ვეფხის დამცემი… და მისი ქართველი მეგობარი

უბრალო, უპრეტენზიო, მაგრამ პირდაპირი და პირუთვნელი კაცი იყო პოეტი დომენტი ახობაძე. ზოგიერთები გაურბოდნენ კიდეც, ვერ იტანდნენ მის მწარე, უშეღავათო სიტყვებს. მახსოვს, ერთმა ცნობილმა მწერალმა თავისი ნაწარმოები წაუკითხა და თან დაბეჯითებით უმეორებდა – ხომ კარგია, დომენტი, ხომ კარგიაო. დომენტიმ კი ჩაილაპრაკა, ისე, თავისთვის, მაგრამ ყველამ გავიგონეთ: კარგია, ეს ოხერი, მარა, რად გინდა, ხასიათი არ ჩანს, ხასიათი…

მოურიდებელი და უკომპრომისო ბრძანდებოდა ბატონი დომენტი, ამის გამო მტერ-მოყვარეც ბევრი გაიჩინა, თუმცა მრავალი ახალგაზრდა შემოქმედი ჰყავს გზაზე დაყენებული.

შორეული და შეუცნობელია ის სულიერი ლტოლვა, რომელმაც დამაახლოვა პოეტთან, განსაკუთრებით მისი სიცოცხლის ბოლო წლებში.

შაბათობით, დილით, შინ ვესტუმრებოდი ხოლმე. იგი ავტომშენებლის ქუჩაზე ერთ-ერთ მაღლივ შენობაში ცხოვრობდა მესამე სართულზე, უფრო ხშირად ლოჯში ვისხედით. შემინული სათავსოდან კარგად მოჩანდა იმერეთის მთა-გორები. იქ იდგა მაგიდა, რადენიმე სკამი და ძველი ქართული დივანი. პოეტი ყოვლთვის ამ ძველებურ სკამ-ლოგინზე დაჯდებოდა და კედელზე გაკრულ ხალიჩას ზურგით მიყრდნობილი ხვამლს გასცქეროდა.

ვისხედით ასე, ვით შეეფერება ოსტატსა და შეგირდს, ვსაუბრობდით ლიტერატურაზე, მხატვრობაზე და, საერთოდ, ხელოვნებაზე.

ამ საუბრებიდან გავიგე, რომ მას გარკვეული წვლილი მიუძღოდა ვანში გალაკტიონის სახლ-მუზეუმის მშენებლობისათვის თანხების გამოყოფაში. ამისათვის ტიციანის მეუღლეც კი განაწყენებია რასაც იგი თავისებურად ამართლებდა:

– მაშინ სხვაგვარად არ შეიძლებოდა. ორი სახლ-მუზეუმის მშენებლობისათვის საჭირო თანხას არავინ გამოგვიყოფდა, ამიტომ წინ გალაკტიონი დავაყენეთ. აბა, სხვაგვარად როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო, თანაც გუმანით ვგრძნობდი, რომ გალაკტონის სახლ-მუზეუმს უეჭველად მოჰყვებოდა ტიციანის სახლ-მუზეუმი…

ჰოდა, ასეც მოხდა.

იმ ხანებში, ეს იყო 1984 წელი, ალმანახ “განთიადის” რედაქციის დავალებით ნარკვევი დავწერე ერთ ფრიად კეთილშობილ პიროვნებაზე. ნაშრომი თვითონ რედაქტორმა კ. ლორთქიფანიძემ წაიკითხა სარედაქციო კოლეგიის წევრებთან ერთად. განხილვის შემდეგ, უეცრად ბატონმა კონსტანტინემ რატომღაც გალაკტიონი გაიხსენა და გამოაჯავრა:

– გალა და მე მეგობრები ვიყავით… პოეტებში ბადალი არ ჰყავს, გენიოსია. მისი ყოველი ლექსი საოცრად მუსიკალურია, მაგრამ ქართულ სუფრაზე „მრავალჟამიერს“ რომ წამოვიწყებდით, დააღებდა პირს და, – ააას ამბობდა ჩუმად. თავისთვის…

ეს რომ მოვუყევი, დომენტიმ გაიღიმა და ბრძანა:
– შურს გალაკტიონის, იცის ვერ ავა იმ სიმაღლეზე და ცდილობს როგორმე მცირედით მაინც დაჩრდილოს. სინამდვილეში “პოეტთა მეფეს” დიდებული ხმა და შესანიშნავი სმენა ჰქონდა! თვითონ მომისმენია, ზოგჯერ ისე აუწევდა ხმას, კარგ მომღერლებს უჭირდათ აჰყოლოდნენ.

ერთხელ ბატონმა დომენტიმ, ფიქრებში რომ იყო წასული და ხვამლს გაჰყურებდა, სხვათა შორის თქვა:

– რთულია და დაუნდობელი შემოქმედებითი აღტკინება, შენგან რომ წავა, დამთავრდა, შენი არაფერი აღარაა. ხალხისაა უკვე… ამიტომაა შემოქმედი კაცი უიღბლო, ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს უთქმელი წამებისა და მტანჯველი სიმარტოვის განცდის ფასად, ბოლოს კი ცრემლი, ვაება და თეთრად გათენებული ღამეები შერჩება მხოლოდ.

მერე უეცრად მომიბრუნდა და მკითხა:

gaponovi boris– იაკობ, ბორის გაპონოვს თუ იცნობდი?
– კი, ბატონო დომენტი, ნათესავად მეკუთვნოდა; მისი ქალიშვილის ირინა გაპონოვის აკვანი მეც დამირწევია.
– თუ იცოდი, “ვეფხისტყაოსანს” რომ თარგმნიდა ებრაულ ენაზე?
– არა. როცა გახმაურდა, მერე გავიგე ეგ ამბავი.

ვთქვი თუ არა, პოეტი თავის სამუშაო ოთახში გავიდა. რაღაცას განახებო ჩაილაპარაკა; რომ დაბრუნდა, ხელში მოსწავლის რვეულიდან ამოღებული რამდენიმე ფურცელი ეჭირა, ლურჯი მელნით ნაწერი.

ეს იყო ზუსტად ექვსი წლის წინ, მაშინ პოეტი თავს კარგად გრძნობდა და მხნედ გამოიყურებოდა.

შემოსვლისთანავე კვლავ თავის სკამლოგინზე მოეწყო მოხერხებულად და ფურცლები გამომიწოდა.

– ბორია გაპონოვის მოთხრობაა, წაიკითხე.

ჩამოვართვი, რუსულად იყო ნაწერი. ორჯერ გულდასმით ჩავიკითხე.

– მე და ბორია გაპონოვი კარგი მეგობრები ვიყავით, – გააგრძელა მან, როცა ნაწარმოები დავუბრუნე, – დღე არ გავიდოდა, რომ არ ვენახე. მაშინ ის ავტოქარხანაში მრავალტირაჟიანი გაზეთის ლიტმუშაკად მუშაობდა, უაღრესად პატიოსანი პიროვნება იყო, ჩუმი, მოკრძალებული, ამასთან ქართული ენისა და ლიტერატურის ბრწყინვალე მცოდნე. მიხაროდა მისი დანახვა, კულტურული, მრავალმხრივ ერუდირებული კაცი ბრძანდებოდა, მაგრამ “ვეფხისტყაოსანს” თუ თარგმნიდა ებრაულ ენაზე, ნამდვილად არ ვიცოდი.

და, აი, ერთ წვიმიან საღამოს, ვზივარ კავშირში და, ჩვეულებრივ, როგორც ყოველთვის იცოდა, მოკრძალებულად შემოაღო ბორიამ კარები. მახსოვს, შავი კოსტუმის საყელო აწეული ჰქონდა, მივესალმეთ ერთმანეთს და ჩამოჯექი-მეთქი, ვუთხარი.

რატომღაც არ დაჯდა, მეტი არც არაფერი უთქვამს, უხმოდ მივიდა ფანჯარასთან და იქ გაჩერდა, გარეთ იცქირებოდა.

გამიკვირდა იმ საღამოინდელი მისი მოქცევა.

ხომ გითხარი და კვლავ ვიმეორებ ძალიან ახლო, მეგობრული ურთიერთობა გვქონდა-მეთქი: მისთვის ერთადერთი გულის მესაიდუმლე ვიყავი, ოჯახური მდგომარეობის წვრილმანებსაც კი მიყვებოდა, არცთუ დალხინებული ცხოვრება ჰქონდა. და ახლა, ასე რომ მოიქცა, დავეჭვდი, რაიმეზე ხომ არ გამინაწყენდა-მეთქი.

– შინ ხომ მშვიდობით ხართ ბიჭო?

კიო, უხმოდ მანიშნა. რაღა მეთქმოდა, მხრები ავიწურე და უხერხულობის დასაფარავად საწერი მაგიდიდან ახალბედა პოეტის ლექსების რვეული ამოვიღე. არა, კითხვას არ ვაპირებდი, ისე ყასიდად გადავფურცლე. სინამდვილეში გაპონოვს შუბლქვემოდან მალულად ვუცქერდი. საშუალო ტანისა იყო, მხარბეჭიანი, შუქიანი პირისახე ჰქონდა. რამდენჯერმე გამომხედა. ნაღდად დავინახე, რომ თვალები ცრემლით ავსებოდა, ტიროდა კაცი. ერიჰა… ისეთი ძლიერი ნებისყოფის მქონე ადამიანისაგან, როგორიც ბორია იყო, ეგეთებს ნამდვილად არ მოველოდი. უეცრად იგი შემობრუნდა, ფანჯარას მოსცილდა, გასასვლელთან მივიდა და კარი სწრაფად გამოაღო, მაგრამ წამით შეყოვნდა და ამან გადაწყვიტა ყველაფერი, გარეთ აღარ გავიდა; ისევ ნელა მიხურა კარები და იქვე, თავჩაქინდრული, ხელებჩამოყრილი დადგა. მეტის მოთმენა აღარ შეიძლებოდა, წამოვდექი მივუახლოვდი ორივე ხელი მხრებში მძლავრად ჩავავლე, შევანჯღრიე.
– რა მოგივიდა ბიჭო, ხმა ამოიღე.
tavfurceli
– ჰა! – თითქოს სადღაც ზარბაზანმა დაიქუხა, ხელები ჩამომიცვივდა. ახლა სიბრალულით ვუყურებ, ცოტა შექანებული მგონია; საწერ მაგიდასთან დავბრუნდი, დავჯექი, მაინც არ მინდა ყურებს დავუჯერო, ვეკითხები:

– გაიმეორე, რა თქვი?
– ებრაულ ენაზე ვთარგმნე “ვეფხისტყაოსანი”, დომენტი.
– მერე, შე კაცო, რა გატირებს უნდა გიხაროდეს. აქ მოდი, დაჯექი.
– ეს სიხარულის ცრემლია, დომენტი. – თქვა ბორიამ და ჩემს პირდაპირ ჩამოჯდა.
– არაფერია მაგი, დამშვიდდი, მოთოკე გრძნობები და ცრემლი შეიკავე.

როცა ეს სიტყვები წარმოვთქვი, უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ბორია არ ტყუოდა; რა თქმა უნდა, არ ვიცოდი, როგორი იქნებოდა ეს თარგმანი, ამის წარმოდგენაც კი მიჭირდა, მაგრამ, იმ წუთში ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რადგან მთავარი ის იყო, რომ ჩემ წინ იჯდა საღ ჭკუაზე მყოფი კაცი და ამბობდა სიმართლეს, ხოლო დანარჩენი გაირკვეოდა.

– მთლიანად თარგმნე?
– ბოლო ორი თავი მაქვს დარჩენილი “ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა” და “დასასრული”. ორიოდ კვირაში დავამთავრებ.
– აქამდე სად იყავი, რატომ არ მითხარი?
– სხვაგვარად ნუ გამიგებ, დომენტი, უნდობლობით არ მომსვლია, უბრალოდ, არ მეგონა თუ შევიძლებდი.
– რა ხანია, რაც თარგმნას შეუდექი?
– სკოლის მერხიდან მოყოლებული ყველაფერი ამ საქმეს შევწირე.
– დარწმუნებული ხარ, რომ შეძელი და ნაღდია?
– არ ვიცი.
– ვინ იცის კიდევ, “ვეფხისტყაოსანი” რომ თარგმნე?
– დღეს პირველად გავთქვი საიდუმლო, არავისთვის, თვით შინაურებისთვისაც არ გამიმხელია; რა ვიცი, აბა, ხომ ხედავ, შენც კინაღამ გიჟად ჩამთვალე?

ხელები გავშალე:

საოცარი კაცი ხარ, ღმერთმანი, აბა, რა უნდა მეფიქრა, როცა თოფივით დამახალე, “ვეფხისტყაოსანი” ვთარგმნეო.
– უკვე ვეღარ ვითმენდი, დომენტი, ზედმეტი სიხარულისგან ისე ვიყავი დაძაბული, მეგონა, საცაა საფეთქლები გაირღვევა-მეთქი.
– თარგმანი სადა გაქვს?
– შინ გადავმალე.
– წადი, მოიტანე, აქ დაგელოდები.

გაპონოვი ტყვიასავით გავარდა გარეთ; ორმოციოდე წუთში დაბრუნდა; ხელში საგულდაგულოდ შეკრულ-შეფუთული სქელი საქაღალდე ეჭირა, რომელიც შემოსვლითანავე გამომიწოდა.

საქაღალდე ჩამოვართვი, გავხსენი; ვფურცლაე და ვფურცლავ გაპონოვისეული ხელნაწერი “ვეფხისტყაოსნის” პირველ ებრაულ თარგმანს, მაგრამ რად გინდა, ებრაულის ანა-ბანა არ გამეგება; არც თარგმანის ავკარგიანობაში ვიყავი გარკვეული, მაგრამ მაინც მიხაროდა, მაინც გულდაგულ ვფურცლავდი, მეამაყებოდა, რომ ებრაულ ენაზე პირველად აჟღერებულ “ვეფხისტყაოსანს” პირველმა ხელი მე შევავლე. გული რომ ვიჯერე, თარგმანი ავტორს დავუბრუნე და ვუბრძანე:

– აბა, საქმეს შევუდგეთ, დაჯექი და წაიკითხე!
გაპონოვი გაოცებისაგან წამოხტა:
– როგორ, დომენტი, ებრაული იცი?
– ეგ უკვე შენი საქმე არაა, დაჯექი და წაიკითხე, მე გისმენ!
– რომელი თავი წაგიკითხო?
-პირველი თავიდან დაიწყე, “დასაწყისიდან”, და ვიდრე არ გეტყვი; კითხვის შეწყვეტა არ გაბედო!

ბორია გაპონოვს მშვენიერი ხავერდოვანი ხმა ჰქონდა; ის კითხულობდა, მე ვისმენდი. არა, ერთი სიტყვა არ გამეგებოდა, მაგრამ რითმი, რიტმი და მუსიკა როგორ გამომეპარებოდა; ეგ კი არადა, იმდენად სიამოვნებდა ყურთასმენას ებრაული ჰანგის ჟღერადობა, რომ ზოგიერთ სტროფს ხელმეორედ ვაკითხებდი.

ამასობაში შემოგვათენდა კიდეც. შინ წასვლას აზრი აღარ ჰქონდა და კავშირში დავრჩი.
– თარგმანი ჩემთან დარჩება, შენ კი სამსახურში წადი, არ დაიგვიანო; საღამოს აუცილებლად მოდი აქ; ერთი მეგობარი პოეტი მყავს, ცოტაოდენი ებრაული იცის, ამაღამ კიდევ ერთხელ მოგიწევს წაკითხვა.

ის ღამეც გავათენეთ, ოღონდ უკვე სამნი ვიყავით. განთიადს არაქათგამოცლილები შევხვდით; განსაკუთრებით ბორია გადაღლილიყო, ხმა ჩახლეჩოდა და ბოლოს თითქმის ჩურჩულით კითხულობდა. ეს არც გვიკვრიდა, რადგან ორი ღამე, ზედიზედ ორჯერ, თითქმის თავიდან ბოლომდე წაიკითხა “ვეფხისტყაოსნის” საკუთარი ებრაული თარგმანი. ერთსაც დავძენ, მიუხვდავად გადაღლილობისა, სამივენი შესანიშნავ გუნებაზე ვიყავით, ვინაიდან ეჭვი აღარ გვეპარებოდა თარგმანის კეთილხმოვანებაში. სხვა დანარჩენი უკვე სპეციალისტის საქმე გახლდათ, რომელიც არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ საქართველოშიც კი არ გვეგულებოდა.

ამასობაში ჩემი მეგობარი პოეტი წავიდა და ოთახში ორნი დავრჩით, მე და გაპონოვი.
– რას მირჩევთ, დომენტი?
– ორი აზრი არ არსებობს, თარგმანი მოსკოვში უნდა გავგზავნოთ!
– მეშინია, დომენტი.
გამეცინა.
– “შიში ვერ იხსნის სიკვდილსა ცუდია დაღრეჯილობა”…
– მესმის!
შევეცადე დამემშვიდებინა:
– ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, საღამომდე მოვიფიქრებ, როგორ უნდა მოვიქცეთ.

დავრჩი ისევ მარტო “ვეფხისტყაოსნის” გაპონოვისეულ თარგმანის ხელნაწერთან და საკუთარ ფიქრებთან: თავს ვიტეხდი, ვინ  იცის, რამდენგზის  ავწონ-დავწონე,  თუ  რა  გამეკეთებინა,  რომ ამ ალალი, გაჭირვებაში გაზრდილი, მამით ობოლი ბიჭის, ეს ტიტანისებური შრომა ან წყალს არ წაეღო, ან  – ქარს; ყოველი ნაბიჯი დიდ სიფრთხილესა და დაკვირვებას საჭიროებდა, მით უმეტეს, რომ ბორია გაპონოვი თითქმის უსახელო ავტორი იყო, თუ არ ვცდები, არც არაფერი ჰქონდა გამოქვეყნებული; მოთხრობა, წეღან რომ წაგაკითხე, გაცილებით ადრე მომიტანა, ვიდრე “ვეფხისტყაოსნის” თარგმანის საქმეს გამანდობდა და მთხოვა, ეგებ დავეხმარო, რომ “კუტაისსკაია პრავდაში” მაინც დამიბეჭდონო; მცდელობა არ დამიკლია, მაგრამ რა მექნა, როცა მხატვრულად სუსტი ნაწარმოები გამოდგა; დღეს ამიტომაც წაგაკითხე, უბრალოდ, დავრწმუნდი რედაქტორისეულ შეფსებაში. ერთი სიმართლეც უნდა გაგიმხილო, მეც გვარიანად ვშიშობდი, ვეჭვობდი, ვაითუ, თარგმანმა არ გაგვიმართლოს-მეთქი, მხედველობიდან არ მრჩებოდა ის გარემოებაც, რომ შეიძლებოდა თარგმანი თავდაპირველად სისუსტის გამო დაეწუნებიანათ, მაგრამ კარგი სპეციალისტის სათანადო შენიშვნებისა და მუშაობა-ჩასწორების შემდგომ  გამომდგარიყო.  ამიტომ  განსაკუთრებით  დიდი  მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ ფაქტორს, თუ როგორი პიროვნების ხელში მოხვდებოდა “ვეფხისტყაოსნის” პირველი ებრაული თარგმანი, აგრეთვე ვშიშობდი, რომ ისეთი უცნობი ავტორი, როგორიც მაშინ ბორია გაპონოვი იყო, ყურადღების ღირსად არ ჩაეთვალათ და ნაშრომს დავიწყების სქელი მტვერი დაჰყროდა. მოკლედ რომ ვთქვა,  ყველაფერი გავითვალისწინე  და  გადავწყვიტე  ალალბედს მივნდობოდი. აღარ დამიყოვნებია. სასწრაფოდ შევადგინე წერილი  სსრკ  მწერალთა  კავშირის გამგეობის  თავმჯდომარის სახელზე, სადაც აღვნიშნე ბორია გაპონოვის მოკლე ბიოგრაფიული ცნობები და მის მიერ თარგმნილი “ვეფხისტყაოსნის” ებრაული  თარგმანის  ფრიად  სასიამოვნო  მუსიკალური  ჟღერადობის შესახებ,  თან  უმორჩილესად  ვთხოვდი  გამოეთქვათ  თავიანთი მოსაზრება თარგმანის ავ-კარგზე.

vefxistyaosaniსაღამოს, ბორია რომ მოვიდა, წერილი უკვე მზად მქონდა. გავაცანი ჩემი მოსაზრებები და განვუმარტე ის გარემოებანი, რომელიც არ გამორიცხავდა გართულებებს, ამასთან ვუთხარი:

– მოდი და ასე მოვიქცეთ, შეარჩიე თარგმანიდან რამდენიმე თავი, რომელიც საუკეთესოდ მიგაჩნია და ამ წერილთან ერთად ხვალვე მოსკოვს ვაფრინოთ.

გაპონოვი უყოყმანოდ დამთანხმდა: ჩემ მიერ შედგენილ წერილზე, რომელიც მან რუსულად გადათარგმნა და რემინგტონზე დაბეჭდა, მე მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების შტამპი დავუსვი, ხელიც მოვაწერე დავნომრე და “ვეფხისტყაოსნის” ებრაული თარგმანის გაპონოვისეული ხელნაწერის რამდენიმე თავთან ერთად, საგულდაგულოდ დალუქული, მოსკოვში გავგზავნეთ.

პასუხს ოთხი თვე და, მგონი, ცოტა მეტი, შეაგვიანდა. ამ ხნის განმავლობაში მე და ბორია თითქოსდა ნემსებზე ვისხედით, მართალია, ჩვეულებრივ ვხვდებოდით ერთმანეთს, მაგრამ თარგმანზე, ხმას ვერ ვიღებდით.

და, აი, ერთ მშვენიერ დღეს თითქოსდა საუკუნოვანი ლოდინის შემდეგ, მოსკოვიდან პასუხიც მოვიდა პასუხი, მაგრამ არ იკითხავ, რა პასუხი? გვწერდნენ, თარგმანი ბრწყინვალეა, სასწრაფოდ გამოაგზავნეთ პოემის ებრაული თარგმანის დანარჩენი ხელნაწერით. ბარათს ხელს აწერდა ცნობილი ებრაელი პოეტი აბრამ შლიონსკი. როგორც შემდეგ გაირკვა, პასუხს იმიტომ შეაგვიანდა რომ ჩვენს მიერ გაგზავნილი ხელნაწერი, დასკვნისათვის მოსკოვიდან თელ–ავივში გადაუგზავნიათ.

rustaveliიმ დღის სიხარულს რა დამავიწყებს; ხან ვტიროდით, ხან ვიცინოდით ბორია მეხვეოდა, მკოცნიდა, მამაზე უკეთესი ხარო, მეუბნებოდა.

… ასე დაასრულა პოეტმა თავისი მოგონება. იგი ქართულ სკამ-ლოგინზე იჯდა, კედელს ზურგით მიყრდნობოდა და ხვამლს უცქეროდა.

გარეთ გვიანი შემოდგომის წვიმა ცრიდა იმერეთის მთა-გორებზე აქა-იქ ჩამოთოვლილიყო.

– ხვამლზე მინდა ავიდე, – თქვა უეცრად პოეტმა და თან მკითხა: – შენ ხომ ვერ დამეხმარები?

უცბად ვერ გავიგე მისი ფარული ნააზრევი და რადგან ვიცოდი, მაღალი წნევა აწუხებდა, ოდნავ ყოყმანით (აბა, უარს როგორ ვაკადრებდი) ვუპასუხე:

– როგორ არ დაგეხმარები, მეგობარი მყავს ერთი, მთამსვლელია, ვთხოვ და ყოველგვარ საშუალებას გამოგვიძებნის, მომავალ გაზაფხულზე ავიდეთ ხვამლზე.

გვიან ჩავხვდი პოეტის ფარულ ნააზრევს…

ბოლოსიტყვა

წინამდებარე მოთხრობა საქართველოში გამოქვეყნდა ორჯერ: ჯერ გაზეთ “ქუთაისში” (15 აპრილი, 1989 წ.), ხოლო შემდეგ “ლიტერატურულ საქართველოში” (29 ივნისი, 1990). ამ მოთხრობის გამოქვეყნებისთვის დიდი უსიამოვნებანი შემხვდა: ზოგიერთები არასწორად მიიჩნევდნენ დომენტი ახობაძის მონაწილეობას ამ დიდ საქმეში.

1993 წ. გამოჟონა, რომ თითქოს ბორის გაპონოვმა “ვეფხისტყაოსნის” ივრითული ხელნაწერი აბრაამ შლიონსკის გაუგზავნა ლენინგრადელი მწერლის აბრაამ ბელოვის დახმარებით. 1996 წ. ისრაელში, ცნობილი მწერლის, ისრაელის მწერალთა კავშირის თავმჯდომარის ეფრაიმ ბაუხის თხოვნით, მე გავემგზავრე იერუსალიმში, შევხვდი მწერალ აბრაამ ბელოვს და ვესაუბრე მას ამ საკითხზე. გაირკვა, რომ მისი წერილები შლიონსკისადმი შესულია წიგნში: “ებრაელთა წერილები საბჭოთა კავშირიდან”, მაგრამ ამ წერილებში არ ჩანს თუ ვინ მიაწოდა “ვეფხისტყაოსნის” გაპონოვისეული თარგმანი (16 სტროფი) “ამბის ცნობა ტარიელისაგან ნესტან-დარეჯანის დაკარგვისა” აბრაამ შლიონსკის, რომელიც ისრაელის გაზეთ “ყალ-ამიშმარში” გამოქვეყნდა. ამის შესახებ არ იცოდა არც აბრაამ ბელოვმა. “შესაძლებელია, შლიონსკიმ ეს თექვსმეტი სტროფი მიიღო მოსკოვიდან” – თქვა მან. მხოლოდ ამის შემდეგ ეფრაიმ ბაუხმა, რომელიც დარწმუნდა რომ დომენტი ახობაძეს ნამდვილად ჰქონდა შეტანილი წვლილი ამ საშვილიშვილო საქმეში, ჩემს მიერ რუსულ ენაზე თარგმნილი ეს ნაწარმოები გამოაქვეყნა გაზეთში: “Еврейский камертон” (31 мая, 2007, სათაურით: “Истинная история одного литературного перевода”) თავისი კომენტარებით.

“პოეზია – უპირველეს ყოვლისა!”- ბრძანა გალაკტიონმა.

ჩემი აზრით, ორი დიდი ებრაელი პოეტის ბორის გაპონოვის და აბრაამ შლიონსკის სახელის უკვდავსაყოფად, კარგი იქნება გაკეთდეს მემორიალური დაფა ჯვრის მონასტერთან, სადაც სიცოცხლის დარჩენილი წლები გაატარა დიდმა შოთა რუსთაველმა. ამ მემორიალით, ფართო საზოგადოებამ უნდა შეიტყოს, როგორ გადარჩა “ვეფხისტყაოსნის” ყივრითული თარგმანი. და თუ ბორის გაპონოვის და აბრაამ შლიონსკის გვერდით აღმოჩნდება ქართველი პოეტი დომენტი ახობაძე, ამით არაფერი დაშავდება, პირიქით, ხელს შეუწყობს ჯვრის მონასტრის დაბრუნებას.

ოქტომბერი 2012

პაპიაშვილი ი., გაგრა, თბ., 2013, გვ.253-264,

ზღვის დაშრობა

ისინი სიკვდილმისჯილთა მწკრივს ჩამოაშორა გერმანელმა ოფიცერმა. ერთ იმათგანს, უკვე საკმაოდ მოხუცებულს, ზაფხულის გვალვისაგან დახეთქილ მიწასავით დანაოჭებოდა სახე; სისხლი შეხმობოდა თეთრ, მეჩხერ წვერზე. მეორე – ყმაწვილი იყო, ასე თორმეტიოდე წლისა; ებრაელები იყვნენ. მშიერ-მწყურვალნი, ნაწამებნი და ქანცგაწყვეტილნი ძლივს მილასლასებდნენ.

ეს ამბავი შავი ზღვის ნაპირას მოხდა, მაშინ, როცა გერმანელებს ჯერ კიდევ ეჭვიც არ ეპარებოდათ ფაშიზმის გამარჯვებაში.

ბიჭი წამით შედგა, ცრემლებდამშრალი თვალებით მიაჩერდა სიკვდილმისჯილებს; იქ მისი მშობლები იდგნენ, გერმანელმა ჯარისკაცმა, – წეღან დედ-მამას შვილი ძლივს რომ მოგლიჯა, კონდახით უბიძგა მას. მოხუცმა უღონოდ მოუფათურა ხელი ბიჭს გამხდარ მხრებზე, იგი შვილიშვილი იყო მისი.

– ჩემს ოთახში წაიყვანეთ, – უბრძანა ოფიცერმა ჯარისკაცს.

ნაპირიდან ასიოდე მეტრის მოშორებით, მიწასთან გასწორებულ ნანგრევებს შორის, ერთსართულიანი ქვითკირის გრძელი შენობა მოჩანდა.

ოფიცერმა მელოტ თავზე ფართო, ნაიარევი ხელი გადაისვა, მოხუცის წინ შედგა:

– როგორც გადმომცეს ღვთის მსახური ხარ; ებრაული სარწმუნოების დიდი მცოდნე; შენი შვილიშვილი კი პიონერია, უყელსახვევო, და მისი თვალებით კომუნისტების მომავალი თაობა იცქირება. ჩემი ტყვიისაგან სასწაული თუ გადაარჩენს ყმაწვილს. ვიცი, ძალ-ღონესა და ჭკუა-გონებას არ დაიშურებ მის დასახსნელად. მაშ, კარგად მისმინე, ისტორიულად განწირულ ხალხს მხსნელ ანგელოზად კომუნისტები მოგევლინათ. წითელი ჯარი სასტიკ წინააღმდეგობას უწევს ჰიტლერის უძლეველ არმიას. დასახვრეტაღ ჩამწკრივებულ ებრაელთა ბრბოში შვილიშვილთან ერთად რომ დაგინახე, მეტად ბრწყინვალე აზრი დამებადა.- გერმანელს თვალები ეშმაკურად აუკიაფდა. – გესმის, ბებერო, როგორ მძვინვარებს ზღვა? გადარეული ადამიანების მსგავსად ასკდებიან ტალღები ერთიმეორეს. ქვეყნიერების ორომტრიალის ზვირთებიც ამ ტალღებივით ბობოქარნი არიან და ამიტომაც გადავწყვიტე სწორედ ზღვას მივანდო გამოიცნოს სამკვდრო–სასიცოცხლო ორთაბრძოლაში გამარჯვებული. გამთენიისას ზღვასთან წარვდგებით ათეულის თანხლებით. მოკვდავი კაცისათვის შეუძლებლად მიმაჩნია იმ დავალების აღსრულება, ჩემგან რომ მიიღებ. შენი შვილიშვილის სიცოცხლე, ჩემგან მოცემულ დავალების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული. გახსოვდეს. პიონერის გადარჩენას – კომუნისტების გამარჯვებად ვაღიარებ და ვფიცავ ჩემი ერთადერთი შვილის კურტის უწმინდეს სულს რუსებმა რომ მოკლეს, მე მას უვნებელს გავუშვებ, რადგან მასში ბედისწერის იმ უმოწყალო ღიმილს დავინახავ, რომელსაც ჯერ ვერავინ გაქცევია; ხოლო თუ ნაბრძანებს ვერ შემისრულებ, ჩავთვლი რომ თქვენი ჯილაგი მართლაც განწირული ყოფილა და ჩვენს გამარჯვებას გარდაუვლად მივიჩნევ.

თენდებოდა. თოლიებმა ფრთების ტყლაშუნით გადასერეს მღელვარე ზღვა. ზანტად ეშვებოდნენ ჰორიზონტს მიღმა დღის სინათლით გაფერმკრთალებული ღრუბლის ნაფლეთები.

ღრმად ეფლობოდათ ფეხი სველსა და წვრილ ქვიშაში ნაპირისაკენ მიმავალ გერმანელთა ათეულის ჯარისკაცებს, რომელთა წინ შიმშილ-წყურვილისაგან და წამებისაგან დაოსებული ბაბუა და შვილიშვილი მილასლასებდა. მათ შორიახლოს ამაყად მიაბიჯებდა გერმანელი ოფიცერი. ნაპირიდან ოთხიოდე მეტრის დაშორებით ისინი შედგნენ. ოფიცერს არ დაუყოვნებია; სწრაფად ამოიღო ჩექმის მაღალი ყელიდან მოზრდილი ხის კოვზი და მოხუცს გაუწოდა:

– ძალაში ვტოვებ წუხანდელ გადაწყვეტილებას, ბებერო, – წამოიწყო ოფიცერმა, ოღონდ, წინასწარ გაფრთხილებ, დავალება რთულია; თუმცა ვფიქრობ, ხომ ვერ შეიძლებ გაიმეორო ის მითიური ნაამბობი, თქვენს წინაპრებს რომ ჩაუდენიათ ძველთაძველ დროში. აბა, გაიხსენე: მოსემ კვერთხით ზღვა გააპო და სამშვიდობოს გაიყვანა ურიები; მაგრამ მოსეს კვერთხი საიდან გაგიჩინო; ამიტომ წამოვიღე ეს ხის კოვზი, გერმანელი ჯარისკაცისაა, თუმცა რა უშავს; აჰა, ჩამომართვი, ვინძლო შეიძლოო… გინდ გააპე ზღვა, გინდ შეხვრიპე და წადით მშვიდობით! მხოლოდ სამი ცდის უფლება გაქვს ბებერო; შეუსრულებლობის შემთხვევაში კი სიკვდილი გელით, შენცა და შენს უყელსახვევო შვილიშვილს. მაშ, ნუღარ აყოვნებ, ზღვასთან მიდი!

აცახცახებული ძარღვიანი მარჯვენით ჩამოართვა მოხუცმა ხის გრძელი კოვზი გერმანელს. ცრემლიანი, განწირული კაცის გამოხედვა იმედით მიაპყრო სიცოცხლის უკანასკნელ ნაპერწკალს და ტალღების მრისხანებას გაუწოდა იგი. კოვზი ლურჯი წყლით აივსო. მოხუცმა ფრთხილად მიიტანა შვილიშვილის ათრთოლებულ ტუჩებთან კოვზი და მარილიანი წყლით დაუნამა დამსკდარი ბაგეები. შემდეგ თვითონ იგემა მლაშე, უგემური წყალი, რომლის წვეთები მკერდზე დაეღვარა. ოდნავ მოალბო წყალმა გამომშრალი ბაგეები. სისხლისაგან შემხმარ, გამეჩხერებულ წვერს ძაგძაგით ჩამოუსვა მოხუცმა ორთავე ხელი და მშვიდად წარმოთქვა:

– ოფიცერო, ერთი ცდის უფლება კიდევ დამრჩა. მსურს იგი დათქმისამებრ გამოვიყენო; ამბობენ, ცდა ბედის მენახევრეაო; მაგრამ ვიდრე საქმეს შევუდგებოდე კარგად დაიმახსოვრე ოფიცერო, იცოდე, უფლება ადამიანისათვის ის მოსასხამია, რომელსაც შეუძლია რეგვენი – სწავლულად, ხოლო სულელი ბრძენად აქციოს. ამჟამად ასეთ მოსასხამს იმ მხრებზე ვხედავ ვისი მოკლე ჭკუაც ვერ ჩაწვდება ბუნების საიდუმლოებათა სიღრმეს. ახლა შენ მისმინე უფლებამოსილო ადამიანო: ჯალათისაგან მოწყალების მიღებას არა ვართ ჩვეულნი. არც მიფიქრია, ამ გზით მეხსნა შვილიშვილი იმ ტანჯვისაგან, რომელიც ბევრმა მისმა თანამოძმემ გაიზიარა. მაგრამ, რადგან კაცობრიობის უდიდესი ძალა, – რომელმაც ფაშიზმი ძირფესვიანად უნდა მოსპოს, – ამ პატარა, უცოდველ ბავშვში განასახიერე, შევეცდები გადავარჩინო იგი დაღუპვისაგან.

ოფიცერო, რამდენიმე წამში უნდა შევასრულო ნაბრძანები და ამოვხაპო ეს უზარმაზარი წყლის მასა ისე, რომ წვეთიც არ დარჩეს. მაგრამ სანამ კოვზს ტალღებისაკენ გავიწვდიდე, უბრძანე შენს ჯარისკაცებს, გადაადგილონ იმ მდინარეებისა და მათი შენაკადების შესართავები, რომლებიც ზღვაში ჩაედინებიან და მისცენ სხვა მიმართულება. გადაკეტონ და ჩიხერგონ მდუღარე ცრემლთა გზები, თქვენგან ტანჯულ მილიონობით ადამიანს სიმწრისაგან, რომ დაუღვრია და მდინარეთა საშუალებით ზღვისაკენ რომ მოემართებიან, მაშინ კი ამოვაშრობ ამ ვეშაპის ხახასავით უძიროსა და შავ უფსკრულს.

გერმანელი ოფიცერი გაოგნებული მიჩერებოდა მოხუცს. იგი მიხვდა, რომ თამაში წააგო.

– ცეცხლი!.. – დაიღრიალა ოფიცერმა, – ენა ჩაუგდეთ ამ ეშმაკის მოციქულს!

ავტომატების ჯერი ზღვის ტალღების მრისხანებას შეუერთდა; მოხუცი დაეცა.

ოფიცერი უეცრად გამოერკვა. მოცემული სიტყვა გაახსენდა და სწრაფად მიუბრუნდა იარაღშემართულ ჯარისკაცებს და უბრძანა:

– ბავშვს არ ესროლოთ! ალბათ განგების ნებაც ეს ყოფილა…

აღმოსავლეთიდან ამომავალი მზე ღრუბლებს გადმოეკიდა, სხივებით ტალღებს ჩაეკონა და დაამშვიდა.

 

პაპიაშვილი ი., ჰაბა ნაგილა, ქუთაისი, 1988, გვ.81-85.

papapa


შენიშვნა:

“ჰაბა ნაგილა”- მოთხრობების  კრებული,  იაკობ პაპიაშვილის პირველი წიგნია, რომელიც გამომცემლობა “საბჭოთა საქართველომ” 1988 წელს გამოსცა. წიგნის რედაქტორებია: გურამ ფანჯიკიძე, გამომცემლობა “საბჭოთა საქართველოს” დირექტორი და ზურაბ კუხიანიძე “საბჭოთა საქართველოს” ქუთაისის განყოფილების უფროსი.

ქართული “დევტალარი” თუ არაბული “თავსილი”

(რუბრიკა – მეცნიერება)

სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით გამოცემულ “ქართლის ცხოვრებაში” (1955 წ. გვ. 47), ვკითხულობთ, რომ სიტყვა”დევტალარი” ლეონტი მროველის თხზულებაში გადმოსულია  “მოქცევაი ქართლისაის” ტექსტიდან – “სხვა ძველ ქართულ ძეგლებში სიტყვა “დევტალარი” არსად დამოწმებული არ ყოფილა აქამდე ” – წერს ბატონი სიმონი.

ე.ი. მისივე აზრით ეს სიტყვა გადმოქართულებულია ბერძნული სიტყვიდან “დევტეროტი”, ქართულ ლექსიკაში დამკვიდრებულია  ქრისტეს შემდგომ  და ნიშნავს მონასტერში მომსახურე მაღალი თანამდებობის პირსო; მაგალითად, წმინდა ნინოს ბიძა (დედის ძმა) იობანელი იერუსალიმში მოღვაწეობდა, ჯერ ყოფილა დევტალარად, ხოლო შემდეგ პატრიარქობა მიუღია.

საკითხი ფრიად საინტერესოა, თუმცა გასარკვევია, როდის იყო გადმოქართულებული სიტყვა “დევტალარი” ბერძნულიდან ქართულად ქრისტეს შემდგომ თუ ქრისტემდე?

დიმიტრაკის “დიდი ბერძნული ლექსიკონი” გვეუბნება, რომ “დევტეროტი” ნიშნავს “ებრაელთა საღვთო  წერილის სწავლებას”, ე.ი. ნიშნავს ებრაელთა თორას ანუ ხუთწიგნეულს. ამავე ლექსიკონში ვკითხულობთ, რომ “დევტეროტი” ყოფილა ებრაელთა საღმრთო წიგნის განმმარტებელი ანუ რაბინი.

მაშასადამე ცხადია, რომ სიტყვა “დევტალარი” ქართულ ლექსიკაში დამკვიდრდებოდა არა უგვიანეს ძვ.წ. IV-III საუკუნეებში (იხ. ჟურნალი “განთიადი” N9, 1991).

როგორც ჩანს იბერიაში, აზოსა და ფარნავაზის ეპოქაში დევტალარები ანუ რაბინები ებრაელთა სალოცავებში  ძველი აღქმის (თორის) ტექსტებს მრევლს განუმარტავდნენ, ანუ უთარგმნიდნენ ქართულად ან ბერძნულად. ფარნავაზის ზეობის მერე, როცა ქართული გამოცხადდა სახელმწიფო ენად და “არღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა”, ვითარება ქართულის სასარგებლოდ შეიცვლებოდა. თორის სიბრძნის ამდაგვარი განმარტება  – თარგმნა (ებრაული თირგუმი) დღესაც ნიშანდობლივია ქართველ ებრაელთა სალოცავებისათვის: რაბინები სათანადო ტექსტს კითხულობენ ებრაულად, ხოლო მრევლს უთარგმნიან, განუმარტავენ ქართულად.

ე.ი. “დევტალარი” იბერიაში დამკვიდრებულა ძვ.წ.  IV-III საუკუნეებში. რაც შეეხება სეადია გაონის სიტყვა “თავსილი” ანუ მის მიერ გაკეთებული კომენტარი ებრაელთა თორისათვის რაც ა.წ. მე-10  საუკუნით თარიღდება, არ ნიშნავს იმას, რომ ქართველი ებრაელი რაბინებისათვის ეს ტრადიციული რელიგიური რიტუალი წინარე საუკუნეებში უცხო ხილი იყო. აქ მისანიშნებელია, რომ არამეული არ იყო ებრაელებისათვის მშობლიური ენა (იხ. “ნოსტალგია”, 2010, N8-9, გვ.23); რამეთუ ცნობილია ამ მომთაბარე ტომების ორი ექსპანსია: ტერიტორიალური და ლინგვისტური. პირველი აღკვეთა ასირიამ – ძვ.წ. VIII  საუკუნის ბოლოს არამეულმა ქალაქ-სახელმწიფოებმა ასირიაში, ჩრ. მესოპოტამიაში და ქანაანში არსებობა შეწყვიტა.

რაც შეეხება არამეულის ლინგვისტურ ექსპანსიას, იგი სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. არამეული დამწერლობის ნიშნები აღმოჩენილია ელინიზმის ეპოქაში: სპარსეთში, კაპადოკიაში, ეგვიპტეში და ა.შ. ის რომ არამეული არის სირიის ეკლესიის ოფიციალური ენა ბევრ რამეზე მეტყველებს.

ცნობილია, რომ ძვ.წ. VIIIს. დასაწყისში არამეულმა განდევნა ებრაული ენა და დამწერლობა. ისტორიული ფაქტია ის, რომ ბაბილონის ტყვეობიდან სამშობლოში დაბრუნებულმა იუდეველების დიდმა ნაწილმა უარყო მშობლიური ენა – ყივრითი. ალბათ, ასეთი ლინგვისტური ექსპანსია თავდაპირველად განპირობებული იქნებოდა ტერიტორიალური ექსპანსიით, რადგან არიმეული დამწერლობა ებრაულ-ფინიკიურისაგან მომდინარეობს, შედგება 22 კონსონანტისაგან (თანხმოვნისაგან). ტექსტი, ისევე როგორც ებრაულში იწერება მარჯვნიდან მარცხნივ. ასე რომ ებრაულსა და არამეულს შორის განსხვავება დიდი არაფერია: თუ მხედველობაში არ მივიღებთ რამდენიმე ასო-ნიშანს, რომელიც თავგახსნილად იწერება. აქედან გამომდინარე იუდევლების მიერ მშობლიური ენის უარყოფა შეიძლება აიხსნას მხოლოდ ტერიტორიული ექსპანსიით…, რადგან არამეული ისტორიული ტექსტები (ძვ.წ. VIIIს.) და მხატვრული ლიტერატურა (ძვ.წ. Vს.) გაცილებით დაბალი დონისაა, უფრო ადრინდელ ებრაულ ისტორიულ და მხატვრულ ტექსტებთან შედარებით.

აღნიშნული განმარტება დაიწერა იმასთან დაკავშირებით, რომ 2016 წლის 25 ივლისს ტელევიზია “რუსთავი 2”, (წამყვანი პაატა იაკობაშვილი) გრაკალის (გრაკლიანის) გორაზე აღმოჩენილი ხუცური დამწერლობის ნიმუშები მიამსგავსა არამეულ დამწერლობას, რაც არასწორია, ვინაიდან ამერიკელმა მეცნიერებმა ეს აღმოჩენა დაათარიღეს ძვ.წ. X-IX საუკუნეებით, მაშინ როცა არამეული დამწერლობა ძვ.წ. IX- VIII სს. შორის არის შექმნილი.

აქედან დასკვნა, ჩემს მიერ მიკვლეული მასალებითა და გამოქვეყნებული მეცნიერული  ნაშრომების თანახმად, ქართული ხუცური (ასომთავრული და ნუსხური) დამწერლობის შექმნა დასტურდება ძვ.წ. XIV- XIII სს.  ფინიკიურ-ებრაული დამწერლობის პარალელურად და თავისთავად. აქედან გამომდინარე, ეს დამწერლობები ვერ იქნება მსგავსი არამეული დამწერლობის, ვინაიდან არამეული დამწერლობა შექმნილია დაახ. ძვ.წ.X- IXსს. ან ძვ.წ.IX- VIIIსს., ვინაიდან არამეული დამწერლობა გვიანდელი დამწერლობაა, ამიტომ შეიძლება ითქვას რომ არამეული დამწერლობა მსგავსია ფინიკიურ-ებრაულის და ქართული ხუცური დამწერლობის.

ი.პაპიაშვილი
საქართველოს და ისრაელის მწერალთა კავშირის წევრი,
გალაკტიონ ტაბიძის და ივანე მაჩაბლის პრემიის ლაურეატი

ადრინდელი პროზა

დედა

– ეს თქმულება პაპისაგან გამიგონია, სოლომონის მეფობის ხანაში მომხდარა, – ასე დაიწყო ამბის მოყოლა მოხუცმა მწყემსმა, რომლის თეთრი წვერი ახლად მოსული თოვლივით ბრწყინავდა შავ ნაბადზე. უზარმაზარ, თეთრ ლოდზე ჩამომჯდარიყო იგი აზვირთებული მდინარის პირას. თავზე ნაცრისფერი ბოხოხი ეხურა და მხარზე მიყრდნობილი მსხვილი კომბალი მარჯვენა ხელით ეჭირა. მის გარშემო ახალგაზრდა მწყემსები ისხდნენ, გულისყურით უსმენდნენ მოხუცს.

ცა ვარსკვლავებით მოჭედილიყო. მდინარე გაცოფებული ცხოველივით მოღმუოდა ლოდებშუა, მოიბრძოდა, ბობოქრობდა.

– ტყუილა როდი შეარქვეს ბრძენი სოლომონს, – ამბობდა მოხუცი, – თეთრი მტრედები ზეთისხილის რტოთი პირველად მისი მეფობის დროს აფრინდნენ ცის კაბადონზე; იქნებ განგების ნებაც ეს იყო, სოლომონი ხომ ბიბლიური სახელია და ქართულად “მშვიდობას“ ნიშნავს. ჰაი, გიდი, იმ ზღაპრულ ხანაში სამართალს კაცი ფულით ვერ იყიდდა. უზენაესი მსაჯული თვითონ მეფე იყო და აბა, ქრთამს ვინ შეჰბედავდა.

სამოცდაათ ენაზე ლაპარაკობდა სოლომონი, წარმოთქვა სამი ათასი იგავი და შეთხზა ხუთი ათასი საგალობელი და ყოველი მათგანის აზრი ისე დამძიმებულიყო სიბრძნით, რომ მთელი ზღვისპირეთის ოქროვერცხლი ვერ გადასწონიდა. მეფობის პირველსავე წელს აკრძალა მან ყრმათა და ქალწულთა მსხვერპლად შეწირვა. მეფის რისხვამ წალეკა ადამიანთა სამსხვერპლო. დედას აღარ აშინებდა ბავშვის შობა, არავის ჰქონდა უფლება მისი ჩვილი მსხვერპლად მიეტანა ღვთაების გავარვარებულ ხახაში. ამიტომ შეაჩვენეს ხელმწიფე მღვდელთმოძღვრებმა და წარმართმა ქურუმთუხუცესებმა, მაგრამ სოლომონი მათ როდი ეპუებოდა. ჰოდა, იარა, იარა, ცხრა მთა გადაიარა და მსოფლიოს მოედო სოლომონის სიბრძნის ამბავი. რკინის ქალამნებით მიდიოდნენ და მიდიოდნენ მისი სასახლისაკენ ჭეშმარიტების საპოვნელად ღარიბნი თუ მდიდარნი.

ერთხელ, გაზაფხულზე, როცა სოლომონს „იომ-მიშფატი” (1) ჰქონდა დანიშნული, მისი უერთგულესი მრჩეველი და ყალააცაბა (2) ბენაია ლიბანის მაღნარის ბეთ–დინში (3) ორ ქალს შეუძღვა.

სპილოსძვლისაგან ჩამოთლილ და ოქროთი მოვარაყებულ ტახტზე იჯდა სოლომონი. ტანზე ძოწეული ემოსა, შავი სირმებით გაწყობილი ქსოვილი ფერადოვან ნაქარგებში იჩქმალებოდა. ჩასხმული ვაჟკაცი იყო, მხრებგაშლილი, თმა-წვერი გვარიანად შევერცხლოდა. ტახტზე ასვლა შვიდი საფეხურით შეიძლებოდა; თითოეულს კიდეებში, აქეთ–იქით, ლომები ედგნენ დარაჯად: თოთხმეტი გოროზი მხეცის მოდუნებული სხეული გართხმულიყო ძვირფას ხალიჩაზე, აღმოსავლელი მხატვრების ხელით რომ იყო ნაქარგი.

მეფემ თავი ასწია.
ქალი, რომელსაც ჩვილი ბავშვი მკერდზე ძალუმად მიეკრა, თვრამეტი წლისა იქნებოდა; უბრალო, სადად შეკერილი კაბა ეცვა, მხრებზე შავი თმები ეყარა, ვაზის ლერწივით ასხეპილი ყელი აეღირა, შეშფოთებული სახე ჰქონდა, მზერა დანასავით მჭრელი; იგი მთელი სხეულით თრთოდა.

მეორე, ასე ოცდაათი წლის ქალი, ფარჩა–აბრეშუმში გახვეული, ყელზე ბრილიანტისთვლიანი ოქროს ჯაჭვი რომ ეკიდა, სამეფო ტახტს მიუახლოვდა, ნაძალადევი, ყასიდი მოკრძალებით თავი დახარა და მეფეს მოახსენა, – ასე და ასეო, დიდვაჭრის მეუღლე ვარო, იმიტომ გეახელით რომ ამ გომბიომ შვილი წარმტაცაო. ეგ უბედური ჩემს მეზობლად ცხოვრობს, ღარიბია, არავინ იცის ვისგან დაორსულდა, მამამისმა სახლიდან გააგდო; იმ ავბედით ღამეს შემთხვევით ორივემ ერთ ბებიაქალთან მოვილოგინეთ, ჰოდა, მძინარემ შვილი ლოგინში გასრისა, ამაზე ჭკუა აერია საწყალს, ადგა და ღამით ბავშვი შემიცვალა. შეძრწუნებული ბებიაქალი ასე გაიძახოდა, – რა ვთქვა არ ვიციო, თქვენი ბიჭები თითქმის ერთდროულად დაიბადნენ და ერთმანეთს ტყუიპისცალებივით ჰგავდნენო. ურჩევნია ამ ბედდამწვარმა ღატაკმა ჭკუას მოუხმოს დამიბრუნოს ჩემი ბიჭი და ოქრო–ვერცხლით ავავსებ.

ერთი სიტყვით, ისეთები გადმოალაგა, მეფის ნათელი სახე ავის მომასწავებელი ღრუბელივით მოიქუფრა. მისმა დაჟინებულმა მზერამ ახალგაზრდა ქალი, ისედაც ფერმიხდილი, უნებურად აალაპარაკა:
– ტყუის, მეფეო, უღვთოდ ტყუის! ბავშვი ჩემია. ღმერთმა ხომ იცის, არ მომიპარავს იგი.

ეს სიტყვები სასოწარკვეთილი, გულისშემძვრელი ხმით იყო თქმული, რის გამოც მეფემ სინანულით გაიფიქრა:
“სამართალი ფიჭის თაფლი არ არის, რომ მისი სიტკბოთი ყველას აამო“.

გასაჭირში ჩავარდა სოლომონი, აქეთაც დედა, იქითაც დედა. მართალია ერთი – ღარიბი და გატანჯული, მეორე – მდიდარი და კმაყოფილი, მაგრამ, გინდ ასე თქვი, გინდ ისე, ორივე დედაა და ორივე ერთ ბავშვზე გაიძახის — ჩემიაო, მოდი და განსაჯე, როგორი განსასჯელია!
– ამბობ, არ მომიპარავსო, იქნებ უქმრობასაც ტყუილად გწამებენ? – ეკითხება ბავშვიან ქალს.
– არა, ეგ მართალია, ქმარი არა მყავს.
– ვინ არის ბავშვის მამა?
– მწყემსია, უბრალო!
– ახლა სად არის?
– არ ვიცი.
სოლომონი ერთხანს დუმდა, მერე ახალგაზრდა ქალს დაკვირვებული, გამომცდელი მზერა შეავლო და დაშაქრული ხმით უთხრა:

– მარტოხელას ბავშვის გაზრდა გაგიჭირდება, დათმე ეგ პატარა ბიჭი, ვერა ხედავ, სამაგიეროდ ოქრო-ვერცხლს გპირდებიან. გამდიდრდები.
– შვილს ცოცხალი თავით არ დავანებებ; ვიშრომებ, ვიშიმშილებ, გავზრდი!
მაშინ მეფემ პირქუშად უთხრა:
– რადგან ჩემი რჩევა არ შეისმინე მიპასუხე: ღამით, ლოგინში პირმშო რომ გასრისე, ნუთუ გაანჩხლებული ბალღის ღნავილი არ გესმოდა?
– ოჰ, მეფეო, გემუდარებით, ნუ დაუჯერებთ საშინელ ცილისწამებას, რა დამაძინებდა, თავს ვევლებოდი ჩემს პატარას, ვაკვირდებოდი, სახით მამას ხომ არ ჩამოჰგავს–მეთქი. ძალიან, ძალიან მსურდა, რომ ჰგვანებოდა. თვალწინ მედგა ჩემი მზეჭაბუკი.

სოლომონის თვალებში წამით უცნაური სხივი გაკრთა, მზეჭაბუკი საიდან სადაო, განა ბავშვის მამა უბრალო მწყემსი არ არისო, გაიფიქრა, უბრძანა, ეამბნა ყველაფერი, რაც თავს გადახდა.
– გასულ გაზაფხულს, მაისის მიწურულს ქალაქიდან არც ისე შორს, ბებიასთან გამგზავნეს. ზაფხულს, ჩვეულებრივ, იქ ვატარებდი. მისი პატარა კოხტა სახლი მთის ფერდობზე დგას, მდინარის პირას. იქვე, მახლობლად წყაროსწყალიც ჩამოდის, ცივი და ანკარა. მიყვარს სოფელი, განსაკუთრებით ზაფხულში. მზე ნათელია და დიდი, ნამდვილი საოცრებაა. გამთენიისას ვიღვიძებდი და უმალ მთისკენ გავრბოდი მზესთან შესახვედრად! მივიწევდი მაღლა, სულ მაღლა.. გული მიგრძნობდა, მოვიდოდა იგი, ვისაც დიდი ხანია ველოდი.

წინათგრძნობა ამიხდა, გამოჩნდა ჩემი მზეჭაბუკი. იმ დღეს ლურჯად ხასხასებდა ივნისის კრიალა ზეცა… მთის ფერდობზე ბილიკს მაღლა მივუყვებოდი. ერთგან შევდექი და მიდამოს გადავხედე. სოფლის ბოლოში თეთრი ფარა მოიზლაზნებოდა. უცებ სალამურის ხმა შემომესმა. ვიღაც ჯადოქარივით აკვნესებდა, ლერწამს. ჰანგი იყო ახლობელი და ლაღი. სალამური მე მიხმობდა. მწყემსებს ყმაწვილი გამოეყო, ჩემსკენ გამოემართა. ვიცანი; ერთი წლის წინ იქეთ გამგზავრებისას, წყალი მომთხოვა, მე არ დავზარდი და დოქით ყაროსწყალი მივაწოდე; შეიძლება ვეღარ გნახოო, ჩაილაპარაკა როცა წყურვილი მოიკლა და უკანვე გაბრუნდა: მაგრამ აი, წელიწადი გავიდა და კვლავ გამოჩნდა.

ვაჟს ახოვან ტანზე უბრალო ჯვალო შემოტმასნოდა. ვიწრო, უხეში შარვლის ტოტები პაჭიჭებში ჩაეტნია, მზით შერუჯულ შუბლზე გიშრისფერი თმები გადმოყროდა, თვალებში ნაკვერჩხლები უელავდა. ალბათ ისევ წყაროსწყალი თუ მოისურვა-მეთქი; მთიდან გადმოვფრინდი. მასთან გავჩნდი. სახე აელეწა, მეც ცეცხლი მომეკიდა.
ხელზე ხელი წამავლო.
– მომთაბარე ვარ, გოგო. ვინ იცის ბედი სად გადამისვრის; დღეს აქა ვარ, ხვალ იქ. იმადაც გითხარი შეიძლება ვეღარც ვნახო-მეთქი.

ამათვალ-ჩამათვალიერა და სულშეგუბებულმა ძლივს ამოღერღა:
– რამოდენა გაზრდილხარ!
ქალმა თავი ჩადუნა. ბავშვი არ ტიროდა, მაგრამ მაინც მიეალერსა, ხელებში დაარწია, იავნანაო, ვარდოვ ნანაო, – ჩუმად, ხმატკბილად ჩაუღიღინა.

– იმ დღეებს რა დამავიწყებს, დიდო მეფეო, დუღდა გული, ელოდა, ელოდა… სამი თვის მერე იალაღს სიყვითლე შეეპარა. ცხვარი ვერ ძოვდა უხეშსა და ხმელ ბალახს. წავიდა ჩემი მწყემსი, გაჰყვა თეთრ ქარავანს. გული ჩამწყვიტა, მაგრამ არა ვნანობ, დაილოცა მისი მშობელი… – მერე კილოშეცვლილი ხმით დასძინა: – ჩემი ბიჭი ალიკვალი მამაა, შემოევლოს ჩემი სიცოცხლე, არავის დავაჩაგვრინებ. – თქვა და ახლა წამწამებდახრილი ოდნავ ხმადაბლა ალაპარაკდა:

ორიოდ თვეში მუცელი მენძრა. ნაყოფის პირველმა განძრევამ ძალიან გამახარა, თუმცა ის დღე ჩემთვის არ ყოფილა ბედნიერებით გაცისკროვნებული. რაღა დაგიმალოთ, თვალწინ მამაჩემის გოროზი გამოხედვა დამიდგა და ერთბაშად მოვარდნილმა შიშის ნიაღვარმა ჩაკლა დედის სიხარული. შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს დავუწყე ძებნა, მაგრამ საითაც არ გავიხედე, საითაც არ მივაპყარ ფიქრი, არსაიდან არ ჩანდა ხსნა, ისეთი ვერაფერი მოვისაზრე, რაც მამის რისხვას ამაშორებდა; იმედი გადამეწურა და გადავწყვიტე თავი მომეკლა. ოჰ, მეფეო, სიკვდილისა ვის არ ეშინია, მაგრამ სხვა გზას ვერ ვხედავდი. კლდის პირს მივადექი, ერთი ნაბიჯიღა იყო საჭირო და… სწორედ იმ წამს ბავშვი ისე აფართქალდა მუცელში, როგორც განწირული ჩიტი. მივხვდი, მას სიცოცხლე ეწადა და ვერ გავიმეტე ეს პაწაწინა, უცოდველი არსება, ნაყოფი ჩემი ბრმა გულისთქმისა; ბედს შევურიგდი.

სინამდვილე რომ შეიტყო, მამა საშინლად განრისხდა და სახლიდან გამაგდო. დედაჩემმა შემიბრალა, საწყალი აქეთ ეცა, იქეთ ეცა, ბოლოს იმდენი მოახერხა, მეზობელ უბანში მყუდრო ოთახი დამიქირავა და იქ მალულად მივლიდა.

ერთხელ, მშობიარობამდე ორი კვირით ადრე, ღამით, ბურანში მყოფს უცნაური ხმა მომესმა. მე მეძახდნენ. თვალი გავახილე. ადამიანის მსგავსი არსება ცეცხლისმაგვარი ფრთებით სასთუმალთან ჩამომჯდარიყო, შიშისაგან თვალები დავხუჭე. ყვირილი მინდოდა და ენა არ დამემორჩილა, განძრევა მინდოდა და ვერ შევძელი. ერთხანს გარინდებული ვიწექი, მერე ნელ-ნელა გავხსენი ქუთუთოები. მოჩვენება იმავე ადგილას იჯდა. დავაკვირდი. პირისახით თითქოს მე ჩამომგავდა, ოღონდ შედარებით ფერმკრთალი იყო, მომხიბლავად მიღიმოდა. ალბათ, მიხვდა, გრძნობაზე რომ მოვედი და სასთუმალთან დაიხარა, ცეცხლოვანი ფრთა ლოყაზე ალერსიანად მომისვა, რაღაც მანიშნა. ვერ გავუგე, რა უნდოდა, იმ დღიდან გამიშინაურდა, შუაღამისას გამოჩნდებოდა ხოლმე, ხან თავთით დამიჯდებოდა, ხან კიდევ ფრთებს გაშლიდა, ოთახში მსუბუქად დაფარფატებდა, თან ღიმილით მანიშნებდა – გავყოლოდი…

მალე ბებიაქალთან გადამიყვანეს. იქ ჯოჯოხეთური ტკივილები დამეწყო. ის იყო, სიმწრით წამოდგომა დავაპირე, რომ მოჩვენება კვლავ გამოჩნდა. ალისფერ ბაგეზე ნეტარების ღიმილი უკრთოდა, თავი მხარზე დამადო; მეალერსებოდა, მამშვიდებდა. ტკივილი თანდათან მომეშვა, ბავშვის მოძრაობა ახლა ყრუ იყო, ქებოჭილი. და… ჰოი, საკვირველებავ, მოჩვენებამ ენა ამოიდგა:

– ნუ გეშინია, საცოდაო, მოვედი, რათა გადაგარჩინო. სიცოცხლეში ტანჯვა-წამება გელის და მინდა გიხსნა მე… სიკვდილის ანგელოსი ვარ, მეგობარო, წამოდით შენა და შენი შვილი ჩემთან; იმ მხარეში, სადაც მე ვცხოვრობ, სიმშვიდეა და სიმყუდროვე; იქ ყველაფერი იდუმალი და დიადია, როგორც თავად სიკვდილი. ნუ გეშინია, ნუ… დამიჯერე, ცხოვრება ათასნაირ უბედურებათა ქაოსია, მარადიული შფოთი და ვნებათაღელვაა, და რადგან ბოლო მაინც სიკვდილია, მე მომენდე, ასე უმჯობესია ორთავესთვის.

ნექტარივით ტკბილი ენა ჰქონდა; ვგრძნობდი, ნელ-ნელა ვიძირებოდი მისი შავი თვალების უფსკრულში. მერე… მზე ვიხილე, მხოლოდ ერთი წამით იქმნა ნათელი; ამან მიშველა არაბუნებრივი კივილით შევძარი იქაურობა. და… გაბმული ტირილი გავიგონე. ძალაგამოცლილი სასთუმალზე მივესვენე თუ არა, ბებიაქალმა მომახარა, – ბიჭიაო და ბავშვი გვერდით მომიწვინა…

solomon mefis sasamarTloსოლომონი ყურადღებით ისმენდა უცნაური სიყვარულის ამბავს, მაგრამ მოსმენა ერთია და ჭეშმარიტების დადგენა მეორე; როცა ახალგაზრდა ქალმა ამბის თხრობა დაასრულა, მოსამართლემ ასწია შევერცხლილი გოროზი თავი და ხელი საფეთქელთან მიიტანა, გაიხსნა ზღაპრულ სიბრძნეთა სამყაროს კარი და…

– ბენაია, ამ საცოდავს ბავშვი გამოართვი, შუაზე გაჰკვეთე და ლომებს მიუყარე თორემ ხომ ხედავ, უსაქმურობისაგან მიეძინათ მხეცებს.

ხმა ცივი და შეუვალი იყო.
მეფის ბრძანებას ვინ გადასვლია და… ყალააცაბა თავჩაღუნული გაემართა გაფითრებული ქალისაკენ, ბავშვი უნდა წაერთმია. იმ წუთში, როცა დიდვაჭრის ცოლს ცბიერმა ღიმილმა გადაჰკრა, ახალგაზრდა ქალი სოლომონთან მიიჭრა, ბავშვი ფერხთით დაუწვინა და შესძახა:

– მეფევ, ნუ ჩაიდენთ ამ საშინელ დანაშაულს. ბავშვი… არ არის ჩემი. დაუბრუნეთ იგი ნამდვილ დედას!

ამგვარი ფანდით სოლომონმა ადვილად გამოიცნო ვინ იყო ბავშვის დედა; ყველაფერი ცხადი გახდა და მეფეს ისღა დარჩენოდა გამოაშკარავებული დამნაშავე დაესაჯა, მაგრამ მთავარი აქ სხვაა, რაც შემდეგ მოხდა. როცა მეფის ბრძანებით მცველებმა დიდვაჭრის ცოლი დარბაზიდან გაიყვანეს, ახალგაზრდა ქალი ანაზდად თავის კეთილისმყოფელთან მოიჭრა, ჩაიჩოქა, უნდოდა მისთვის მუხლები დაეკოცნა, მაგრამ სოლომონმა იგი მყისვე წამოაყენა.
– დედას ღვთის წინაშეც არ ეკუთვნის მუხლის მოდრეკა!
– რა გქვია?
– სულამითი, მეფევ ბატონო.
– ბენაია, დე, იყოს ვაჟი სულამითისა სოლომონის ძე! – მოულოდნელად ხმამაღლა წარმოთქვა მან, – მიეცი მათ ერთი ტალანტი ოქროთი სახელმწიფო ხაზინადან, მე ვასაჩუქრებ! უხმე აგრეთვე სულამითის მამას, აგრძნობინე, კაი ყმა ქვეყნისთვის ოქროზე ძვირად რომ ფასობს და უბრძანე, დაეხმაროს ქალიშვილს ბავშვის აღზრდაში. – თქვა მეფემ, – დიდვაჭრის ცოლი მკაცრი სასჯელის ღირსია ცილისწამებისათვის; მაგრამ ქალია, თან დედობაც სწადია; ამიტომ განაჩენი შეუმსუბუქდება. მიბრძანებია! უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში შეარჩიეთ ორი ბიჭი, ვინც თვითონ ინდომოს; იშვილოს, დაე ორივენი გაზარდოს! – მეფემ მარჯვენა ხელი შემართა, – განაღეთ ბჭენი დარბაზისანი, – ბრძანა მან, – გზა მიეცით ქალს – დედას! მუხლი მოიყარეთ მის წინაშე, ფეხქვეშ დაფნის რტოები დაუფინეთ!

ახალგაზრდა დედის სახიდან მზემ გამოაბრწყინა, იგი ბავშვით ხელში დარბაზიდან გადიოდა. სასახლის მცველნი, მუხლმოდრეკილნი, დედის ფეხქვეშ დაფნის რტოებს აფენდნენ…

ასე დაასრულა მოხუცმა მწყემსმა ძველთაძველი თქმულება.
– პაპა ყარამან, – ჰკითხა მას ახალგაზრდა მეცხვარემ, – ის მზეჭაბუკი ადამის ჯილაგისა ხომ იყო, კაცო, ნუთუ სულამითს არ მოძებნის?

-ჰაი, ჰაი, რომ მოძებნის, მოძებნის და… თუმცა უკვე გვიანია, დანარჩენს ხვალღამ გიამბობთ, ჩემო შევარდნებო – თქვა მოხუცმა და კომბალს დაებჯინა…

ცა ვარსკვლავებით მოჭედილიყო. მდინარე გაცოფებული ცხოველივით მოღმუოდა ლოდებშუა, მოიბრძოდა, ბობოქრობდა.

PS. როცა “დედა” ქართულ პერიოდიკაში (“ქუთაისი”, “ალია საქართველოდან”), გამოვაქვეყნე, მავანმა და მავანმა ჯერ ბერტოლდ ბრეხტის “კავკასიური ცარცის წრეო”? – ჩაიქირქილა. როცა ვუთხარი აქ მოთხრობილ ამბავს გაცილებით ღრმა ფესვები აქვს-მეთქი, მოგვიანებით შემხვდა და ნიშნის მოგებით მისაყვედურა, – მართალია, ბიბლიური სიუჟეტიაო. ვსარგებლობ შემთხვევით და განვუმარტავ: ნურას უკაცრავად, სიუჟეტი კი არა, ფაბულა ავიღე ბიბლიიდან; ხოლო წინამდებარე მოთხრობის იდეური ქსოვილი და სიუჟეტი სავსებით განსხვავებულია ბიბლიური თქმულებისაგან. ეს რომ ასეა, ფრიად კეთილშობილი მკითხველი თავად დარწმუნდება, თუ მოცალეობის ჟამს გულისყურით ჩაიკითხავს ძველ აღთქმაში – “მესამე მეფეთა”, თ. 3, ტაეპი 16-28, რომლის ერთ სტრიქონს აქვე მოვიყვან: “მაშინ მივიდა მეფესთან ორი მეძავი ქალი და დადგნენ მის წინა”. და ა. შ.

(1) სიმართლის დღე.
(2) ჯარის სარდალი.
(3) სამსჯავროს სახლი.

პაპიაშვილი ი., გაგრა, თბ., 2013, გვ.197.

სამი ანგელოსი

თუმც უწვერული ყმაწვილი იყო, მაგრამ ისე ჰხმარობდა შუბსა და ჰოროლს, რომ მრავალ ბრძოლაში ნაცად ვაჟკაცსაც შეშურდებოდა.

ძლიერი იყო იგი, ვით მუხა და მხრებგაშლილი, ვით კავკასიონი. ბავშვურ სახეზე, სადაც მაღალ შუბლს ნაადრევად დამჩნეოდა ნიშანი ღრმა ფიქრისა და წუხილისა, ნაპერწკლებს ჰკვესავდა არწივის თვალები.

legend_of_king_gorgasali_by_anuk-baratashviliერთხელ, როცა ყმაწვილი მეფე ერისთავების თანხლებით, მცხეთის აღმოსავლეთით მდებარე ნაძვისა და ფიჭვის ხეებით დაფარულ მთაგორიან ქვაბულში ნადირობდა, მშვენიერი შვლის კვალს გადააწყდა. დამფრთხალი ნადირი ქარივით გაიჭრა წინ, ტანაშოლტილ ხეებს შორის. მხედარმა თანშეზრდილ რაშს სადავეები მიუშვა და უკან დაედევნა ლაღად ტყის დაფეთებულ შვილს. სულ მალე ზურგს უკან დარჩა მეძებარი ძაღლების გაავებული ყეფა. სერებითა და გორაკებით რკალშემორტყმულ ქვაბულში თავგანწირვით მიმქროლავი ცხოველი და მონადირე ასპარეზობდა.

ვახტანგმა მირიან მეფის ნაქონი მშვილდი სწრაფად მოიმარჯვა, ლარი მოზიდა და… მოხდა საკვირველება, პირველად ააცილა ისარი მიზანს.

გაცეცხლდა ჭაბუკი, სიბრაზე მოეძალა, ომახიანად შეუძახა ცხენს და სისწრაფეს უმატა; კვლავ მოზიდა ლარი და ამჯერად უფრო დაბეჯითებით ტყორცნა ისარი, შველმა წაიფორხილა. მონადირემ ძლიერად მოზიდა სადავეები, ცხენი და მხედარი ადგილზე გაქვავდა… მაგრამ ეს რა არის? თვალი ხომ არ ატყუებს ვახტანგს? თითქოს ისევ წამოხტა შველი და მიწის სიღრმიდან ამომავალ ორთქლის სვეტში გაუჩინარდა.

ყმაწვილ კაცს ეძნელებოდა დაჯერება, მაგრამ რა ექნა, როცა ნამდვილად ჰხედავდა, რომ სქელსა და გამჭვირვალე ორთქლს მიღმა მშვენიერი სასახლე წამომართულიყო; სვეტებზე შემდგარი შენობის გუმბათი მტრედისფერ ცაში ქანაობდა და თეთრად მოქათქათე ღრუბლების ქულები გვირგვინად შემოდგომოდა ყოველი მხრიდან.

შენობის ირგვლივ ყაყაჩოების ზღვა ლივლივებდა. ასეთი რამ სიზმრად თუ ენახა, ან ზღაპრად თუ გაეგონა ჭაბუკ მეფეს. გაოცებული მიჩერებოდა მოჩვენებას თუ სინამდვილეს…

უეცრად სასახლის ოქროთი მოვარაყებული მუხის კარი გაიღო და იქიდან სამი ერთმანეთზე ულამაზესი ასული კი არ გამოვიდა, ვარსკვლავის დარად გამოციმციმდა, ბროლის ყელ-კისერზე ხვეული თმები გადმოჰყროდათ და მომხიბვლელად იღიმებოდნენ; მცირე ხნის შემდეგ ხელები ნაზად გაშალეს, თუმცა ეს ხომ ადამიანის ხელები არ იყო, ეს იყო ფრთები, ფრთები ანგელოსთა… – მალე ისინი ტანის მსუბუქი რხევით გაცურდნენ ახალგაზრდა მეფისაკენ. ერთს შროშანისფერი, მეორეს ძოწისფერი, ხოლო მესამეს იასამნისფერი გამჭვირვალე მოსასხამები მოეგდოთ შიშველ მხრებზე. სამი მხრიდან შემოერკალნენ ვახტანგს და გაისმა ნარნარი ხმები.

პირველი ანგელოსი: – დიდი და მძიმე ბრძოლები მოგელის, ვახტანგ! შენ განამტკიცებ ქართლოსიანთა საზღვრებს ალანთა კარამდი და შემოიერთებ ძველ კოლხურ მიწას, წართმეულს ბერძენთაგან. შეებრძოლები და დაამარცხებ ჰინდოთ, სინდელთ, აბაშთ ღა ჯორჯანელთ და არასოდეს ქედს არ მოიხრი სპარსთა წინაშე; აღაშენებ მრავალ ციხე-გოდოლს, ეკლესიებს, ტაძრებს და დაამკვიდრებ ქრისტეს სჯულს ქართლოსიანთა ზედა.

მეორე ანგელოსი: – რაინდულ ორთაბრძოლებში შენ, ვახტანგ, მახვილით განგმირავ ოვს გოლიათს თარხანს და ბუმბერაზ ბაყათარს, ბერძენთ სპასპეტს პალეკარპოს და სპარსთა მეფის შვილს ბარტამს. საქმენი ესე საგმირონი შარავანდედის გვირგვინს დაგბურავს.

მესამე ანგელოსი: – იცოდე, საუკუნეების მანძილზე იცოცხლებ შენ, ვახტანგ გორგასალო, ვინაითგან სწორედ ამ ადგილს, სადაც ამოჰქუხს წყალი თბილი, სამკურნალო და სანეტარო, აღაშენებ ქალაქს და უწოდებ მას თბილისს, და არ მოკვდები ვიდრე იარსებებს ქალაქი იგი, რომელიც მუდამ იქნება პირველი ქალაქი ქართლოსანთა.

***

ტყის სიღრმეში მეძებარი ძაღლების გაავებული ყეფა გაისმა. ჭაბუკი მეფე გამოერკვა. მოჩვენება გამქრალიყო. მის შორიახლოს კი მიწის სიღრმიდან ამოჩუხჩუხებდა წყარო, რომელსაც ორთქლის ოხშივარი თეთრი ღრუბლის ქულებივით დაჰფენოდა.
წყლის ვერცხლისფერ შხეფებს შორის ბუნდოვნად მოჩანდა გორგასლის ისრით დაკოდილი შველი…

პაპიაშვილი ი., გაგრა, თბ., 2013, გვ.206.

იმერეთის გაზაფხული

ცხრა ვაჟი და ერთი ქალი ჰყავდა იმერეთის ძლიერ თავადს ქართლოს ერისთავს. ცხრა ვაჟკაცი ხელისგულზე ატარებდა უსაყვარლეს არსებას. ვარდისმზე ერქვა ერისთავის ასულს.
– დაუტყვევებიხართ ზღვის ქაფის სიკისკასეს სანაპიროზე?
– ზღვის ქაფის სითეთრე გადაღვროდა ქალწულის სახეს.
– შესწრებიხართ ვარდის გაფურჩქვნას ადრე გაზაფხულზე?
– ვარდის ფურცლებივით ჰღვივოდა ქალწულის ბაგეები.
– შეგისვამთ ბროლის თასით რაჭული ხვანჭკარა?
– ქართული ღვინის ეშხი ჩაღვრილიყო უტურფესის თვალებში.
– გინახავთ ვით ირხევა ლერწამი ქარში?
– ისე ირხეოდა წერწეტი ტანი ერისთავის ასულისა.
– გაუტაცნიხართ ჩანჩქერის ზილფებზე მზის ათინათის სიკაშკაშეს?
– ასე ელვარებდა ვარდისმზის გულ–მკერდზე ჩამოღვრილი
დალალთა ჩანჩქერი.

“იმერეთის გაზაფხულს” ეძახდნენ ვარდისმზეს. ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით ლაპარაკობდნენ ქალწულის მომხიბვლელობაზე. სიმღერებს თხზავდნენ მის ზღაპრულ სილამაზეზე.

ბევრჯერ სცადეს დასაკუთრებოდნენ “იმერეთის გაზაფხულის!” გულს, მაგრამ უშედეგოდ, ვერსად მოინახა ბადალი მისი.

იმერეთი სათუთად იფარავდა თავის გაზაფხულს სუსხისაგან.

***

გალიაში გამომწყვდეული არწივივით აწყდებოდა თავისივე ციხე-დარბაზის კედლებს ოსმალთ სულთანის ვაჟიშვილი და ტახტის მემკვიდრე ჰალილ ზაგდალი. თითქმის ყოვლისშემძლემ ორჯერ სცადა ვარდისმზის დასაკუთრება და ორჯერვე ხელმოცარული დარჩა. ქართველთა მცირერიცხოვანმა ლაშქარმა იმერეთის მთების ვიწრო ხეობებში შეიტყუა ოსმალთა ურიცხვი ჯარი და სასტიკი მარცხი აგემა მომხდურს.

რისხვით აენთნენ ჰალილ ზაგდალის ორბის თვალები.

და მოითხოვა ოსმალთ მომავალმა მბრძანებელმა მიეგვარათ მისთვის ჯადოქართ ჯადოქარი ჯილაიდაზადი.

შეუსრულეს ნაბრძანები ქვეშევრდომებმა.
– ჯილაიდაზადი! – მიმართა ჯადოქარს ჰალილ ზაგდალიმ,- “იმერეთის გაზაფხულის” ტრფობა ჩამივარდა გულში…

ჯადოქრის ჭრელ თვალებში ცბიერი ღიმილი გაკრთა, ჩაშავებული მეჩხერი კბილები გამოაჩინა. მერე ღამის ზღვასავით შავი თმები შეარხია, უცხო თვლებით მოოჭვილი, წერილზე წვრილი თითები გაფარჩხა, არათითი გამოჰყო და მბრძანებლისაკენ გაიშვირა.

კაკლის ოდენა მარგალიტით გაწყობილი ბეჭედი წამოაცვა ჯილაიდაზადის არათითზე ჰალილმა.

იმავე წამს ჰაერში აფარფატდა ჯადოქრის აწოწილი, ხმელი გამოსახულება და გაჰქრა… ოსმალოთ სულთნის ტახტის მემკვიდრეს უდიდესი ძალა ჩაეღვენთა ახოვან სხეულში.

გაუჩინარებული ჯადოქრის მხოლოდ ხარხარიღა ისმოდა დარბაზში.

გუმბათი ყრუდ გუგუნებდა.
“ადამის მოდგმის დამზადებული იარაღი ვერას გავნებს ჰალილ, ვიდრემდი სული შენი მრისხანებით იქნება მოცული!”
მსწრაფლ საჭურველი მოითხოვა ტახტის მემკვიდრემ.

ოქროსვადიანი ხმალი და ლომის ტყავგადაკრული ფარი მიართვეს ჰალილს. ხმალი მარჯვენა ხელში დაიკავა და ფარი მხარზე გადაიკიდა. ყველაზე ფიცხელი ბედაური მიჰგვარეს მყისვე. რაშს ზურგზე მოახტა და იმერეთს მიაშურა.

***

ცხრა ვაჟითა და ერთი ქალითურთ სუფრას მისხდომია ქართლოს ერისთავი. ხელში ყანწი ეჭირა, როცა წერილი მიართვეს, ხმლის წვერს ააცვა იგი ჭარმაგმა მოხუცმა და წაიკითხა: “მე ჰალილ ზაგდალი, – ვაჟიშვილი და მემკვიდრე ოსმალო სულთანისა. – მოვსულვარ, რათა დავეუფლო შენი ასულის გულს. ხმლით შემიძლია დავამტკიცო ჩემი წადილის შეურყევლობა”.

ჭექა–ქუხილით დაიგრგვინა ცხრა ვაჟკაცმა. ომახიანად აჟღარუნდა მათი მუზარადები. ბრძოლის ველისკენ გაუძღვა ქართლოს ერისთავი საკუთარ ვაჟებს.

დაიწყო უთანასწორო შერკინება.

რკინა არ ჭრიდა ოსმალის მოჯადოებულ სხეულს, მამა-შვილთ უცოდველ სისხლში განიბანა მტარვალი.

ფერწასული შეჰყურებდა ვარდისმზე თავზარდამცემ სანახაობას. როს მამისა და ძმების სისხლში მოსვრილი ჰალილ ზაგდალი მას მიეახლა, კითხვით მიმართა ქალწულმა:
– უძლიერესო ვაჟკაცთა შორის, ქვის სულისა და სხეულის ადამიანს რისთვის დაგჭირდა უდანაშაულოთა სისხლის დანთხევა? შენ ხომ ვერასოდეს ვერ იგემებ იმ სიტკბოებას, რასაც ქალი ანიჭებს მამაკაცს.
– ჰოი, უმშვენიერესო მშვენიერთა შორის, — იყო პასუხი,  – სული და სხეული ჩემი მხოლოდ მაშინ არის ქვა, როცა ვმრისხანებ. შენი ბროლის მკლავები ყინულს გაალღობენ და კვლავ ადამიანის სისხლი აჩქეფდება ამურის ისრით დაკოდილის ძარღვებში.

მიუახლოვდა ვარდისმზე ჰალილ ზაგდალის და ფერხთით განერთხო მის წინაშე. უმალვე წამოაყენა ვაჟკაცის ძლიერმა ხელებმა ტურფა ასული.

მაშინ სისხლში მოსვრილი ხელები დაუკოცნა ვარდის მზემ ოსმალთ სულთანის ტახტის მემკვიდრეს.

სიხარულმა აღიტაცა ჰალილი, მყის საჭურველი მოიხსნა და მიწაზე დაჰყარა; ღიმილმა გაუპო ბაგეები, ორბის თვალებზე ნეტარების საბურველი გადაეფარა, ქალის ალერსით გაბრუებული სიამოვნების მორევში ჩაიძირა იგი.

უეცრად ვარდისმზის ფარჩის კაბის მოფარფატე სახელოდან მამისეულმა ხანჯალმა იელვა და ტარამდე ჩაერჭო გულში ჰალილ ზაგდალის.

“იმერეთის გაზაფხულის“ ფეხქვეშ გმინავდა სულთმობრძავი გადამთიელი.

პაპიაშვილი ი., გაგრა, თბ., 2013, გვ.228.

იმ გზას რომ გავყოლოდი!?..

“ეჰ, წერის ნიჭი რომ დამყოლოდა!” — ეს ფრაზა ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ბაბუა ალიოშამ იმ დღეს, როცა მე მეხუთე კლასის მოსწავლემ, რაღაც ლექსის მაგვარი შაირი შევთხზე, და დედაჩემმა, იმით აღტაცებულმა, რომ მისი შვილი “დიდი პოეტია”, ეს მთელ ეზოს ამცნო. მეზობლები, განსაკუთრებით ჩემი კეთილი, მეგობარი მოხუცები, ფიქრობდნენ, რომ მე მართლა ნამდვილი მწერალი ვარ.

მე ვსწავლობდი იმ ეპოქის სკოლაში, რომელიც იმ დროს ცნობილი იყო როგორც სოციალისტური რეალიზმი. ამ სკოლაში ქართულთან ერთად რუსულიც მშობლიურ, სავალდებულო ენად ითვლებოდა, და ამიტომ საპროგრამო მოთხოვნა ლიტერატურაში ორივე ენაში თითქმის ერთნაირი იყო. ჩვენ ვეცნობოდით და ვსწავლობდით, როგორც ერთი, ისე მეორე ხალხის ლიტერატურულ შედევრებს, ვიზეპირებდით ამა თუ იმ მწერლის მხატვრულ გამონათქვამებს, ვცდილობდით გავთვითცნობიერებულიყავით მათ მსოფლმხედველობაში, ფეხდაფეხ მივყვებოდით მათ მიერ განვლილ შემოქმედებით გზას, ვწერდით ვრცელ საკლასო თხზულებებს, ვცდილობდით გაგვერკვია რისი თქმა უნდოდა ავტორს ამა თუ იმ ნაწარმოების მიხედვით და როგორ მოქმედებდა მისი ნააზრევი თანამედროვეობაზე. სამწუხაროდ, ასეთი ფორმა სწავლებისა ჩვენს ყმაწვილურ ცნობიერებაში აღიქმებოდა ცალმხრივად და დამახინჯებულად, რადგან გზა საზღვარგარეთის მხატვრული ლიტერატურისაკენ ჩვენთვის პრაქტიკულად დაკეტილი იყო. მაგრამ, როგორც ცნობილია, აკრძალული ხილი განსაკუთრებით ტკბილია, და ჩემი ქართული ლიტერატურის მასწავლებლის დახმარებით, მე, იმ ხანებში, როცა პირველი ლექსი გამოვაცხვე, უკვე “ვნადირობდი” საზღვარგარეთელი მწერლების სქელტანიან რომანებზე.

მხატვრული თარგმანის სარედაქციო კოლეგიას საქართველოს მწერალთა კავშირში, ჯერ კიდევ არ ჰქონდა გამომუშავებული მიზანდასახული ორიენტაცია, რის გამოც საზღვარგარეთელი ავტორების თარგმანს სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. ამიტომ გერონტი ქიქოძის მიერ ქართულ ენაზე თარგმნილი ემილ ზოლას “ნანა” და “ხაფანგი” ან მოპასანის “ლამაზი მეგობარი” რომ სადმე მოგეხელთებინათ, დიდ მიღწევად ითვლებოდა.

არ მახსოვს დავიჯერე თუ არა დედაჩემის მტკიცება იმის შესახებ, რომ მე პოეტი ვარ, მაგრამ, ვკითხულობდი ძალიან ბევრს. ვკითხულობდი ღამე, ვიდრე დედა ნავთის ლამპას არ ჩააქრობდა, ვკითხულობდი ქუჩაში, სკოლაში რომ მივდიოდი და უკან ვბრუნდებოდი ვკითხულობდი მალულად გაკვეთილების მსვლელობის დროს, ვკითხულობდი შესვენებებზე. ერთი სიტყვით, ვკითხულობდი და ვკითხულობდი.

მხატვრული ლიტერატურით გატაცება, მე მთელი ცხოვრების მანძილზე გამყვა, მაგრამ იმ ხანებში, როცა ჩვენს სკოლაში ხატვის ახალი მასწავლებელი, ვანო ჭეიშვილი გამოჩნდა, ეს მიდრეკილება კითხვისადმი ცოტათი დაცხრა. ვანო მასწავლებელს ჩვენ “ვანო ჭეის” ანუ უბრალოდ “ჭეიას” ვეძახდით, მეგობრულად, რა თქმა უნდა. იგი იყო უკვე ხანში შესული ადამიანი. ასე სამოცი წლისა, მთლად ჭაღარა, ცოცხალი თაფლისფერი თვალებით. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ის არ იყო დიდი ფერწერული ტილოების შემქმნელი მხატვარი, მაგრამ ითვლებოდა კარგ მთხრობელად, ჰქონდა გადმოცემის შესანიშნავი უნარი. ჭეია ამაყობდა იმით, რომ 1930-იან წლებში დაამთავრა ლენინგრადის სამხატვრო აკადემია. მისგან პირველად გავიგეთ, რომ არსებობდა ერმიტაჟი და ლუვრი, გავიგონეთ აღორძინების ეპოქის ბრწყინვალე ოსტატების სახელები: ლეონარდო, მიქელანჯელო, რაფაელი, ბოტიჩელი. თითოეულ მოსწავლესთან თავისებურ, კეთილ ურთიერთობას ამყარებდა. აქ თუ ვიხმართ სიტყვას “მამობრივი”, არ იქნება უადგილო, ამით ცდილობდა გაეღვივებინა ჩვენში ბუნების და ფერწერის სიყვარული. იმავდროულად მან მუშაობა დაიწყო ქალაქის პიონერთა სახლში, თეთრი ხიდის მახლობლად. მას იქ თავისი კაბინეტი – სამუშაო ოთახი ჰქონდა ხატვის დამატებითი გაკვეთილების ჩასატარებლად, და გვირჩევდა გვევლო მასთან. მეექვსეკლასელთა შორის, მე პირველმა გადავწყვიტე მიმეღო ეს მიწვევა, და მალე მისი საყვარელი მოსწავლე გავხდი.

ზოგჯერ, გაკვეთილების დამთავრების მერე, ის სამასწავლებლოში მელოდებოდა და ჩვენ ერთად მივდიოდით პიონერთა სახლში, სადაც თავის კაბინეტში მაჩვევდა თუ როგორ დავუფლებოდი ხატვის ოსტატობას ფანქრით, მასწავლიდა თანდათანობით გადასვლას ნათელ-ჩრდილოვან გამაში.

ვანო ჭეია იყო ერთ–ერთი ინიციატორი ქუთაისში სამხატვრო სკოლის ჩამოყალიბებისა. სკოლა გახსნეს ქალაქის კულტურის სახლში, მწვანე ბაზრის მოპირდაპირე მხარეს, ჯაჭვის ხიდის მახლობლად. სამეცადინო ოთახები განლაგებული იყო მესამე სართულზე, საიდანაც კარგად მოჩანდა მწვანეყვავილას პეიზაჟი რიონის მარცხენა მხარეს, რაჭისკენ მიმავალ გზაზე, რამდენიმე თანაკლასელმა მომბაძა და ისინიც ამ სკოლის მოსწავლეები გახდნენ. ჩვენ ვსწავლობდით ფერწერას, გრაფიკას, ქანდაკებას, ლითონზე ჭედვას. ლექტორ-მასწავლებლები ხელოვნების გამოცდილი მუშაკები იყვნენ, რომელთა სახელებს დღესაც დიდი პატივისცემით მოიხსენიებენ.

გავიდა ხანი, მე ჩამოვრჩი საგნებში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში და მშობლებმა ამიკრძალეს სამხატვრო სკოლაში სიარული. ვანო ჭეიამ რამდენჯერმე მიაკითხა მამას სამსახურში, არწმუნებდა, რომ იგი საკუთარ შვილს დათვურ სამსახურს უწევდა, მომავალი დიდი ხელოვანის ნიჭს კლავდა, და, ბოლოს და ბოლოს, დაიყოლია. მაგრამ სკოლის დამთავრების წინ, მე მაინც მომიწია მიმეტოვებინა ის გზა, რომელიც შემდგომ დამეხმარა მომენახა საკუთარი თავი ხელოვნების სხვა სფეროში.

ვანო ჭეია მარწმუნებდა, რომ ჩემგან დიდი მხატვარი გამოვიდოდა. ამას რომ მეუბნებოდა, ის გამჭოლი მზერით მაცქერდებოდა თვალებში. ვნანობ, იმედი არ გავუმართლე მოხუც ოსტატს. ვინ იცის, შეიძლება, იმ გზით რომ წავსულიყავი, რომლისკენაც დაჟინებით მითითებდა მასწავლებელი, მე მართლაც შევძლებდი შემექმნა რაღაც მნიშვნელოვანი. მიმბაძველობა ყოველთვის მარცხით არ მთავრდება. ბევრმა ცნობილმა ოსტატმა მოუხვეჭა სახელი თავის ფუნჯს მიმბაძველობით.

უფრო გვიან, როცა მე მოვინახულე ტრეტიაკოვის გალერეა და ერმიტაჟი, მას მერე კი, როცა ისრაელის მწერალთა კავშირის ინიციატივით ჩატარებული ექსკურსიის წყალობით ვნახე ლუვრი და ვინძორის ციხე-დარბაზი, პარიზის და ლონდონის ნაციონალური გამოფენა, მეგონა, რომ პოეტურ მუზას ჩემი აკვნის სიახლოვესაც არ ჩაუვლია, მაგრამ, ვიმეორებ, ვანო ჭეია მიმტკიცებდა, რომ მე დავიბადე როგორც მხატვარი. ზოგიერთ თემას ან სიუჟეტს მე რომ დავსესხებოდი, ვთქვათ რეპინს, დელაკრუას და სალვადორ დალის, ალბათ ჩემს მიზანს ნამდვილად მივაღწევდი. მაგალითად, როიალის კლავიშებზე მე განვალაგებდი არა ექვს, არამედ თორმეტ ლენინს, მოციქულთა რაოდენობის მიხედვით. დელაკრუას ცნობილ სურათზე კი გავზრდიდი დახოცილთა რაოდენობას ლამაზი ფრანგი რევოლუციონერი ქალის ფეხქვეშ, ხელში წითელი დროშით, მის თავს ზემოთ რომ ფრიალებს, იგი თავისუფლების მოსაპოვებლად მოუწოდებს რევოლუაციას… დელაკრუას ამ ტილოს ეწოდება: “თავისუფლება ბარიკადებზე”, მაგრამ სურათზე ბარიკადები არ ჩანს, და ჩემი აზრით, არც არის საჭირო, რადგან ბარიკადების ფუნქციას ასრულებს ბრძოლის დროს დახოცილი რევოლუციონერები და “თავისუფლება” სწორედ მათ – ადამიანების – გვამებზე არის შემდგარი. ამ იდეის გამოა, რომ დელაკრუას ეს სურათი ლუვრში მუდამ არის გამოფენილი.

თუმცა მე ვერ შევძლებდი რეპინის სურათში “ივანე მრისხანე და მისი ვაჟი ივანე” განრისხებული მეფე, საკუთარი შვილის მკვლელი, შემეცვალა იოსებ სტალინით. ლენინიზმი გამუდმებით ითხოვდა ხალხის მტრების – ფეოდალების… სისხლს. 20-იან წლებში ამ დოქტრინისაგან გადახვევა სტალინისათვის ნიშნავდა მარატის, დანტონის და რობესპიერის ბედს. რუსულმა რევოლუციამ სტალინი ისევე აღმოაჩინა, როგორც ფრანგულმა – ნაპოლეონი. პირველი ქართველი იყო, ხოლო მეორე კორსიკელი. და მიუხედავად მოსკოვთან დაშვებული შეცდომებისა და საბედისწერო მარცხისა, მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლეონი არ იყო ფრანგი, ნაპოლეონის სახელი ფრანგებმა შარავანდედით შემოსეს, მაშინ, როცა რუსეთის გადამრჩენის და მსოფლიოში ფაშიზმის დამმარცხებლის სახელს, რუსებმა ჯალათის და ტირანის იარლიყი მიაკრეს. როცა მთელი ევროპა თავს დაესხა მოსკოვს, და არამარტო ევროპა, ალბათ სტალინი არცთუ უსაფუძვლოდ ფიქრობდა, რომ ჰიტლერს, ისევე როგორც ნაპოლეონს, თავს მოახვიეს რუსების წინააღმდეგ ომი. თუ გავითვალისწინებთ, რომ 1944 წ. ნაცისტების წინააღმდეგ მიმართულ ერთ-ერთ გადამწყვეტ ოპერაციას სტალინმა შენგრაბენის, აუსტერლიცის და ბოროდინოს ბრძოლების გმირის ბაგრატიონის სახელი უწოდა, ჩვენი მოსაზრება არცთუ უსაფუძვლო იქნება, თუმცა ამის შესახებ არსებობს უფრო მყარი ისტორიუილი საბუთი, ვთქვათ:
რატომ ცდილობდა საბჭოთა ლიდერი 1987 წ. რუდოლფ ჰესის განთავისუფლებას? რას ამტკიცებს ამის შესახებ N1 ნაცისტის შვილი ვოლფ რიუდიგერი და რატომ ჩივის იგი ჰააგის სასამართლოში? არა, რეპინის სურათში ივანე მრისხანის შეცვლა იოსებ სტალინით შეუძლებელია, სიუჟეტი არ ექვემდებარება ოდნავ ცვლილებასაც კი. საცოდავია მამა – მეფე, სულ რამდენიმე წამის წინ კვერთხით რომ გაუპო საფეთქელი საკუთარ შვილს, და ახლა მოცახცახე ხელებით ცდილობს მისი საფეთქლიდან გადმომჩქეფარე სისხლის შეჩერებას. მაგრამ სისხლი თითებშუა მაინც ძალუმად მოჟონავს… მისი შეჩერება შეუძლებელია.REPIN-Ivan

მალე მივხვდი, ჩემი ოცნება – შემექმნა რამე დიდი ტილო, მხოლოდ მაცდუნებელი ილუზია იყო და სხვა არაფერი. ჩემს მიერ დახატული რამდენიმე ნატურმორტი და მწვანეყვავილას პეიზაჟი რა ხანია სადღაც გადავმალე, რომ არავის ენახა. გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, მაგრამ იმ დღეებში, როცა მათ ვწერდი, შთაგონებული ვიყავი და მწამდა, რომ რაღაცას მაინც მოვიტაცებდი იმ ცეცხლიდან, რომელიც აღორძინების ეპოქის ტიტანებმა აანთეს. დილით, სკოლაში წასვლის წინ, დედა მეუბნებოდა ხოლმე, რომ ძილში ხშირად წამოიძახებ უცნობ სახელებსო: “დღე”, “ღამე”, “სიქსტეს კაპელა”, “მოსე”, “დავითი”, “მონა ლიზა”, “მადონა ლიტა”, “გაზაფხული”, “ბალზაკი”… და გაკვირვებული მეკითხებოდა: “ვინ არიან ეს კაცები და ბავშვიანი ქალებიო?”

ერთხელ, ფერწერის გაკვეთილზე, ვანო მასწავლებელმა ფიროსმანის და ლადო გუდიაშვილის ნამუშევრების რამდენიმე რეპროდუქცია გვიჩვენა და მერე უეცრად შემოგვთავაზა ნატურიდან დაგვეხატა ახალგაზრდა ქართველი გოგონას სახე, ხოლო თვითონ, როგორც ყოველთვის, მოგვშორდა. მენატურე ჩვენი თანაკლასელი მაკა იყო. მას უბრალო, გულამოჭრილი ჩითის კაბა ეცვა. ყველანი გულმოდგინედ ვმუშაობდით. იმ წუთებში, რომელიც, ალბათ, ჩემს ცხოვრებაში უკვე არასოდეს არ განმეორდება, მე რეალურ სამყაროს მოვწყდი და ჩემს წარმოსახვაში დაძაბული ვცდილობდი ტილოზე გამომეხატა სახე ახალგაზრდა ქართველი გოგონასი ისეთი ცოცხალი, როგორც მთიდან გადმომდინარე ცინცხალი წყაროა, მხიარული, მგრძნობიარე და სიყვარულის ნექტარით აღსავსე… და უეცრად ამ იდეალურ სიჩუმეში, როცა მხოლოდ პალიტრაზე ფუნჯით საღებავის შერჩევის ხმა ისმოდა, გაისმა ჩვენი ერთ–ერთი ამხანაგის ხმა. მეტსახელად მას ფრანციას ვეძახდით.

– თუ ჩვენ ამ სახეს ჩვეულებრივი ბიბლიური სიუჟეტის მიხედვით დავხატავთ და ღვთაებრივი იერით ავამეტყველებთ, ვერ შევძლებთ მის გაცოცხლებას, ჩვენი მაკა სადა, უბრალო, სიცოცხლით სავსე, ხალისიანი გოგონაა, ჩვენ კი ისე შევცქერით, ვით ცვილისაგან ჩამოქნილ დედოფალას.
– კაბა გაიხადე, მაკა! შენი შინაგანი ცეცხლი ჩვენ აგვანთებს, და ისე დაგხატავთ, როგორც წესია, – შესთავაზა გოგონას ერთმა ჩვენგანმა. ეს გოგი იყო.
– მოხარშული წაბლი არ გინდა? – ნოდარ დუმბაძის ეს ცნობილი ფრაზა მაკამ ღიმილით წამოისროლა.
– მაშინ მკერდი გაიშიშვლე, მენატურე ვალდებულია დაგვეხმაროს.
მაკამ გადაიკისკისა.
– გოგი, – გასძახა ფრანციამ ამხანაგს, – იცი, როგორ ეარშიყებოდა ვან გოგი თავის გულის რჩეულს და რა ჩაიდინა მისი სიყვარულის გამო? ვინსენტს მისი ცოლად შერთვა ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა ის ქალი სულაც არ იყო წმინდანი.
– დიახაც, ვიცი. იგი თამამად შევიდა მომავალი სიმამრის სახლში, მის თვალწინ მაგიდაზე გაშლილი მარცხენა ხელი დადო და უთხრა: “თქვენი ქალიშვილის სიყვარულისათვის მე შემიძლია ყველაფერი ჩავიდინო”. ამ სიტყვებით დანა ქამრიდან დააძრო და ხელი მაგიდას მიალურსმნა.
– ეს ტყუილია. ყველაფერი სხვანაირად იყო. – ვთქვი მე. – ვან გოგი სასიმამროს სახლში რომ შევიდა, ბინდდებოდა, ოთახში სანთელი ენთო. მან ხელი ალთან მიიტანა და ეჭირა მანამდე, ვიდრე ცეცხლმა ხელისგული არ ამოწვა.
– აბა, თუ ასეთი ყოჩაღი ხარ, თქვი, რა მიუძღვნა მხატვარმა თავის ცისფერთვალება მადონას?
– შენ მე ვერ მომატყუებ. ჰოლანდიაში ის მუქი პალიტრით მუშაობდა, ცისფერის გამოყენება კი პარიზში დაიწყო, იქ მონეს და პისაროს სტილით წერდა. მალე კი მის მიერ შერჩეული ელფერის, კოლორიტის ნათელი ჯაბნიდა, როგორც იმპრესიონისტების, ისე პოსტიმპრესიონისტების ქმნილებებს, სამწუხაროდ, მას და არც გოგენს ბედი არ წყალობდათ. ევროპამ არ მიიღო მათი ხელოვნება: ლურჯი ხეები, სინათლე ჩრდილის გარეშე… მათ სურათებს არ ყიდულობდნენ. ვან გოგის რვაასი ნახატიდან, მისმა ძმამა თეომ, რომელიც პარიზის ერთ–ერთი გალერეის დირექტორი იყო, მხოლოდ ერთი სურათის გაყიდვა შეძლო. დღეს კი ყველას ანცვიფრებს მათი ტილოების ცისფერი, ოქროსფერი და წითელი ტონები. ორივეს სიღარიბეში ამოხდა სული. ვინსენტმა დეპრესიის დროს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა საკუთარ თავს, გოგენი კი კუნძულ ტაიტზე სიფილისმა იმსხვერპლა.

ფრანციამ ისევ გამოთქვა თავისი აზრი:
– მე ვფიქრობ, ისინი, ვინც ამ ორი დიდი შემოქმედის შედევრების ყიდვა–გაყიდვით გამდიდრდნენ და გახდნენ მილიარდერები, წარმოშობილნი არიან მაიმუნებისგან, ხოლო ვან გოგი და გოგენი კი შემოქმედის ღვთაებრივი თიხისგან გაჩნდნენ ამ ქვეყანაზე.
– შთამბეჭდავი სიტყვაა, მაგრამ ფორმულირება არამყარია. – უპასუხა მას აივენგომ. – მაგალითდ, მონმარტზე ვან გოგთან ერთად, რომ მუშაობდა, ფეხებმოღრეცილმა ანრი ტულუზმა, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ადგა და ვინსენტს, ვითომცდა არაფერიო, ყური მოაჭრა, მერე კი ურჩია მოჭრილი ყური ბორდელში გაეგზავნა, სადაც მისი მზეთუნახავი მუშაობდა.
– სიცრუეა! – თავი ვერ შეიკავა ჯეირანმა. – ტულუზ-ლოტრეკი საერთოდ არ სვამდა. იგი ახალგაზრდობის დროს სასახლეში დაეცა, როცა საკუთარ სახელოსნოში მიდიოდა. მას ხერხემალი დაუზიანდა და ორივე ფეხი მოიტეხა. ხოლო ყური ვან გოგმა თვითონ მოიჭრა, პაპიროსის ქაღალდში გაახვია და საყვარელს, ეს სინამდვილეა, ბორდელში მიუტანა.
– გენიალობას ხშირად თან სდევს არაორდინალურობა, დიალოგში ჩაერთო დოლონჯაშვილი. – იგი თავმდაბლობით და სიდინჯით ხიბლავდა ყოველთვის ადამიანს. – საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი გოგენმა გამოხატა სურათში “ზმანება აღსარების შემდეგ”, რომელშიც გადმოცემულია იაკობის ბრძოლა ღვთის ანგელოზთან. ეს ბრძოლა შესაძლებელია ვან გოგის შემოქმედების სიმბოლოსაც წარმოადგენს. ლიტერატურაში, პოეზიაში, მუსიკაში, სახვით ხელოვნებაში ეს ბრძოლა წარმოადგენს ერთი მხატვრული სტილის შეცვლას და გადასვლას სხვა სტილში, სხვა მიმართულებაში. ეს ბრძოლა სხვა არაფერია თუ არადა იდეური ბრძოლა და ეს ბრძოლა ყველაფერზე საშინელია…
– მაგრამ ვან გოგი იმპრესიონიზმის და პოსტიმპრესიონიზმის ჩარჩოებში ვერ თავსდება. ის უფრო მრავალმხრივია. მისი შემოქმედება ისევე გრძნობს და უშუალო კავშირშია ბუნებასთან, როგორც ჩვენი ვაჟას პოეზია: ისინი წერენ, ხატავენ და თან ესაუბრებიან ხეს, ტყეს, ფოთლების შრიალს, მდინარეს, ცხოველს, ადამიანს…

ეს კარლო გამოეპასუხა მეგობარს. მას სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ უეცრად გოგიმ ფანჯარა გააღო, რაფაზე შეხტა და დაიყვირა:
– მაკა, ერთი შენი სიტყვა – და ფრთებს გავშლი, აქედან პირდაპირ რიონში გადავეშვები, განვიბანები მის წყალში და ამოვალ გასხივოსნებული ისევე, როგორც იოანე ნათლისმცემელი იორდანედან.

ამჯერად ეშმაკობამ გაჭრა – მაკამ თავი ვერ შეიკავა.
– გოგი, ახლავე ჩამოდი ძირს. აი, შეხედე!..
და ჩვენს თვალებში აკიაფდა ორი პატარა მთვარე…

რა თქმა უნდა, იმ სურათის დახატვა ვეღარ მოვასწარით. მალე ზარი დაირეკა და კლასში ვანო ჭეია გამოჩნდა. მას სურდა ნახატების შეგროვება, მაგრამ ჩვენ არ მივეცით, ვუთხარით, რომ კიდევ ერთი გაკვეთილი დაგვჭირდებოდა…

…მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ფრანცია ცოცხალი აღარ არის. ჯეირანი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახ. თეატრის მთავარი მხატვარია. კარლო გრაფიკოსია და “ლიტერატურული საქართველოს” მხატვრულ განყოფილებას ხელმძღვანელობს. გოგი და აივენგო კი თბილისში მოღვაწეობენ. მაკა კი დიდი ხანია მხედველობის არედან დავკარგე, არ ვიცი სად არის.

მე არ შევუდგები იმის მტკიცებას, რომ ქუთაისელი მხატვრები ზეგენიალურ ნაწარმოებებს ქმნიან, თუმცა გურამმა შექმნა ისეთი გობელენები, რომლებმაც რამდენჯერმე გაიმარჯვეს საკავშირო მნიშვნელობის კონკურსებში. მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარია ის, რომ ისინი უსაზღვროდ არიან შეყვარებული თავიანთ ქალაქზე და როცა ტილოზე მისი არაჩვეულებრივი სილამაზის პეიზაჟებს ხატავენ, მუდამ იმის ცდაში არიან, რომ წაშალონ ზღვარი ტალანტსა და თავდავიწყებას შორის. მათი ნამუშევრების გამოფენა ხშირად ეწყობა. მათ აქვთ თავიანთი მონპარნასი, თავიანთი მონმარტი და თავიანთი მთაწმინდა.

“…ეჰ, წერის ნიჭი რომ დამყოლოდა!”
სხვათა შორის, ბაბუა ალიოშას ეს ფრაზა, ჩემს დღიურში რომ მაქვს ჩაწერილი, მე შემთხვევით გამახსენდა იმ დღეს, როცა ლონდონის სურათების ნაციონალური გალერეის მთავარი შესასვლელის ბალკონიდან ყურადღებით ვათვალიერებდი ტრაფალგარის მოედანს, საუცხოო შადრევნებით რომ არის დამშვენებული, მათ შუაში კოშკის შპილზე აღმართული ადმირალ ნელსონის მარმარილოს ქანდაკებით. აი, იქ, ჩემს ზურგს უკან, ერთ–ერთმა რუსმა ტურისტმა თქვა:
«Здесь накоплены веками награбленные богатства…»

არ ვიცი, ჩაიარა თუ არა ჩემს სიახლოვეს პოეტურმა მუზამ, მაგრამ ეს ფრაზა კარგად დავიმახსოვრე და როცა სასტუმროში დავბრუნდი, ზუსტად ჩავწერე ჩემს დღიურში, რომელსაც ცისარტყელასფერებიანი ყდა აქვს.

ეს მუზა თან მახლდა პარიზშიც, როცა მარკ შაგალის და პაბლო პიკასოს სურათებს ვათვალიერებდი, და სწორედ მისი შემწეობით, ჩემს დღიურში გაჩნდა შემდეგი ჩანაწერი:
“ამბობენ, რომ ფუნჯის ამ ორ დიდოსტატს ერთმანეთი თვალის დასანახადაც კი ეჯავრებოდათ და შემთხვევას არ უშვებდნენ, რომ ერთმანეთისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ, მაგრამ ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ შაგალი იყო ებრაელი, ხოლო პიკასო თავგამოდებული ანტიფაშისტი”.

ბათ-იამი

PS. ნაშრომი გამოქვეყნებულია რუსულ ენაზე: “Hовости недели” – Еврейский камертон”, 11 сентября, 2007.

პაპიაშვილი ი., გაგრა, თბ., 2013, გვ.267.

შენიშვნა:
ა) ყველა ეს მოთხრობა დაიბეჭდა 80-იან წლებში გაზეთ ქუთაისის “ლიტერატურულ გვერდზე”.
ბ)”დედა” გამოქვეყნდა გაზეთ “ალია საქართველოდან” 1988 წელს.