იაკობ პაპიაშვილის წიგნის წინათქმა

დამსახურებული კურთხევა და ქება იაკობ პაპიაშვილის ღირსშესანიშნავ მხატვრულ შემოქმედებას. ვსაუბრობ ცნობილ მწერალზე და პუბლიცისტზე, ისრაელის და საქართველოს მწერალთა კავშირების წევრზე, ისრაელის ორგანიზაციის ACUM (ლიტერატორების, კომპოზიტორების და გამომცემლობების საავტორო უფლებათა დაცვის) წევრზე 1997.

mwerlis_gazეს არის ბიოგრაფიულ–ისტორიული და ამავე დროს მიმზიდველი სიონისტური მოთხრობა, აგებული ბიბლიურ მოტივზე: განდევნილობასა და განთავისუფლებას შორის. იაკობ პაპიაშვილი ამოვიდა ისრაელში 1996 წელს. ამჟამად ის თოთხმეტი, შეიძლება მეტი, წიგნის ავტორია, მათ შორის სამი პოეტური კრებულია. ყველა წიგნი წარმოდგენილია ინტერნეტში ქართულ და რუსულ ენებზე. მისი შემოქმედება არა მარტო თემატურად, არამედ ჟანრობრივადაც საინტერესო და მრავალფეროვანია. მაგალითად, პოეტური კრებული, გამოცემული საქართველოში 2010 წელს, შეიცავს არა მარტო ლირიულ ჟანრს, არამედ აგრეთვე დრამატულ პოემას საქართველოს ისტორიული სინამდვილიდან, რომელიც აფხაზეთის საკითხს ეხება, ამასთანავე აქ წარმოდგენილია ლიტვის და ლატვიის პოეტების ლექსების მხატვრული თარგმანები. ამავე კრებულში დაცულია ფრიად შთამბეჭდავი ლექსი მიძღვნილი იცხაკ რაბინის ხსოვნისადმი: “მწუხრის ზარები”. ეს ლექსი ავტორმა დაწერა 1995 წლის ნოემბერში და სხვა ლექსებთან ერთად გამოაქვეყნა ისრაელის ქართულენოვან გაზეთში “ალია საქართველოდან”. მაგრამ ამავე გაზეთში 1989–1991 წწ. გამოქვეყნდა პაპიაშვილის თითქმის ყველა ნაწარმოები, მათ შორის რომანი “ქართული ლეგენდა”, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთის ოც ნომერში სამი თვის მანძილზე.

2014 წელს, საქართველოს მწერალთა კავშირმა, მწერალს და პუბლიცისტს იაკობ პაპიაშვილს მიანიჭა ივანე მაჩაბლის სახელობის საპატიო პრემია უკანასკნელ წლებში გამოქვეყნებული ლიტერატურულ-პუბლიცისტური თხზულებებისა და თარგმანებისათვის.

იაკობ პაპიაშვილის ნაწარმოებები ეხება როგორც ისტორიას, ისე ადამიანურ ურთიერთობებს. იაკობს, როგორც მწერალს, ხელეწიფება ლეგენდების და მითების ჰარმონიული შეხამება ისტორიულ ფაქტებთან, ისე, რომ სიუჟეტის რეალური განვითარება აღწევს ადამიანურ მოვლენათა არსში.

ამ თვალთახედვით საყურადღებოა მისი პირველი რომანი “ქართული ლეგენდა”. რომანის ფაბულა ერთობ საინტერესოა. მისი წყაროა ძველი ქართული ისტორიოგრაფია “ქართლის ცხოვრება”: სიუჟეტი გაშლილია IV საუკუნის დასაწყისის ფონზე, საქართველოში იმარჯვებს ახალი რელიგია – ქრისტიანობა.

წარმართობა (და ცეცხლთაყვანისმცემლობა, კერპთაყვანისმცემლობა) დამარცხების ზღვარზეა. ქალაქ მცხეთაში და მის შემოგარენში ქართველი ებრაელების მნიშვნელოვანი დასახლებებია, რომელთა ნაწილი აღიარებს ქრისტიანულ სარწმუნოებას, ხოლო ნაწილი ისევ ტრადიციული ებრაული სარწმუნოების დამცველად რჩება. ასეთ სარწმუნოებრივ ალიაქოთში ტრაგიკულად ვითარდება ორი ებრაელი ახალგაზრდის ელიაზარისა და რეხას სიყვარული. პრობლემა ის არის, რომ გოგონას მამა და თვითონ რეხა ღებულობენ ქრისტიანულ სარწმუნოებას… საკითხი ფრიად გამოუცნობია: რა მოელით მათ?

რომანი “ქართული ლეგენდა” გამოქვეყნდა ჟურნალ “განთიადში“ (N2, 1989), ხოლო წიგნი ამავე სათაურით გამოიცა ქ. თბილისში – “მერანი” – 1991 წელს. რამდენიმე წლის განმავლობაში რომანის ავტორი იმყოფებოდა საქართველოს კპ ცკ, როგორც შევარდნაძის, ისე პატიაშვილის დროს – გასაუბრების მიზნით. საკითხი ეხებოდა წიგნის გამოცემისათვის ქაღალდის გამოყოფას და ზოგიერთ იდეოლოგიურ მიმართულებას. რომანის შინაარსთან დაკავშირებით დაიწერა ცნობილი – დიდი ქართველი მწერლების დადებითი რეცენზიები. აღინიშნა, რომ ეს რომანი იყო პირველი ცდა (ვ. ბარნოვის შემდეგ – ი. პ.) ძველი ქართული ისტორიოგრაფიის გაცოცხლებისა.

iakobpapiisrael

ფოტო გადაღებულია თელ-ავივის ჩერნიხოვსკის სახელობის მწერალთა კავშირში. მარცხნიდან: ისრაელის მწერალთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე ბალფთურ ხაკაკ, იაკობ პაპიაშვილი და ისრაელის ივრითულენოვანი მწერლების კავშირის თავმჯდომარე გერცელ ხაკაკ.

ის, ვინც კითხულობს იაკობ პაპიაშვილის ნაწარმოებებს გრძნობს, რომ ლიტერატურა არის ის ძალა, ვისაც საკუთარი მხრებით შეუძლია ზიდოს დრო, სივრცე და შთამომავლობა. ლიტერატურას აქვს შესაძლებლობა მისცეს გარდასულ სამყაროს ის სახე, რომელსაც იგი ქმნის ხელახლა. კლოდ ლევი შტრაუსი ოდესღაც წერდა, რომ დიდ ტილოში თავისებური არეკვლაა შესაქმისა. კარგი ლიტერატურა დრამატიზმის მატარებელიცაა, იგი სიცოცხლისათვის შექმნილი სამყაროს მსგავსია.

1998–1999 წწ. ისრაელში რუსულ ენაზე გამოიცა წიგნი “ორი სურათი სასტუმრო “გაგრიფშის” ცხოვრებიდან”, რომლის ავტორი იყო იაკობ პაპიაშვილი. მრავალ შთამბეჭდავ რეცენზიათა შორის, თავისი ორიგინალური თვალთახედვით გამოირჩევა ცნობილი ისრაელელი ლიტერატორის და კრიტიკოსის ლეონიდ ფინკელის შეფასება:
“პროფესიონალი ლიტერატორი, გამოსცა ექვსი წიგნი ლექსების და პროზის ქართულ ენაზე –  აქ კი, ისრაელში, იაკობ პაპიაშვილმა უკვე გამოსცა ახალი წიგნი. ეს წიგნი იმ ტრაგიკულ ქაოსზეა, რომელშიც განზრახ ჩაითრიეს საქართველო. ავტორის ამ ახალ ნაწარმოებში ჩადებულია ის ტრაგიკული გულისტკივილი და ამაყი სულისკვეთება, რაც ასე აახლოებს ქართველებს ისრაელის მოქალაქეებთან. იაკობ პაპიაშვილს უყვარს საქართველო და უყვარს ისრაელი. მის ნაწარმოებებში ჩანს ისრაელის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ღრმა ცოდნა. მწერლის პროზაში დიდი პოეზიაა – ზოგჯერ იგი ჰგავს შოფარის ხმას, როცა მელოდია მუსიკად კი არა, თრთოლვად გვევლინება და ეს ხმა გულის ყველაზე შორეულ სივრცეში აღწევს. რომანის გმირები არწმუნებენ მკითხველს, რომ ფრენა შეუძლია ისწავლოს ყველამ. საინტერესოა იაკობ პაპიაშვილის “მესხის” მნიშვნელობის განმარტება შოთა რუსთაველის და გალაკტიონ ტაბიძის რამდენიმე სტროფის მიხედვით. ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა საფუძველზე – უძველესი დროიდან დღემდე, მას გამოქვეყნებული აქვს რიგი მეცნიერული ნაშრომები ენათმეცნიერების საკითხებზე.

იაკობ პაპიაშვილი არის გაზეთ  “Новости недели” -ს და მისი დამატების “Еврейский камертон”-ის დიდი ხნის ავტორი, რომელთა ფურცლებზე მან გამოაქვეყნა ბევრი თავისი პუბლიცისტური ნაწარმოები.

მწერლისა და პუბლიცისტის 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით ისრაელის სახელმწიფოს მწერალთა კავშირების ფედერაციამ გაუგზავნა მას მილოცვა კეთილი სურვილებით, კეთილდღეობა, კარგი სულიერი განწყობილება, და რა თქმა უნდა, ახალი წიგნები.

ვთავაზობთ ჩვენი გაზეთის მკითხველებს ლიტერატორის ახალ ნარკვევს: “ბუხენვალდის სიმღერა”.

“Новости недели”- ს საგამომცემლო სახლი ულოცავს იაკობ პაპიაშვილს იუბილეს, უსურვებს მას ჯანმრთელობას, ბედნიერებას და შემოქმედებით დღეგრძელობას! (Время НН, 12.4.2012, с.10–11 и ЕК -11.9.2007. с. 18-19).

იაკობ პაპიაშვილის მრავალწახნაგოვანი შემოქმედებითი ნიჭის დამადასტურებელია 2014 წელს გამოცემული მისი ახალი წიგნი “იერუსალიმი – თბილისი” (ეს არის ცნობილი ქართველი მწერლის რევაზ მიშველაძის ნოველების თარგმანი რუსულ და ებრაულ ენაზე). რუსული თარგმანი ეკუთვნის იაკობ პაპიაშვილს, ხოლო ებრაული თარგმანი შეასრულა იგორ შალმანმა.

ჩემი მოსაზრებით, ეს წიგნი “იერუსალიმი – თბილისი” უნდა დაიდგას ჩვენს კინოსა და თეატრებში რა თქმა უნდა, ეს იქნება მისი შინაარსის გამოსხივება ებრაულ სცენაზე, ეთნიკური საზოგადოებრივი აზრის თავმოყრის მიზნით. ამ წიგნს აქვს ნამდვილად დამსახურებული გამოძახილი: იგი უკვე დაცულია ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში (Berlin State Library – Prussian Cultural Heritage).
და ბოლოს:

რამდენიმე სიტყვა მწერლის და პუბლიცისტის იაკობ პაპიაშვილის ახალ წიგნზე, რომლის სათაურად ავტორს გამოყენებული აქვს ფრაზა დავითის 123 ფსალმუნიდან: “ვით ჩიტი გაფრენილი დამჭერთა მახიდან” – “ვით დამჭერთა მახიდან ზეცას გაჭრილი ჩიტი”. ანიჭებს რა “რუსულ ალიას” დიდ მნიშვნელობას ისრაელის სახელმწიფოსათვის, შემდგენელი წიგნს ისევ ორ ენაზე გვთავაზობს – ივრითზე და რუსულზე. უნდა აღინიშნოს: ყველა პუბლიცისტური ნაწარმოები, პროზისაგან განსხვავებით, ავტორმა დაწერა ისრაელში რუსულ ენაზე და თითქმის ყველა გამოქვეყნებულია ისრაელში “Издательский дом “Новости недели”-ის გაზეთების ფურცლებზე 1997–2015 წწ.

ის, ვინც კითხულობს იაკობ პაპიაშვილის წიგნს, შეიგრძნობს, რომ იგი მღელვარე ისტორიული მოვლენების ეპიცენტრში იმყოფება: იგი თვითმხილველია ამ ისტორიული მოვლენებისა, რევოლუციის მანქანის ქვეშ მოყოლილი ხალხთა ტრაგედიისა და აქედან გამომდინარე ჩვენც მოწმენი ვხდებით ქართველი და რუსი ხალხების ცხოვრებისეული ჭირ-ვარამისა, რაც გადაჯაჭვულია ებრაელების ჯერ კიდევ გაურკვეველ მდგომარეობასთან – ამ აბობოქრებულ ოკეანეში. პაპიაშვილი ჩვენს სმენას ამახვილებს იმ ხმებისათვის, რომელიც გვეგონა, რომ დავიწყებული იყო,  გვეგონა, რომ აღარავის ახსოვს “დოლის ტყავის ქვეშ დაფარული ელდა, თავზარი”; მისი მოთხრობები გასაგებს ხდის გარდასულ ლეგენდებს, არეულ-დარეული ადამიანური ყოფიერების ფაქტებს და ეს უცნაური, ქარიშხლისებური ამბები გვიპყრობს, გვიტაცებს ჩვენ – გულგატეხილებს. მის ნაწარმოებებში ჭეშმარიტად ჩამალულია ებრაული სული, ის არაჩვეულებრივი მელოდია, რომელიც ებრაელთა ბედისა თუ უბედობის კვალს მისდევს უდაბნოში.

იაკობ პაპიაშვილი კარგი მწერალი და პუბლიცისტია, კარგი მთხრობელია, პროზაიკოსი – ბელეტრისტია, რომელსაც შეუძლია დაიპყროს მკითხველთა გული.

გერცელ ხაკაკ

ისრაელის ივრითულენოვანი მწერლების
კავშირის თავმჯდომარე

04.02.2015წ.

დაიბეჭდა “მწერლის გაზეთი”, თბ., 2016, N8, გვ.9.

 

იაკობ პაპიაშვილი – 50

დაბადებიდან 50 წელი შეუსრულდა ქუთაისში მოღვაწე მწერალს იაკობ პაპიაშვილს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს მწერალთა კავშირმა იუბილარს მისალმება გაუგზავნა:

ჩვენო იაკობ!

საქართველოს მწერალთა კავშირი, თქვენი მეგობარი ქართველი მწერლები გულთბილად მოგესალმებიან და გილოცავენ დაბადების 50 წლისთავს.
თქვენი მწერლური დებიუტი 1970 წელს შედგა, როდესაც გამოქვეყნდა თქვენი პირველი პროზაული ნაწარმოები. მას შემდეგ ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწევით. თქვენი ნაწარმოებები – რომანები, მოთხრობები, ლექსები, მხატვრული ნარკვევები, ენათმეცნიერულ -ისტორიოგრაფიული გამოკვლევები პერიოდულად ქვეყნდება ჩვენს სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთებში, გამოდის ცალკე წიგნებად.

ქართველი მკითხველი ინტერესით შეხვდა თქვენს ისეთ პროზაულ კრებულებს, როგორიცაა „ჰაბა, ნაგილა“, „ქართული ლეგენდა“, „დედა“, ამ წიგნებში შესული მოთხრობები და რომანები გამოირჩევიან საინტერესო თხრობით, ცოცხალი დიალოგის აგებით, რთული დრამატული კოლიზიების დახატვით.

მკითხველი გიცნობთ როგორც მკვლევარსა და პუბლიცისტს. თქვენ წარმოშობით ქართველმა ებრაელმა, საქართველოზე და ქართულ ლიტერატურაზე მთელი არსებით შეყვარებულმა პიროვნებამ, არაერთი საინტერესო დაკვირვება წარმოადგინეთ ენათმეცნიერულ-ისტორიოგრაფიულ გამოკვლევებში, რომელთაგან აღსანიშნავია „ქართველ ებრაელთა წარმომავლობის და ქართული ასომთავრული ანბანის შექმნის საკითხისათვის“, „ისრაელის“ ფენომენის გენეზისი „ქართლის ცხოვრების“ და ძველი აღთქმის შუქზე. „მესხის“ მნიშვნელობის განმარტება რუსთაველის და გალაკტიონის რამდენიმე სტროფის მიხედვით“… საყურადღებო წერილები მიუძღვენით „ვეფხისტყაოსნის“ ებრაულ ენაზე მთარგმნელ ბორის გაპონოვს.

კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ საიუბილეო თარიღს, გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და წარმატებებს შემოქმედებით ცხოვრებაში.

საქართველოს მწერალთა კავშირი

შემოქმედებითი საღამო

27 მარტს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში გაიმართა იაკობ პაპიაშვილის შემოქმედებითი საღამო, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების პასუხისმგებელმა მდივანმა თეიმურაზ ლანჩავამ. სიტყვები წარმოთქვეს პოეტმა ლილი ნუცუბიძემ, კრიტიკოსმა სიმონ არველაძემ, პოეტმა ზურაბ კუხიანიძემ. ქუთაისის მესხიშვილის სახელობის და ახალგაზრდა აქტიორთა თეატრების მსახიობებმა (ხელმძღვანელები მარინე ტყაბლაძე და ჯემალ ჩხეიძე) წარმოადგინეს სცენები იაკობ პაპიაშვილის ნაწარმოებებიდან: „დედა“, „სამი ანგელოსი“, „ქართული ლეგენდა“. მსახიობებმა ნესტან კვეიძემ, ზვიად სვანიძემ და გიზო კაკაურიძემ წაიკითხეს მწერლის ნაწარმოებები.

გაზეთი “ლიტერატურული საქართველო”, 1995, N17, 28 აპრილი -5 მაისი, რედაქტორი თამაზ წივწივაძე. მისალმების ტექსტი შეადგინა საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ გურამ ფანჯიკიძემ. მისალმების ტექსტი გამოქვეყნდა ასევე გაზეთში “ალია საქართველოდან”, 1995, N1633, 1 ივნისი.