სად არის საქართველო?

ლეგენდა

მთებსა და ხევებს შორი-შორ,
მხედარი მიდის მარტო.
არვინ მას ქვეყნად არ უნდა
და ფიქრობს იმას მხოლოდ,
რომ აიხდინოს ოცნება,
ერთი სურვილი ბოლო,—
ნატვრა, თვით გულის წადილი:
იპოვოს საქართველო.
გადასერა მთა და ველი,
უცხო, უცნობი გზები,
მიაცილებს მშობლის მზერა,
ღიმილი მშვენიერი,
ოქროს თმა, ოქროს აბჯარი,
დედავ, რარიგად შვენის,
ეს ვაჟი მზეჭაბუკია,
მიდის და მიიმღერის:

მზეო, მზეო, დედაჩემო,
მთვარევ, მთვარევ, მამაჩემო,
დებო, ძმებო, ვარსკვლავებო, –
მოვიარე ზღვა და ხმელი,
ამერი და იმიერი,
ბევრი ვნახე საოცარი,
მე ლამაზი ცა და მდელო,
მაგრამ ვერსად ვერ ვიპოვე,
უტურფესი საქართველო.
ამოიდგა ენა ცამა
და გაისმა ტკბილი ხმები:
ჩვენო შვილო, მზეჭაბუკავ,
წინ იარე მხნედ და რწმენით,
საქართველოში მოგიყვანს,
შენ კოლხეთის ძველი გზები,
მდინარეები, ხევები,
ტყე, მთები და ჩანჩქერები.
როცა ოდნავ ჩაივაკებ,
გამოჩნდება მწვანე მდელო;
მტრედისფერ ცას შეგაგებებს,
ორ ზღვას შუა გაშლილ ლელოს,
ვაზის რქით და დევის ქვევრით,
გიმასპინძლებს საქართველო, –
დიდებული მწვერვალები,
თოვლით დაფარული მუდამ;
მოერიდე, ნუ აჰყვები,
შხარას, თეთნულდსა და უშბას.
გაგაოცებს შენ ეს მხარე,
მისი მიწა, მისი წყლები…
შორიახლო საკვირველი,
სანახავი არის ერთი,
ღელე კლდეში, ძუ ლომივით
ღმუის აკარმარას მთებში;
ადრიდანვე ღელისწყალსა , *
ეძახიან ქართველები.

მხედარმა გზა გააგრძელა,
იმედითა და რწმენით,
ცეცხლის რაშით გადასერა,
უცხო, უცნობი გზები,
ოქროს თმა, ოქროს აბჯარი,
დედავ, რარიგად შვენის,
ეს ვაჟი მზეჭაბუკია,
მიდის და მიიმღერის:
მზეო, მზეო, დედაჩემო,
მთვარევ, მთვარევ, მამაჩემო.
დებო, ძმებო, ვარსკვლავებო,
მოვიარე ზღვა და ხმელი,
ამერი და იმიერი, ბევრი ვნახე საოცარი,
მე ლამაზი ცა და მდელო,
მაგრამ ვერსად ვერ ვიპოვე,
უტურფესი საქართველო.

ამოიდგა ენა ცამა,
კვლავ გაისმა ტკბილი ხმები:
ჩვენო შვილო, მზეჭაბუკავ,
წინ იარე დიდი რწმენით,
საქართველოში მიგიყვანს,
პონტოს ზღვა და არგოს გზები,
მდინარეები, ხევები,
ტყე, მთები და ჩანჩქერები.
ჭოროხის წყალს რომ გასცურავ,
მიადგები ქართულ სპერსა,
თრიალეთის დიდი ქედით,
მერე ესტუმრები სხვებსა…
თუ რიონი იქნა წყნარი, დაინახავ ოქროს ვერძსა,
მერე მტკვარით, ალაზანით,
მიმოივლი ქართლ-კახეთსა.
ჩვენ მეტს ვერრას გეტყვით სხვასა,
ეძიე და ჰპოვო ვინძლო;
და თუ ბედმა გაგიღიმა,
მიაკვლიო შენ იმ მხარეს,
იქ შეხვდები შენ დედ-მამას,
ქართულ მზეს და ქართულ მთვარეს.
… ცხრა მთა, ცხრა ზღვა გადიარა,
აგორდა წლები გრძელი,
ის იყო ჯოჯოხეთში და
განვლო სამოთხის ბჭენი,
წამოეპარა სიბერე,
ოქროს თმა აღარ ჰშვენის,
წამოეზარდა თმა-წვერი,
თოვლივით თეთრი ფერის;
ეძება, ბევრი ეძება,
ის ზღვები, დიდი ლელო,
მაგრამ ვერსად ვერ მიაგნო,
ვერ ნახა საქართველო.
და ერთხელ, როცა ძალიან
დაიღალა და შედგა,
მოხუცი კაცი დალანდა,
ქვაზე რომ იჯდა ერთი;
თუთუნს ახვევდა გულდინჯად,
ის ბერიკაცი მარტო.
მხედარი ჩამოქვეითდა,
გაჩერდა შორიახლო.
„მგზავრო, მითხარი რა გინდა“,
თქვა ბერიკაცმა ბოლოს.
მხედარმა მყისვე მიუგო:
„ერთი თხოვნა მაქვს მხოლოდ,
მასწავლე, როგორ ვიპოვო
ქვეყანა საქართველო“.
მოხუცის პასუხი ფრიად საკვირველი იყო:
„მხედარო, მოაგენ მგონი; იცოდე მხოლოდ, აქ
ორი ქვეყანა არის, აქ ორი საქართველოა: მიწის
ქვევით დიდია საქართველო, იქ არის დავით,
თამარი, შოთა… მიწის ზევით კი, რასაც ჰხედავ, აი,
ეს არის. შენ რომელს ეძებ მგზავრო კეთილო?
__________________________

*ეგრისწყალი, ღალიძგა

დატოვე კომენტარი