მშენებელი ინჟინრის მოგონება

1966 წელს დავამთავრე სპი თბილისში, სპეციალობით სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა. ისრაელში რეპატრიაციამდე (1996) ვმუშაობდი სსრ მშენბანკის ქუთაისის განყოფილებაში უფროს ინჟინრად, ვითვლებოდი მთავარ სპეციალისტად სამშენებლო დარგში, კურირებას ვუწევდი და ვაფინანსებდი დასავლეთ საქართველოში ბინათმშენებლობას, ქუთაისის ავტოქარხანას, სატრაქტორო ქარხანას, ლიტოპონის ქარხანას, აბრეშუმკომბინატს და რაჭა-სეჩხუმში მიმდინარე მშენებლობებს…
რეპატრიაციის მერე რამდენიმე წელი ვიმუშავე ისრაელის მშენებლობებზე რიგით ინჟინრად, სადაც აღმოვაჩინე, რომ დაძველებულ, ამორტიზირებულ ოთხსართულიან ბინებზე დამატებითი სამი სართულის დაშენება მიმდინარეობდა ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევით, მიწისძვრის საშიშროებიდან გამომდინარე. ამასთან დაკავშირებით, 2008 წლის 7 აგვისტოს წერილობით მივმართე ქალაქ ბათ იამის მერს შლომი ლეხიანს; პასუხი მივიღე ამავე წლის 22 ოქტომბერს. პასუხი იყო ბიუროკრატიული და უპასუხისმგებლო (არსებობს წერილობითი დოკუმენტაცია), რის გამოც წერილი მივწერე ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბინიამინ ნათანიაჰუს. პრეზიდენტის კანცელარიიდან 2009 წლის 9 სექტემბერს, დაგვიანებისათვის ბოდიშის მოხდით, მოვიდა პასუხი, რომლის საფუძველზე ისრაელის მშენებლობის სამინისტროში დამუშავდა ახალი პროექტი, მოხდა შეცდომების გასწორება და გადაანგარიშებული იქნა სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. ამჟამად ისრაელში გაცვეთილ ბინებზე სართულების დაშენება მიმდინარეობს ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
დაახლოებით ამავე პერიოდში, ისრაელის მაღლივ მშენებლობებზე დაიწყო კოშკურა ამწეების გადმოყირავება, იყო მრავალი შემთხვევა, რაც იწვევდა ტრაგიკულ მოვლენებს, იღუპებოდნენ ადამიანები, ზიანდებოდა მსუბუქი ავტომანქანები, ტრასებზე ფერხდებოდა ტრანსპორტის მოძრაობა… ისრაელის სათანადო ორგანოებში ფიქრობდნენ, რომ ამის მიზეზი იყო თვითონ კოშკურა ამწეების ტექნიკური გაუმართაობა. მე დავრეკე ისრაელის პოლიციაში და ავუხსენი, განვუმარტე მათ რომ ეს იყო ტერორისტული აქტი. ჩემთან ბინაში მოვიდნენ პოლიციის წარმომადგენლები, რომლებსაც მივეცი სათანადო ინსტრუქციები ტერორისტული აქტების აღმოსაფხვრელად… ამის მერე ისრაელში კოშკურა ამწეები აღარ ყირავდება.
ამისათვის მე არავითარი სამახსოვრო არ მიმიღია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ისრაელის პრეზიდენტის რეუვენ რივლინის წერილს 2017 წლის 24 ნოემბერს, სადაც მაღალი დადებითი შეფასება აქვს მიცემული ჩემს მხატვრულ შემოქმედებას.

იაკობ პაპიაშვილი

დატოვე კომენტარი