მჟავანაძის შემდეგ

ანდროპოვი და შევარდნაძე

1972 წლის დასაწყისში, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე  მოსკოვში გადაფრინდა. საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის იური ანდროპოვის კაბინეტში მან მაგიდაზე დადო სქელი დოსიე, საქართველოს კომპარტიის პირველი მდივნის ვასილ მჟავანაძის საქმე.

ედუარდ ამბროსის ძემ ცოტა ხნის წინ განიცადა მძიმე დანაკლისი: თბილისში მისი უფროსი ძმა, კომპარტიის თბილისის კომიტეტის მდივანი, იპოკრატე შევარდნაძე  გულის შეტევით გარდაიცვალა.  მომავალი მსოფლიო რანგის პოლიტიკოსისთვის ეს იყო დიდი ტრაგედია. უფროსმა ძმამ დიდად შეუწყო ხელი ახალგაზრდა პარტიული მუშაკის წინსვლას ჯერ ქუთაისში და შემდეგ თბილისში.

იპოკრატე შევარდნაძე იყო მჟავანაძის ოჯახის ერთგული მეგობარი. ორივე იყო გურიიდან. ისინი პატივს სცემდნენ და ენდობოდნენ ერთმანეთს. ამიტომ უმცროსი ძმის საქციელი გარდაცვლილთან მიმართებაში გაუგებარი ჩანდა… თუმცა მაშინ ამაზე  მთელი საქართველო ლაპარაკობდა. მიუხედავად ამისა, მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ დაამტკიცა საქართველოს მომავალი მმართველის შორსმჭვრეტელობა და ნიჭიერება.

დღევანდელი გადასახედიდან თუ ვიმსჯელებთ,  მჟავანაძე საქართველოსთვის იყო საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო ხელმძღვანელი. ვასილი პავლეს ძე მჟავანაძის დროს თბილისი გადაიქცა ნამდვილ ქართულ დედაქალაქად –  ხელისუფლებაში მის მოსვლამდე თბილისში  სულ 500 ათასი კაცი ცხოვრობდა, რომელთაგან  დაახლოებით 150 ათასი კაცი იყო ქართველი. დანარჩენები იყვნენ სომხები, თათრები, ქურთები და სხვა ეროვნული უმცირესობები. 1970-იანი წლების ბოლოსთვის თბილისში ცხოვრობდა უკვე 800 ათასზე მეტი ადამიანი. ქალაქის მოსახლეობა ძირითადად იზრდებოდა იმერეთიდან, სამეგრელოდან და გურიიდან ჩამოსულების ხარჯზე.

აქვე მინდა ავღნიშნო ერთი მომენტი ჩემი პირადი ბიოგრაფიიდან, რომელსაც ვასილ მჟავანაძესთან პირდაპირი შეხება აქვს: 1961 – 1966 წლებში ვსწავლობდი თბილისში, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ვცხოვრობდი ნაქირავებ ბინაში ყაზბეგის ქუჩაზე, დღეს ამ ქუჩას სხვა სახელი აქვს, მაგრამ მაშინ ამ ქუჩას ყაზბეგის ქუჩის აღმართს ეძახდნენ, რომელიც ვერიდან იწყებოდა. იქ სადაც ყაზბეგის ქუჩის აღმართი კვეთდა ბარნოვის ქუჩას, ახლაც დგას ის სამსართულიანი სახლი სადაც ვცხოვრობდი. ჩემი ოთახის ბინის ფანჯრიდან და აივნიდან კარგად მოჩანდა როგორც ყაზბეგის, ისე ბარნოვის ქუჩები. ინსტიტუტში ლექციები იწყებოდა დილის 9 საათზე. ლითონის კონსტრუქციებს გვიკითხავდა პროფესორი დიტო დოლიძე. იგი მუდამ მკაცრად იცავდა რეგლამენტს, დაგვიანებულ სტუდენტებს ლექციაზე არ უშვებდა. აქვე აღვნიშნავ, რომ ბატონი დიტო დოლიძე და არქიტექტორი დოცენტი აკაკი ბერიშვილი ჩემი სადიპლომო კურსის ხელმძღვანელები იყვნენ. ვინაიდან მისი ლექციები ჩემთვის როგორც მომავალი მშენებელი ინჟინრისთვის მნიშვნელოვანი იყო, ბატონ დიტოს ავუხსენი თუ რატომ მაგვიანდებოდა ლექციაზე. მან ყურადღებით მომისმინა და მითხრა: “მომავალი დაგვიანებები ლექციებზე საპატიოდ ჩაგეთვლებაო”.

შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო თუ რატომ მაგვიანდებოდა ლექციაზე:

დილით შინიდან გამოვდიოდი 8 საათზე, ალბათ, შეიძლება უფრო ადრეც. საცხოვრებელ სახლში შესასვლელი ბარნოვის ქუჩიდან იყო და როგორც კი შევუხვევდი  ყაზბეგის ქუჩის დაღმართისაკენ, მაშინვე იძულებული ვიყავი შევჩერებულიყავი და გზა სვენებ-სვენებით გამეგრძელებინა, ვინაიდან ჩემს წინ ათიოდე ნაბიჯის მოშორებით მიაბიჯებდა ვასილ პავლეს ძე მჟავანაძე, ხოლო მის გვერდით ასევე ნელი სვლით მიღოღავდა მთავრობის მანქანა “ზილი” (ძალიან ადრე იყო და ქუჩაში არავინ ჩანდა). ვასილ პავლეს ძე ბარნოვის ქუჩაზე ცხოვრობდა და როგორც ჩანდა, დილით ჩემზე ადრე დგებოდა და ფეხით მიდიოდა სამსახურში. მე, რა თქმა უნდა, არ მიმაჩნდა მიზანშეწონილად გამესწრო მისთვის, მიუხედავად იმისა რომ ლექციაზე მეჩქარებოდა. ასე და ამგვარად მე, ვასილ პავლეს ძე და “ზილი” მივსეირნობდით ყაზბეგის ქუჩის დაღმართზე…, მაგრამ როგორც კი მჟავანაძე ვერაზე მარჯვნივ გაუხვევდა მე უკვე ავტობუსისაკენ გავრბოდი… სხვათა შორის, მჟავანაძის ქალიშვილი პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლობდა, იგი სხვა ფაკულტეტზე იყო, მაგრამ გაერთიანებული ლექციები ზოგიერთ საგნებში ერთად გვიტარდებოდა.

1972 წელს, მაშინ როდესაც შევარდნაძემ ანდროპოვის მაგიდაზე დადო საქართველოს კომპარტიის პირველი მდივნის სქელი საქმე, მჟავანაძე საქართველოს მართავდა უკვე 19 წელი. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა როგორც ხრუშჩოვთან, ისე ბრეჟნევთან. ამ დროს საქართველო არ ასრულებდა 5-წლიან გეგმებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის ითვლებოდა სანიმუშო საბჭოთა რესპუბლიკად. რა თქმა უნდა, მჟავანაძე  ატყუებდა როგორც ხრუშჩოვს ისე ბრეჟნევს, მაგრამ ამ საბჭოთა ხელმძღვანელებს თვითონაც უხაროდათ მოტყუებულის როლის შესრულება. მჟავანაძეს ეხმარებოდა მისი მეუღლის ნათესაური კავშირები: მისი მეუღლე, უკრაინის პარტიული ბოსის პეტრე შელესტის მეუღლის ღვიძლი და იყო. ამიტომ ანდროპოვმა უფრო გულდასმით მოამზადა მჟავანაძის დამხობის გეგმა, ვიდრე აზერბაიჯანში ჩატარებული ანალოგიური ოპერაცია: ჰეიდარ ალიევის აზერბაიჯანში გაპირველკაცობიდან დაახლოებით 2 წლის შემდეგ, ანდროპოვს ჰქონდა კორუფციასთან ბრძოლის ნიღბით, პოლიციური გადატრიალების მოწყობის გააზრებული სქემა. მაგრამ ქართული ვარიანტი უფრო რთული იყო და მოითხოვდა მეტ წინდახედულობას. შელესტთან ნათესაობის გარდა, მჟავანაძის პოზიციებს ამაგრებდა მისი მეგობრობა ბრეჟნევთან. ბრეჟნევის მსგავსად მჟავანაძეც, ომის დროს ჯარში, პოლიტიკური კომისარი იყო. მათ მეუღლეებსაც კი ერთი და იგივე სახელი ერქვათ.

1965 წლის დეკემბერში, საქართველოს სსრ დააჯილდოვეს ლენინის მეორე ორდენით. ორდენის გადაცემა მოხდა 1966 წლის 1 ნოემბერს. მის გადასაცემად თბილისში ჩავიდა თვითონ ბრეჟნევი მეუღლესთან ერთად. ორდენის გადაცემის ცერემონია ჩატარდა სპორტის სასახლეში, რის გამოც ბრეჟნევისთვის პატივის მისაგებად საზეიმო კონცერტი გაიმართა.

ეს შენობა უნიკალურია თავისი კონსტრუქციული გადაწყვეტით. კარგად ვიცნობდი ამ სპორტულ კომპლექსს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მშენებელი ინჟინერი ვიყავი (შენობის გუმბათის კონსტრუქცია დააპროექტეს ჩემმა მასწავლებელმა დ. ქაჯაიამ და არქიტექტორმა ვ. ალექს-მესხიშვილმა). სასახლის ტრიბუნები 10500 მაყურებელს იტევს. შენობის შიგნით მაყურებელთა სკამები ისეა მოწყობილი, რომ დარბაზი ნებისმიერი ადგილიდან ხელის გულივით მოსჩანს.

ბრეჟნევის საპატივსაცემოდ მოწყობილ კონცერტზე მოხვედრა მოვახერხე. შესასვლელთან,  ერთ-ერთ ბოლო რიგში ვიჯექი.  სკამები დარბაზში იყო განთავსებული. სცენის წინ ისხდნენ ბრეჟნევი და მჟავანაძე მეუღლეებითურთ. ისინი კარგ ხასიათზე იყვნენ, საუბრობდნენ, იღიმებოდნენ.  ფარდა აიწია. მაგრამ ჯერ არავინ იყო გამოსული რომ მოულოდნელად, ჩემს ზურგს უკან მსახიობის ხმა გაისმა. მივიხედე: იგი გამოწყობილი იყო იმავე ტანსაცმელში, როგორც ფილმში “ჯარისკაცის მამა”, მხარზე გადაკიდებული ხურჯინით, ნელ-ნელა ეშვებოდა კიბეებზე, მიემართებოდა ბრეჟნევისაკენ და კითხულობდა ცნობილ მონოლოგს ფილმიდან “ჯარისკაცის მამა”: “რამ მოგიყვანა აქა, შე დალოცვილო შენა…”

ლეონიდ ილიჩი ფეხზე წამოდგა  და ფეხზე ადგა მთელი სასახლეც.

სკკპ ცკ-ს პოლიტბიუროს გენერალური მდივანი გადაეხვია საყვარელ მსახიობს. ბევრს წამოუვიდა სიხარულის ცრემლები (ვაღიარებ, მეც).

სხვათა შორის, მოგვიანებით, სერგო ზაქარიაძეს საცხოვრებელ ფართთან პრობლემები შეექმნა: (თავისი სახლი გააფართოვა,  რამდენიმე ოთახი დაამატა მეზობელი შენობის  ხარჯზე) ის ბრეჟნევთან დააბეზღეს.  „ სერგო ზაქარიაძე არაა მარტო „ჯარისკაცის მამა”-ის ყველა ჩვენი ჯარისკაცის მამაა”, თქვა ბრეჟნევმა ამ დაბეზღების წერილის გადაკითხვის შემდეგ. ხმა დადიოდა რომ ასეთი მხარდაჭერის მიუხედავად, სერგო ზაქარიაძის, როგორც რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დევნა გრძელდებოდა. ამის გამო, სერგო ზაქარიაძე გარდაიცვალა  გულის შეტევით,  ბრეჟნევის თბილისში მეორედ ჩასვლამდე, დაახლოებით, ერთი თვით ადრე. ბრეჟნევი კი, მეორედ თბილისში  1971 წლის მაისში ჩავიდა, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების 50 წლისთავთან დაკავშირებით.

ეს ეპიზოდი მოვიყვანე ბრეჟნევისა და მჟავანაძეების ოჯახების მჭიდრო ურთიერთობის საილუსტრაციოდ. ასე რომ, ანდროპოვსაც და შევარდნაძესაც კარგად ესმოდათ, რომ ზედმეტად სარისკო იყო კრემლის გენერალური მდივნისა და თბილისის მმართველის ზურგს უკან ჩამსხდარი  ორი ვიქტორიას რისხვა.

მაგრამ შემთხვევა დაეხმარა შევარდნაძეს და მასთან ერთად ანდროპოვსაც.

ერთ-ერთ წვეულებაზე, რომელიც მჟავანაძემ პარტიული ელიტისა და რამდენიმე უცხოელის პატივსაცემად მოაწყო, შევარდნაძემ პირველი მდივნის ცოლის ხელზე დაინახა ძველი, სამუზეუმო  ღირებულების, რვა კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც გაუჩინარდა ევროპის ერთ-ერთი ქვეყანაში და ინტერპოლის მეშვეობით იძებნებოდა. შევარდნაძემ მალევე გაიგო, რომ ეს ბეჭედი მჟავანაძის ცოლს იატაკქვეშა ”წითელმა კაპიტალისტმა” ოთარ ლაზიშვილმა აჩუქა.

ფაქტობრივად, მჟავანაძის მეუღლემ ქმარს არა მხოლოდ კარიერა დაუნგრია, არამედ ბრეჟნევების ოჯახის რეპუტაციასაც  მიაყენა ჩრდილი. ახლა ანდროპოვს შეეძლო გენერალური მდივნისთვის წარედგინა საქართველოს პარტიის ლიდერის თანამდებობიდან ჩამოშორების მოთხოვნა, ისე, რომ პირადი ინტერესი ეჭვის გარეშე დარჩენილიყო. ამ შემთხვევაში, მომავალი პოლიციური გადატრიალება საქართველოში იდეალურად იყო შენიღბული ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში კორუფციის წინააღმდეგ  ბრძოლით.

მჟავანაძის ბედი გადაწყვეტილი იყო. 1972 წლის აგვისტოში მილიციის გენერალი, ედუარდ შევარდნაძე გახდა საქართველოს პირველი მდივანი. ანდროპოვის სრული მხარდაჭერის მქონე შევარდნაძე იმ დროს, მთლიანად ბაძავდა თავის აზერბაიჯანელ კოლეგა ჰეიდარ ალიევს. მან დაუყოვნებლივ დაიწყო ომი კორუფციასთან, სახელმწიფო ქონების დატაცებასთან, გაფლანგვასთან, სპეკულაციასთან, იატაკქვეშა საქმიანობასთან. ამაში ჩათრეულნი იყვნენ საზოგადოების სხვადასხვა წრის ადამიანები – უმაღლესი პარტიული მუშაკებიდან დაწყებული, ქარხნის დირექტორებით, ექიმებით, ინჟინრებით, მძღოლებით და საქართველოს მილიციის საქალაქო და  რაიონული სამმართველოს  ხელმძღვანელებით დამთავრებული.  მან დანიშვნისთანავე დაიწყო ჯვაროსნული ლაშქრობა კორუფციის წინააღმდეგ.  პარტიის და რესპუბლიკის ლიდერებთან პირველივე შეხვედრაზე, ხმის მიცემისას  მან სთხოვა დამსწრეთ მარცხენა ხელის აწევა: „დაიჭირეთ ასე ხელი ცოტა ხნით”, – თქვა შევარდნაძემ და ნელა შემოუარა მაგიდას, თან აკვირდებოდა აწეულ ხელებს. „ სეიკო”‘, „როლექსი”, „ ომეგა”, „]аеgег-LeCoultre“ — ყოველ ხელს ამშვენებდა საუკეთესო უცხოური ფირმების საათები. მარტო შევარდნაძეს ეკეთა საბჭოთა საათი „ პობედა”.   შევარდნაძემ თავის მინისტრებს შესთავაზა:  –  „დასაწყისისთვის, მოდით, ეს საათები სახელმწიფო საჭიროებებისთვის ჩავაბაროთ”.

ამასობაში ანდროპოვი ჯიუტად ცდილობდა ბრილიანტის საქმის გამოძიებას. ისევ  შევარდნაძისგან შევიდა ინფორმაცია, რომ იატაკქვეშა მილიონერი ლაზიშვილისგან მიღებული ბრილიანტის ძველი  ბეჭედი მჟავანაძის ცოლმა  ბრეჟნევის ცოლს უსახსოვრა (აჩუქა).

სიუჟეტი მიმზიდველი და თითქმის ისეთივე საინტერესოა, როგორც სამი მუშკეტერის თავგადასავალი, სადაც ცხენზე ამხედრებული მუშკეტერები, დ’არტანიანის მეთაურობით ბრილიანტის გულსაკიდების ძიებაში იყვნენ ჩართულნი, რათა საფრანგეთის საიდუმლო პოლიციის უფროსის სიცრუისგან   საფრანგეთის დედოფალი დაეხსნათ. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ დიუმას რომანში რამდენიმე ბრილიანტის გულსაკიდი და ერთი დედოფალი ჩნდება, ხოლო შევარდნაძისა და საქართველოს მაფიოზური ჯგუფების სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ძველი რვა კარატიანი ბრილიანტის ბეჭედია, რომელთანაც ორი “დედოფლის” ვიქტორიას ბედია დაკავშირებული: ერთი ცხოვრობდა საქართველოს დედაქალაქ თბილისში, მეორე – სსრკ-ს დედაქალაქ მოსკოვში, თან მეორე,  დიდი საბჭოთა იმპერიის პირველი ლედი იყო.

ნაქურდალის დამალვისათვის საუკეთესო ადგილი შეირჩა: საბჭოთა კავშირის ცკ გენერალური მდივნის ბინა, მერე რა, რომ მეზობლად ცხოვრობს საბჭოთა საიდუმლო პოლიციის მთავარი ბოსი, რომელიც სხვათა შორის ამ  ბეჭდის ძიებით იყო დაკავებული. მნიშვნელოვანი ცნობების მიღების შემდეგ, ანდროპოვმა თავი ვერ შეიკავა პატარა შანტაჟი მოეწყო ქვედა სართულზე მცხოვრები ბრეჟნევსათვის. ანდროპოვს ეხმარებოდა მართლმსაჯულებისთვის კორუფციასთან უანგაროდ მებრძოლი რაინდი, საქართველოს პოლიციის მინისტრი ედუარდ შევარდნაძე.

ბრეჟნევი იძულებული გახდა ჩარეულიყო ამ საქმეში და თავის პირველ ჟანდარმს განუცხადა, რომ ბრილიანტის საქმის შემდგომი გამოძიება უნდა შეეწყვიტა. ანდროპოვს მოუხდა ქმედებათა თავდაპირველი სქემის შეცვლა: ვინაიდან ბრეჟნევის მეუღლე, ვიქტორია პეტროვნა, უკვე  ასაკოვანი  იყო, სასამართლოს წინაშე უნდა წარმდგარიყო მათი ქალიშვილი,  იური ჩურბანოვის ცოლი, გალინა ლეონიდოვნა. ბრეჟნევი უძლური აღმოჩნდა დახმარებოდა როგორც საკუთარ ქალიშვილს ისე მჟავანაძის მეუღლეს. ქართველი მაფიოზი ლაზიშვილი სწორედ  მისი მეგობრის, საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორის, რომან რუდენკოს მისაღებში დააპატიმრეს. ეს იყო სიგნალი: მალე საქართველოში კორუმპირებული ჩინოვნიკების მასობრივი დაპატიმრებები დაიწყო.

სკკპ ХХV ყრილობაზე შევარდნაძის მოხსენება ერთადერთი ანტისტალინური გამოსვლა იყო. მაღალი ტრიბუნიდან მან განაცხადა, რომ საქართველოსთვის მზე ამოდის არა აღმოსავლეთიდან, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, არამედ ჩრდილოეთიდან – რუსეთიდან.

დღეს, ძნელია იმის დადგენა, შევარდნაძემ ანდროპოვის რჩევით შემოიტანა თავის სიტყვაში ეს მონური, უხამსი მეტაფორა, თუ საკუთარი ინიციატივით, მაგრამ ერთი რამ ცხადია: მეტაფორამ, რომელმაც საქართველოში აღშფოთების ქარიშხალი გამოიწვია, გაახარა ბრეჟნევი. და, 1978 წლის ნოემბერში შევარდნაძე გახდა პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი. საუბარია საბჭოთა იმპერიის ძალაუფლების იმ უზენაეს ორგანოზე, რომელსაც ის გორბაჩოვთან და რეიგანთან ერთად რამდენიმე წელიწადში არარაობად გადააქცევს.

ამრიგად, საქართველოს პარტიულ ბოსსა და საბჭოთა მთავარ ჟანდარმს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას საფუძველი ჩაეყარა.

კორუფციასთან ბრძოლამ  საქართველოს საქმიანი ხალხის პროტესტი გამოიწვია. სწორედ ამ დროს, 1972 წელს, ქართველ ებრაელთა 18 ოჯახი მოსკოვში გაფრინდა. მათ კარვები დადგეს „კგბს“ შენობის, ანდროპოვის კაბინეტის წინ, გამოაცხადეს შიმშილობა და მოითხოვეს ისრაელში წასვლის უფლება.  არ ვიცი, უთხრა თუ არა ვინმემ საქართველოს და საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელებს, რომ ებრაელების გაქცევა ქვეყნიდან არის კატასტროფის მოახლოების ნიშანი….

ამასობაში საქართველოში ატმოსფერო დამძიმდა. შევარდნაძის სიცოცხლე  რამდენჯერმე სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე იყო. ერთმანეთის მიყოლებით ფეთქდებოდა ნაღმები -კინოსტუდიაში, სოფლის მეურნეობის ინსტიტუტში, დინამოს სტადიონზე, საავიაციო ქარხანაში, ბავშვთა უნივერმაღშიც კი. შევარდნაძის სიძულვილის ყველაზე თვალშისაცემი გამოვლინება იყო ზაქარია ფალიშვილის სახელობის ოპერის და ბალეტის თეატრისთვის ცეცხლის წაკიდება.

თბილისში სწავლის პერიოდში, კვირაში ერთხელ მაინც  ამ თეატრს ვსტუმრობდი: მიზიდავდა არა მხოლოდ ქართული ბალეტისა და ოპერის ოსტატების ბრწყინვალე საშემსრულებლო ხელოვნება, როგორებიც იყვნენ ჭაბუკიანი, კიკალეიშვილი, ამირანაშვილი, ანჯაფარიძე, სოტკილავა და სხვები, არამედ თავად შენობაც. როგორც გარედან, ისე შიგნიდან შესრულებული იყო ბაროკოს და როკოკოს სტილში. მის თითოეულ ფასადს, თავისი პორტალითა და მიმდებარე ბაღით, თავისი ინდივიდუალობა ჰქონდა. სცენა და კედლები თითქმის არ იგრძნობოდა, თითქოს იქ არ იყო. გალერეები,  სვეტებიანი თაღები, უზარმაზარი ფანჯრები – ხან ვიწრო და მაღალი, ხან მრგვალი ფერადი მინებით და  ჩუქურთმიანი  ჩარჩოებით, დარბაზთან ერთად აღიქმებოდა როგორც ერთი მთლიანობა, რაც ზღაპრული იდილიის განცდას იწვევდა.

ხანძრის შემდეგ შევარდნაძემ  მის აღსადგენად  უზარმაზარი თანხის გამოყოფის ბრძანება გასცა. რესტავრაციის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში ამბობდნენ, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი უფრო ლამაზი და მიმზიდველი გახდა, ვიდრე იყო. მაგრამ ყველამ იცის ასლისა და ორიგინალის განსხვავების სიღრმე, ამიტომ, იმის თქმა, რომ 1973 წლის 9 მაისს თბილისში ხელოვნების ფასდაუდებელი ძეგლი დაიწვა, სიმართლისგან შორს არ არის.  

მოსკოვში შენიშნეს რომ რესპუბლიკა აშკარად გამოდიოდა კონტროლიდან. უკიდურესი ზომებით უწყვეტმა ექსპერიმენტებმა კრემლსა და რესპუბლიკელ ჩინოვნიკებს შორის ურთიერთშეთანხმება გაანადგურა, რომელიც დაფუძნებული იყო მოქნილ კომპრომისზე, ორმხრივ სარგებელსა და ტყუილზე, რაც მთლიანობაში ინარჩუნებდა შედარებით სტაბილურობას. ანდროპოვს წარმოუდგენელი ძალისხმევა დასჭირდა, რომ  ბრეჟნევი და მასთან ერთად მთელი პოლიტბიურო დაერწმუნებინა ქართული ექსპერიმენტის გაგრძელების აუცილებლობაში.

და, შევარდნაძემ ეს ნდობა გაამართლა. მისმა ულევმა ენერგიამ და ენთუზიაზმმა მალევე მოიტანა ნაყოფი: საქართველოს ყველა საწარმომ გეგმიური დავალებები არა მარტო შეასრულა, არამედ გადააჭარბა კიდეც  150 და ზოგჯერ 200 პროცენტით. საქართველო   საბჭოთა ბაზარზე ღვინის, ჩაის, ციტრუსების ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიმწოდებლად გადაიქცა.  ბოლო, მეთხუთმეტე ადგილიდან, უმრავლეს მაჩვენებლებში, საქართველო საბჭოთა რესპუბლიკებს შორის პირველ ადგილზე გადახტა.

ამასობაში კრემლამდე მივიდა ხმები, რომ ზესტაფონის და ქუთაისის ქარხნებში ღვინოს  წყლის და შაქრის შერევით ამზადებდნენ, ხოლო გურული ბაიხის ჩაი სულ უვარგისი გახდა. რაც შეეხება ციტრუსებს, მათი გატანა საქართველოს გარეთ, კერძო პირების მიერ საერთოდ აიკრძალა. აფხაზმა გლეხებმა, სახმელეთო გზით გასაყიდი საქონლის გადაადგილების შესაძლებლობას მოკლებულებმა, საოცარი გამომგონებლობა გამოავლინეს: ისინი ციტრუსებს, ყვავილებს, კაკალს, დაფნის ფოთოლს ტვირთავდნენ დაქირავებულ ორთქმავლიან გემებზე,  საზღავო ამწეებიან  ბარჟებზე, სატვირთო თვითმფრინავებზე და ისე გაჰქონდათ. საქართველოში ვითარება ფეთქებადსაშიში ხდებოდა.

უფრო და უფრო მეტი უთანხმოება იყო ქართველებს და აფხაზებს შორის. ეს მოხდა იმიტომ რომ  კორუფციასთან ბრძოლას, ისევე როგორც დაავადებებთან ბრძოლას, იქნება ეს საზოგადოების თუ ორგანიზმის სნეულებები, შეიძლება ჰქონდეს უკუჩვენებები: მჟავანაძის დროს იატაკქვეშეთში მყოფი „საქმიანი ხალხი“ თვეში აკეთებდა 50-დან 100 ათას რუბლს,  შევარდნაძის დროს მათი შემოსავალი თვეში ნახევარი მილიონიდან  – მილიონ რუბლამდე აღწევდა. შევარდნაძე კი, დარღვევის ადგილებზე მიზეზების გასარკვევად, კომისიას კომისიაზე აგზავნიდა.

შემოწმებას ექვემდებარებოდნენ  პროკურატურის, ცენტრალური ბანკის და  სსრკ სამშენებლო ბანკის თანამშრომლები. დაიწყო ახალი დაპატიმრებების სერია. ქალაქ ქუთაისის პირველმა მდივანმა თავის კაბინეტში თავი მოიკლა.

ექსპერიმენტის განხორციელებაში ანდროპოვი   ხშირად ეხმარებოდა შევარდნაძეს. მან ედუარდ ამბროსის ძეს შესთავაზა საქართველოს რომელიმე რაიონში სოფლის მეურნეობის ძველი უნგრული მოდელის გამოცდა. იმ მოდელისა, რომელიც 50-ანი წლების დასაწყისში გაავრცელეს მთელს უნგრეთში. ანდროპოვს შესანიშნავი მეხსიერება ჰქონდა: 50-იან წლებში ის იყო ელჩი უნგრეთში, რასაც ამაოდ არ ჩაუვლია უნგრელი ხალხისთვის…. ანდროპოვი მშვიდად სწავლობდა უნგრეთის კოლმეურნეობებსა და კოოპერატივებს, მაშინ როდესაც საბჭოთა ჯარები  ბუდაპეშტს უტევდნენ.

საქართველოში მაშინვე ჩაეჭიდნენ ანდროპოვის წინადადებას. უნგრეთში გააგზავნეს დიდი ქართული დელეგაცია. ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდა. აბაშის რაიონის მდივანი მგელაძე დანიშნეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრად. აბაშის ექსპერიმენტს დიდხანს ინახავდნენ საიდუმლოდ. მკითხველთა ფართო წრეს აბაშის ექსპერიმენტზე შეატყობინეს მხოლოდ შევარდნაძის მოსკოვში გადაყვანამდე ცოტა ხნით ადრე.

რაიონზე მიამაგრეს ცნობილი მწერალი, ჟურნალ „ განთიადის” რედაქტორი კონსტანტინე ლორთქიფანიძე. მან დაწერა წიგნი „რა მოხდა აბაშაში”. საკვირველია, მგრამ აქ სიმართლე იყო აღწერილი. გლეხებს ახალისებდნენ საერთო მოსავლის წილით და ეს გლეხები ახდენდნენ სასწაულებს: აშრობდნენ ჭაობებს, ამდიდრებდნენ მიწას, რგავდნენ სიმინდს  და ყოველ შემოდგომაზე ხარობდნენ თავისი ხელით მოწეული მოსავლით, სანამ შევარდნაძე არ გადაიყვანეს მოსკოვში.

მაგრამ შემდეგ, მათთვის მძიმე დრო დადგა. რესპუბლიკაში ლიდერობისთვის ბრძოლა დაიწყო  ჯუმბერ პატიაშვილსა და სოლიკო ხაბეიშვილს შორის და აბაშელი გლეხები ყველას გადაავიწყდა. მათ ჯერ არ მისცეს დაპირებული წილი, შემდეგ კი  რაც მათ ადრე გამოიმუშავეს, ისიც წაართვეს. კონსტანტინე ლორთქიფანიძემ ამის შესახებ დაწერა სამწუხაროდ ვერ მოასწრო. ამ დროისთვის,  ის  მძიმედ ავად იყო და მალევე გარდაიცვალა. ამიტომ, წიგნი „რა მოხდა აბაშაში“ დარჩა სათანადო ეპილოგის გარეშე.

ნაშრომი რუსულიდან თარგმნა ია გორგიშელმა.

ეს სტატია გამოქვეყნდა: გაზეთ “Время НН”- 15.04.2010წ.

წიგნში: “…Как птица из сети ловящих…” / Яков Папиашвили ; Редакторы: Игорь Шальман (гл. ред.), Марк Папиашвили ; Предисловие Герцель Хакак. Израиль : Издат. дом А.И.С., Нетания, 2017. Ст. 399-410.

დატოვე კომენტარი