იაკობ პაპიაშვილის ახალი წიგნი „ამირანი“

გამოვიდა ქართველი მწერლის, ეროვნებით ებრაელის იაკობ პაპიაშვილის ახალი რომანი “ამირანი” .
რომანში მოქმედება საქართველოში – თბილისსა და ქუთაისში ხდება. მკითხველის ყურადღებას მიიპყრობს ავტორის მიერ საქართველოს სანახების ღრმა ცოდნა, რაც ავტორს ესოდენი ფერწერულობით და ინფრასტრუქტურის ზედმიწევნითი ცოდნით აქვს აღეწრილი. რომანში დასამახსოვრებელია ერთი ალალი, მიმნდობი და ცოტა გულუბრყვილო ქართველი ინტელიგენტი ამირან უბედოიძე და მისი ტრაგიკული ცხოვრება, რაშიც უპირველესი ბრალი მის მოღალატე ცოლსა და მექალთანე, გაიძვერა მინისტრს ედიშერ დარახველიძეს მიუძღვით. რომანს წითელ ზოლად გასდევს მითიური ამირანივით ფენიქსისებრ აღმსდგარი, მტერთაგან და შინაგან მოღალატეთაგან ვერ მოკლული საქართველოს ბედი.

წიგნის მეორე ნაწილში მკითხველი გაეცნობა იაკობ პაპიაშვილის მეცნიერულ-პუბლიცისტურ წერილებს საქართველოს უახლესი ისტორიის კარდინალურ პრობლემებზე, რომელთა ნაწილი სხვადასხვა დროს დაიბეჭდა საქართველოს მწერალთა კავშირის მთავარ ლიტერატურულ ორგანოში _ “მწერლის გაზეთში” და მკითხველთა დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ავტორი თავის ნაშრომებში მთავარ აზრად აყალიბებს აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიების დაბრუნებას საქართველოში, აგრეთვე ტაო-კლარჯეთში არსებული ქართული ეკლესიების და ტაძრების დაბრუნებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სუვერენიტეტში. წიგნის ბოლო ნაწილი კი იაკობ პაპიაშვილის პოეზიას ეთმობა.

წიგნის რედაქტორია ქართველი მწერალი და ნოველისტი რუსთაველის პრემიის ლაურეატი რევაზ მიშველაძე.

წიგნის ფასდაკლებით შეძენა შეგიძლიათ შაქრო ბაბუას წიგნების მაღაზიაში, რომელიც მდებარეობს თბილისში, ი. ჭავჭავაძის 17 ბ. ტელ. 032 247 55 35 ან შაქრო ბაბუას წიგნების მაღაზიის ფეისბუკის გვერდზე: https://www.facebook.com/ShaqroBabua