გელათის დატოვება

“წარიყვანეს სამკვიდრებელსა და მათსა გელათს დაgelati
დამარხეს სამარხსა პატიოსანსა”. 
ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი…ქ.ც.II ტ.
“დამარხეს ახალსა მონასტერსა გელათს”.
ქართლის ცხოვრება… 1ტ.

სად არ გეძებეს, – მთაში თუ ველად,
მოსულო ნათლის სვეტად,
სამარადისოდ ასულო გელათს,
რად აგაბორგეს ნეტავ?

რად მოგანატრეს ამ წყალს და ამ ცას,
სად ქების ძეგლი დადგი,
რად დაგაშორეს გელათის მიწას,
ამ ღვთით კურთხეულ ადგილს.

წუთისოფელი ასეა, ასე,
წყალსაც უშრება ძირი,
სად გაგონილა, – ღვთის ანგელოსის,
სტუმრობა ორი კვირით.

სამი ურემით, მოჩარდახულით,
თითქოსდა ცხადშიც ვხედავ,
სამი გზითა და სამი მეგზურით,
სად წაგაბრძანეს ნეტავ?

სად გაიყარა ის გზა ფარული,
რომლის ძებნასაც ვბედავ,
იქნებ შოთას კვალს ელტვოდა სული,
ქართვლის დედათა დედავ.

შენ ხარ ვენახი: ტანი – ვაზისა,
რუსთველის წიგნში ალბათ,
ვინძლო კვლავ მოკლა გული ვაჟისა
გაუფრიალო კაბა.

შენთვის შევკონავ ლურჯთვალა იას,
ქარს გამოვატან ფრთამალს,
იმ მზიან ჭალას ზეთისხილიანს,
შოთა დაჰკვნესის თამარ!

რუსთაველის ხმა გელათისა და ჯვრის მონასტრებში

გაზაფხული უცნაურად გამიფრინდა,ShotaRustaveli
შევხაროდი ატმისა და ვაშლის კვირტებს,
მზე წვიმაში ალმას შხეფებს ცრიდა ციდან,
მალაღებდა სასიმღერო რაც ვიტვირთე.

მე მიბრძანეს ქება მათი, ხოტბა მზეთა,
მერე რა თუ ვერ მოვიმკე გვირგვინები,
თაკარაში მადლიანი ჩრდილი ხეთა,
მშველოდა და მკერდს ჩეროში ვიგრილებდი.

ლაჟვარდებში სანავარდოდ ფრთაშესხმული,
მწყურვალივით დავეწაფე ხმებს და ფერებს,
ის ასული – ქართვლის მზე და აღმაფრენი,
ფრესკებიდან მომეფერა, მივეფერე.

შავ ყამირზე გავიტანე უცხო ხნული,
შთაგონებით დიდ სიყვარულს ვუხმე გულით,
სიჭაბუკე არ მქონია დაზაფრული,
მამხნევებდა მეგობრობა არნახული.

მოციცინობს მორცხვი, მაგრამ მზესვიანი,
მიჯნურობა ნაზი, წყნარი, ხანიერი,
ეს ამბავი ცრემლიანი, სევდიანი,
დაბნედილი ნესტანის და ტარიელის.

ზამთარ-ზაფხულ სუსხიანი, ხვატიანი,
გელათის და ჯვრის მონასტრის გზები ვთელე,
მესხეთს, * როცა ვიხსენებდი ნაღვლიანი,
მე გათანგულ მომღერალსაც ვდგავდი მერე.
მე მიბრძანეს ქება მათი, ხოტბა მზეთა…

* მესხეთი აქ საქართველოს სინონიმია

 

ორნივ მესხი და ქართველი

                          ვუძღვნი თამარს

სიზმრად ვნახე, – საუბრობდნენ
ბრძენთაბრძენნი, სახებადრნი,
სიყვარულის შარბათს სვამდნენ,
თავს ებურათ მთვარე ბადრი,
ორნივ იყო ფეხშიშველი,
მკერდს ეფინათ თეთრი წვერი,
ორნივ მესხი და ქართველი,
ერთმანეთის შესაფერნი.
ბეთლემს სახლობს ახლა ერთი,
ერთი ცხოვრობს მთაწმინდაზე;
ორივეს ჰყავს ერთი ღმერთი,
აფრენილი სინას ცაზე.
– აი, ხედავ? ჩემი ჯვარი,
მონასტერი ძველქართული,
დღეს,  შენ  აქ ხარ ვით სტუმარი,
მოვილაყფოთ მწუხარ გულით.
თქვა შოთამ და გალაკტიონს,
გადაჰხვია მხარზე ხელი;
– არ იჯავრო, მტკვარს და რიონს,
ხვალ მიუხვალ ისევ ფრენით.
და უმცროსი უფროს მგოსანს,
მუნ შეჰბედავს დიდი კრძალვით:
– შენი მზე და შენი მთვარე,
ნუთუ მართლა ბეთლემს არი?
გენიოსის ხმა გაისმა:
_ ძმაო, რა მაქვს დასამალი,
ყოველ ცისკარს აქ მინათებს,
საქართველოს მზე თამარი.
შოთას ხმაში სევდა რომ ჟღერს,
რვა საუკუნისა არი…
გალაკტიონ ღელვას ჰფარავს,
ეუბნება ძმას კვლავ კრძალვით:
– მო, ამოდი მთაწმინდაზე,
აქ, იტანჯე საკმარისად.
– არა, ავალ გოლგოთაზე,
სახელს ვფიცავ თამარისას.
სიზმრად ვნახე, – საუბრობდნენ
ბრძენთაბრძენნი, სახებადრნი,
სიყვარულის შუქს აფრქვევდნენ,
ჰქონდათ ერთმანეთის ხათრი.
ბეთლემს სახლობს ახლა ერთი,
ერთი ცხოვრობს მთაწმინდაზე;
ორივეს ჰყავს ერთი ღმერთი,
აფრენილი სინას ცაზე.
კაბა ეცვათ ძველთქართული,
მკერდს ეფინათ თეთრი წვერი,
ორნივ მესხი და ქართველი,*
ერთმანეთის შესაფერნი.

*აქ ტერმინები”მესხი”და “ქართველი” სინონიმებია:
“ვწერ ვინმე მესხი მელექსე-ს” მიხედვით … ი.პ.

 

ქაჯეთის ციხის აღება ანუ ნესტანის ბედი

(საკონტროლო წერა ქართული ენის გაკვეთილზე)

მასწავლებელი ცარცით ხელში დაფასთან შედგა,
თემა დაწერა და დახატა ვაზის მტევანი;
გავშალეთ წიგნი და ფურცლებზე საუბრით შეგვხვდა,
მზე თინათინი, ავთანდილი და როსტევანი.

ამ დიდ საუნჯეს ვერც ქაჯი და ვერც კაცი წაშლის,
თითქოს იდუმლად მთელი კლასი ასე ამბობდა;
ნესტანი ვიხსნათ! – ასოები მოზღვავდა თავში
და იმ სამ ძმობილს ჩვნც გავყევით მტერთან საომრად.

მოდით ბიჭებო, მო, ჯოხები დავთვალოთ ისრად,
ნუ შეგვაშინებს ქაჯთა ხროვა, შხამით – ფიალა,
ნესტანისათვის! – ჰე, ბიჭებო, ვიბრძლოთ მედგრად,
მო, ქაჯთა ციხის ასაღებად დავწვდეთ იარაღს.

ჩვენს გულში ენთო კოცონები მართლა მზისებრი,
ქაჯთ ბოროტების მოსაკვეთი გრძნობა ამბოხდა,
იყო გმირული შემართება, იყო ისრები,
ხანჯლებიც იყო, მაგრამ ვეფხის ტყავი არ გვქონდა.

წინ მიგვიძღვოდა მეგობრობა – რუსთველის ღმერთი,
ჩვენ სტრიქონები ჩავამწკრივეთ ჯარის მაგიერ,
საიერიშოდ მზად ვიყავით, მაგრამ შევჩერდით,
რადგან აბჯარი ვერ მოვარგეთ დევგმირ ტარიელს.

…ხმა ზარისა! – მასწავლებელი წავიდა სახლში,
თან გაიყოლა ჩვენი თემა: “…ნესტანის ბედი”,
ბრძოლა გადავდეთ, გადავწყვიტეთ, შეტევა მაშინ,
როს,  ვეფხის ბოკვერს, უღრან ტყეში (1), თვით დავიჭერდით. (2).

მინაწერი:

თვალს და ხელს შუა ჩანდა სიჭაბუკის სადარი (3):
იმედის გზა-ბილიკი, ვაზის სთველის ბადალი,
ასე ძვირი სიამე, ერთი კაცის ნაგმარი,
მოგიზგიზე რითმები, მკერდში გულის ფართხალი.

დიახ, იყო ალალი ოცნებები და მზვარი,
იშვიათი ნაზავი ნამდვილის და ზღაპარის,
ჰიმნი სიყვარულისა, მას არ უჩნდა საზღვარი,
ქართულ სიტყვის ეპოქა – შოთასი და თამარის.

 

შენიშვნები:

(1) “უღრან ტყეში” -მინიშნებაა ქართულ ლექსიკაზე.
(2) ეს ფრაზა “ვეფხის ბოკვერს, უღრან ტყეში, თვით დავიჭერდით” – ნატვრაა და საქართველოში “ვეფხისტყაოსნის’ მსგავსი იდეური მხატვრული ნაწარმოებების შექმნას გულისხმობს.
(3) ძირითადი ლექსისა და მინაწერის რიტმი განსხვავებულია.

 

პაპიაშვილი ი., ოდა იმერთა მეფის და აფხაზთა მთავრის შვილის თავდადებაზე, თბ., 2010, გვ.58, 60, 53, 55.

2 thoughts on “გელათის დატოვება

დატოვე კომენტარი