ჭეშმარიტების ძიებაში

ათასი წლის ცილისწამება

ეს იყო ტელეკომპანია “იმედის” ღამის შოუს სტუდიაში 2022 წლის თებერვალში.

საავტორო შოუს წამყვანების ვინაობას არ ვასაჯაროებ. ისინი ფრიად ნიჭიერი ადამიანები არიან, თავიანთი საქმის კარგი მცოდნეები, რომელთა გადაცემებს სიამოვნებით ვუყურებ და რასაც ვწერ მხოლოდ შეცდომების გასწორების მიზნით.

მაშ ასე: 2022 წლის 11 თებერვლის საავტორო შოუში გაჟღერდა შემდეგი კონტექსტი:

“…როგორც იქნა შალვაც მოეგო გონებაზე, მაგრამ თუ გაამართლა ჩვენი შაილოკის ამბებმა მერე უკვე დადასტურებულად მეცოდინება, რომ მისი ინსპირაცია ეს პაწაწინა, მაგრამ დიდპირიანი ნიანგუკა ყოფილა”.

“შაილოკი?!”

პიროვნება ვისაც შაილოკი უწოდეს შეუძლებელია იყოს ცნობილი პიესის “ვენეციელი ვაჭარის” მთავარი გმირის შაილოკის პროტოტიპი. ეს პიროვნება საქართველოს ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეა და არავითარი მსგავსება არა აქვს დასახელებული პიესის მთავარ გმირთან – შაილოკთან.

იმისათვის, რომ საავტორო შოუს წამყვანის შედარება არასწორია უნდა გავიხსენოთ ვინ იყო შაილოკი.

პიესის მიხედვით შაილოკი არის ებრაელი მევახშე, მკვლელი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რომელსაც სურს თამასუქის ვადის გადაცილების გამო გული ამოჭრას პატიოსან იტალიელ ვაჭარს ანტონიოს. მოვიყვან რამდენიმე ამონარიდს პიესიდან:

“ბასანიო (შაილოკს): “ნეტავ რად ლესავ დანას ასე გულმოდგინებით!?”

“შაილოკი: იმად, რომ ხორცი ამოვაჭრა მოვალეს ჩემსას.”

და კიდევ:

“შაილოკი: ჰო, გული, გული! ასე სწერია თამასუქში, – არა მსაჯულო?! რაც შეიძლება გულთან ახლოს – ასე სწერია.”

საყურადღებოა რომ ანტონიოც და შაილოკიც ორივენი ვაჭარია, ერთი და იგივე საქმიანობას ეწევიან. თუმცა მათ შორის არის განსხვავება, ანტონიოს აქვს “პატიოსანი იტალიელი ვაჭრის სახელი” ხოლო შაილოკის ფეხქვეშ მიწა იწვის, როგორც “წყეული მევახშე”.

აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საინტერესოა როგორ დააგროვა ანტონიომ ქონება რომელსაც ფლობს: სამი სავაჭრო გემი, უძრავ-მოძრავი ფასეულობები, ვრცელი მიწის ნაკვეთები.

ამ კითხვაზე პასუხს იძლევა ისტორია:

ელისაბედ I ტიუდორის (1558 – 1603) მმართველობის ხანაში საფუძველი დაედო დიდი ბრიტანეთის იმპერიას. ინგლისის სამხედრო – საზღვაო ფლოტი ესპანეთის “უძლეველი არმადის” განადგურების შემდეგ (1588) დედამიწის ზღვების და ოკეანეების მფლობელად იქცა. ამ ბრძოლაში თავი ისახელეს “დედოფლის მეკობრეებმა”: ფრობიშერმა, ხოუკინსმა და “ესპანელების რისხვამ” ფრენსის დრეიკმა, რომლებსაც დედოფალმა ელისაბედმა მიანიჭა “უშიშარი და უმწიკვლო რაინდის” ტიტული. სინამდვილეში კი ეს მეკობრეები ძარცვავდნენ და აოხრებდნენ საფრანგეთის და ჰოლანდიის კოლონიებს, ესპანეთს, ინდოეთს, მუდმივ შიშში ამყოფებდნენ მშვიდობიან მოსახლეობას. “დიდსულოვანი ვაჭარი” ანტონიო სწორედ მათი პროტოტიპია.

პიესაში ყურადღება უნდა გამახვილდეს ერთ უმნიშვნელოვანეს პასაჟზე: შაილოკს პირდებიან რომ სასამართლოში მას დაიცავს ვექილი, მაგრამ მას მოატყუებენ, პიესაში ვექილი არ ჩანს, რადგან ის იტყოდა სიმართლეს, რაც ზემოთ ვთქვით.

ისმის კითხვა: რატომ ცდილობდა დიდი ბრიტანეთის სამეფო სახლი ებრაელების შევიწროებას და აბუჩად აგდებას?

ინგლისის მეფის ედუარდ I პლანტაგენეტის ბრძანებით 1290 წელს ებრაელები გააძევეს ინგლისიდან. ებრაელთა დიდი ნაწილი უსიტყვოდ დაემორჩილა ბრძანებას, ისინი გაიხიზნენ სხვა ქვეყნებში, ძირითადად პოლონეთში. ეს ის პოლონეთია სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს უფრო მეტი კრემატორიუმები იყო ვიდრე გერმანიაში, სადაც გაზის კამერებში დახოცილი ებრაელების გვამებს წვავდნენ. ინგლისის სამეფო ხელისუფლებამ გახიზნული ებრაელების უძრავ-მოძრავი ქონება დაუქვემდებარა კონფისკაციას. თუმცა ლონდონში დარჩა ებრაელთა მცირე ნაწილი, რომლებიც ცხოვრობდნენ ნახევრად არალეგალურად და აგრეთვე ის ებრაელები, რომლებმაც მიიღეს ქრისტიანული სარწმუნოება. მათ შორის იყო ესპანელი როდრიგო ლოპესი, სამეფო კარის ექიმი, ელისაბედ I მთავარი მკურნალი, რომელიც ლორდ (გრაფ) ესექსის დასმენით, 1594 წელს ჩამოახრჩეს ცრუ ბრალდებით, თითქოს მას დედოფლის მოწამვლა სურდა. პიესა “ვენეციელი ვაჭარი” შეიქმნა სწორედ ამ პროცესთან დაკავშირებით. პიესაში არსებობს მინიშნება აღნიშნულ სასამართლო პროცესზე, კერძოდ პიესის ერთ-ერთი გმირის გრაციანოს ფრაზა შაილოკის მიმართ: “შენი ქოფაკი სული ალბათ კაცთ ჟლეტვისათვის ჩამოხრჩობილი მგლისაგან მოდის”. ლათინური ლუპუს ნიშნავს მგელს.

“გლობუსის” თეატრის დასი იწოდებოდა როგორც “ლორდ კამერჰერის მსახურნი”. ეს ის დროა როცა ახალგაზრდა უილიამი თეატრის ხელმძღვანელობამ მეჯინიბედ აიყვანა, სპექტაკლებზე დასასწრებად მოსული ინგლისელი ლორდების ცხენების მოსავლელად. ახალგაზრდა კაცი პირმოთნე აღმოჩნდა და მალე სუფლიორად დააწინაურეს, რადგან მსახიობად ვერ ივარგა, მალე კი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ქრისტოფერ მარლოს სიკვდილის თუ მკვლელობის (საკითხი გაურკვეველია) მერე, მისმა კეთილისმყოფელმა ლორდებმა (რობერტ სესილი, საუტგემპტონი, ბერლი, ფრენსის დევისონი) მას დაავალეს “გლობუსის” რეპერტუარში არსებული ძველი პიესების გადაკეთება. ახალგაზრდა უილიამი უყოყმანოდ ასრულებდა მათ ყოველ სურვილს. ძველი პიესების გადაკეთების პარალელურად იგი დასადგმელად ამზადებდა ისეთ პიესებს, რომლებსაც ლორდები ინკოგნიტოდ აწვდიდნენ მას ებრაელთა აბუჩად აგდების მიზნით, რისთვისაც მას უხვად აჯილდოვებდნენ ფინანსურად. ცნობილია რომ ინგლისელმა ლორდებმა შექსპირის მამას თავადაზნაურის წოდება მიანიჭეს. ასე გახდა შექსპირი “გლობუსის” რეპერტუარში არსებული ძველი პიესების და სონეტების ავტორი.

1594 წელს, ლოპესის ჩამოხრჩობის მერე ლორდებმა გადაწყვიტეს დედოფალ ელისაბედ I პრესტიჟის დაცვის მიზნით, ძველი პიესების გამოყენებით, შეექმნათ ისეთი ნაწარმოები, რომელიც გამოდგებოდა ყოველი რიგითი ებრაელის დასაცინად და აბუჩად ასაგდებად. ამგვარად “ვენეციელი ვაჭარი” შექმნილია შემდეგი ძველი პიესების ურთიერთშერწყმით: კრისტოფერ მარლოს “მალტელი ებრაელი”, ჯოვანი ფიორენტინოს “ცხვრის თავი”, ალექსანდრე სილვანის “სიტყვაკაზმულობის სახელმძღვანელო”, დეკერის “ვენეციელი ებრაელი”.

ის რომ პიესა “ვენეციელი ვაჭარი” შექმნილია 1594-1596 წლებში ამტკიცებს სწორედ გრაციანოს ზემოთქმული ფრაზა, რამეთუ ზემოთჩამოთვლილ პიესებში ეს ფრაზა შეუძლებელია არსებულიყო, რადგან ისინი დაწერილია ლოპესის ჩამოხრჩობამდე. მაშასადამე პიესაში “ვენეციელი ვაჭარი” ინგლისელი ლორდების და შექსპირის კალამს ეკუთვნის ერთადერთი წინადადება, გრაციანოს ფრაზა: “შენი ქოფაკი სული ალბათ კაცთ ჟლეტვისათვის ჩამოხრჩობილი მგლისაგან მოდის”. აი ამ ფრაზით ეპოქიდან ეპოქას გადაეცემა ცილისმწამებლური ხმა ებრაელთა სისხლისმსმელ ბუნებაზე.

საკითხით დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვოს იაკობ პაპიაშვილის წიგნიდან “აღსდგა ვითარც ფენიქსი თავისი ფერფლიდან” (რუსულ ენაზე). წიგნი იმყოფება თბილისში, საჯარო ბიბლიოთეკაში.

2017 წლის ნოემბერში საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა იაკობ პაპიაშვილის შემოქმედებითი საღამო, სადაც შესავალი სიტყვით გამოვიდა საქართველოს სახალხო მწერალი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, პროფესორი რევაზ მიშველაძე, რომელმაც ყურადღება გაამახვილა “ვენეციელი ვაჭარის” პრობლემატიკაზე, ზემოაღნიშნულ წიგნში შეტანილი ნაშრომის “Пасквиль тысячелетия” პრობლემატიკის შესახებ. ნაშრომი აგრეთვე გამოქვეყნდა ისრაელის საერთაშორისო მნიშვნელობის ყოველკვირეულ გაზეთში “Новости недели” – “Еврейский камертон”-ის ორ ნომერში (07. 12. 2006 და 04. 01. 2007).

                                   ვერცხლის ლურსმნებით!?

ახლა რაც შეეხება 2022 წლის 12 თებერვლის ინტელექტუალურ-გასართობ შოუს “თავიდან ბოლომდე”. აქ მოქმედება სხვა რაკურსით განვითარდა. შოუს წამყვანმა ჭაში ჩავარდნილ მოთამაშეს დაახლოებით ასეთი ფრაზა ჩასძახა: სწორი პასუხია ვერცხლის ლურსმნები… იუდა ხომ იცი ვინ არის… “ოცდაათი ვერცხლი” გაგიგონია? ის ლურსმნები რომლებითაც მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს 99 პროცენტი ვერცხლიდან იყო დამზადებული.

ლურსმნის გამოგონებას ხუთი ათასი წლის ისტორია აქვს. თავდაპირველად ლურსმანს ამზადებდნენ თევზის ძვლისაგან, თიხისაგან, ხისაგან და ითვლებოდა ფუფუნების საგნად, მაგრამ ძველ ეგვიპტეში, საბერძნეთში და რომში უკვე ფართოდ გავრცელდა რკინისა და სპილენძის ლურსმნები; მათი დამზადების პროცესი რთული და შრომატევადი იყო. სამუშაოს ასრულებდნენ ხელით და მაშინაც კი როცა მე-18 საუკუნის ბოლოს შექმნეს ლურსმნების დამამზადებელი მანქანა, მისი ფასი ძალიან ძვირი იყო.

ლურსმნის დამზადების ტექნოლოგია ძველ რომში და ისრაელში (დავით მეფის ეპოქა) უკვე ცნობილი იყო: რკინის ღერს (проволока) ახურებდნენ ძალიან მაღალ ტემპერატურაზე და მისი შენადნობი ნახშირბადთან (2,2%) აძლევდა ლურსმანს სიმტკიცეს (თუჯი, ფოლადი). ნახშირბადი ცნობილი იყო ანტიკურ ეპოქაში.

ოქრო, ვერცხლი და პლატინა მდგრადი მეტალებია და ქიმიურ შენაერთებთან რეაქციის დროს ნაკლებად რეაგირებენ, რის გამოც ეს მეტალები იწოდებიან როგორც კეთილშობილი მეტალები და ამის გამო მათი გამოყენება ისეთი ლურსმნების დასამზადებლად რომელიც გამოიყენება ხის ჯვარზე ადამიანის გასაკრავად არ შეიძლება.

იუდას კოცნა

                                                ლექსის შექმნის პროცესში ავტორმა ზოგი რამ ისესხა                                                 ალექსანდრე ბლოკის პოემიდან “თორმეტნი”

ეს ლექსი შევიდა ჩემს სამივე პოეტურ კრებულში. რუსულ თარგმანში მე ლექსს დავურთე კომენტარი; მოვიტან რამდენიმე ამონარიდს კომენტარიდან:

ჯვარცმა – სიკვდილით დასჯის ისტორიული სახეობაა. დასჯის ამგვარი ზომა არსებობდა ეგვიპტეში, კართაგენში, სპარსეთში, ფინიკიაში, ბაბილონში, საბერძნეთში და რომის იმპერიაში. ძველი და ახლი აღთქმის თანახმად ებრაელები დამნაშავეებს სჯიდნენ (ქოლავდნენ) ქვებით, თუმცა შესაძლებელია ჯვარცმა, როგორც დასჯის სახეობა ისრაელში არსებობდა ზოგიერთი მეფის დროს. ასეთი სახით სჯიდნენ მეამბოხეებს, მოღალატეებს, სამხედრო ტყვეებს, მძარცველებს, გაქცეულ მონებს. დასჯის ეს ფორმა ფართოდ იყო გავრცელებული ძველ რომში. სპარტაკის აჯანყების ჩახშობის შემდეგ, მარკ ლიცინიუს კრასის ბრძანებით აპიენის გზაზე კაპუიდან რომამდე ჯვარზე გააკრეს ექვსი ათასი აჯანყებული. როგორც წყაროები იტყობინებიან, ვიდრე ჯვარცმული არ მოკვდებოდა ჯვრიდან არ ხსნიდნენ.

ჯვარცმა დამნაშავის დასასჯელად დღემდე შემორჩა ირანში და საუდის არაბეთში. დასჯა ხდება შემდეგი სახით: სიკვდილ მისჯილს აკრავენ ხის ჯვარზე ზურგით ჯვრისკენ, სახით მექისკენ, ფეხებით ვერტიკალურ მდგომარეობაში, მიწისაგან საკმაოდ დაშორებით.

იესო ქრისტე ჯვარცმულ იქნა რომაელების მიერ გოლგოთას ბორცვზე “თან მიჰქონდა თავისი ჯვარი, და მივიდა იმ ადგილას, რომელსაც ერქვა გოლგოთა – სიტყვასიტყვით ნიშნავს “თავის ქალას” (სახარება იოანესაგან 19, 17 – 18…) დასჯის ადგილი ძველ იერუსალიმში. გადმოცემის თანახმად ეს ადგილი მიჩნეულია ჩვენი პლანეტის ცენტრად, სადაც ნოეს უფროსმა შვილმა სემმა, მამის სურვილის შესაბამისად, მიწას მიაბარა ადამის ნეშტი.

ტერმინი “იუდას კოცნა” – “იუდას ამბორი” აღწერს ეპიზოდს ევანგელიიდან (სახარებიდან), რომელიც მიიჩნევა გამცემის, მოღალატის სინონიმად. ევანგელიის ავტორები წერენ, რომ იუდა ისკარიოტმა გაყიდა მოძღვარი 30 ვერცხლად.

ევანგელიაში (ლუკა, 22, 43-44) აღწერილია მესიის ლოცვა ზეთისხილის მთაზე, გეთსიმანიის ბაღში, რომელიც მდებარეობს იერუსალიმის აღმოსავლეთით კედრონის ხევში. აქ გაიხიზნა დავით წინასწარმეტყველი, როცა აბესალომი აუჯანყდა. გეთსიმანიის (ნიშნავს კარიბჭეს) ბაღი მდებარეობს ელეონის მთის ძირში. ბაღი ზეთის ხილის ხეებში იყო ჩაფლული. აქ უყვარდა უფალს განმარტოება მოწაფეებთან ერთად. საიდუმლო სერობის შემდეგ სწორედ აქ მოვიდა და მოციქულებს უთხრა: “და ჰრქუა მათ დასხედით მანდა, ვიდრემდი მივიდე იქი და ვილოცო”, რათა ცოდვები მთელი კაცობრიობისა თვითონ ეტვირთა (განკურნება მიწისა – ისაია): “მამაო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი; მაგრამ არა როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენ” (თვითშეწირვა). “ხოლო მისმა გამცემმა მისცა მათ ნიშანი და უთხრა: “ვისაც მე ვეამბორები, ის არის და შეიპყარით” (სახარება მათესი).

ეს ეპიზოდი ლუკას სახარების ძველ ხელნაწერებში არ არის, რაც მეცნიერებს შორის დავის საგანია. ამის გამო ახალი აღთქმის ახალ გამოცემებში ფრჩხილებშია ჩასმული ან ზოგჯერ შენიშვნებშია გადატანილი. შუა საუკუნეებში და აღორძინების ეპოქაში ბევრმა ცნობილმა მხატვარმა შექმნა ტილო “იუდას ამბორი”, მათ შორის აღსანიშნავია ლეონარდო და ვინჩის “საიდუმლო სერობა”.

თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს სცენა გეთსიმანიის ბაღში საიდუმლოებრიობით არის მოცული, რადგან იესოს ბრძანება (მოთხოვნა) იუდასადმი: “რასაც აკეთებ, გააკეთე ჩქარა” (იოანე, 13, 27) ორაზროვანი არ არის და მიუთითებს მესიის მტკიცე გადაწყვეტილებას თვითშეწირვაზე.

იუდა თორმეტ მოციქულთაგან ერთადერთია, რომელიც იუდეის ოლქიდან არის წარმოშობით, დანარჩენი თერთმეტი მოციქული გალილეიდან არიან. გალილეა ისტორიული მხარეა ჩრდილოეთ ისრაელში.

იუდა იყო აგრეთვე მოციქულთა შორის ის ერთადერთი მოწაფე რომელმაც იცოდა ქრისტეს მისია დედამიწაზე, რამეთუ იესომ მხოლოდ მას გაუხსნა

“ცათა სასუფევლის” საიდუმლო (ესქატოლოგიური ტერმინია, ეხება იმ სამეფოს, რომელსაც მაცხოვარი დაამყარებს ცის ქვეშეთში მეორედ მოსვლის დროს; ალბათ, მაშინ ჯვარი მოსპობს სვასტიკას).

აქ უნდა დავაფიქსიროთ: “და მოიყვანეს ორი ავაზაკი და გამჩენი ამ ორს შორის ჯვარს აცვეს. იგი კი დუმდა, თითქოს ტკივილს არ გრძნობდა” (პეტრეს სახარება, აპოკრიფი, 4.10). მართალია ეს აპოკრიფი ეკლესიის მიერ უარყოფილია, მაგრამ იგი ნათლად მიანიშნებს რომ იესო ღვთის შვილია.

თორმეტ მოციქულთა შორის, იესო მხოლოდ იუდას ესაუბრებოდა განმარტოებით, და ერთხელ იუდამ მას შეჰბედა: “მე ვიცი ვინ ხარ შენ და საიდან მოხვედი”.

იუდა იყო პირველი მოციქულთა შორის ვისაც უფალმა პირველს დაბანა ფეხები და ამით აგრძნობინა მას, რომ მოახლოვდა ჟამი მისი ჯვარზე გაკვრისა და ცად ამაღლებისა. ამ ეპიზოდს ევანგელისტები განმარტავენ არასწორად. პინაქში ხელის ჩაყოფა მაცხოვართან ერთად მიანიშნებს მათ ურთიერთ ფარულ შეთანხმებაზე.

ძველი აღთქმის თანახმად მესია უნდა იყოს აბრაამის, ისააკის და იაყაკობის შთამომავალი, ამასთანავე დავით წინასწარმეტყველის შთამომავალიც, რომელიც იყო იუდას ტომიდან (მესამე მეფეთა, 2:4). ახალი აღთქმის თანახმად იესო ქრისტეს გენეალოგიური-საგვარეულო წარმომავლობა ზუსტად შეესაბამება ამ მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე იესო ქრისტე და იუდა ისკარიოტი იუდას ტომიდან იყვნენ და ერთ-ერთი წყაროს თანახმად ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს.

იუდას ტომი ისრაელში ერთ-ერთი ძლიერი ტომი იყო. ამ საგვარეულოს მამამთავარი ძველი აღთქმის მიხედვით არის იუდა, პატრიარქ იაყაკობის მეოთხე შვილი ლიადან (დაბადება, 29:35).

ზემოთქმულის გათვალისწინებით ცხადი ხდება: საკუთარ გადაწყვეტილებაში ღრმად დარწმუნებულმა მაცხოვარმა კარგად იცოდა, რომ იუდას დახმარების გარეშე ის ვერ შეძლებდა “ცათა სასუფეველში” დაბრუნებას: “რასაც აკეთებ გააკეთე ჩქარა”.

ეს ბრძანება ღვთის კაცისა იმ ადამიანისადმი, რომელიც მისი ტომიდან იყო, მიგვანიშნებს იუდას ძალისხმევაზე, რაც განარჩევდა მას დანარჩენ მოციქულთაგან, რადგან იუდა უბრალო გალილეველი კი არ იყო, არამედ წარმოადგენდა იუდას ტომის წარმმართველ ძალას – მამამთავარს.

დასკვნა ასეთია:

რომ არა იუდა, ქრისტეს ჯვარზე გაკვრა და შემდგომ მისი “ცათა სასუფეველში” ამაღლება არ შედგებოდა და, აქედან გამომდინარე ქრისტიანული რწმენა, რომელსაც დღეს რამდენიმე მილიარდი ადამიანი ეთაყვანება, დედამიწაზე არ გავრცელდებოდა. ზემოთქმულიდან გამომდინარე ტერმინი “ოცდაათი ვერცხლი”-ს (მათეს და მარკოზის სახარება) ეპიზოდი ქრისტეს და იუდას საიდუმლო შეთანხმების შედეგი იყო, რაც არც ერთმა გალილეველმა მოციქულმა არ იცოდა, და არც შეიძლებოდა ცოდნოდათ, ვინაიდან ეს იყო ქრისტეს და იუდას პირადი საიდუმლო.

ალბათ, ჩემი აზრით, ეს საიდუმლო გახდა იმის მიზეზი, რომ 265-ე რომის პაპმა ბენედიქტ XVI მის მიერ გამოქვეყნებულ წიგნში (“ვნების კვირა”, მეორე ტომი, თეოლოგიური ანალიზი – 2011), რომელშიც ქრისტეს ბიოგრაფია არის აღწერილი, ებრაელი ხალხისაგან მოხსნილია ყველა ბრალდება მესიის მკვლელობაში. უფრო ადრე, 1965 წელს ვატიკანში, რომის პაპმა პავლე VI გამოსცა ოფიციალური დეკლარაცია, სადაც ლაპარაკია იმის შესახებ, რომ ებრაელ ხალხს არავითარი ბრალი არ მიუძღვის ქრისტეს მკვლელობაში.

და ბოლოს შეუძლებელია არ აღვნიშნოთ საქართველოს სახალხო მწერლის რევაზ მიშველაძის ახალი შემოქმედებითი ამაღლება: რომანი “ქრისტე”. მე ეს რომანი წაკითხული არა მაქვს, მაგრამ დიდი ყურადღებით გავეცანი მწერალ ავთანდილ ნიკოლეიშვილის რეცენზიას: “ახალი თემატური მიმართულება რევაზ მიშველაძის პროზაში” (“მწერლის გაზეთი” N3 (287), 1-31 ივლისი, 2021). მოვიტან რამდენიმე ამონარიდს ამ რეცენზიიდან:

“თავისი რომანის მეშვეობით მან ღრმად შთამბეჭდავი ფორმით მოგვითხრო ჩვენი მაცხოვრის – იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების ამბავი. აქედან გამომდინარე რომანის სიუჟეტი ნაწილობრივ ემთხვევა სახარებისეულ ტექსტს. ამ გარემოებას თავად მწერალიც აღნიშნავს ნაწარმოებისათვის წამძღვარებული წინათქმის მეშვეობით: “მომიტევოს უფალმა, რომ გავბედე მე, მართლმადიდებელმა ქართველმა მწერალმა, თანამედროვე თვალით დამენახა სახარებისეული მოვლენები და ერთხელ კიდევ გამესვა ხაზი იმ ჭეშმარიტებისათვის, რომ ახალი აღთქმის იდეები უკვდავია”.

ბატონი ავთანდილ ნიკოლეიშვილი დაკვირვებით მიყვება რა რომანის სიუჟეტურ ქარგას მკითხველს აწვდის რევაზ მიშველაძისეულ მიგნებას იმის შესახებ რომ ქრისტეს მცნებები და ქადაგებები არსებითად ცვლის მოსეს უზენაესი სამართლის მცნებებს: “კბილი კბილისა წილ!” და “თვალი თვალისა წილ!”. ამ მხრივ უნდა გავიხსენოთ ეპიზოდი მეძავი ქალის გასამართლებისა: “მაგრამ რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, წამოიმართა და უთხრა მათ: ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა” (იოანეს სახარება, თავი მერვე, 7).

და კიდევ: “მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს, არამედ, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე” (მათეს სახარება, თავი მეხუთე, 39).

ვფიქრობ რომაბი “ქრისტე” ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

                                                                                 იაკობ პაპიაშვილი
გალაკტიონ ტაბიძის და ივანე მაჩაბელის პრემიის ლაურეატი

ნობელის პრემიის ნომინანტი

დაიბეჭდა გაზეთში “მწერლის გაზეთი”, 2022, N4, გვ.14.

შენიშვნა: იაკობ პაპიაშვილის ეს ნაშრომი გაზეთ მწერლის გაზეთში” დაიბეჭდა შემოკლებით. მასში არ შევიდა ეს ნაწილი, რასაც ვუზიარებთ მკითხველს:

ვარ დარაჯი იუდეველი ძმისა

ეს სათაური პერიფრაზია ცნობილი ქართველი მწერლის, ეროვნებით ებრაელის, გურამ ბათიაშვილის წიგნისა “ვარ დარაჯი ჩემი ძმისა”. ეს წიგნი ბატონმა გურამმა პირადად მაჩუქა 1995 წელს. ეს ასე მოხდა: გორის ეკონომიკური ინსტიტუტის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგემ, პროფ. ელდარ მამისთვალაშვილმა გაზეთ “მენორაში” გამოაქვეყნა ნაშრომი: “ჰურიათა ქართველთა გაგების გამო” და “საქართველოს ებრაელების ისტორია”. ორივე ნაშრომი საპოლემიკო ხასიათის იყო, ეხებოდა “განთიადში” გამოქვეყნებულ ჩემს მეცნიერული ხასიათის თხზულებას.

ე. მამისთვალაშვილი სტატიის დასაწყისში მიანიშნებდა:

“წინამდებარე რეცენზიის თუ შენიშვნების დაწერის და ზოგიერთი მოსაზრების გამოთქმის სურვილი გამოიწვია იაკობ პაპიაშვილის ნაშრომმა “ქართველ ებრაელთა წარმომავლობის და ქართული ასომთავრული ანბანის შექმნის საკითხისათვის”

(ჟურნ. “განთიადი”, 1991, N9, გვ. 183-191).

მამისთვალაშვილი აგრეთვე აღნიშნავდა: “ბატონმა ი. პაპიაშვილმა რომელი კუთხითაც დააყენა საკითხი, სიმართლე უნდა ითქვას, ასეთნაირად არავის არ დაუყენებია…”

ჩემმა პასუხმა არ დააყოვნა და წარვუდგინე ბატონ გურამ ბათიაშვილს “მენორას” რედაქციაში. რედაქტორი დამპირდა რომ გამოაქვეყნებდა ჩემს ნაშრომს გაზეთის სამ ნომერში და მაჩუქა წიგნი წარწერით “ვარ დარაჯი ჩემი ძმისა”.

ჩემი ნაშრომი “ჰურიანნი ქართველნი – ვინ იყვნენ ისინი?” გამოქვეყნდა “მენორას” სამ ნომერში: ივლისი, 1996, N7 (41), “მენორა”, აგვისტო, 1996, N8 (42), “მენორა”, სექტემბერი, N9 (43).

მესამე ნომრის დასასრულს აღნიშნული იყო: ავტორი იაკობ პაპიაშვილი, მწერალი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ლექტორი. 18 აპრილი, 1996 წ.

არ არის დიდი ხანი რაც რუსულ ენაზე გამოიცა ე. მამისთვალაშვილის ახალი წიგნი რუსულ ენაზე “ქართველი ებრაელები” (ანტიკური ხანიდან 1921 წლამდე)”. წიგნის რედაქტორია პროფ. გივი ღამბაშიძე. წიგნი  განთავსებულია ინტერნეტში. წინა საპოლემიკო წერილებთან განსხვავებით ჩემს მეცნიერულ მიგნებასთან დაკავშირებით ბატონმა მამისთვალაშვილმა ჩანს რომ აზრი ნაწილობრივ შეიცვალა, როგორც ჩანს იგი რაღაცას მიხვდა. მიუხედავად ამისა ჩემს მეცნიერულ ნაშრომებთან დაკავშირებით, რომელსაც მრავალი თავი ეთმობა, კვლავ უხეში შეცდომებია დაშვებული. მე აღარ შეუდგები ამ შეცდომების განხილვას, მაგრამ ერთი რამ უნდა ავღნიშნო: პროფესორი ცდილობს გაამართლოს ქართველ ებრაელთა გვარებთან დაკავშირებით ილია გაგულაშვილის პოზიცია.

აქ მე, ვაჟა-ფშაველას უნდა დავესესხო: “მე არც ერთ კილოს არ ვწუნობ, თუა ქართულის გვარისა”.

საბჭოთა ეპოქაში იყო ტენდენცია, რომლის მიხედვით ერთი ასოს საშუალებით ადგენდნენ ვინ იყო ქართველი და ვინ ებრაელი. მაგალითად: დავითიაშვილი მიაჩნდათ ებრაელად, ხოლო დავითაშვილი ქართველად და შესაბამისად – იაკობიშვილი ებრაელად, ხოლო იაკობაშვილი ქართველად, პაპიაშვილი ებრაელად, პაპუაშვილი ქართველად, სეფიაშვილი ებრაელად, სეფაშვილი ქართველად და ა. შ.

ეს უაზრო შთაგონება შესაძლებელია რელიგიური წეს-ჩვეულებების რწმენასთანაც იყოს კავშირში, მაგრამ არსებობს გადმოცემები, რაც გვაფიქრებინებს, რომ ეს საკითხი ეთნიკურ ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული.

ეთნიკური მიგრაციები საქართველოში არცთუ იშვიათი მოვლენა იყო, რაც დასტურდება ისტორიული წყაროებით. არსებობს სპეციალური ლიტერატურა. მიგრანტები გარკვეულ პერიოდებში ნასესხობის გზით ითვისებდნენ მკვიდრი მოსახლეობის უნარ-ჩვევებს და ცხოვრების ტრადიციულ წესებს. ასე რომ საქართველო ეთნიკური მრავალფეროვნებით რთული რეგიონია და ზოგჯერ შეუძლებელია ამა თუ იმ გვარ-სახელის წარმომავლობის დადგენა, მაგრამ არც თუ იშვიათად გარკვეული ისტორიული მოვლენები გვეხმარებიან პრობლემის გარკვევაში.

1966 წელს დეკანატის გადაწყვეტილებით წინა სადიპლომო პრაქტიკის გავლა კურსდამთავრებულებს მოგვიწია ყაზბეგის რაიონში (დღევანდელი სტეფანწმინდა – ი. პ.). სადიპლომო კურსის ხელმძღვანელები: პროფ. დიტო დოლიძე, პროფესორები: წულეისკირი და კაკუშაძე, აკადემიკოსი კ. ზავრიევი, არქიტექტორები: პროფ. ირაკლი ციციშვილი, დოცენტი აკაკი ბერიშვილი.

სნოს ხეობაში შვიდი სოფელია. როგორც მახსოვს სოფელ სნოში ბიბლიოთეკა იყო, სადაც ზოგჯერ შევივლიდი ხოლმე. აი, იქ მოხუცებულმა ბიბლიოთეკარმა როცა გაიგო გვარად პაპიაშვილი ვიყავი, მიამბო ასეთი ისტორია: სნოს ხეობაში ორასიოდე წლის წინ, ხევსა და ხევსურეთში გავრცელებული ხალხური ლექსებისა და თქმულებების მიხედვით, თავიანთი სიმამაცით განთქმული ყოფილა ორი ძმა: ღუდუშაური შიოლა და პაპა, რომელთა დაღუპვის მერე მათ პატივსაცემად, შიოლას შთამომავლები (მათ შორის უწმინდესი და უნეტარესი, კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე) შიოლაშვილებად, ხოლო პაპას შთამომავლები პაპიაშვილებად იწოდებიანო. როგორ აღმოჩნდნენ პაპიაშვილები იმერეთში მოკვლეული არ არის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ხევსურეთის პაპიაშვილები ქრისტიანული სარწმუნოების, ხოლო იმერელი პაპიაშვილები ებრაული სარწმუნოების მიმდევრები არიან.

ავტორის მინაწერი:
მისასალმებელი იქნება თუ მართლმადიდებლური ეკლესია – რომის კათოლიკური ეკლესიის მსგავსად მოხსნის დანაშაულს ებრაელი ხალხისაგან იესო ქრისტეს ჯვარზე გაკვრასთან დაკავშირებით. ეს გამოიწვევს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების განმტკიცებას და ამაღლებას.

დატოვე კომენტარი