ვინ იყო სტალინი

1922 წლის ოქტომბერში მოსკოვში ცკ პლენუმზე მიღებული იქნა ლენინის წინადადება უკრაინის, ბელორუსიის და ამიერკავკასიის ფედერაციულ რესპუბლიკებსა და რუსეთის ფედერაციას შორის ხელშეკრულების დადებაზე “საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში” გაერთიანებასთან დაკავშირებით, თითოეული ზემოხსენებული რესპუბლიკის საბჭოთა კავშირიდან თავისუფალი გასვლის პირობით.
ყველაფერი კი იყო სუფთა წყლის ტყუილი, მიმზიდველი მხოლოდ ბრმებისთვის, ისეთებისთვის, როგორებიც იყვნენ ბუდუ მდივანი და ფილიპე მახარაძე. ამ ორმა ქართველმა გაუვალ რკინა-ბეტონში მოაქციეს საქართველო (აქ ჩვენი ინტერესის სფერო მხოლოდ საქართველოა – ი. პ.).
ლენინი და ტროცკი დღესასწაულობდნენ. ისინი დაუპირისპირდნენ და ვეტო დაადეს პროექტს, რომელიც შეიმუშავა სტალინურმა კომისიამ. ეს მოხდა ერთი თვით ადრე, 1922 წლის სექტემბერში, როცა სტალინმა ცკ-ს წარუდგინა პროექტი საბჭოთა რესპუბლიკების “ავტონომიზაციის” შესახებ. ეს საკითხი მძაფრი დისკუსიის საგანი გახდა. სტალინი აღშფოთებული იყო. იგი ლენინს მკაცრად შეეკამათა.
“ავტონომია” ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს უფლებას სახელმწიფოების (ოლქის) გარკვეული ნაწილის დამოუკიდებელ მართვაზე ანუ უბრალოდ რომ ვთქვათ ავტონომია არის დამოუკიდებლობა.
1972 წელს ფელიქს ჩუევმა, თავის ნათესავს ვიაჩესლავ მოლოტოვთან საუბრისას, რომელმაც სტალინთან ერთად შეიმუშავა საბჭოთა კავშირის შექმნის გეგმა, ჰკითხა მას ამ სფეროში გაწეული მუშაობის შესახებ. მოლოტოვმა უპასუხა: “არავინ ერკვეოდა ნაციონალურ საკითხებში ისე, როგორც სტალინი. არავინ ისეთი შორსმჭვრეტელობით არ წყვეტდა ჩვენი ნაციონალური რესპუბლიკების ორგანიზაციულ საკითხებს, როგორც სტალინი” (აქ ჩამოთვლილია სტალინის რიგი გადაწყვეტილებები საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ნაციონალური რესპუბლიკების შექმნასთან დაკავშირებით – ი. პ.).
აზერბაიჯანის და სომხეთის კომუნისტურმა პარტიებმა მხარი დაუჭირეს სტალინურ პროექტს, მაგრამ საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა 1922 წლის 15 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე ამხ. სტალინის თეზისები სცნო როგორც არასასურველი პროექტი და საჩივარი გაუგზავნა ამის შესახებ ამხ. ლენინს. სწორედ ამ საჩივრის საფუძველზე, ლენინმა 1922 წლის ოქტომბერში ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე შეიტანა წინადადება “საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების” შექმნის შესახებ. ლენინი და ტროცკი იმ პრობლემებზე, რომელებიც საბჭოთა კავშირის და რუსეთის შიგნით ხდებოდა, ნაკლებად ზრუნავდნენ, რადგან ორივე ლიდერი გაცილებით მეტს ფიქრობდა პროლეტარიატის დიქტატურის გამარჯვებაზე გერმანიაში და მსოფლიოს მასშტაბით.
ამიერკავკასიის სოციალისტურმა ფედერაციულმა საბჭოთა რესპუბლიკამ, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი იარსება
1922 – 1936 წლებში.
იმ შემთხვევაში თუ ქართველი კომუნისტები ბუდუ მდივანი და ფილიპე მახარაძე არ იჩივლებდნენ ლენინთან სტალინური კომისიის მიერ შემუშავებული პროექტის წინააღმდეგ, ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა 1922 – 1924 წლებში დაიშლებოდა სამ სუვერენულ ავტონომიურ საბჭოთა რესპუბლიკად, საბჭოთა კავშირიდან გასვლის უფლებით. 1924 წელს საქართველოში არ მოხდებოდა ე. წ. “მეგრელთა აჯანყება”, არ დაიღვრებოდა ქართველების სისხლი და საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობა შენარჩუნებული იქნებოდა შიგა ავტონომიების გარეშე, სოჭის ოლქის ჩათვლით, რაც თავისთავად დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის და გიორგი ბრწყინვალისსახელმწიფოებრივ – პოლიტიკური მოღვაწეობის ტოლფასია.

სტალინმა 1917 – 1924 წლებში რუსეთში და საერთოდ საბჭოთა კავშირში დატრიალებული ქაოსი და ანარქია შეცვალა სტაბილურობით და ეკონომიური განვითარების პერსპექტივით (საფუძველი: ბორის პასტერნაკის “ექიმი ჟივაგო”, იაკობ პაპიაშვილის “ლენინის ქუჩა და სტალინის მეგონა მე” და “ნაპოლეონე”). ლენინისაგან და ტროცკისაგან განსხვავებით სტალინი სახელმწიფოს მოვლა-პატრონობის უნარის მქონე ხელმძღვანელი იყო.
სტალინმა შექმნა საფრანგეთი იმ სახით, რომელიც დღეს არსებობს (საფუძველი: იაკობ პაპიაშვილი, “STALINGRAD გენერალ შარლ დე გოლის ხანგრძლივი სვლაგეზი”).
რუზველტის და ჩერჩილის პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესაბამისად განზრახული იყო საფრანგეთის ტერიტორიალური დანაწევრება და მისი კოლონიების დასაკუთრება. ეს ორი დიდი პოლიტიკოსი დე გოლს უწოდებდნენ “ჭირვეულ ფრანგ პატარძალს”. ამერიკის პრეზიდენტს და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ჰქონდათ კიდეც ამის უფლება: 1941 წლის 5 ნოემბერს, თავით ფეხამდე შეიარაღებული ფრანგული ბატალიონები კრემლიდან 30 კმ მოშორებით იდგნენ. მათი კოლაბორაციონალური მთავრობის ლიდერმა (ვიშის რეჟიმი) მარშალმა ფილიპ პეტენმა ფრანგ ნაცისტებს შემდეგი შინაარსის დეპეშა გაუგზავნა: “თქვენი მოსკოვისაკენ გალაშქრების წინ მე სიხარულით ვგრძნობ, რომ თქვენ ხართ ჩვენი ფრანგული სამხედრო ძალის სიამაყე”. ფრანგული ბატალიონები იბრძოდნენ წითელი არმიის წინააღმდეგ პომერანიაში და ბერლინის ოპერაციის დროს, გმირულად იცავდნენ რაიხსტაგის მისასვლელებს და ჰიტლერის ბუნკერს, რომლის დროსაც მათ გაანადგურეს ასამდე საბჭოთა ტანკი. ვიშის მთავრობა დაეხმარა გერმანელ ფაშისტებს (ნაცისტებს) 120000 ფრანგი ებრაელის დეპორტაციაში სიკვდილის ლაგერებში.
სტალინმა შექმნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იმ სახით, რომელიც დღეს არსებობს.
სტალინის ძალისხმევით ინდოეთი განთავისუფლდა დიდი ბრიტანეთის კოლონიალური ჩაგვრისაგან.
სტალინმა შექმნა ისრაელის სახელმწიფო მისი მოსპობიდან 2000 წლის შემდეგ (საფუძველი: იაკობ პაპიაშვილი, “აღსდგა ვითარც ფენიქსი თავის ფერფლიდან”).
…და ეს არ არის სრული ნუსხა იმ ღვთაებრივი საქმეებისა, რომელიც სტალინურ გენიას ეკუთვნის.

იაკობ პაპიაშვილი
გალაკტიონ ტაბიძის და ივანე მაჩაბელის პრემიის ლაურეატი
სექტემბერი, 2021 წ.
ისრაელი, ბათ-იამი

დაიბეჭდა გაზეთში “მწერლის გაზეთი”, 2021, N5, გვ.13, სათაურით “მის უკვდავსაყოფად ესეც კმარა”.

დატოვე კომენტარი