთა საზოგადოების ადათ-წესების მრავალფეროვანი პანორამა, იმ საზოგადოების, რომელიც საბჭოთა ზნეობის სულისკვეთებითაა აღზრდილი … ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ უცებ ჩამობნელდა, ცუდი დრო დადგა („პერესტროიკა“). მოვლენების საშუალებით ეპოქის საიდუმლოებები ვლინდება.

ამ კოშმარის გამო, ორი სურათი სასტუმრო “გაგრიფშის” ცხოვრებიდან ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, ანუ  იყო მშვიდობა – და მოულოდნელად მოხდა ომი, საშინელი და დაუნდობელი…

სიუჟეტი აშკარას ხდის სოციალურ კრიზისს, ეთიკური კოდექსებისთვის ბრძოლას, ცრურწმენებს. ნაწარმოები  ეპოქის განწყობის გამოხატვის და სულიერი ტენდენციების ამოკითხვის, ამოცნობის საშუალება ხდება: ნაწარმოების ფინალში, სიკვდილის ზღურბლზე მდგომი არსენ აფხაზავა შემდეგი სიტყვებით ამართლებს ქალს, რომელმაც ქმარი მოატყუა: “- როგორ შეიძლება ამის თქმა?” – თქვა მან. – რა შუაშია რუსია თუ ქართველი?“ ალბათ გსმენიათ ასეთი იტალიური გამონათქვამი – “ყველა ქალი მეძავია, მაგრამ დედაჩემი – წმინდანია!” ზოგადად, ნებისმიერმა ქალმა ცხოვრებაში თავის დანიშნულება  შესანიშნავად იცის – ოჯახის შექმნა და ბავშვების აღზრდა. მე აქ შეგნებულად არ ვამბობ “შვილების გაზრდას”, რადგან ამ ცნებებს შორის არსებითი განსხვავებაა. ქალი ხომ კაცისგან ითხოვს არა მხოლოდ ბავშვის გაჩენაში თანამონაწილეობას, არამედ ცხოვრების გამარტივებას და თუ ოჯახში ეს პრობლემა არ გვარდება, ქალი მუდამ ეძებს ხვრელებს, მოვალეობების შესრულების მარტივ გზებს. ”

მკითხველებს გარანტირებული აქვთ განსაკუთრებული განცდები, ამ ისტორიაში გასაღები ბევრჯერ გადატრიალდება, მხოლოდ იმისთვის, რომ თითოეული გაღებული კარის წინ შევიგრძნოთ რომ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. წიგნს მოვლენათა მორევში გადავყავართ: ისტორია, ემოციები და აზრები – ეს ყველაფერი სიუჟეტს კვანძავს. ეს ყველაფერი   მკითხველთა განცდებს ამძაფრებს. მართლაც, ამ შესანიშნავი ისტორიით სიამოვნება გარანტირებულია.

ჰერცელ ჰაკაკი,
ებრაულენოვანი მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, პოეტი, პუბლიცისტი

ებრაულიდან რუსულ ენაზე თარგმნა იაკობ პაპიაშვილმა

ქართული თარგმანი ეკუთვნის ია გორგიშელს

დაიბეჭდა “მწერლის გაზეთი”, 2021, 1-31 ივლისი, N4, გვ.10

დატოვე კომენტარი