მე და მიხეილ ტალი

მოგონება

მე ვიცი ჭადრაკის თამაში. ეს გასაოცარი თამაში მასწავლა მამამ, მიხეილ (მიშა) პაპიაშვილმა, რომელმაც ქალაქ ქუთაისში შექმნა მსხვილი საგალანტერიო წარმოება, სადაც დასაქმებული იყო ათასზე მეტი ქალი და კაცი (წარმოებას ჰქონდა კომერციული კავშირები საბჭოთა კავშირის მსხვილ ქალაქებთან, მათ შორის მოსკოვთან და ლენინგრადთან).

მე მქონდა პირველი თანრიგი ჭადრაკში და წარმატებით ვთამაშობდი სასკოლო შეჯიბრებებში. ქუთაისის მოსწავლეთა და პიონერთა სასახლეში ჩემი მწვრთნელი იყო დავით ჩირაძე – საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. იგი იყო მაია ჩიბურდანიძის პირველი მწვრთნელი. სწორედ მაშინ, დავუმეგობრდი ჟორა (გიორგი) ქანთარიას, რომელმაც მოგვიანებით, იმისათვის რომ იგი ერთი წლის განმავლობაში მწვრთნიდა მაია ჩიბურდანიძეს, რა თქმა უნდა, დავით ჩირაძის შემდეგ, მიიღო საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება. აღსანიშნავია, რომ ქანთარია იყო აგრეთვე ჩემი უფროსი ვაჟის, მიხეილ პაპიაშვილის მწვრთნელი, რომელმაც ქანთარიას ხელმძღვანელობით, 1988 წელს ახალგაზრდებს შორის გაიმარჯვა ქალაქ ტყიბულის საჭადრაკო ჩემპიონატში (მასალები დაცულია გაზეთ ქუთაისში). ამჟამად მიხეილ პაპიაშვილი ცნობილი ქირურგია ისრაელში თორაკალურ ქირურგიაში.

1964 წელს ქალაქ კისლოვოდსკში მიმდინარეობდა საჭადრაკო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ცნობილი საბჭოთა გროსმაისტერები, მათ შორის ტალი, შტეინი, გელლერი, ტაომანოვი და სხვები. მაშინ, ოჯახთან ერთად დასასვენებლად ვიმყოფებოდი კისლოვოდსკში. ვცხოვრობდით სასტუმრო “კავკაზში”. სასტუმროში ჩვენი ნომერი შემთხვევით აღმოჩნდა იმ ნომრის გვერდით, სადაც ცხოვრობდა ლეონიდ შტეინი. საღამოობით, შეჯიბრების შემდეგ, იგი ჩვეულებრივ გამოდიოდა აივანზე და ტკბებოდა კისლოვოდსკის მშვენიერი პეიზაჟით. ასე გავიცანით ერთმანეთი. ერთხელ, სხვათა შორის, ვუთხარი, რომ თუ ის გამაცნობდა ტალს და მათამაშებდა მასთან პარტიას, ვიყიდიდი შამპანიურს. ლეონიდმა გაიღიმა და დამპირდა ვეცდებიო. მეორე დღეს, ტურნირის თითქმის ყველა მონაწილე შეიკრიბა ლეონიდ შტეინის ნომერში და მე მიხეილ ტალთან ვითამაშე საჭადრაკო პარტია…
… მნიშვნელობა არ აქვს, თუ როგორ დამთავრდა ეს შეხვედრა, მთავარია ის, რომ თამაშის დამთავრების შემდეგ, ლეონიდ შტეინმა, მხიარული შეძახილების ფონზე, გახსნა შამპანიური.

იაკობ პაპიაშვილი

დატოვე კომენტარი