დიდი მაჰმადიანი

ლოცვა ტაძრის მთაზე

2023 წლის 3 იანვარს, სამშაბათს დილით, ისრაელის ეროვნული უშიშროების მინისტრი ითამარ ბენ-გვირი, რაბი მალქას და ებრაელი მორწმუნეების მცირე ჯგუფის თანხლებით, ავიდა ტაძრის მთაზე, როგორც ამბობენ, გაძლიერებული დაცვით. ებრაელები იქ დაახლოებით 15 წუთი დარჩნენ და ილოცეს… მედია ამტკიცებს, რომ ისინი არ ლოცულობდნენ… ეს სიმართლეს არ შეესაბამება; ებრაელებს უფლება აქვთ ილოცონ ღია ცის ქვეშ, თუკი არის მინიანი (ათი ადამიანი). ამრიგად, მათ ჰქონდათ ლოცვის უფლება და ლოცულობდნენ კიდეც, თუმცა ხმა არ ისმოდა, ისინი ლოცულობდნენ გულში …
მედიაში ასევე გამოქვეყნდა, რომ ისრაელის ეროვნული უშიშროების მინისტრს, ქნესეტის და ისრაელის სიონისტური პარტია „ოცმა იეჰუდიტ“ („ჰა-ციონუთ ჰა-დათით“ ფრაქცია) წევრს ადრე ჰქონდა საბრალდებო დასკვნა, მაგრამ ამას აქ არ შევეხებით.
ოპოზიციამ ისრაელის მინისტრის ქმედებებს „პროვოკაცია“ უწოდა. ისინი გულისხმობდნენ მესამე ინტიფადის საფრთხეს. ისრაელის მინისტრი გააკრიტიკეს აშშ-მა, ევროპის სახელმწიფოებმა, ეგვიპტემ და ზოგიერთმა არაბულმა ქვეყანამ.
ამ ნაშრომის ავტორი ყოველგვარ პროვოკაციას ებრაელების მხრიდან უარყოფს… ისინი ხომ ამაღლდნენ თავიანთ ისტორიულ მიწაზე, სადაც ადრე, ქრისტიანული და მუსლიმური სალოცავების აშენებამდე,ებრაული სალოცავები იყო… და, ალბათ, 2023 წლის 3 იანვარს ებრაელები ტაძრის მთაზე მხოლოდ ლოცულობდნენ… აქ რა არის ისეთი, რა მოხდა? მიმოიხედეთ გარშემო, ევროპაში, ამერიკაში და სხვა ცივილიზებულ ქვეყნებში ყველა ტაძარი ღიაა, ვისაც უნდა, შევა და ილოცებს, ეს ხომ უფლის სახლია… ასევე შეიძლება ითქვას მეჩეთზე, რა მნიშვნელობა აქვს, როგორ ლოცულობს ადამიანი – ფეხზე მდგარი თუ პირქვედამხობილი…
გავიხსენოთ რაღაც მეორე ინტიფადის დროიდან, არაბები ამას ალ-აქსას ინტიფადას უწოდებენ. 2000 წლის 28 სექტემბერს ლიქუდის თავმჯდომარე არიელ შარონი, გაძლიერებული დაცვის თანხლებით, ეწვია ტაძრის მთას, იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამისთვის წმინდა ადგილს. იქ მას საპროტესტო აქცია დახვდა, რომლის წინა პლანზე ქნესეთის არაბი წევრები იყვნენ. ერთ-ერთმა მათგანმა წამოიძახა: “შარონს უნდა ნახოს მეტი მკვლელობა და სისხლი!” ორივე მხრიდან იყო დაღუპულები და დაჭრილები. ახლა ჩვენ ვიცით, რომ ინტიფადა დაიგეგმა შარონის ტაძრის მთაზე ვიზიტამდე, კემპ დევიდში მოლაპარაკებებიდან არაფატის დაბრუნების შემდეგ (2000 წლის სექტემბერი-ოქტომბერი).
იერუსალიმი სამი რელიგიის ქალაქია: იუდაიზმის, ქრისტიანობის და ისლამის. ქალაქის ისტორიულ ცენტრში, ძველ ქალაქში დგას ქრისტეს მაცხოვრის ეკლესია – არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც მოიცავს გოლგოთას – იესო ქრისტეს ჯვარცმის ადგილს, შემკულს ორი გუმბათით, სადაც ახლა გადის ვია დოლოროსას ქუჩა.
ტაძრის მთის წვერზე კლდის გუმბათი (კუბატ ას-საჰრა) ანათებს. ლეგენდის თანახმად, გუმბათით დახურულია კლდის წვერი, საიდანაც წინასწარმეტყველი მუჰამედი ზეცად ამაღლდა (632), მას შემდეგ, რაც მექადან იერუსალიმში ღამის მოგზაურობა დაასრულა. კლდის გუმბათის მარჯვნივ არის ალ-აქსას მეჩეთი, რომლის მშენებლობა დაკავშირებულია ხალიფა ომარ იბნ ალ-ხატაბის სახელთან (636 წ.). ქვემოთ არის გოდების კედელი – ებრაული რელიგიის მთავარი სალოცავი. რაც შეეხება ომარის მეჩეთს, ის ქრისტეს მაცხოვრის ეკლესიის პირდაპირ დგას. ომარი წინასწარმეტყველ მუჰამედის ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრე იყო, რომელმაც მას მეტსახელად ალ-ფარუკი დაარქვა, რაც ნიშნავს „სიმართლის გარჩევა შეცდომისგან“. ხალიფა აბუ ბაქრის გარდაცვალების შემდეგ (634) ომარი გახდა მისი მემკვიდრე.
ყველა ქრისტიანული ტაძარი და მუსულმანური მეჩეთი შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
637 წელს, ბიზანტიის იერუსალიმის მიდამოებში მუსლიმთა ჯარები გამოჩნდნენ. იერუსალიმის პატრიარქმა სოფრონიმ ხალიფა ომარი ქრისტეს მაცხოვრის ეკლესიაში სალოცავად მიიწვია, მაგრამ ომარმა უარი თქვა და განმარტა, რომ ამ შემთხვევაში მისი მიმდევრები ამ ეკლესიას მეჩეთად გადააქცევდნენ. ლეგენდა ამბობს, რომ ხალიფამ კენჭი ისროლა და მისი დაცემის ადგილზე დაიწყო ლოცვა. მოგვიანებით, 1189 წელს, სწორედ იქ აშენდა ომარის მეჩეთი. შენარჩუნებულია ომარის ხელშეკრულება არამუსლიმურ სალოცავებზე უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.
ერთ-ერთი ვერსიით, ხალიფა ომარმა გააუქმა ებრაელების ცხოვრების შესახებ მრავალსაუკუნოვანი აკრძალვა იერუსალიმში და პირადად დაუშვა 70 ებრაული ოჯახის იერუსალიმში დასახლება (ებრაული ენციკლოპედიიდან).
ამ ყველაფრის ფონზე, საინტერესოა კონსტანტინოპოლის აია სოფიას ტაძრის ბედი. ტაძარი ბიზანტიის “ოქროს ხანის” სიმბოლოა. იგი პირველი ქრისტიანული ეკლესიაა, რომელიც ააგო იმპერატორ კონსტანტინე I-მა 324-337 წლებში, დედის, წმინდა ელენეს რეკომენდაციითა და ლოცვა-კურთხევით. აია სოფია მსოფლიო არქიტექტურის შედევრია და ხშირად მოიხსენიება, როგორც მსოფლიოს მერვე საოცრება. ეს ცისფერი ტაძარი ქრისტიანული, მართლმადიდებლური რელიგიის დიდი სიწმიდეა. ცოტა ხნის წინ, 2020 წლის 10 ივლისს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა განკარგულებას აია სოფიას მუზეუმის მეჩეთად გადაქცევის შესახებ.
ისმის კითხვა, ზემოთ აღნიშნული ორი მმართველიდან, რომელს შეიძლება ეწოდოს ეპითეტი “დიდი მაჰმადიანი” ხალიფა ომარ იბნ ალ-ხატაბს თუ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს?
დაე, მკითხველმა თავად უპასუხოს ამ კითხვას.
მაგრამ ახლა, დავუბრუნდეთ ებრაელებს, რომლებიც 2023 წლის 3 იანვრის დილით, ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, ითამარ ბენ-გვირის ხელმძღვანელობით, ავიდნენ ტაძრის მთაზე და ლოცულობდნენ 15 წუთის განმავლობაში; როგორც უკვე ითქვა, ისინი ჩუმად, გულში ლოცულობდნენ. და აქ ჩნდება მეორე კითხვა: რისთვის ლოცულობდნენ ისინი?
იქნებ უფალს, ჩვენს ღმერთს სთხოვეს მესამე ტაძრის აშენება?
ჩემი აზრით, დღევანდელობის გადასახედიდან არც ამის დროა და არც შესაბამისი გარემოება.
ერთი წლის წინ, ჩემს ესეში “სევასტოპოლი” დავწერე:
ყოვლისშემძლეს და საზოგადოების ნებართვით, ზემო კრების და ქვემო კრების ნებართვით, ჩვენ უფლება გვაქვს ვილოცოთ მათთან, ვინც დაარღვია თორის მითითებები.
ო, ღმერთო, სამყაროს მეუფეო!
საუბრობენ მესამე მსოფლიო ომზე, საუბრობენ ბირთვულ ომზე, ფიქრობენ კაცობრიობის მოსპობას, სურთ პლანეტა დედამიწის განადგურება.
დიახ, ჩემი აზრით, ტაძრის მთაზე ებრაელები სწორედ ამისთვის ლოცულობდნენ და ყოვლისშემძლეს შესთხოვდნენ, რომ არ მოხდეს მესამე მსოფლიო ომი, არ მოხდეს ატომური კატასტროფა, ამ შემთხვევაში ნოეს კიდობანიც ვეღარ გადაგვარჩენს (ღმერთმა დაგვიფაროს), რომ არ წაიშალოს პირისაგან მიწისა მსოფლიო მემკვიდრეობის დიდებული ძეგლები, ისევე როგორც, თავის დროს განადგურდა დავითისა და სოლომონის მიერ აგებული ტაძარი (პირველი ტაძარი), ზერუბაბელის აშენებული ტაძარი (მეორე ტაძარი), შემდგომ რესტავრირებული ჰეროდე დიდის მიერ.


იაკობ პაპიაშვილი,
ავტორი არის ზალმან შაზარის, ისრაელის ინტეგრაციის სამინისტროს,
გალაკტიონ ტაბიძის, ივანე მაჩაბლის პრემიების ლაურეატი.
სამჯერ არის წარდგენილი ნობელის პრემიის მოსაპოვებლად.

დატოვე კომენტარი