იაკობ პაპიაშვილი – 80

საქართველოს მწერალთა კავშირის მილოცვა

80 წლისა შესრულდა ისრაელში მოღვაწე ცნობილი ქართველი ებრაელი მწერალი იაკობ მიხეილის ძე პაპიაშვილი. ამის გამო საქართველოს მწერალთა კავშირმა იუბილარს მისალმება გაუგზავნა. მისალმებაში – ნათქვამია:
ბატონო იაკობ!
ჩვენო ძვირფასო თანამოკალმევ!

საქართველოს მწერალთა კავშირი, თქვენი მეგობარი ქართველი მწერლები გულმხურვალედ მოგესალმებიან მშვენიერ შემოქმედს, პიროვნებას, მოღვაწეს და გილოცავენ დაბადების 80 წლისთავს.
თქვენ იმ მწერალთა გუნდს განეკუთვნებით, რომელმაც დიდი ხნის წინათ დასტოვა საქართველო, მაგრამ არასოდეს დავიწყებია ის სითბო, სიყვარული და თანადგომა, ივერთა მიწამ რომ გააყოლა საგზლად თავის შვილებს. ამ სიყვარულის დავიწყება კი მხოლოდ გულღრძო, გულხენეშ არსებებს თუ ძალუძთ. თქვენი ცხოვრება კი, ერთი უპატიოსნესი, ქართული მზის მცხუნვარებით გათანგული ებრაელი კაცის ცხოვრება,
იმის მაგალითია, თუ როგორ უნდა ინახავდე ნაცარში გახვეული მუგუზალივით იმ ქვეყნის სიყვარულს, რომელმაც გაგზარდა და პიროვნებად ჩამოგიყალიბა.
თქვენი სამწერლო ნათლობა ამ ორმოცდაათიოდე წლის წინ შედგა, როდესაც გამოაქვეყნეთ პირველი მოთხრობები „ზღვის დაშრობა“ და „დედა“.
მას შემდეგ თქვენი ნაწარმოებები – რომანები, ლექსები, მოთხრობები, მხატვრული ნარკვევები, პუბლიცისტური სტატიები, ენათმეცნიერულ-ისტორიოგრაფიული გამოკვლევანი პერიოდულად ქვეყნდება ქართულ და ებრაულ პერიოდიკაში, გამოდის ცალკე წიგნებად.
თქვენი პროზაული კრებულები („ჰაბა, ნაგილა“, „როგორც ჩიტი გალიაში“, „გაგრა“, „აღსდგა, ვითარცა ფენიქსი თავისი ფერფლიდან“, „ქართული ლეგენდა“, „დედა“…) ყურადღებას იქცევს თხრობის მეტად საინტერესო მანერით, ცოცხალი დიალოგებით, რთული, დრამატული კოლიზიებით.
სამი პოეტური კრებულის ავტორს სრულად გაქვთ გასიგრძეგანებული პასუხისმგებლობის გრძნობა ქართული პოეზიისადმი. ეწევით მთარგმნელობით საქმიანობასაც. ქართულად თარგმნეთ ლიეტოველი და ლატვიელი პოეტების ლექსები, ხოლო ებრაულ სამყაროს რევაზ მიშველაძის შემოქმედება გააცანით, თარგმნეთ რა ამ დიდებული მწერლის ნაწარმოებები.
ქართველი მკითხველი გიცნობთ როგორც მიზანსწრაფულ მკვლევარს, საქართველოსა და ქართულ კულტურაზე შეყვარებულ პიროვნებას, რომელმაც არაერთი გამოკვლევა მიუძღვნა ქართულ-ებრაული ურთიერთობების საკითხებს. თქვენი მრავალმხრივ საყურადღებო წერილები, ისეთები, როგორიცაა „ქართველ ებრაელთა წარმომავლობის და ქართული ასომთავრული ანბანის შექმნის საკითხისათვის“, „ისრაელის“ ფენომენის გენეზისი ქართლის ცხოვრების და ძველი აღთქმის ფონზე“, „მესხის“ მნიშვნელობის განმარტება რუსთაველის და გალაკტიონის რამდენიმე სტროფის მიხედვით“ ამ მოსაზრების დასტურს წარმოადგენს. მნიშვნელოვანი წერილები მიუძღვენით „ვეფხისტყაოსნის“ ებრაულ ენაზე მთარგმნელ ბორის გაპონოვს.
სად არ გიმუშავიათ. იყავით ქუთაისის – აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ლექტორი და ლექციებს კითხულობდით ქართულ-ებრაული ურთიერთობების შესახებ; იყავით გაზეთების „ქუთაისისა“ და „სოფლის ცხოვრების“ კორესპონდენტი, სსრკ მშენბანკის ქუთაისის განყოფილების უფროსი ინჟინერი, კომბინატ „საქნახშირის“ საპროექტო განყოფილების უფროსი, ქუთაისის მე-4 სამშენებლო ტრესტის საწარმოო განყოფილების უფროსი…
არჩეული ხართ ისრაელის ქართულ-ებრაული საზოგადოებების წევრად.
მონიჭებული გაქვთ ივანე მაჩაბლისა და გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიები.
კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ საიუბილეო თარიღს ძვირფას თანამოკალმეს, დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ჭაბუკური შემართებით საქმიანობას გისურვებთ ქართულ-ებრაული ლიტერატურული ურთიერთობების განსამტკიცებლად.


საქართველოს მწერალთა კავშირი

ჩემო იაკობ!
ამ დუნიაზე ცოტაა შენნაირი უშურველი და სიკეთით აღსავსე კაცი.
რომ იცოდე, როგორ აკლიხარ გარემოების გამო შეჭირვებულ შენს ქუთაისს, შენს საქართველოს.
ნუგეშად ის გვრჩება, რომ ბევრისგან განსხვავებით არცერთი წუთითაც არ მოშორებიხარ იმ ქვეყანას, რომელმაც გზარდა და ცხოვრების დიდ გზაზე გამოგიყვანა.
თითქმის ყველა ნაწარმოები, რაც მანდ, ისრაელში შეგიქმნია საქართველოზეა დაწერილი და ორი მოძმე ხალხის, ებრაელი და ქართველი ხალხის, სიყვარულით სუნთქავს. რომ იცოდე, რა ძვირფასია შენი რუდუნება, დღენიადაგ რომ იმაზე ფიქრობ, რით უშველო, რით დაეხმარო საქართველოს.
ღონიერი კალმის პატრონი ხარ! შენზე ალალია ყველა ჯილდო და პრემია, რაც შენს სასახელო ლიტერატურულ გარჯაში მიგიღია.
80-ს გილოცავ, ჩემო ძვირფასო მეგობარო!


რევაზ მიშველაძე
რუსთაველის პრემიის ლაურეატი

დაიბეჭდა “მწერლის გაზეთი”, 2021, N6, 1 დეკემბერი, გვ.6.

ისრაელის რუსულენოვანი მწერლების მილოცვა:

ისრაელის ებრაულენოვანი მწერლების მილოცვა ებრაულ და რუსულ ენებზე:

დატოვე კომენტარი