პონტი პილატე

ისტორია და ევანგელია

                                                              ებრაელი ხალხი უდანაშაულოა და არავითარი
                                                              ბრალი არ მიუძღვის იესო ქრისტეს ჯვარცმაში
                                                                                           ავტორი

ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, ქრისტეს 12 მოწაფეთაგან ერთ-ერთმა იუდა ისკარიოტელმა 30 ვერცხლის ფასად გაყიდა იესო და შეაპყრობინა იუდეველთა მღვდელმთავრებს, რომლებმაც რომაელების დახმარებით იგი ჯვარს აცვეს. ასე გადმოგვცემს ევანგელია, თუმცა დამნაშავეა თუ არა ებრაელი ხალხი ქრისტეს სიკვდილში დღემდე საკამათოა და ფართო საზოგადოებისათვის ბევრი რამ გაუგებარია.
რომის კათოლიკური ეკლესიის გადაწყვეტილების თანახმად ირკვევა, რომ ებრაელი ხალხი უდანაშაულოა და არ მიუძღვის ბრალი მაცხოვარის სიკვდილში, მაგრამ მართლმადიდებლური ეკლესია რომის კათოლიკური ეკლესიის ამ ვერსიას არ ეთანხმება.
ჩემს მიერ გაკეთებული ესქატოლოგიური ანალიზი, ის რომ იუდა ისკარიოტელი ასრულებდა ქრისტეს დავალებას “გააკეთე რასაც აკეთებ” (იოანე, თავი 13) არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ საკითხი ებრაელების სასარგებლოდ გადაწყვეტილიყო, რამეთუ მართლმადიდებლური ეკლესია ამ იდეოლოგიას არც წარსულში იზიარებდა და არც ამჟამად არ იზიარებს.
იმისათვის, რომ გაირკვეს რომის კათოლიკური ეკლესიაა მართალი თუ მართლმადიდებლური ეკლესია ხუთმმართველობის პრინციპით (რომი, კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია და იერუსალიმი), უნდა გავიხსენოთ ზოგი რამ ისტორიიდან.
იროდ დიდის ანდერძის (4 წ. ჩვ. ე.) თანახმად ისრაელის სამეფო (1) ანუ იუდეველთა სამეფო განაწილდა მის სამ შვილს – იროდ არქელაოს, იროდ ფილიპეს და იროდ ანტიპას შორის. ცნობილია რომ იროდ ანტიპამ მოახერხა მეგობრული ურთიერთობის დამყარება რომის იმპერატორ ტიბერიუსთან, თავის სამფლობელოში დააარსა მისი სახელობის ქალაქი ტიბერიადა და ამით შეძლო თავისი უფროსი ძმების სამფლობელოების მითვისება. აგრეთვე ანტიპამ თავისი ბიძაშვილი იროდ აგრიპა დაატუსაღა ცრუ ბრალდებით, თითქოსდა მან ტიბერიუსს უწინასწარმეტყველა მოსწრაფებული სიკვდილი. მოგვიანებით ახალმა იმპერატორმა, ტიბერიუსის შვილობილმა გაიუს იულიუს ცეზარმა ავგუსტუს გერმანიკმა, მეტსახელად კალიგულა (ნიშნავს პატარა ჩექმას; ეს მეტსახელი მას შეარქვეს რომაელმა ჯარისკაცებმა, რადგან იგი, ჯერ კიდევ მცირეწლოვანი ახლდა მათ ლაშქრობებში) შეიწყალა იროდ აგრიპა, გაანთავისუფლა ტყვეობიდან და უბოძა მას მეფის ტიტული და ტეტრარქიის (2) მმართველობა (იოსებ ფლავიუსი, “იუდეველთა სიძველენი” XVIII, თავი 6-7).

ავტორის შენიშვნა:
(1) მიუხედავად იმისა, ხსენებულ ისტორიულ ეპოქაში ისრაელის სამეფო არ
არსებობდა, ავტორი აიგავებს მას იუდეველთა სამეფოსთან და ამით პარალელს ავლებს დღევანდელ ისრაელის სახელმწიფოსთან – ებრაელი ხალხის სახელმწიფოსთან.
(2) ქვეყნის მეოთხედი ნაწილის სახელწოდება – მმართველობის ფორმა რომის
იმპერიაში ანუ ოთხხელისუფლებიანობა. კანონი გაუქმდა ქრისტეს შემდგომ.

აღსანიშნავია რომ იუდეის ოლქი დედაქალაქით იერუსალიმი არც ერთ ზემოდასახელებულ ოთხ იუდეველ მეფეს არ ემორჩილებოდა 6-დან 41 წლამდე, რადგან ეს პროვინცია მაშინ იყო რომის იმპერიის შემადგენლობაში და მეფისნაცვლებს ნიშნავდნენ თვითონ იმპერატორები. კორნელი ტაციტი მათ უწოდებს იუდეის პროვინციის პროკურატორებს, იოსებ ფლავიუსი – მეფისნაცვლებს ან მმართველებს, მაგრამ 1961 წელს კესარიაში აღმოჩენილმა წარწერამ, რომელიც დათარიღებულია პონტი პილატეს მმართველობის პერიოდით, აღნიშნავს რომ, როგორც პილატე ისე სხვა იუდეის პროვინციის მმართველების თანამდებობა იყო პრეფექტი ანუ ისინი იწოდებოდნენ იუდეის პროვინციის პრეფექტად 6-დან 41 წლამდე. ამ საკითხს ჩვენ ისევ დაუბრუნდებით.
იუდეის პროვინციის მეფისნაცვლები ერთპიროვნული, დამოუკიდებელი მმართველები იყვნენ… ისინი პირადი შეხედულებისამებრ ნიშნავდნენ და ცვლიდნენ იუდეველთა ტაძრის მღვდელმთავრებს, ამ თანამდებობის მაძიებლებისაგან იღებდნენ დიდი ოდენობით საბოძვარს ქრთამის სახით და დამატებით ითხოვდნენ მათგან არა 30 ვერცხლს, არამედ ნახევარზე მეტს იმ შემოწირულობებისგან, რასაც იუდეის მაცხოვრებლები ყოველდღიურად წირავდნენ იერუსალიმის ტაძარს.
15 წელს ახ. ე. იუდეის პროვინციის მეოთხე პრეფექტად დანიშნეს ვალერი გრატი, რომელმაც შეცვალა ანნია რუფი. ამგვარად პონტი პილატე ამ თანამდებობაზე მეხუთედ დაინიშნა. ეს პერიოდი დამახასიათებელია იმით, რომ მეფისნაცვლები იერუსალიმის ტაძრის მღვდელმთავრებს ხშირად, ყოველ ერთ წელიწადში ცვლიდნენ, ვერცხლის გამოძალვის მიზნით. ცნობილია იერუსალიმის ტაძრის მღვდელმთავართა ასეთი მონაცვლეობა: ანნა (ხანაანი) შეცვალა ისმაილმა – შვილმა ფაბიისა, მერე იყო ელიაზარი შვილი არიანესი, ხოლო შემდეგ სიმონი – შვილი ყამიფისა და ბოლოს იოსებ კაიაფა – ანნას სიძე (იოსებ ფლავიუსი, “იუდეველთა სიძველენი” XVIII, 2). აი ესენი იყვნენ ის მღვდელთმოძღვრები, რომლებიც ლოცულობდნენ იერუსალიმის ტაძარში იესო ქრისტეს დედამიწაზე მოვლინების ეპოქაში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მაცხოვარმა კარგად იცოდა ყველა ის დანაშაულებანი, რასაც რომის იმპერატორების მიერ დანიშნული მეფისნაცვლები ჩადიოდნენ იუდეაში.
ზემოდასახელებული ყველა პრეფექტი, განსაკუთრებით კი ვალერი გრატი და პონტი პილატი იყვნენ მკაცრნი, ხარბნი, გაუმაძღარნი და ვერცხლის მოყვარულნი. როგორც განსახილველი ეპოქის მოღვაწე ცნობილი პიროვნებები გადმოგვცემენ, როგორც გრატი ისე პილატე იყვნენ სასტიკნი ებრაელთა რელიგიის მიმართ, მასხრად იგდებდნენ და შეურაცყოფას აყენებდნენ ებრაულ წეს-ჩვეულებებს, მოსეს მცნებას და იერუსალიმის ტაძრის მღვდელმთავრებს, მათ შორის იოსებ კაიაფას და მის სიმამრს ანნას იყენებდნენ, როგორც ჩექმის გასაპრიალებელ ჩვარს.
მკითხველს არ უნდა გამორჩეს მხედველობიდან ის ფაქტი, რომ იუდეაში დანიშნული ყველა პრეფექტი, მათ შორის პონტი პილატე, იყვნენ რომის იმპერიის ინტერესების დამცველნი როგორც პოლიტიკური ისე რელიგიური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე პონტი პილატე იყო წარმართი, კერპთაყვანისმცემელი და იმპერიის შესაბამისი კანონების აღმასრულებელი. მეფისნაცვლის თანამდებობაზე მისი დანიშვნა მიმანიშლებელია იმისა, რომ იგი რომაელთა პრივილეგირებული ფენის წარმომადგენელი იქნებოდა. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ კერპთაყვანისმცემლური რელიგია სიძულვილით იყო გამსჭვალული იუდეველთა მონოთეიზმის მიმართ და ყოველი ღონისძიებით ცდილობდა მის მოსპობას. ამას იმიტომ ვწერთ რომ მკითხველმა გაისიგრძეგანოს პონტი პილატეს ის დანაშაულებანი, რაც მან ჩაიდინა იუდეაში ებრაული მონოთეიზმის ამოძერკვის მიზნით. როგორ შეიძლება იმის უარყოფა, რომ პონტი პილატე ორმაგი სიძულვილით იქნებოდა გამსჭვალული მესიისადმი, იესო ქრისტესადმი, რამეთუ ძე ღვთისა მიზნად ისახავდა წარმართული რელიგიის მოსპობას, რაც იმპერიის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამიტომ ცხადია, რომ იუდეის პრეფექტს იესო ქრისტეს ჯვარზე გასაკრავად რომის სენატის კარნახი არ დაჭირდებოდა.
საკითხიდან გადახვევა
ქრისტეს ჯვარცმიდან 313 წელს კონსტანტინე დიდმა და მისმა მოკავშირემ ვალერიუს ლიცინიუსმა ქალაქ მედიოლანუმში (მილანი) გამოსცეს ედიქტი ქრისტიანობის უფლებამოსილ რელიგიად გამოცხადების შესახებ. მოგვიანებით, 451 წელს, პირველი საეკლესიო კრება სამოციქულო ეკლესიამ მოიწვია ქალაქ ქალკედონში წარმართთა ანუ არაებრაელთა ქრისტიანულ ეკლესიაში მიღების პირობების დასადგენად. ქალკედონის კრებამ დაგმო მონოფიზიტობა და აღიარა ქრისტეში ღვთაებრიობისა და ადამიანურის განუყოფლობა – დიოფიზიტობა. მიუხედავად ამისა საკითხი დღემდე დაკანონებული არ არის. “ეპისტოლეთა წიგნში” ნათლად ჩანს, რომ ჯერ კიდევ ქართველ – სომეხთა ცილობის მიჯნაზე ადგილი ჰქონდა ქრისტეს მიმდევართა გადასვლას დიოფიზიტობიდან მონიფიზიტობაზე (“ეპისტოლეთა წიგნი”, გამომცემლობა “მეცნიერება”, თბილისი, 1968).
ჰქონდათ თუ არა ქართველებს პონტი პილატეს დროს ურთიერთობა ისრაელის ანუ იუდეველთა სახელმწიფოსთან? რა თქმა უნდა, ჰქონდათ, რასაც ადასტურებს “ქართლის ცხოვრება” და “მოქცევაი ქართლისაი”. ეს საკითხები ჩემს მრავალ მეცნიერულ ნაშრომშია განსხეულებული. მარტო ის რად ღირს, რომ ქართველი ებრაელი ელიოს მცხეთელი პირადად დაესწრო ჯვარცმას 33 წელს და ქრისტეს კვართი საქართველოში ჩამოიტანა. ჩემი აზრით ეს არ არის ლეგენდა, ეს სინამდვილეა…
აქ ისიც უნდა მივანიშნოთ რომ კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის განხეთქილების უმთავრესი მიზეზი არის რომის პაპის ღვთაებრივი წარმომავლობის იდეა.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ პონტი პილატე იყო წარმართი. ეს ბერძნულ-რომაული პოლითეიზმი ანუ მრავალღმერთიანობა აბრაამამდე დომინირებდა. გაღმერთებული იყო ბუნების ძალები. იმპერიის იდეოლოგიურ რელიგიად გამოცხადებული იყო კერპთაყვანისმცემლობა. როგორ შეიძლება იმის მტკიცება, რომ პონტი პილატეს გულზე ეხატა ქრისტიანული იდეები და არ უნდოდა იესო ქრისტეს ჯვარზე გაკვრა? ეს იყო ეპოქა როცა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მიმდინარეობდა მონოთეიზმსა და ბერძბულ-რომაულ პოლითეიზმს (მრავალღმერთიანობა) შორის. კერპთაყვანისმცემლები ღმერთებად თვლიდნენ ყველაფერს: ბუნების ძალებს, ცხოველებს, ფრინველებს…
რა შუაში არიან აქ ებრაელები.
მე ვეკითხები საერთაშორისო საზოგადოებას, იმის გამო რომ ებრაელები დაეხმარენ წარმართებს ადამიანური რელიგიის შექმნაში იმსახურებენ ისინი მადლიერებას თუ წყევლას?
მაგრამ დავუბრუნდეთ პონტი პილატეს. როგორც უკვე ვთქვით იგი იყო წარმართული რელიგიის თაყვანისმცემელი, რომის იმპერიის კერპთაყვანისმცემლური რელიგიის დამცველი და შესაბამისი კანონების აღმასრულებელი იუდეაში. მეფისნაცვლის თანამდებობაზე მისი დანიშვნა ალბათ განპირობებული იქნებოდა რომაელთა წარმართული რელიგიის მამამთავრების კარნახით, რაც მიზნად ისახავდა მონოთეიზმის მოსპობას. როგორც სჩანს იგი კერპთაყვანისმცემლების დიდი ნდობით სარგებლობდა. იმდროინდელი ისტორიული მოვლენები ადასტურებენ, რომ როგორც ვალერი გრატი ისე პონტი პილატე დიდი მონდომებით ცდილობდნენ რომის წარმართული ელიტის ნდობის გამართლებას თავიანთი სისასტიკით. პონტი პილატეს შესახებ ცნობებს იძლევიან მისი თანამედროვენი: ფილონ ალექსანდრიელი, იოსებ ფლავიუსი, იუდეის მეფე აგრიპა I და სხვა ცნობილი ისტორიული პირები.
ფილონის გადმოცემით პილატე იუდეველებს მასიურად დევნიდა და აწიოკებდა, გასამართლების გარეშე სიკვდილით სჯიდა, შეურაცყოფას აყენებდა მათ რელიგიურ გრძნობებს. ის რომ პილატე პირადად იცნობდა ქრისტეს (ებრაულად იეშუა, რაც ნიშნავს მაცხოვარს) ისტორიული ფაქტია. იესოსთან საუბრები, მისი მესიანური მოძღვრება პილატესათვის შემაშფოთებელი იყო. ამ საუბრების დროს იგი დარწმუნდა, რომ ქრისტიანული იდეები რომის იმპერიის სარწმუნოებრივი მომავლისათვის ძირგამომთხრელი და მომაკვდინებელი იქნებოდა. აი ამიტომ პილატემ მიზნად დაისახა ქრისტეს შეპყრობისათვის იუდეველთა მღვდელმთავარი კაიაფა გამოეყენებინა რათა მისი მოწამეობრივი სიკვდილი საერთოდ ებრაელებს დაკისრებოდათ. რა თქმა უნდა კაიაფა მის ბრძანებას უსიტყვოდ შეასრულებდა… პილატეს მზაკვრული გადაწყვეტილება, როგორც შემდგომმა ისტორიულმა მოვლენებმა დაგვანახა სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, იმპერია, რომელიც ასობით ათასს ადამიანს აკრავდა ჯვარზე პონტი პილატეს მზაკვრული ჩანაფიქრით გამართლდა და მაცხოვრის ჯვარზე გაკვრა ებრაელებს დაბრალდათ. მართალია მაშინ იუდეაში ადამიანის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ პრეფექტს შეეძლო, მაგრამ რამეთუ ქრისტე ებრაელი იყო, რომის იმპერიის წარმართული რელიგიის ინტერესებიდან გამომდინარე პონტი პილატემ მოახერხა იუდეველთა მღვდელმთავრის კაიაფას გამოყენება. ასე და ამგვარად პონტი პილატე ისტორიაში შევიდა როგორც იესო ქრისტეს ჯვარზე გაკვრის განკარგულების გამცემი, რაც მედლის ერთი მხარეა, მაგრამ მედლის მეორე მხარე, ის რომ კაიაფა პრეფექტის განკარგულებას ასრულებდა არსად არ სჩანს და დანარჩენი თერთმეტი მოციქულისათვის მიჩქმალულია. ასე და ამგვარად, აგერ უკვე ოც საუკუნეზე მეტია, ებრაელებს ქრისტიანული ეკლესია წყევლა-კრულვით მოიხსენიებს.
აი რას წერს თავის წიგნში “ელჩი გაიუსთან” ფილოსოფოსი და ისტორიკოსი ფილონ ალექსანდრიელი: პილატე “ბუნებით უმოწყალო, სასტიკი, ულმობელი, გულქვა ურჩხულია… გარყვნილია, უხეშია და აგრესიულია, ის მოძალადეა და მკვლელი”.
ორი იმპერატორის მეგობარი, იუდეის და სამარიის მეფე აგრიპა I წერილში, რომელიც მან იმპერატორ კალიგულას მისწერა ჩამოთვლილია პილატეს დანაშაულებანი: “მოსყიდვა, ძალადობა, ყაჩაღობა, ავაზაკობა, გაუგონარი სისასტიკე, განუწყვეტლად სიკვდილით დასჯა სასამართლოს ვერდიქტის გამოტანის გარეშე და მექრთამეობა”.
41 წელს ქრისტიანული წელთაღრიცხვით, იმპერატორი კალიგულა რომ მოკლეს, აგრიპა იმყოფებოდა რომში და აქტიური მონაწილეობა მიიღო, როგორც სამგლოვიარო ცერემონიაში, ისე რომის სენატსა და კლავდიას შორის მოლაპარაკებაში, რის შედეგადაც კლავდია იმპერატორად გამოაცხადეს და რომის იმპერიაში თავიდან იქნა აცილებული სამოქალაქო ომი. ასეთი სამსახურისათვის იმპერატორმა კლავდიამ აგრიპა ღირსეულად დაასაჩუქრა, გააფართოვა მისი სამეფოს საზღვრები, აჩუქა იუდეის ოლქი და სამარია. ეს მოხდა 41 წელს…
მკითხველს ვთხოვ დაიმახსოვროს ეს თარიღი – 41 წელი ქრისტიანული წელთაღრიცხვით, რამეთუ 41 წლამდე იუდეა რომის იმპერიის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა, იწოდებოდა პროვინციად, ხოლო მეფისნაცვლებს ანუ პრეფექტებს ნიშნავდა თვითონ იმპერატორი. პრეფექტები კი ამ პროვინციის სრული ბატონ-პატრონები იყვნენ, წარმართული რელიგიის დამცველები და სულით ხორცამდე კერპთაყვანისმცემლები, რაც რა თქმა უნდა რომის პოლიტიკური ინტერესების და რელიგიური იდეოლოგიის აუცილებელი მოთხოვნილება იყო.
კვლავ ვიმეორებ, 41 წლიდან იუდეა და სამარია იუდეველთა სამეფოს შემადგენლობაში შევიდა, ხოლო დედაქალაქი იყო იერუსალიმი. როგორც ისტორიული წყაროები გადმოგვცემენ, იროდ აგრიპას მეფობის დროს ქვეყანაში დამყარდა წესრიგი და მშვიდობა.
რაც შეეხება პონტი პილატეს, მან იესო ქრისტეს ჯვარზე გაკვრის მერე სისხლში ჩაახშო იუდეველთა პროტესტი, რის გამოც რომაელმა პროკონსულმა სირიაში ვიტელიუსმა (იმპერატორ ვიტელიუსის მამა) იგი რომში გაიწვია. ეს მოხდა 36 წელს ახალი ერით. ამის შემდეგ მისი ცხოვრების შესახებ რაიმე სარწმუნო ისტორიული ცნობები აღარ მოიპოვება, თუმცა არსებობს ევანგელისტური ლეგენდები, რომლებიც ასე თუ ისე ამართლებენ მის დანაშაულებრივ მოღვაწეობას იუდეაში პრეფექტის თანამდებობის მოვალეობის შესრულების დროს, ე. ი. ამართლებენ წარმართულ რელიგიას, ამართლებენ კერპთაყვანისმცემლობას. რასაც, ბოლოს და ბოლოს, მიხვდა რომის კათოლიკური ეკლესია.
2011 წელს 265 რომის პაპმა ბენედიქტ XVI გამოაქვეყნა იესო ქრისტეს ბიოგრაფიის მეორე ტომი სათაურით: “იესო ნაზარეთიდან. ვნების კვირა”, რომელშიც ებრაელი ხალხისაგან მოხსნილია ყველა ბრალდება იესო ქრისტეს ჯვარზე გაკვრასთან დაკავშირებით.
1965 წლის 28 ოქტომბრის რომის პაპის პავლე VI დეკლარაციაში: “ეკლესიის დამოკიდებულების შესახებ არაქრისტიანულ რელიგიებთან” (Nostra Aetate) კი ვკითხულობთ:
“…მაგრამ, ის, რაც მოხდა მისი (იესო ქრისტეს – ი. პ.) ჯვარცმის ტანჯვისას, არ შეიძლება დაბრალდეს ყველა ებრაელს, რომლებიც ცხოვრობდნენ მაშინ და რომლებიც ცხოვრობენ ახლა. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია არის ღვთის რჩეული ახალი ხალხი, ებრაელები არ უნდა იყვნენ წარმოდგენილი როგორც ღმერთის მიერ უარყოფილნი ან დაწყევლილნი და ყოველი ეს, როგორც უნდა იყოს, მაინც გამომდინარეობს საღმრთო წერილიდან. ეს ყველამ უნდა გაიგოს, და კატეხიზმის ან ქადაგების დამოძღვრისას არაფერი ამის მსგავსი არ უნდა ასწავლონ, რაც არ ესადაგება სახარების ქრისტიანულ სულისკვეთებას. უფრო მეტი, საკუთარი მტრული განწყობილებით ადამიანების დევნა, ეკლესია, მხედველობაში იღებს რა მემკვიდრეობას, რომელსაც იგი იზიარებს ებრაელებთან, და ამოქმედებული არაპოლიტიკური მოსაზრებებით, არამედ სიყვარულით ევანგელური სულისკვეთება გმობს სიძულვილს და ანტისემიტიზმის გამომჟღავნებას, ოდესმე და ვისიმე მიერ მიმართული ებრაელების წინააღმდეგ” (თარგმნა იაკობ პაპიაშვილმა).

ჩემი აზრით, დადგა დრო, რომ ცნება “ღვთისმკვლელობა”, რაშიც თითქოს ბრალი ედება მთლად ისრაელს უნდა იქნეს გაბათილებული, ანულირებული როგორც კათოლიკური ისე მართლმადიდებლური ეკლესიების მიერ.

აპრილი – მაისი, 2023
იაკობ პაპიაშვილი
საქართველოს და ისრაელის მწერალთა კავშირის წევრი
გალაკტიონ ტაბიძის და ივანე მაჩაბლის პრემიების ლაურეატი
სამჯერ არის წარდგენილი ნობელის პრემიის მოსაპოვებლად 2018 – 2021 წლებში

დატოვე კომენტარი