დაკარგული სოციალიზმი

Кто ни умрет, я всех убийца тайный:
Я ускорил Феодора кончину,
Я отравил свою сестру царицу,
Монахиню смиренную… всё я!

Александр Пушкин, “Борис Годунов”, глава 7. “Царские палаты”

”დიდი სამამულო ომის დროს, ხრუშჩოვი სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის სამხედრო საბჭოს წევრი და  წითელი არმიის  კიევთან (1941) და ხარკოვთან (1942) კატასტროფული ალყის ერთ-ერთი დამნაშავე იყო” – ვიკიპედია.

სიმართლე უნდა ვთქვათ, 1942 წლის 28 მაისს ადოლფ ჰიტლერი დიდების მწვერვალზე იყო ასული. წითელი არმიის ნაწილები ხარკოვის მისადგომებთან ბარვენკოვოს რაიონში იყვნენ გარშემორტყმულნი.ხარკოვისთვის ბრძოლის პერიოდში გერმანელებმა შეიპყრეს 240 ათასი წითელი არმიის ჯარისკაცი, ხელში ჩაიგდეს მრავალი ტანკი და იარაღი, ამავდროულად ბევრი საბჭოთა გენერალი და ოფიცერი დაიღუპა ან დაიკარგა … სამხრეთ-დასავლეთის  მიმართულების სარდლობა, ს. ტიმოშენკოს, ი. ბაღრამიანის და ნ. ხრუშჩოვის შემადგენლობით, რომლებმაც სამარცხვინოდ შესძლეს ალყიდან გასვლა, უმაღლესმა მთავარსარდალმა დაინდო.

ისმის კითხვა: რატომ? ჯერ კიდევ 18 მაისს მუშურ-გლეხური წითელი არმიის გენერალური შტაბის უფროსმა ა. ვასილევსკიმ მთავარ სარდლობას შეთავაზა წინადადება ხარკოვის მიმართულებით შეტევის შეწყვეტის შესახებ და ბარვენკოვოს კლდის შვერილიდან ჯარების გამოყვანის დაწყება, მაგრამ ტიმოშენკო და ხრუშჩოვი უმტკიცებდნენ უმაღლესი მთავარსარდლობის ბანაკს, რომ მტრის მუქარის საშიშროება გაზვიადებულია და ოპერაციის წარმატებით დასრულება შესაძლებელიაო. სამწუხაროდ მთავარსარდალმა დაიჯერა არა ვასილევსკის წინადადება, არამედ ოპერაციის უშუალო ხელმძღვანელების მცდარი ვერსია.
“ი. ბ. სტალინმა ხარკოვის ოპერაციაში წითელი არმიის დამარცხებას კატასტროფა უწოდა ”.

სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების სარდლობას, რომელიც ა ს. ტიმოშენკოს, ი. ბაღრამიანის და ნ. ხრუშჩოვისაგან შედგებოდა, უმაღლესმა მთავარსარდალმა განუცხადა:
„თუ საბჭოთა ხალხს ვეტყვით სიმართლეს და შევატყობინებთ იმ კატასტროფის შესახებ, რომელიც განიცადა ფრონტმა და კვლავ განიცდის, ვშიშობ თქვენ ძალიან მკაცრად მოგექცევიან…”

გავიმეორებ, რატომ დაზოგა სტალინმა ხარკოვის მახლობლად მომხდარი ტრაგიკული ხოცვა-ჟლეტის დამნაშავენი, განსაკუთრებით ხრუსჩოვი, რადგან იგი მთავარბანაკის წარმომადგენელი იყო სამხრეთ-დასავლეთ ფრონტზე, როგორც სამხედრო საბჭოს წევრი. ლაზარ კაგანოვიჩი ხომ  არაერთხელ აფრთხილებდა იოსებ ბესარიონის ძეს, რომ ხრუშჩოვი ტროცკისტი იყო.

იქნებ მისი მეუღლის ნადეჟდა ალილუევას ხსოვნას მიაგო პატივი, რომელმაც ხრუშჩოვის კანდიდატურას კომუნისტური პარტიის უმაღლესი ეშელონში გაუწია რეკომენდაცია?
ასეა თუ ისე, ერთი თვის შემდეგ გერმანელებმა აიღეს ქალაქი როსტოვი;
კავკასიის და ვოლგის მიმართულებით გზა ხსნილი იყო. თუ ისინი ბაქოს ნავთობს ხელში ჩაიგდებდნენ, სტალინგრადის დაპყრობა გაუადვილდებოდათ. მოგვიანებით პაულიუსის მე-6 არმია სტალინგრადისაკენ დაიძრა… მაგრამ, როგორც დიდი სამამულო ომის შემდგომმა მოვლენებმა ცხადყო, 1942 წლის მაისში ხარკოვის მისადგომებთან გამარჯვება ვერმახტისათვის ბოლო ზეიმი აღმოჩნდა.

ხარკოვთან მარცხის შედეგად, 1942 წლის 28 ივლისს, უმაღლესმა მთავარსარდალმა იოსებ  სტალინმა გამოსცა ცნობილი ბრძანება N227, მკაცრი და დაუნდობელი, უფრო ცნობილი როგორც “არც ერთი ნაბიჯი უკან!”

დღეს ზოგიერთი ქართული ტელეარხი (ისინი ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ ე. წ. პერესტროიკით გაბრიყვებული, გაბითურებული, გაღატაგებული ადამიანები, განსაკუთრებით აფხაზეთში და სამაჩაბლოში, სადაც დევნილი ქართველი ხალხის სამოსახლოებს და სიწმინდეებს გადამთიელები დაეპატრონენ და ეპატრონებიან – ი. პ.) არასწორად უხსნის მაყურებელს რუსეთის რევოლუციის არსს –  ამახინჯებენ  სსრკ – ში 1917-1918 წლებში განვითარებულ მოვლენებს, რაც რუსული ასლია. აქ ჩამოვთვლი მოვლენების დამახინჯების  რამდენიმე მაგალითს:

1. ისინი ამბობენ, რომ თითქოს სტალინმა შექმნა გულაგი  (ГУЛаг). არასწორია რა თქმა უნდა! გულაგამდე   არსებობდნენ საკონცენტრაციო ბანაკები,  რომლებიც ტროცკისა და ლენინის მიერ იყო შექმნილი … უბრალოდ, სტალინმა ამ დაწესებულებებს სახელი გადაარქვა უფრო კულტურული სახით: ”ბანაკების მთავარი სამმართველო – Главное управление лагерей – (ГУЛаг)  ”.
2. “სტალინური რეპრესიები” – ტერმინი ძალზე არაზუსტია. ამ ტერმინს მთელ მსოფლიოში იყენებენ, განსაკუთრებით კი  რუსეთსა და საქართველოში.  “სტალინური რეპრესიები” ნიშნავს სტალინის მიერ ხელმოწერილ სიებს, მაგრამ აქ მხედველობაში არ მიიღება შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (НКВД) და წითელი არმიის (РККА) ბრძოლა ტროცკიზმისა და სოციალიზმის სხვა მტრების წინააღმდეგ.

ლ.პ. ბერიას (25.11.1938) შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (НКВД) – ის ხელმძღვანელად დანიშვნამდე ამ სტრუქტურებს ხელმძღვანელობდნენ გ. გ. იაგოდა და ნ. ი. ეჟოვი.
აშკარაა, რომ ე.წ. “სტალინური რეპრესიების” სიები შეადგინეს იაგოდამ და ეჟოვმა, მათ, რომლებმაც პარტიის ცენტრალური კომიტეტისგან, მალენკოვისა და ხრუშჩოვისგან შესაბამისი მითითებები მიიღეს.
ექსპერტების აზრით (ა. ს. ბარსენკოვი და ა. ვდოვინი) „ლ. პ. ბერიას НКВД – ის ხელმძღვანელის პოსტზე მოსვლისთანავე, რეპრესიების მასშტაბი მკვეთრად შემცირდა.“

ცნობილია, რომ სანამ ბერია ამ პოსტზე დაინიშნებოდა, სტალინი დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა შესაფერისი პიროვნებას შსსკ (НКВД) – ის ხელმძღვანელის პოსტზე, იმისათვის რომ შეემცირებინა დასახვრეტთა რიცხვი “ტროცკისტულ-ზინოვიევური ბლოკის” შემადგენლობიდან, რომლებიც სახელმწიფო პოლიტიკური სამართველოს (ОГПУ) მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებობდნენ.

აქ უნდა გავიხსენოთ დეპეშა, რომელიც ხრუსჩოვმა გაუგზავნა სტალინს რეპრესიების მიმდენარეობის პერიოდში. დეპეშას ხანგრძლივი ისტორია აქვს, მისი ტექსტი თავდაპირველად გამოაქვეყნა ჩუევმა მოლოტოვის გადმოცემის მიხედვით  (როგორც ამბობენ, საარქივო მასალები არ არსებობს – ი. პ.). აი, თვით დეპეშა: 1938 წელს სტალინი კიევიდან იღებს  ხრუშჩოვის  დეპეშას საყვედურით:
„ძვირფასო იოსებ ბესარიონის ძევ! უკრაინა ყოველთვიურად აგზავნის 17-18 ათას რეპრესირებულს, მოსკოვი კი ამტკიცებს არა უმეტეს 2-3 ათასს. გთხოვთ, სასწრაფოდ მიიღოთ ზომები.  სიყვარულით, ნ. ხრუშჩოვი. “
ამაზე პასუხად ხრუშჩოვი იღებს მოკლე დეპეშას:
„დაწყნარდი, სულელო! ი. სტალინი. “

არანაირი პიროვნების კულტი არ არსებობდა. ხრუშჩოვმა მალენკოვის დახმარებით (ი. პაპიაშვილი “დავიწყებული ბელადი”) შეცდომაში შეიყვანა, მოატყუა საბჭოთა ხალხი (საბჭოთა კავშირის XXII ყრილობაზე, რომელიც ჩატარდა 1961 წლის 17 ოქტომბერს, ნ. ს. ხრუშჩოვმა გამოსვლისას განაცხადა, რომ 20 წლის შემდეგ სსრკ-ში კომუნიზმი აშენდება), ნოვოჩერკასკში სისხლში ჩაახშო ელმავალმშენებელი ქარხნის მუშების მშვიდობიანი, მრავალათასიანი მიტინგი, თბილისში  ტანკები შეიყვანეს, დაიწყეს ქართველი მოქალაქეების სიკვდილით დასჯა, გააძევეს პასტერნაკი მწერალთა კავშირიდან, მიიღეს მცდარი გადაწყვეტილებები სოფლის მეურნეობაში, (კერძოდ, არასწორი გადაწყვეტილება ყამირი მიწების ათვისების საქმეში) რამაც გამოიწვია პურის გაქრობა სსრკ-ში. მის სინდისზეა ავანგარდიზმის მიმდევარი მხატვრების დევნა, ერთ ღამეში (1961 წლის 12-13 აგვისტოს) ააშენა ბერლინის კედელი ე. წ. “სამარცხვინო კედელი”. აქამდე საზღვარი გდრ-სა და ფრგ-ეს შორის მოსახლეობისათვის თავისუფალი იყო და რაც მთავარია, მან მოაწყო ანტირელიგიური კამპანია, დახურა ეკლესიები, სინაგოგები, დააპატიმრა მღვდლები, რაბინები და რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანები.

რელიგიის მოძულე კარლ მარქსმაც კი თქვა, რომ რელიგიასთან ბრძოლის ძალადობრივი მეთოდები უშედეგო და მიუღებელია. რასაკვირველია რევოლუციის გარიჟრაჟზე სტალინს ესმოდა პარტიის მიერ (ლენინი, ტროცკი) გატარებული რელიგიური პოლიტიკის უგუნურობა და როგორღაც მოახერხა თავის არიდება, არ მიიღო მასში მონაწილეობა. ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე ჩვენ გვაქვს საფუძველი მტკიცედ ვთქვათ, რომ საკუთარი მართლმადიდებლური მრწამსისათვის (გორის სასულიერო სასწავლებელი და თფილისის სასულიერო სემინარია – ი. პ.) მას თავის სიცოცხლეში არ უღალატნია.

აშკარაა, რომ მას არ შეეძლო საჯაროდ შეწინააღმდეგებოდა პარტიის ხაზს, რომელიც მიზნად ისახავდა რელიგიის სრულ განადგურებას, რადგან მას გააძევებდნენ არა მხოლოდ ხელმძღვანელობიდან, არამედ პარტიიდან, ანუ დახვრიტდნენ.
მაგრამ როცა 1922 წელს ლენინმა იგი პარტიის გენერალური მდივნის პოსტზე დააწინაურა, უკვე ერთი წლის მერე, ლენინის სასტიკი მოწოდების მიუხედავად მართლმადიდებლური რელიგიის მოსპობის შესახებ, სტალინის ინიციატივით სსრკ ყველა პარტიულ ორგანიზაციაში იგზავნება საიდუმლო ცირკულარული წერილი (განკარგულება) N30 – 16.08.1923 წ.

„რელიგიური ორგანიზაციების მიმართ დამოკიდებულების შესახებ“

წერილის ტექსტში ნათქვამია, რომ მე -11 ყრილობის გადაწყვეტილების თანახმად, აუცილებელია “გულდასმით მოერიდოთ მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას”, რომ “რწმენისა და თაყვანისცემის საგნების დაცინვა … კი არ აჩქარებს, არამედ ართულებს მშრომელთა მასების რელიგიური ცრურწმენებისგან განთავისუფლებას”. წერილში მიუთითებდნენ: აიკრძალოს ეკლესიებისა და სალოცავი შენობების დახურვა; აიკრძალოს რელიგიური ხასიათის დაპატიმრებები … (როგორ რეაგირებდნენ ადგილობრივი ხელმძღვანელები ადგილზე, ეს სხვა საკითხია- ი. პ.).

მოგვიანებით, რეპრესიების მიუხედავად, სტალინმა შესძლო საგანგებო ნაბიჯის გადადგმა: 1939 წლის 11 ნოემბერს საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკები) ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურომ (ЦК ВКП(б)) მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება:

”ამიერიდან მიზანშეუწონლად იქნეს ცნობილი სსრკ შსსკ (НКВД) ორგანოების მიერ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურთა დაპატიმრება და მორწმუნეთა დევნის პრაქტიკა… ამავე დროს, ამხანაგ ულიანოვის (ლენინის) 1919 წლის 1 მაისის N 13666-2 ინსტრუქცია “ბრძოლა მღვდლებისა და რელიგიის წინააღმდეგ”, საკავშირო საგანგებო კომისიისთვის (ВЧК)  ამხანაგ ძერჟინსკისთვის გაგზავნილი და ყველა შესაბამისი ინსტრუქცია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურთა და მართლმადიდებელი მორწმუნეების დევნის შესახებ, გაუქმდეს.“

ამ რეზოლუციიდან ჩვენ მხოლოდ მცირე ნაწილი  ამოვწერეთ, მაგრამ ვფიქრობ, მკითხველი მაინც მიხვდება, რომ  რუსი და ქართველი ანტისტალინისტების განცხადებები იმის შესახებ, რომ თითქოს  სტალინი კაციჭამია და კანიბალი იყო, სრული ტყუილია, უბრალოდ გამოგონილია.
პოლიტბიუროს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა პოლიტბიუროს ყველა წევრმა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ დროს ტროცკიზმი ჩაახშეს (1937-1938). წინააღმდეგ შემთხვევაში, ხსენებული დადგენილება არ გავიდოდა. პოლიტბიუროს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, პატიმრობიდან გაათავისუფლეს 30 ათასზე მეტი პატიმარი.
ამრიგად, შეცდომა არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ნ. ხრუშჩოვმა  სტალინის მთელ სკრუპულოზური შრომას ხაზი გადაუსვა  და ქვეყანა 20 – იანი წლებისკენ, ანუ ტროცკიზმისკენ მიატრიალა (იხ. „მესამე რომი“ – ი. პ.).
მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში ჯერ კიდევ არის რაღაც ასპექტები, რომლებიც ან ნაკლებად არის შესწავლილი, ან სხვადასხვა ავტორი ან ისტორიული სკოლა სხვადასხვა ფორმით განმარტავს მათ.
1945 წლის 9 აპრილს, ლივადიის სასახლეში, პოლონეთის საკითხის განხილვისას, რუზველტმა მოულოდნელად თქვა:
„სასურველია პოლონეთის არჩევნები, ცეზარის ცოლის მსგავსად, ეჭვგარეშე იყოს.”
მფრინავი ფრაზა “ცეზარის ცოლი ეჭვგარეშეა” ეკუთვნის თავად ცეზარს. მომავალი დიდი დიქტატორი პომპეა სულაზე დაქორწინდა ძვ.წ. 67 წელს. ორივესთვის ეს ქორწინება მეორე იყო. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ ეს კავშირი განსაკუთრებით საჭირო იყო თავად ცეზარისთვის, ვინაიდან პომპეა სულა იყო პომპეუს დიდის ნათესავი.
ქორწინების ორგანიზატორი იყო ცეზარის დედა ავრელია კოტა. სკანდალი მოხდა ცეზარის სახლში, სიკეთის ქალღმერთის საიდუმლოებაზე, სადაც ჩვეულებრივ მხოლოდ ქალები იკრიბებოდნენ, მაგრამ იქ მოულოდნელად ქალის სამოსში გადაცმული მამაკაცი აღმოჩნდა.
ცეზარი, რომელსაც მაშინ დიდი პონტიფიკის თანამდებობა ეკავა, ამ ინციდენტის შემდეგ დაუყოვნებლივ გაშორდა ცოლს და განქორწინებისას წარმოთქვა ფრაზა: “ცეზარის ცოლი ეჭვგარეშეა”. მოგვიანებით ფრაზა ფრთიანი გახდა.
სწორედ ეს ფრაზა გამოიყენა რუზველტმა იალტის კონფერენციის დროს, რაზეც სტალინმა მაშინვე მოახდინა რეაგირება:
”ასე ცეზარის მეუღლეზე მხოლოდ ლაპარაკობდნენ. სინამდვილეში მას ჰქონდა გარკვეული ცოდვები ”.
ცეზარის ცოლის ცოდვებზე საუბრისას, სტალინმა თავის მოკავშირეებს სინამდვილეში შეახსენა ის ცოდვები, რომლებიც მათ დაუშვეს მეორე მსოფლიო ომის წინ:
30-იან წლებში ლონდონი, ვაშინგტონი და პარიზი საერთოდ არ ენდობოდა სტალინს და, ალბათ, მხარს უჭერდნენ ვაიმარის რესპუბლიკის პრეზიდენტს (გერმანიის ბურჟუაზიულ- დემოკრატიული რესპუბლიკა) პაულ ფონ ჰინდენბურგს, რომელმაც ხელისუფლება გადასცა ნაციონალ-სოციალისტებს.
1933 წლის 30 აპრილს ჰინდენბურგმა ჰიტლერი დანიშნა მესამე რეიხის კანცლერად და გერმანიაში დამყარდა ნაცისტური დიქტატურა. ვაიმარის რესპუბლიკამ ფაქტობრივად შეწყვიტა არსებობა.
ამ მომენტიდან დასავლეთის სახელმწიფოების უნდობლობა სტალინის მიმართ გაიზარდა და კულმინაციას მიაღწია 1938 წლის სექტემბრის ბოლოს მიუნხენის კონფერენციის დროს (ე.წ. მიუნხენის შეთქმულება), სადაც ჩემბერლენმა, დალადიემ, ჰიტლერმა, მუსოლინიმ და ციანომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას სუდეტის რეგიონის ნაცისტებისთვის გადაცემის შესახებ, რომლის ძალითაც ჩეხოსლოვაკიამ, როგორც სახელმწიფომ, შეწყვიტა არსებობა, ვინაიდან ჰიტლერმა დაიპყრო მისი მთელი ტერიტორია.
სერ  ჰორაცი ვილსონ, უილსონ ჰორასი მეტსახელად “მშვიდობისმყოფელი ბოროტი გენიოსი”, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ნევილ ჩემბერლენის პოლიტიკური მრჩეველი, პოლიტიკურ საკითხებსა და დიპლომატიაში, საბჭოთა და ჩეხოსლოვაკიის დელეგაციები მიუნხენის კონფერენციაზე არ დაუშვა.
ისეთმა ბრძენმა სახელმწიფო მოღვაწემაც კი, როგორიც აშშ-ს პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი იყო, გადაწყვიტა, რომ მიუნხენის შეთანხმებამ  ხალხებს შორის ღრუბლები გაფანტა და საჭიროდ ჩათვალა ჩერბერლენთან მისალოცი დეპეშის გაგზავნა … სინამდვილეში, მეორე მსოფლიო ომი დაიწყო.
გერმანელმა გენერლებმა, რომლებიც რეიხ კანცლერის პოსტიდან ჰიტლერის მოხსნის გეგმებს ამზადებდნენ, აჯანყება გვერდზე გადადეს, მიესალმნენ კაცს, რომელმაც ჩეხოსლოვაკიის ანექსია ერთი გასროლის გარეშე მოახერხა.
ჰიტლერი ნაძირალა, მანიაკი, რომელიც ოცნებობდა მსოფლიო ბატონობაზე, ოცნებობდა ებრაელების მოსპობაზე, ოცნებობდა ქვეყნებისა და ხალხების დამონებაზე, გრძნობდა რა დასავლეთის ქვეყნების ლიდერების სისუსტესა და უძლურობას, დაოკების ნაცვლად აგრესია გააგრძელა და დაიპყრო მთელი ევროპა.

არა, სტალინს არ სურდა ომი. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი (1939 წლის 23 აგვისტო), პოლონეთის გაყოფა (1939 წლის 28 სექტემბერი) და ჰიტლერთან გავლენის სფეროების განაწილება საბჭოთა პოლიტიკური კურსის შეცვლას წარმოადგენდა და ნაძალადევი, თავსმოხვეული გადაწყვეტილება იყო.
ზოგიერთი წყარო ირწმუნება, რომ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი ხელმოწერილი რომ არ ყოფილიყო, ჰიტლერი აპირებდა სსრკ-თან ომის დაწყებას 1939 წლის ბოლოს … რომ არა ეს დაწყევლილი მეორე მსოფლიო ომი, რომელშიც სამი ჩემი ძვირფასი ბიძა აბრამი, გარი და ისრაელი დაიღუპა  (იხ. ი. პაპიაშვილის დოკუმენტური ნარკვევი: “რკინას ცეცხლი აფოლადებს” – თავდაპირველად გამოქვეყნდა გაზეთ “ქუთაისის” ლიტერატურულ გვერდზე, შემდეგ “ლიტერატურულ საქართველოში” და “სოფლის ცხოვრებაში”, ხოლო ბოლოს ისრაელის რუსულენოვან გაზეთში: “Новости недели”, 6 мая, 2008, с. 10-11) 50-იან წლებში საბჭოთა ხალხი სოციალიზმში იცხოვრებდა, რაზეც ოცნებობდა სტალინი.
ვიმეორებთ, სტალინს არ სურდა ომი, რადგან ომი დამანგრეველი იყო სოციალისტური მშენებლობისთვის.

საბჭოთა მწერლების პირველი ყრილობა

1934, აგვისტო. მოსკოვში გაიმართა საბჭოთა მწერლების პირველი საკავშირო ყრილობა. ყრილობის მუშაობაში 600-ზე მეტმა საბჭოთა მწერელმა მიიღო მონაწილეობა. ქართული დელეგაცია მოსკოვში 30 კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა. მიწვეული იყო 40 სტუმარი უცხოეთიდან. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიოს პროგრესულმა საზოგადოებამ პირველად სტალინის ინიციატივით გაიგონა ორი სახელი: შოთა რუსთაველი და “ვეფხისტყაოსანი”. ცარიზმის ეპოქაში “ვეფხისტყაოსნს” წვავდნენ და ანადგურებდნენ. საქართველოში ჯერ კიდევ არიან “ჭკვიანები”, რომლებიც წყევლიან მსოფლიო პოეზიის ამ ბრწყინვალე შედევრს.

ყრილობა გახსნა მაქსიმ გორკიმ. საქართველოდან სიტყვით გამოვიდა დელეგატი მალაქია ტოროშელიძე. როგორც ბესო ჟღენტი გაზეთ „კომუნისტში“ იგონებდა, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მალაქია ტოროშელიძე ყრილობის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე გამოიძახეს მოსკოვში, კრემლში, რადგან საქმეში ჩაერია სტალინი. მის შეკითხვაზე, თუ როგორ ჩამოაყალიბებდა მოხსენებას მწერალთა ამ დიდ ფორუმზე ქართული ლიტერატურის შესახებ, ტოროშელიძემ უპასუხა, რომ მოახსენებდა ყრილობას მნიშვნელოვან მოვლენებზე, იმ ქართველი მწერლების შესახებ, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებები შექმნეს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში; კერძოდ, გაამახვილებდა ყურადღებას ისეთ ნაშრომებზე, რომლებშიც სოციალისტური რეალიზმი მრავალფეროვნად არის წარმოჩენილი. ასეთმა გამონათქვამმა სტალინი თურმე ძალიან აღაშფოთა და ტოროშელიძეს მკაცრად მიუთითა; როგორ ოქტომბრის რევოლუციამდე ჩვენს წინაპრებს კულტურისა და მწერლობის სფეროში არაფერი შეუქმნიათ? გადაეცით ქართველ მწერლებს, რომ მოხსენება უნდა დაიწყოთ რუსთაველიდან მაინც, თუ უფრო ადრეული, ჰაგიოგრაფიული მწერლობიდან არა, „დაე, გაიგოს ყველამ ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთაც, როგორი ღირებულების კულტურული განძი შეუქმნია ქართველ ხალხს ოქტომბრის რევოლუციამდე.“ შემდეგ ბესო ჟღენტი იხსენებს, თუ როგორ წერდნენ ქართველი მწერლები მატარებლის ვაგონში პირველ საკავშირო ყრილობაზე წასაკითხ მოხსენებას, რაც დაახლოებით ასე გამოიხატება: „მატარებლის ვაგონის კუპის კართან რიგი იდგა, ყველა დელეგატს ხელში ეჭირა ფურცლები და ითხოვდნენ მათი ნააზრევი მოხსენებაში ჩაგვერთო.“

მეორე დღეს, 18 აგვისტოს, მალაქია ტოროშელიძის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, კავშირების სახლის სვეტებიანი დარბაზის ფოტოსურათების რიგი გადაადგილდა. საბჭოთა მწერლების პირველი ყრილობის დელეგატებს სვეტებიანი დარბაზის კედლებიდან უკვე ღიმილით ესალმებოდნენ მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი უკვდავი პოეტები, მწერლები, ლიტერატორები: რუსთაველი, პუშკინი, შევჩენკო, გოგოლი, ჰეინე, მოლიერი, ნეკრასოვი, სალტიკოვ-შჩედრინი, ბალზაკი.

ყრილობის მიმდინარეობის დროს, ერთ-ერთ ლიტერატურულ საღამოზე მწერალმა ნ. ტიხონოვმა წაიკითხა გალაკტიონის ლექსების თარგმანები რუსულ ენაზე.
საბჭოთა ლიტერატურის ძირითად მეთოდად ყრილობამ მიიღო სოციალისტური რეალიზმი.
პირველი საკავშირო ყრილობის მიმდინარეობის დღეებში, ყრილობის ახალგაზრდა დელეგატმა, პოეტმა ირაკლი აბაშიძემ შექმნა უკვდავი ლექსი:
„უცებ ღელვა და ჟრუანტელი,
უცებ თვალებში ბედნიერი ალმასის წვეთი,
კავშირთა სახლში შემოვიდა დიდი ქართველი
და ტრიბუნასთან დაიკავა პირველი სვეტი!“.

                            „რუსთაველის სახე სვეტებიან დარბაზში“

აღნიშნულის ფონზე, რა თქმა უნდა, საინტერესოა რატომ შეიკავა თავი სტალინმა ნოე ჟორდანიას საქართველოში დაბრუნებაზე, როცა ამის შესახებ მას რამდენჯერმე შეახსენა პეტრე შარიამ.

როგორც ადრე ვწერდი 1921 წლის 20-21 თებერვალს ქართული განძი (249 ყუთი) თბილისიდან ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი ბათუმში გადაიტანეს და თავდაპირველად ფრანგულ სამხედრო გემზე კრეისერ “ერნესტ რენანზე” დააკაბადონეს.
249 ყუთი პირობითი გამოთქმაა, ვინაიდან განძს აფასოებდნენ ყუთებში, ტომრებში, ხელჩანთებში და ა. შ.
ღვთის კაცის, ექვთიმე თაყაიშვილის გარეშე ამ საქმის გახაზირება საქართველოში არავის შეეძლო, რადგან მხოლოდ მან იცოდა სად, რომელ ტაძარში, რომელ მონასტერში, რომელ ეკლესიაში ინახებოდა სრულიად საქართველოს განძეულობა. მასში შედიოდა: თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა, ოქრო-ვერცხლის ხატები, თვალ-მარგალიტით მოოჭვილი დიადემები, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის, ბორჯომის და ლიკანის სასახლეების ძვირფასეულობა, ქართული მინანქრების ძვირფასი კოლექცია და ვინ იცის კიდევ რა. ტყუილად ენამჭევრობენ პატივცემული ქართველი მკვლევარები, როცა გვიმტკიცებენ თითქოს ივანე ჯავახიშვილის გავლენით გადაწყვიტა ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს აურაცხელი სიმდიდრის საზღვარგარეთ გატანა. ივანე ჯავახიშვილი აქ არაფერ შუაშია, ყველაფერი ნოე ჟორდანიას განკარგულებით მოხდა.

ის,  რომ ბატონი ექვთიმეს თვალსაწიერიდან ქართული განძი (39 ყუთი) მეორე მსოფლიო ომის გარდამტეხ ეტაპზე დაკარგული იყო, აღარ იცოდა მისი ადგილ-სამყოფელი და მისი დაბრუნების იმედი გადაწურული ჰქონდა. კარგად ჩანს მისივე ანდერძიდან, რომელიც შედგენილია 1943 წლის 26 დეკემბერს სოფელ ლევილში. ჩემი ნაშრომის “სტალინი, დე გოლი და ქართული განძი” (“მწერლის გაზეთი”, თბ. 2015, N3, გვ. 8) გამოქვეყნების მერე ე. თაყაიშვილის ანდერძის სრული ვერსია ინტერნეტიდან რატომღაც გაქრა.

ახლა უმჯობესია დაუბრუნდეთ საკითხს, რატომ უთხრა სტალინმა უარი ნოე ჟორდანიას საქართველოში დაბრუნებაზე? ნუთუ ეშინოდა მისი? არა მგონია, სტალინს ჰიტლერული კოალიციის არ ეშინოდა და ჟორდანიასი როგორ შეეშინდებოდა.
მაშინ, იქნებ იმიტომ უთხრა სტალინმა ნოეს  სამშობლოში დაბრუნებაზე უარი, რომ მენშევიკებმა 210 ყუთში მოთავსებული განძეული, ე. წ. სახაზინო ქონება (საინტერესოა რატომ ჰგონიათ მავანსა და მავანს რომ ეს ქონება მენშევიკების იყო და არა ქართველი ხალხის სამომავლო პერსპექტივა – ი. პ.) – ოქროსა და ვერცხლის ზოდები და სხვა საბიუჯეტო სიმდიდრენი რაც გადაადნეს, გაყიდეს და ლევილის მამული იყიდეს?

არა, გამორიცხულია, არც ამისთვის. სტალინი არამარტო გენერალისიმუსი, არამედ კარგი ეკონომისტიც იყო და კარგად ესმოდა,  რომ ქართველი ხალხის ავლა-დიდება რომ არ გაეყიდათ მენშევიკები ფიზიკურად ვერ გადარჩებოდნენ. საბოლოო პასუხი კი ასეთია: სტალინმა ნოე ჟორდანიას არ აპატია წიგნის გამოცემა: “რუსთაველის კრიტიკა”.

                                                                           იაკობ პაპიაშვილი
                                                                         გალაკტიონ ტაბიძის და  ივანე მაჩაბლის პრემიის ლაურეატი,
                                          ნობელის პრემიის ნომინანტი 2018, 2019, 2020, 2021 წლებში

დატოვე კომენტარი