მამულიშვილი და მამულიშვილობა

მოგონება

“Зачем нам, поручик, чужая земля”

… 60 წლის იუბილე პირველმა მივულოცე. სტატია ჟურნალ “განთიადში” გამოქვეყნდა – ქუთაისი,1993. – N9-10. გვ. 158-159. აქვს მას ნაწარმოები “კაი ყმა”, მაგრამ მისი პიროვნების შეფასება მხოლოდ ერთი სიტყვით არის შესაძლებელი – მამულიშვილი.
ნიჭიერი ხალხი უყვარდა, თავად ქართული მხატვრული სიტყვის დიდოსტატი იყო და ნაღდი ნიჭით დაწერილ ნაწარმოებებს სანთლით ეძებდა.
მწერალთა კავშირში, მაჩაბლის ქ. N13, როცა ზოგჯერ საკუთარი კაბინეტიდან გამოსულს შემთხვევით შევხვდებოდი, წამიერად შეჩერდებოდა, მხარზე ხელს დამარტყამდა, “როგორა ხარ ლომო” – მეტყოდა და გზას გააგრძელებდა.
საქართველოს მწერალთა კავშირის საწევრო ბილეთი N478 თავის კაბინეტში თვითონ გადმომცა და ასე მითხრა:
“ეს ბილეთი ფარული კენჭისყრის შედეგია”, – თქვა და მერე მეგობრულად დასძინა, – ისე, რომ იცოდე, მე, თამაზ წივწივაძემ და რეზო ჭეიშვილმა ამ საწევრო ბილეთისათვის დიდი შრომა გავწიეთ.”
ამას იმიტომ ვიგონებ და ვწერ, რომ ბევრს არ ეხატა გულზე ჩემი ქართველ მწერალთა დიდ ოჯახში გაწევრიანება. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ კბილებით ვიცავდი მხატვრულ ჟურნალ-გაზეთებში გამოსაქვეყნებლად წარდგენილ ჩემს ყოველ ნაწარმოებს.
აქ მინდა გავიხსენო საქართველოს მწერალთა კავშირის ის ბოლო ყრილობა რომელსაც მე დავესწარი: “მანდატი N452, იაკობ პაპიაშვილი, არის საქართველოს მწერალთა XII (XIX) ყრილობის მონაწილე გადამწყვეტი ხმის უფლებით.
ყრილობა გაიხსნება 1995 წლის 17 მაისს, დილის 10 საათზე, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში (გიორგი ლეონიძის ქ. N110). საქართველოს მწერალთა კავშირის სამდივნო” დარბაზი ქართველი მწერლებით იყო გადაჭედილი. საქართველოს მეორე პრეზიდენტი და პარლამენტის თავჯდომარე ბატონი ედუარდ შევარდნაძე დროულად მობრძანდა. ბატონმა გურამ ფანჯიკიძემ იგი სცენაზე მიიწვია და დარბაზში მსხდომთ შეგვეკითხა:
“ბიულეტინები ფარული კენჭისყრისათვის ახლა დავარიგოთ თუ მოხსენების წაკითხვის შემდეგ?”
ამ დროს ჩემს შორიახლოს მჯდარი ბატონი რევაზ მიშველაძე ადგილიდან წამოდგა და ხმამაღლა გამოაცხადა:
“არ არის საჭირო ბიულეტინების დარიგება. შემოვდივარ წინადადებით, რომ საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ კვლავ ავირჩიოთ ბატონი გურამ ფანჯიკიძე. ვინც მომხრეა ავწიოთ ხელი.”
წინააღმდეგი არავინ იყო. თავი არავის შეუკავებია. ბატონი გურამი ერთხმად აირჩიეს საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ. ბატონმა გურამმა, ნდობისათვის, ყრილობის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა, პიუპიტრს მიუახლოვდა, საქაღალდიდან ფურცლების შეკვრა ამოიღო და მოხსენების წაკითხვისათვის მოემზადა.
ის იყო კითხვა უნდა დაეწყო, რომ უეცრად შედგა, ქაღალდებს დაუწყო ფურცვლა… როგორც ჩანდა, თავფურცელი სადღაც გაებნა. ამის გამო მან დამსწრე საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და სწრაფი ნაბიჯით კულისებში გაუჩინარდა.
როცა დაბრუნდა კვლავ ბოდიში მოიხადა და მოხსენების კითხვა დაიწყო.
მოხსენების საერთო შინაარსს აქ, ჩვენს შემთხვევაში, აღარავითარი მნიშვნელობა არა აქვს და ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მოხსენებაში მწვავე კრიტიკა იყო გატარებული საქართველოს პრეზიდენტის ბატონი ედუარდ შევარდნაძის მიმართ; და თუ მეხსიერება არ მღალატობს საკითხი ეხებოდა რუსთაველის საიუბილეო დღეების ჩატარებას მთელი საქართველოს მასშტაბით, რაზეც პრეზიდენტის სამსახურმა რეაგირება არ მოახდინა.
მოხსენების დამთავრების შემდეგ ბატონმა გურამმა სიტყვა მისცა ბატონ ედუარდ შევარდნაძეს. პრეზიდენტი თავდაპირველად ქართველ მწერლებს მიესალმა და აღნიშნა მიმდინარე ფორუმის დიდი მნიშვნელობა, შემდეგ კი უეცრად ფანჯიკიძისაკენ შებრუნდა და თავისებური მომაჯადოებელი ღიმილით უთხრა:
“გურამ, კრიტიკას ვღებულობ, მაგრამ უამრავი გადაუდებელი საქმეებია და როგორც ჩანს დამავიწყდა. აი, შენც ხომ დაგავიწყდა მოხსენების დასაწყისისათვის განკუთვნილი ფურცლები… ჰოდა, მეც დამავიწყდა. ვეცდები, რომ დაშვებული შეცდომა გამოვასწორო.”
შემდეგ პრეზიდენტმა სერიოზული სახე მიიღო და დარბაზში მსხდომთ მოგვმართა:
“მე დავბრუნდი აქ, ჩემს სამშობლოში, საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად. თქვენ თვითონ მთხოვეთ გავმხდარიყავი თქვენი პრეზიდენტი, რათა მკაცრად აღვკვეთო ის აღვირახსნილობა რაც ახლა ხდება ჩვენს რესპუბლიკაში. ბევრმა ამისთვის “თეთრი მელა” შემარქვა… მე გეკითხებით თქვენ ქართველ მწერლებს, რატომ კაცო, რატომ “თეთრი მელა” ?.. დაფიქრდით ხალხო, კარგად დაფიქრდით, რა წავართვი მე ქართველ ხალხს, რა წავიღე მე მოსკოვში ან ამერიკაში?”
ის რომ შევარდნაძის სიტყვები “თეთრ მელასთან” დაკავშირებით, სინამდვილეა, თვითონ ვარ მოწამე; იმ დღეებში, რუსთაველის პროსპექტზე საკუთარი თვალით ვიხილე თეთრ ცხენზე ამხედრებული, თეთრ ნაბადში და ბოხოხში გამოწყობილი ქალბატონი, რომელიც მოსახლეობას მოუწოდებდა გაეძევებინათ თბილისიდან “თეთრი მელა”, ადამიანი, რომელმაც საქართველო, რეალური მსოფლიოს მასშტაბით, დამოუკიდებელ რესპუბლიკად ჩამოაყალიბა, შექმნა და რუსეთთან ერთად დემოკრატიული პრინციპების რელსებზე შეაყენა.

ედუარდ ამბროსის ძემ ასევე დიდი წვლილი შეიტანა ბერლინის კედლის დანგრევის საქმეში, რომლის პროპაგანდისტული სახელი იყო ”ანტიფაშისტური თავდაცვითი კედელი”, რომელიც აშენდა 1961 წლის 11 აგვისტოს ერთ ღამეში, ნიკიტა ხრუშჩოვის ბრძანებით.
ედუარდ შევარდნაძის ინტერვიუდან “Времени новостей”-სთვის :
„კითხვა:
თქვენ საბჭოთა-ამერიკული განტვირთვის საწყისებთან იდექით. ახლა როგორ ვითარდება ურთიერთობები მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის?
– რუსეთი და ამერიკა დაინტერესებულნი არიან ურთიერთობების გაუმჯობესებით, ეს არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ. მე ბევრს ვაკეთებდი საბჭოთა-ამერიკული ურთიერთობებისთვის, შვიდჯერ შევხვდი აშშ-ს მაშინდელ პრეზიდენტ რონალდ რეიგანს. პირველი შეხვედრა საშინელი იყო, მეორე უკვე შედარებით ნორმალურია, მესამეზე კი მან უკვე სადილი მოაწყო. თავდაპირველად, საბჭოთა კავშირი მას ბოროტ იმპერიად მიიჩნდა. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ მიხაილ გორბაჩოვთან მისი 1985 წელს ჟენევაში შეხვედრის მომზადებაზე. მოლაპარაკებების დასაწყისმა იმედები გაგვიცრუა. აშშ – ს მაშინდელი სახელმწიფო მდივანი ჯორჯ შულცი და მე ველოდებით, სანამ ორი ლიდერი მოლაპარაკებებს აწარმოებდა. გორბაჩოვი გამოვიდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ თქვა: “ედუარდ, შეუკვეთე თვითმფრინავი, მივფრინავთ მოსკოვში. მათთან საქმის დაჭერას აზრი არ აქვს.”
– თქვენ რა უპასუხეთ?
– რა მოხდება, თუ ახლა ჩვენ გავფრინდებით, მაშინ წარუმატებლობაში საბჭოთა ლიდერებს დაადანაშაულებენ, კერძოდ, თავად მიხაილ სერგეევიჩს. მაშინ გორბაჩოვის ცოლის რაისა მაქსიმოვნას პოზიცია დაგვეხმარა. ჭკვიანი ქალია, მან მხარი დამიჭირა და ქმარს უთხრა: “ედუარდი მართალია”. გადაწყდა მოლაპარაკებების გაგრძელება, შემდეგ კი შეხვედრა კარგად დასრულდა (“Время новостей”, 2010 წლის 27 მაისი).

ავტორის მინაწერი: მაგრამ, როგორც ჩანს, რუსულ პოლიტიკას, ჯერჯერობით კვლავ უძნელდება ცარიზმის დროინდელი იმპერიალური აზროვნებისაგან განთავისუფლება. ამასთან დაკავშირებით მიზანშეწონილად მიმაჩნია ცნობილი რუსი მომღერლის ალექსანდრე მალინინის რომანსის “Поручик Голицын”-ის გახსენება, სადაც არიის ფინალში არის მოწოდება: “Зачем нам, поручик, чужая земля.” ეს მოწოდება გვარწმუნებს, რომ რუსი ხალხი, ის რუსი ხალხი, რომელიც კარგად იცნობს რუსთაველის საქართველოს, ის რუსი ხალხი, რომლის ხსოვნაში მტკიცედ არის დამკვიდრებული ბაგრატიონების ღვაწლი რუსული სამხედრო ძლიერების განვითარებაში, ის რუსი ხალხი, რომელსაც კარგად ახსოვს ის დიდი დაუვიწყარი ბრძოლა, რომელმაც რუსეთი და მთელი მსოფლიო ჰიტლერიზმისაგან -ფაშიზმისაგან იხსნა და რუსეთი ზესახელმწიფოდ (საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი დემოკრატიულ სახელმწიფოდ – ი. პ.) აქცია, დიახაც რომ კარგად იცნობს რუსთაველს – რუსთაველის საქართველოს, კარგად იცნობს ქართულ კულტურას – საუკუნოვან კატაკლიზმებში რუსულ კულტურასთან შესისხლხორცებულს, რომელთა რიგებში მტკიცედ დგანან პროგრესული რუსი საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ბატონი გურამ ფანჯიკიძე და ახლახანს გარდაცვლილი მისი მეუღლე ქალბატონი მაია ფანჯიკიძე. მათი ღრმა კვალი შთამბეჭდავი და წარუშლელია – პირველის პროზაში და კინოხელოვნებაში, ხოლო მეორის მხატვრული კლასიკური ლიტერატურის თარგმანის საქმეში.
ჩემი აზრით, ამ ორი შესანიშნავი პიროვნების შემოქმედების საიუბილეო დღეების აღნიშვნა თბილისში, მოსკოვში და პეტროგრადში (ლენინგრადში) კეთილგონივრულ გარემოს შექმნის საქართველოს გამთლიანებისათვის.

იაკობ პაპიაშვილი
გალაკტიონ ტაბიძს და ივანე მაჩაბლის პრემიის
ლაურეატი, ნობელის პრემიის ნომინანტი

ისრაელი, ბათ იამი
ოქტომბერი, 2019

გამარჯობათ ქალბატონო ია!
დიდი მადლობა ყურადღებისათვის, და კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ შობა-ახალ წელს – 2020-ს, მრავალს დაესწარით!
აგრეთვე, თქვენის მეშვეობით მსურს მივულოცო ახალი წელი საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომელს და ვუსურვო წარმატებები პირად ცხოვრებაში და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში.
ქალბატონო ია, დიდათ დამავალებთ თუ ჩემი სახელით საახალწლო მილოცვას გადასცემთ ქალბატონ მანანა გორგიშვილს, ბატონ სოსო სიგუას და, რა თქმა უნდა, ბატონ რევაზ მიშველაძეს. იგულისხმება, რომ მე დიდი ყურადღებით გავეცანი ბატონი რეზოს წერილებს: “ყვარლელთა მაგალითი მისაბაძია” და “განცხადება”.
ამასთან დაკავშირებით მინდა ავღნიშნო, რომ ჩემი ისტორიული მნიშვნელობის ნაშრომის – “მამულიშვილი და მამულიშვილობა” – გამოქვეყნება “მწერლის გაზეთის” ფურცლებზე ხელს შეუწყობს არამარტო საქართველოს გამთლიანებას, არამედ მწერალთა სახლის (მაჩაბლის 13) ქართველი მწერლების კომპეტენციაში გადაცემას (როგორც სიმბოლო ქართული სიტყვის სამარადჟამო უკვდაეობისა). ჩემი ისტორიული მნიშვნელობის მოგონება გზავნილი იქნება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის, რათა რუსთაველის 850 წლის იუბილე მრავალმხრივად აღინიშნოს არამარტო საქართველოში, არამედ მთლად მსოფლიოში. თუ საქართველოს პრემიერი ბატონი გიორგი გახარია კიდევ ერთხელ ილაპარაკებს და კიდევ
ერთხელ შეახსენებს აშშ-ს, რუსეთს და სხვა ზესახელმწიფოთა ლიდერებს “თუ როგორი ღირებულების კულტურული განძი შეუქმნია ქართველ ხალხს” იმ ეპოქაში, როცა თვითმპყრობელური მანქანების ბოროტება მხოლოდ სხვა ხალხების ტერიტორიების ოკუპაციას მიელტვოდა და ადამიანის თავებისაგან კოშკებს აგებდა, ამით არაფერი დაშავდება. “დაე, გაიგოს ყველამ ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთაც” “ვეფხისტყაოსნის” რუსთველური უკვდავი იდეის: ხალხთა შორის მტკიცე მეგობრობის,
სიყვარულის და მშვიდობიანი თანაარსებობის შესახებ.
ქალბატონო ია, იმედი მაქვს, რომ ეს მცირე სახის წერილი გადაეცემა ქალბატონ მანანა გორგიშვილს, ბატონ სოსო სიგუას და თვითონ ბატონ რევაზ მიშველაძეს.
კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ახალ 2020 წელს. მრავალს დაესწარით.

პატივისცემით და კეთილი სურვილებით,
იაკობ პაპიაშვილი,
გალაკტიონ ტაბიძის და ივანე მაჩაბლის პრემიის ლაურეატი,
ნობელის პრემიის ნომინანტი
10.01.2020, ბათ იამი

დატოვე კომენტარი