და ქარებს მიაქვთ…

მაშ შენ ხარ მუზა?
შენ ცისკრის ბავშვი?
                ირ. აბაშიძე

გამოჩნდი, მაგრამ იმ თოვლის შემდეგ,
ის ქარი მახსოვს… შრიალი ხეთა…
რაც გვაკავშირებს მე და შენ დღემდე,
ის არის ჩემში და მომაქვს შენთან.
ვერ დავიბრუნებთ დაფერფლილ წამებს, –
იჭვის და ვნების სამოთხის კართან;
ახლა ვემთხვევი შენს ბროლის თითებს,
დე, კვლავ ვიაროთ, ვიაროთ ქართან.
თითქოს ლაჟვარდებს შეება ფრთები,
გული ზღვასავით ბორგავს, მღელვარებს
და ცად აწვდილი კოშკი ოცნების,
გადაუქროლებს ცისფერ მწვერვალებს.
უცხო ჰანგებით სტვენენ ქარები…
მო, ჩავუსაფრდეთ მზიან აპრილებს;
ისევ გავუწყოთ საკრავს სიმები,
უცრემლოთ ლოცვას ნუ დავაპირებთ.
სულის სამრეკლოს სიმაღლე ჰქვია.
ორღანის ხმებში შენ იკარგები…
და მეჩვენება, რომ ქარებს მიაქვთ,
ცა დახატული შენი თვალებით.

qari

             გაზაფხული

მთებზე ვერცხლისფრად ატირდა თოვლი,
ჩუმად დნება და ოხრავს საწყალი,
მდინარეებად დაზვავდა ცრემლი,
წელმოწყვეტილი მიდის ზამთარი,
თეთრი სამყაროს თეთრი ზღაპარი.

 

ბეთჰოვენის ბოლო აკორდი

ვისაც წაკითხული აქვს რომენ როლანის რომანი “ბეთჰოვენი”, ალბათ ახსოვს, რომ 1827 წლის მარტის თვეში, როცა სარეცელზე მისვენებული კომპოზიტორი აღსასრულს ელოდა, მოულოდნელად მოწმენდილ ცაზე ადრე გაზაფხულის მაუწყებელი ჭექა-ქუხილი გაისმა. უეცრად სმენადაკარგულმა მუსიკოსმა თვალები გაახილა, წამოიმართა და ხელით ზეცას დაემუქრა.

ელვით, ზარით და საშინელი ჭექა-ქუხილით,
ცაზე შავ თმებს შლის გლოვის ნიშნად სულთა მთხოველი;
აქ, სასწაულის ძალითა თუ სიცოცხლის ნებით,
წამოიწია სარეცელზე ყრუ ბეთჰოვენი…

ვით შემოესმა სმენადახშულს გრგვინვა ზეცისა, –
ეს გაზაფხულის ქუხილია თუ ხმა სიკვდილის?
ამბოხებული ბედისწერას არ შეეთვისა,
ფარ-ხმალს არა ჰყრის… და გრძელდება წამი ჭიდილის.

ვინძლო დასჭექოს საამქვეყნო ბოლო აკორდად!
რა ძალა არის სიკვდილთან რომ გაგოლიათებს?!
შემართა ხელი! – და გენიოსს სული დაშორდა…
იბრძოდა გული უკანასკნელ აგონიამდე.

 

                    ***

სახელი მინდა სიცოცხლისათვის,
სიცოცხლე მინდა სიკვდილისათვის
სამივე მინდა ორი მზისათვის,
ამ ორი ციცქნა სამშობლოსათვის,
სამშობლოსათვის, სამშობლოსათვის.
მარადიული სიცოცხლისათვის.

 

დაიბეჭდა ჟურნ. “განთიადი”, ქუთაისი, 2010, N9-10
პაპიაშვილი ი., ოდა იმერთა მეფის და აფხაზთა მთავრის შვილის თავდადებაზე, თბ., 2010, გვ.80,82

ვხატავდი მთვარეს…

… გადავწყვიტე, დავხატო მთვარე – “ნაზად მოარე”
და ამ განზრახვით გავიტანე მოლბერტი გარეთ,
გავშალე ტილო, მოვიმარჯვე ფუნჯი გრძნეული (ჯადოსნური)
უნდა აღვბეჭდო, როგორ აკრთობს კუნაპეტ ღამეს.
მე გადავწყვიტე, დავხატო მთვარე …
საოცარ ფერთა მოლოდინში ფუნჯი შევმართე!
აგერ, მნათობიც, მოციცინობს ნისლთა გრაგნილით…
შევიძლებ განა, რომ დავხატო ეს “ნაზი მთვარე”,
ორი პოეტის შთაგონების წყარო ნამდვილი.
და მე ვიდექი ფუნჯშემართული…
უცებ კლდის ქიმთან აირია ქათქათა ნისლი
და ქარაშოტმა ჩამიქროლა მქისე სისინით.
დაიქცა ზეთი… გაიტაცა პალიტრაც, ფუნჯიც…
ბედი-ყისმათი; წავედი შორს, – მწარედ ვიცინი.
ვერ მოვასწარი ფერთა შერჩევა…
თბილისო! – ქართვლის უკვდავებით განდიდებულო,
მთვარე მთაწმინდის ახლაც, “ისევ რუსთაველს ელის”,
საკვირველია, პოეტების მუზავ გრძნეულო (მომხიბლავო, მომაჯადოებელო),
რა რიგ გავბედე ამაღლება ფუნჯის და ფერის.
მთაწმინდა დღესაც რუსთაველს ელის…
სადაც კი ვცხოვრობ, თბილისში ვარ, მთაწმინდით ვსუნთქავ,
ვცხოვრობ თბილისში და ვიგონებ ყოველდღე, მუდამ:
… ბრძოლის წინ წყრომით თამარ მეფე წარბს რო შეხრიდა!
ჯვრის მონასტერს კვდებოდა შოთა, თვის პორტრეტს ქმნიდა.
“ოხვრა არის შვება უბედურისა!”

mtvare

charkviani

იაკობ პაპიაშვილი ქართველ მწერალთა დელეგაციასთან ერთად. მარცხნივ: ჯანსუღ ჩარკვიანი, მარჯვნივ: მაყვალა გონაშვილი. იერუსალიმი, სასტუმრო “ამელახიმ”, 2011 წ.

 

 

 

 

 

 

 

 

დაიბეჭდა -“ქართული სიტყვა”, თბ., 2012, N28, გვ.7

სურამის ციხე

მე ეს გარემო კვლავ თავბრუს მახვევს,
ქონგურს აბურავს სული ზურაბის,
აქ ჟამთა ქროლვა ფოლიანტს არხევს,
ნელა ირღვევა ციხე სურამის.
კირში დედისერთას ჩატანება,
მეფის ბრძანება და ცდა ყოველი,
იყო და არის ტანჯვა-ვაება,
რაც ქართვლის დედას ისევ მოელის?
“შვილო, ზურაბ, სადამდის?
ვაიმე დედა, მკერდამდის.”
ზღაპრული არე დანგრეულია,
თუნდ ეს ციხე და თუნდ – მოდინახე,
ბალახით, ხავსით დაფარულია,
ამაოების ბურუსში გვახვევს.
ცხოვრება არის მძიმე და რთული,
ისევ ირღვევა ციხე სურამის;
ვინ ააშენებს, ვის ერჩის გული,
სად არის კიდევ ერთი ზურაბი?

suramiscixe

დაიბეჭდა: “ქართული სიტყვა”, თბ., 2012, N28, გვ.7

ყაღიზმანი

აღზევანს ვიყავ მარილზე,
ჩვენი თამარის დროსაო,
მო, მოვულხინოთ გემოზე, –
ვუთხარ შვილსა და ცოლსაო.
                                   ხალხური

ყარსი-არაქსი ფიქრებს მოისევს –
რა ბედენაა უმადურება;
ეჰ, არ მეღირსა ბროლის მარილზე
აღზევანს ჩასვლა და დაბრუნება.
ნეტაი შენ, რომ დაგვიწყებია,
რაა ჯაბალა – ტანზედ საცმელი,
ვის, ვის ებრძოდა ქართვლის ფერია,
ვინ იყო კარის მცველი, მმართველი.
ახლა სიამე ნიავს თან ახლავს,
აქ ხომ გრიგალიც ქროდა გზაგავლით…
ნუ, ნუ იფიქრებ, რომ თითქოს გძრახავ,
დღეს სულ სხვა არის მწუხრის საგანი.
ოცნებას ვიკლავ მე ამ მანდილზე,
ჩემს უნებურად ცხრება აგზნებაც;
არა, აღარ ღირს ბროლის მარილზე,
ბროლის მარილზე წასვლა აღზევანს.
ყარსი-არაქსი ფიქრებს მოისევს…
რა ბედენაა უმადურება,
ეჰ, არ მეღირსა ბროლის მარილზე
აღზევანს წასვლა და დაბრუნება.

 

დაიბეჭდა “ქართული სიტყვა”, 2012, N28, გვ.7

და იყო ხიდი შავ გველეშაპის

ეს ხიდი იმერეთ-მესხეთის საზღვარზე მდებარეობს. ამ მიდამოებში სამსახურეობრივი მოვალეობის გამო მიწევდა ყოფნა. ძველ დროში ამ ხიდით ქართველ და სომეხ სოვდაგრებს მიჰყავდათ ქართველი გოგო-ბიჭები ოსმალეთში გასაყიდად. იქაური მოსახლეობა ამ ხიდს “კახას ხიდს” ეძახის, ალბათ ერეკლე II-ის საპატივცემულოდ, ვინც სასტიკად აკრძალა ქართველი გოგო-ბიჭების მონებად გაყიდვა, მაგრამ თავხედი ფეოდალები ხშირად არღვევდნენ ამ კანონს.

აწვიმდა ცრემლი მომსკდარი ღვარად,
მონად წასხმული გოგო-ბიჭების
და ალბათ, ჰგავდა ალესილ დანას,
ქართვლის დედისთვის ყელზე მიბჯენილს,
სულ მუქთად ჰყიდდა ქართველს ქართველი,
ის ჭრილობები რამ გაამთელოს,
ეს იყო ხიდი, თუ გველეშაპის
ენა სანსლავდა მთლად საქართველოს?
ფეხშიშველი და ხელგაბაწრული,
დაქვითინებდა ბევრი ვაჟკაცი,
იქნებ დაარქვეს ხიდი მზაკვრული, –
ერთი ნახტომი უცხო ავაზის.
და იყო ხიდი, ხიდი ტიალი,
ის ივერიას დარჩა იარად,
მას ბორკილების ჩხრიალ-ჩხრიალით
სისხლის მდინარემ გადაუარა.
მერე როს ერი შეება ცრუ ჟამს,
დასრულდა ხიდის ნაფურთხით მოსვრა;
დასჭექეს: ვაშა! და შავ გველეშაპს
ხრამზე გადებულ კუდივით მოწყდა.

 

დაიბეჭდა  ჟურნ. “ნოსტალგია”, 2008, N4, გვ.9
პაპიაშვილი ი., ოდა იმერთა მეფის და აფხაზთა მთავრის შვილის თავდადებაზე, თბ., 2010, გვ.83

საქართველოს

გაუვალ გზაზე ჩემს ნატერფალს დავტოვებ, ვიცი
არც მზე, არც მთვარე, არც იღბალი არ მინდა სხვისი,
მე მივაბიჯებ დიდი რწმენით და ურყევ ფიცით,
სიტყვას არ გავტეხ, ვალი მაწევს ქართული მიწის…

 

მე საქართველოს სიცოცხლეს ვნატრობ

ხან მრისხანე და ხან მოდუდუნე,
თეთრ ქვებს ჩუქურთმად ქარგავს რიონი,
აკვანდარწეულს არწივის ფრთებზე,
“ცეცხლის მზე” ათბობს გალაკტიონის.

მე საქართველოს სიცოცხლეს ვნატრობ,
თეთრ ხიდზე ვდგავარ სულ მარტოდმარტო
და ვევედრები ამ წყალს, ამ ტატნობს,
რომ ხელმეორედ აქ დავიბადო.

rioni

დაიბეჭდა გაზ., “ალია საქართველოდან”, 1996, N1704

 

ქართულ მიწას

რაც კი შევქმენი, გულით ვინატრე
და უხილავო, შენ გამინათე, –
ბეწვის ხიდივით ეს ბილიკები,
ძალიან ფრთხილად მე რომ მივყვები,
შენ დამიკვალე, შენ ამიმაღლე;
ო, რა საოცარ ძალით მავსებდი,
ო, რა უებარ შარბათს მასმევდი,
რომ არ გამეგო, როგორ ვიტანჯე,
და რომ არ მეგრძნო, რარიგ ვიწამე.
ახლა, ო, ღმერთო, ყოვლის მხილველო,
ვეჩურჩულები, მტერს თუ მოყვარეს,
ნუ შემიბრალებთ და ნურც მიწამებთ;
ოღონდ ერთსა გთხოვთ, ლოცვით, ვედრებით,
არ მომაშოროთ ქართულ მიწას მე.

 

დაიბეჭდა -“ქართული სიტყვა”, თბ., 2011, N49, გვ.4
“მწერლის გაზეთი”, თბ., 2011. N5, გვ.15

 

ვედრება

გევედრები,
მშობელ მიწას
არ მომკვეთო,
კოლხეთის და
პონტოს კარი
არ ჩარაზო,
არ ჩაკეტო;
საოცნებო
არ წამართვა
შე უღმერთო…
ქართვლის წმინდა
სახელს ვფიცავ,
როგორც დედა
დაჰღუღუნებს
ჩვილის პერანგს,
ისე ცერად
შევეჩვიე
მე ზღვის ცქერას:
გევედრები, –
კოლხეთის და
პონტოს კარი
არ ჩარაზო,
არ ჩაკეტო.
საოცნებო
არ წამართვა,
არ გამწირო,
შე უღმერთო…
მზეო, მზეო
ამობრწყინდი,
გული ისევ
აღმინთეო;
ყოფის დღეო,
სიხარულო,
სიყვარულო,
ცეცხლი ისევ
მომმადლეო,
გამარჯვების
უკვდავებას
მაზიარე,
კვლავ გახსენი
კოლხეთის და
პონტოს კარი,
კვლავ გახსენი.
ცრემლი ისევ
მიხარეო,
ყოფის დღეო, –
ქართვლის წმინდა
სახელს ვფიცავ,
როგორც დედა
დაჰღუღუნებს
ჩვილის პერანგს,
ისე ცერად შევეჩვიე
მე ზღვის ცქერას;
მზეო, მზეო
ამობრწყინდი.
სიხარულო,
სიყვარულო,
ცეცხლი ისევ
მომმადლეო,
გამარჯვების
უკვდავებას
მაზიარე,
ცრემლი ისევ
მიხარეო;
მზეო, მზეო!
მხოლოდ შენ ერთს,
მხოლოდ შენ ერთს
გევედრები, –
საქართველო
არ გაწირო,
საქართველო
მიცოცხლეო.

დაიბეჭდა გაზ. “იმერეთის მოამბე”, ქუთაისი,  1996, N70-71
პაპიაშვილი ი., ოდა იმერთა მეფის და აფხაზთა მთავრის შვილის თავდადებაზე, თბ., 2010, გვ.44.

მომავალი

(ჩანახატი)

შემოდგომა. ხეს ფოთოლი სცვივა,
წეროები მიჰკივიან ცაში
და ჭადრის ქვეშ გარინდული დგანან,
მზის ჩასვლისას – გოგონა და ვაჟი.
მეწამულ მზეს თან ღრუბელი ახლავს,
ნისლი მთაზე მიწოლილა მკერდით –
და არავის არ აწუხებს ალბათ,
იმ ვაჟის და იმ გოგონას ბედი.

 

ვაჟას გულისთქმა


“ნუ შეგაშინებსთ, არ გავნებსთ,
მთიდან ბღავილი ხარისა”
                    ვაჟა-ფშაველა

ჯიხვის რქებით დახეული ცა
და ხურჯინში მოქცეული მთა,
ელვასავით დახვეული გზა,
ფაუსტური საიდუმლო ღრმა,
ვაჟას ლექსი, ვაჟას გულისხმა.
ფშავურ ლექსით გარინდული ტყე,
ვაჟას ენით მოსაუბრე კლდე,
შველის ნუკრის ბედდამწვარი სვე,
ქარაფებზე გადმომსკდარი რძე –
ვაჟას სუნთქვა, ვაჟას პირიმზე.
ორბის ფრთებით აწეული ცა,
მთის ყვავილი – ლელას გიშრის თმა,
დაკოდილი არწივების ხმა,
ყვავ-ყორანთა დაფარტული ფრთა,
ვაჟას ლექსი, ვაჟას გულისთქმა.

yazbegi

გუდაურაზე

“თერგი რბის, თერგი ღრიალებს
მთანი ბანს ეუბნებიან”
                             გრ. ორბელიანი

გუდაურაზე მანქანის სარკმელს,
არწივმა გაჰკრა ფრთები;
ცა სულ ახლოა, ხელით შეწვდები,
ორგვლივ მოჯარდნენ მთები.
ცოტაც კიდევ და აღმართს ავივლით,
იკეცებიან გზები…
იქით თერგი რბის ფაფარაშლილი,
გადაპენტილი თმებით.
იქნებ ამიხდეს ნატვრა, ოცნება,
მეც გამომესხას ფრთები…
ღმერთო, სულ ახლოს მეგულებიან
თერგდალეული ძმები.

 

ქუთაისი გაზაფხულზე

(ჩანახატი)

თეთრი ვაზი ბროლის ყელით,
მოციცინობს გზნებით, ფრენით –
თეთრი ხიდით, თეთრი ქვებით,
ჩუქურთმებით, ჩუქურთმებით.
გაღმა შაშვის სტვენა ისმის,
აქეთ ბულბულების კვნესა,
ადიდებულ ჰე-რიონის,
ეშხით თვრება ხვამლი დღესა.

tetrixidi

დაიბეჭდა: “ქართული სიტყვა”, თბ., 2011, N49, გვ.4

თარგმანები

იანის პეტერსი

‘სტუმარი”

როდესაც მაინც ჩამოხვალ მრავალი წლების მერე,
აქ შენთან ერთად ჩამოვა თავზარდამცემი სიტყვა –
შემოქმედის ყურისთვის მჭრელი, ჟღრიალა ბგერა.
როდესაც მაინც ჩამოხვალ მრავალი წლების მერე,
აქ, ამ მიწაზე დაგხვდება ელვის ცახცახა ფერი –
ლიგოს (1) წითელი კოცონი და ნაპერწკლების სეტყვა.
როდესაც მაიც ჩამოხვალ მრავალი, მრავალი, მრავალი… (2)
წლების მერე, სიტყვა ‘სტუმარი” იქნება თავზარდამცემი სიტყვა.

(1) ლიგო – სახალხო დღესასწაული ლატვიაში
(2) სიტყვა “სტუმარი” მიესადაგება იაკობ პაპიაშვილის თეორიას ჰურიათა ქართველთა შესახებ

 

იმანტ აუზინი

ცისარტყელათა ტუჩებით

როგორც უპირველესი მოსარკული დღე დარის,
ვით წარაფში სიმწვანე,
როგორც ჩიტთა ბუდენი, როგორც ჩუმი მორევი,
ვით სურნელი პურის,
როგორც მურყნის ფოთლებზე მოწკრიალე ხმა-ცვარი,
ვით არყის ცის წვენი,
როგორც წმინდა მუხათა რკოს სიმტკიცე, მიწამდე,
სიყვარული იყო!

მინდორ-ველად მიბოლავს ნაწვერალი გაშლილი,
ეწერს ხვნის დრო ეწვია,
ნიაღვართა ღმუილი, მოდის ჭექა-ქუხილი,
გაანათებს ნაძვებს,
ხოლო ლურჯი ცარგვალი ცის მშვილდების ყვავილში, –
საოცრებას უმზერ.
მოიწყინე? რა სევდა? ნაზი, როგორც მზეწვია:
სიყვარული იყო!

შენს ზღურბლს გადააბიჯა. ცხოვრებაში მზირალი
მიდიოდა ეული…
და მადლობა უთხარი, რომ არ ასცდით ერთმანეთს,
გზაზე როცა შეხვდით, –
რაზედ მოგიწყენია? წყარო იყო ჭვირვალი,
ცეცხლოვანი ბაგე…
აწ შენ დალეული ხარ, როგორც ცა დალეული, –
ირისეთა (1) ტუჩებით.

(1) ირისე – ცისარტყელა; ირისე ბერძნული სიტყვაა, ზუსტი ქართული შესატყვისია: ცის სარტყელი ან ცის მშვილდი – ი.პ.

 

ვიტაუტ ლუდენსი

ჩურლიონისის მოტივები (1)

სიცოცხლე მწუხარია და იღიმება
ლურჯი და წენგოსფერის გამო.
ზერდაგის (2) გამო და კიდევ
მეწამული ფერის გამო.

თქვენ მეკითხებით აღსასრულის საღებავებზე?
მაგრამ სიკვდილი უფერულია.
წენგოსფერი დედამიწას აჩუქეს –
ბალახებმა, ხეებმა.
მტრედისფერი –
ოკეანემ, ცამ.
მეწამული –
ვარდებმა და სისხლმა.

ფერებით სამყაროს დამჯილდოებელი
ნემანი დინჯად მოედინება,
და მჯერა მისი,
ისევე, ვით დაუგავასი.

(1) “ჩურლიონისის მოტივები” – იგულისხმება დიდი ლიტველი მხატვრის და კომპოზიტორის შემოქმედება.
(2) ზერდაგი – ჩალისფერი, მოყვითალო ცხენი.

 

იანის სირმბარდისი

ნიჟარა

მე ყურთან მიმაქვს ნიჟარა მცირე –
ეს ჯადოსნური ტრანზისტორი,
სადაც განგებამ
ჩაამღერა ქვეყნიერების
მდინარეთა, ზღვათა შრიალი,
ოკეანეთა მარადი სევდა.
და კიდევ უკვირთ,
რომ ლოკოკინათათვის,
სახლიდან წასვლის საჭიროება,
როგორც ასეთი არ არსებობს!

nijara

მარის ჩაკლაისი

მზე ასხივოსნებს არყის ხეს

მზე ასხივოსნებს არყის ხეს,
და თითქოს ეს ცოტა იყოს,
იწყება იგი, უსასრულოდ უმუდმივესი
შუქის ვიბრაცია.
მდინარეზე მოისმის წყვილი ნიჩბის ჩქაფუნი.
წყლები, ვერცხლისფერი ახლობელი წყლები!
და ბავშვები ჭასთან მდგარნი
ბოთლის წვრილი ყელიდან
მზეს ათვალიერებენ.
მზე ისვრის პაპანაქებას
პეშვებით,
აქანდაზებით.
წყალში ნიჩბების ჩქაფუნი სულ უფრო გვიახლოვდება.
კარგად თუ დაატრიალე
ყელწვრილა ბოთლი ხელებში
მზე იისფერი გახდება.
მზე მზედ დარჩება ყოველთვის,
თუნდ იქნეს ზურმუხტისფერი,
თუნდ თეთრი, თუნდ მტრედისფერი.
მზეო, ვით ჭეშმარიტებავ
დაუსაბამოვ, ახალო,
შენი სიმძიმე უჭირავთ
მარადშრიალა ფოთლებს.
მზეო, აღენთე, ამოდი,
სიღრმეებიდან ამოდი,
ფესვთა ფესვიდან ამოდი,
შენ გითვალთვალებს ფხიზელი
თვალები შემოდგომისა,
მანამდე, სანამ დროება
არ გადასულა მდინარეს –
მოასწარ სულის გაწმენდა.
მზე მზედ დარჩება ყოველთვის –
გინდ ბოთლის ყელით გახედე,
თუ გინდა მაკარონით,
გინდ ხვალინდელ დღეს უყურე, –
გინდ გუშინდელ დღეს უმზირე –
მზე მზედ დარჩება ყოველთვის.
და იმზირება ბავშვობა შუშაში, როგორც სიზმარში,
ხოლო სიბერე – ნოტიო მოგონებათა მზირალი…
ათეული წლებით – სიცოცხლე მაინც ჭირდება კაცსა,
რომ დაინახოს, ვით ასხივოსნებს
მზე უდიდესი არყის ხეს.

aryis xe

ოლგა ლისოვსკა

ვარიაცია დონ-კიხოტის თემაზე

აღარ მიხვიდე ძალიან ახლოს!
მანძილი დაგრჩეს, როგორც დიდება…
მონაპოვარი არს უფასური,
როცა ის უკვე არვის სჭირდება.

აღარ მიხვიდე ძალიან ახლოს!
სჯობს, რომ უმზირო სივრცის ბადედან…
და საიდუმლო შენი სულისა
გახსენ თანდათან, აუჩქარებლად.

მე მოვალე ვარ, რომ გაგიფრთხილდე,
დღისით თუ ღამით, მთვარის ჩრდილებში
და არ ვამჩნევდე, რომ იგი არ გვრთავს
ნებას ერთ ბაღში აყვავილების.

რომ გიშორებდე და მერე ისევ,
რომ მიგიზიდო ასე ზღაპრული,
და არ ვამჩნევდე, რომ გადიარა
მოკლე სამხარმა ვრცელი ზაფხულის.

იქნებ საკუთარ სიამაყესთან
ბრძოლაში, იჭვით და განსჯის ხმებით,
ერთხელ მოხდება და დავიღლები,
ვით დონ-კიხოტი წისქვილთა ფრთებით.

 

არვიდ სკალბე

               ***

გაშიშვლებულა ნეკერჩხალი.
მიწა ირეკლავს
საშემოდგომო ფოთლების ციალს.
ამ ღამით აქ ეხეტებოდნენ
ტყის ბატები და
დარჩენიათ ოქროსფერი აპკიანი ნაფეხურები.

nekerCxali

პაპიაშვილი ი., ოდა იმერთა მეფის და აფხაზთა მთავრის შვილის თავდადებაზე, თბ., 2010, გვ.91, 93,98-100,106,107.

ებრაელთა ბედისა თუ უბედობის კვალდაკვალ

ნოეს ეპოქაში არსებობდა შვიდი მცნება
ავტორი

ნოეს კიდობანში იჯექ,
ცას წვდებოდი თანდათან,
მესამე მტრედს გაეჯიბრე,
მიფრინავდით მხარდამხარ,
შემის, ქამის, იაფეთის
სიყვარულიც თან დაგაქვს
და მგონია ცრემლით აღვსილ
ოკეანესა ჰგავხარ.
ბავშვობაში ანცი იყავ,
ტოლ-სწორების მოყვარე,
თვალტანადად მშვენიერსა,
მზის სხივები გმოსავდა,
მაგრამ რომ წამოიზარდე,
ბედი გერგო მშფოთვარე,
ნეტა, დედა რო გწყევლიდა,
ძუძუები გლოცავდა?
მდინარის პირს დარგულო ხევ,
ხვალინდელო იერო,
შემის მოდგმავ უძველესო,
შუქო წყლის მთოვარისო,
შენ კერპების დაცამლეწო,
ყებერის ნაშიერო,
სისპეტაკით გატანჯულო,
ელდავ სიმწუხარისო.
შვიდი მზე და შვიდი მთვარე
ამოხაპე ურიდან,
ანა-ბანით გამოეყავ,
არამეულ სულიდან,
წამოხვედი დაღვრემილი,
სევდითა და ჭმუნვითა
და იმ დღიდან მშობლიურ ცეცხლს,
იგონებდა ურვითა.
უსახელო ვარსკვლავივით,
ანთებულხარ სად არა;
წყაროსავით ჩხრიალებდა,
შვიდი სიტყვა ანკარა,
რას მიქვიან ბედისწერა,
თვითონ ღმერთმა გატარა,
თორმეტ ტომში ამოშანთე,
კერპიცა და და სატანაც.
გაღმა მხარეს თუ გამოღმა,
ნერგი ხარობს ეული,
ყველა ხალხის შვილებიდან,
ხარ ნაღდად არჩეული;
ხე ყოფადი საერთოა,
სიტყვა გითქვამს გრძნეული,
ადამის ძე სამი ფერით,
არს ღვთისგან კურთხეული.
ებრაელთა ბედისა თუ
უბედობის კვალდაკვალ,
ჩემი ფუნჯით-ცისარტყელით,
მოსამსახურედ დავალ,
ჩონჩხით-ხორცით მიწაზე ვარ,
სული დაჰქრის ქარდაქარ,
სანთელივით მიგინათებ,
ჭირში, ლხინში შენთან ვარ.

 

რაბი, მასწავლე ძმის სიყვარული

“და გაიქცა ყესავი ძმის შესახვედრად,
გადაეხვია მას, ყელ-კისერზე გადაეჭდო,
კოცნიდა ისრაელს და ისინი ტიროდნენ”.
                   ამონაწერი ძველი აღთქმიდან

რაბი*, მასწავლე ძმის სიყვარული.
ყესავს არ ვძულდი, მე – ისრაელი.
ის შური იყო ახალგაზრდული,
გვაწვალებს, გვტანჯავს დღეს სინანული.
ძმობა უხინჯო და უღალატო,
ქუსლზე ჩაჭიდეთ ერთმანეთს ხელი,
წყაროს წყლის წვეთით, შუქით უბადლო,
ავავსოთ კოკა – თიხის ჭურჭელი.
აგერ იცხაკი, მისთვის სამყარო,
გადაქცეულა ლანდად, ჩრდილებად.
თითქოს თვალებში გამქრალი შუქი,
ხელებით მიაქვს და უფრთხილდება.
გონია გულში უნთია ცეცხლი…
ვაჟები უხმოდ მიაცილებენ
და უსინათლო მამის თუ ღმერთის,
ლოცვა-კურთხევას ინაწილებენ?
ადევნებიათ ბოღმა და შური,
ქვეყნის დამქცევი, გზაარეულებს;
ნეტა რად დაჰყვათ ძმობა ორგული,
ერთ დღეს, ერთ საათს დაბადებულებს?..
სადღაც შორს მოთქვამს, მწუხრი ღამეთა,
გადახსნილია წყვდიადის კარი
და ვულკანივით ჩამქრალ თვალებთან,
დღისა და ღამის წაშლილა ზღვარი.
იქნებ ფრთა გაჰკრა განგების ცელმა,
ო, უსამართლო სოფლის თამაში…
აი, იმ დღიდან, ბნელა, ო, ბნელა,
ბნელა საბრალო მამის თვალებში.
რაბი, მასწავლე მე სიყვარული.

*მასწავლებელი, მოძღვარი

მწუხრის ზარები

იცხაკ რაბინის ხსოვნას

დილამდე ზღვაზე ვენთე ფიქრებით…
აქ, ისრაელის მშვენებით ვთვრები;
…დილით, ანაზდად, სევდა ნოემბრის
ზეცას გაეკრა თოლიის ფრთებით…

ვიცი, დანამავს დასიცხულ მიწას,
ჩაეღვენთება პირგამშრალ ფესვებს…
დილამდე ზღვაზე ნისლები იწვა,
დილამდე მთვარე ჩამოდნა ფეხზე.

დაიბეჭდა ჟურნ. “განთიადი”, ქუთაისი, 2010, N9-10, 
გაზ., “ალია საქართველოდან”, 1996, N1704

 

იერუსალიმს

იებუს გერქვა – და „შალომი“
გიწოდა სემმა,
ხოლო „იირე“ წაუმძღვარა
აბრამ აბინუმ;
ასე ინება, დიახ ასე
ინება ღმერთმა,
და გადმოგხედა ზეციურმა
წყალობის თვალით –
იერუსალიმ. – დიდება იმ დღეს,
იმ დღეს აფერუმ.
ის ებრაელი, სემის შტოდან
ამომავალი,
წყლისა და ცეცხლის ქალაქიდან
ლტოლვილი მგზავრი,
კერპთ რისხვა და შემმუსვრელი
ის ურიელი,
მდინარის პირს დარგული ხის
მსგავსი და სწორი,
ისევე გვმოძღვრავს, ჩვენთან არი
იერუსალიმ.
ფრთებით დაგვიფარე ციურო
ანგელოსო,
დაგვამადლიანე და გთხოვ,
გევედრები,
ის კვალი, ის არე, ის მიწა
დაგველოცოს,
სადაც დაგვაპურე აღთქმით და
ლეგენდებით.
ალილუია, ალელუ იერუსალიმ.
ერეც ისრაელ, წმინდა მიწავ,
ტკბილო და ნაზო,
დედის ღიმილო, შვილის სითბოვ,
მთვარის ნაჟურო,
შენ, თორმეტი მზის ძმურო სიტყვავ
და სიყვარულო,
ვაზის ერთ ფესვზე იაკობის ხელით
ჩაწნულო.
ალილუია, ალელუ იერუსალიმ.

წლები წლებს მისდევს, გაფერმკრთალდა
დრო-ჟამის ზღვარი,
ალვის ხის ფოთლებს დაეკიდა
დაღლილი მთვარე,
აქ ფოლიანტებს აშრიალებს
დავითის ქნარი,
ხოლო წამწამზე ჩამომჯდარა
უძილო ღამე.
ალილუია, ალელუ იერუსალიმ.
ხალხთა ძმობა-მეგობრობის
ხარ მტკიცე ბურჯი,
ყველა ჩვენგანს ათი მცნება
შენ გვიწილადე,
და იკვლევენ გზას წიგნები
სამყაროს გულში,
დღიდან დღემდე; თვიდან თვემდე
და წლიდან წლამდე.
ალილუია, ალელუ იერუსალიმ
…სალოცავში თავდახრილნი,
წიგნით შედიან,
ფრანგულია სალოცავი
თუ გერმანული,
ქართულია, რუსული
თუ ეთიოპური,
ყველასათვის, ყველასათვის
ღმერთი ერთია.
ალილუია, ალელუ იერუსალიმ.
იებუს გერქვა –
და “შალომი” გიწოდა სემმა,
ხოლო “იირე” წაუმძღვარა
აბრამ აბინუმ;
ასე ინება, დიახ ასე
ინება ღმერთმა
და გადმოგხედა ზეციერმა
წყალობის თვალით –
იერუსალიმ. – დიდება იმ დღეს,
იმ დღეს აფერუმ.
ფრთებით დაგვიფარე
ციურო ანგელოსო,
დაგვამადლიანე და გთხოვ,
გევედრები,
ის კვალი, ის არე, ის მიწა
დაგველოცოს,
სადაც დაგვაპურე აღთქმით და
ლეგენდებით
ალილუია, ალელუ იერუსალიმ.

პაპიაშვილი ი., ოდა იმერთა მეფის და აფხაზთა მთავრის შვილის თავდადებაზე, თბ., 2010, გვ.66, 76-79.

არ დაგიძახონ…

მთიდან დაეშვა პატარა ღელე,
ღარი დაუდეს, იქცა წისქვილად,
დაატრიალეს დოლაბი მერე
და შემოდგომას ფქვავდა წვრილ-წვრილად.
ქვეყნის ამბავიც წვრილად იცოდა,
წისქვილი გლეხის ბედ-იღბალს ჰგავდა,
ხშირად არც ღამე არ იძინებდა
და სიმინდივით ზღაპრებსაც ფქვავდა.
ბევრიც დაფქვა და ბევრიც წაიღეს,
იმედი იყო ვიწრო გზისპირი…
სოფლის ძალ-ღონეს და სიდუხჭირეს,
გლეხის გულივით გრძნობდა წისქვილი.
თუ დაბერტყავდა ზამთარი უბეს,
ის დაღვრემილი კაცივით სდუმდა
და ჩამოჰგავდა უჩიტო ბუდეს,
ხეზე დარჩენილს ობლად და უქმად.
…ასე ტრიალებს ბედის წისქვილი,
ბრუნავს – ქარია, წვიმს თუ აცხუნებს,
ღელე ჩხრიალებს გლეხის სისხლივით,
წყალი კი არა სისხლი აბრუნებს.
ზოგჯერ მგონია, ღელე თავს იხრჩობს,
ღარში ხმაურით გადამდინარი;
ნუ შეჩერდები ქართულო სისხლო,
არ დაგიძახონ ნაწისქვილარი.

დაიბეჭდა “მწერლის გაზეთი”,  2011, N15, გვ.15

კოლხური სიტყვა და იავნანა

დღეს ზღვა მწუხარე ფიქრით ირხევა,
შენი ღიმილი სევდამ დამალა,
თუმც ისევ მესმის ძველი სიმღერა,
კოლხური სიტყვა და იავნანა.

შენ მაშინ ჰგავდი ცისფერ მდინარეს,
მთიდან დაშვებულს ლაღი კისკისით,
მე ეს ნახატი ყრმობას მაგონებს,
ცაში აფრენილს მერცხლის ჭიკჭიკით.

ტალღის ხმაურმა ის ხმა დაფარა
და შორს გარიყა თეთრი ნავები,
ეჰ, აღარ გშვენის მუხლამდე კაბა,
გაელვარება შიშველ მკლავების.

დღეს ზღვა მწუხარე ფიქრით ირხევა,
შენი ღიმილი სევდამ დაფარა,
თუმც ისევ მესმის ძველი სიმღერა,
კოლხური სიტყვა და იავნანა.

დაიბეჭდა ჟურნ. “განთიადი”, ქუთაისი, 2010, N9-10,
გაზ., “ალია საქართველოდან”, 1996, N1704

 

ბოინგის ილუმინატორიდან…

ასე მგონია ყველაფერი მიცურავს სადღაც…
თეთრი ღრუბლებიც, მთა-ველებიც ფრინავენ თითქოს;
ამ დროს მომესმა სტიუარდესას ქართული სიტყვა:
“…ვეშვებით ლუდის აეროპორტში…”
ვიგრძენი დიდი სიხარული, ძალა და სითბო.

 

იმედი და ზმანება

დიდი ტკივილით გულანათროლი,
არ ვკარგავ იმედს, მშობელო დედავ;
იჭვი და შიში გაქრება მგონი,
როს დაგინახავ, როცა შეგხედავ.
ქუთაისისკენ! – გული მიხარის,
რიონის ნახვა როგორ მწყურია!
ჩემი ქალაქის კვამლიც რო არის, _
ისიც ტკბილი და საამურია.
მე ეს ზმანება წუხელაც ვნახე,
შევძელი კიდეც სიზმრის აყოლა,
დავხუჭავ თვალს და მივყვები ნათელს,
თვალს ავახელ და არა იყო რა!
ნაცნობი გზები… გავყურებ გამზირს,
ცრემლი ჩამომდის და ასე ვფიქრობ,
შენი მიწა-წყლის უბრალო ქვაც კი
თვალისმომჭრელი ოქროა თითქოს.
თითქოს გულიდან მომეხსნა ლოდი,
გამომიკეთდა კიდეც გუნება,
შენთან შეხვედრას ისე ვნატრობდი,
ვით გაზაფხულზე მზის მობრუნებას.
გადივერცხლისფრებს გელათის მთვარე,
ცის ლაჟვარდში რომ ზანტად მიგორავს;
…ვინ იცის, ძილში რა არ ვინატრე,
თვალს ავახელ და… არა იყო რა!

 

დაიბეჭდა  ჟურნ. “ნოსტალგია”, ქუთაისი, 2008, N4, გვ.9

 

დროსთან ჭიდილში

თმები რომ გამთეთრებია,
თქვენ ნუ გგონიათ ჭაღარა,
ჩემი წისქვილის ფქვილია,
განგებამ გადმომაყარა.
ტყვე ვარ, ტყვე, – ჩემი ბუნების,
ჩემი ფესვების და მიწის,
…”ძილშიაც ამას ვბუბუნებ”,
რაც თან დამყვა და რაც ვიცი,
იმ ლექსის ხიბლის ჭირიმე,
ქართველმა კაცმა რომ იცის.
რა გამომილევს საფიქრალს,
ან რას დამაკლებს სიბერე,
ვერც ქარიშხალი დამზაფრავს,
ისევ მხნეობას ვიფერებ.
ტყვე ვარ, ტყვე – ჩემი ბროლის ცის,
ჩემი ელვების სიცილის,
შქერით, იელით ანთებულ
ქმედებისა თუ მთის ძირის,
იმ სიყვარულის ჭირიმე,
ქართველმა კაცმა რომ იცის.
მე ისევ გაზაფხული ვარ,
დროსთან ჭიდილში ვყვავდები,
თუმც აღარ დავსტვენ ქარდაქარ
და აღარც გავიწალდები.
ტყვე ვარ, ტყვე, – ჩემი ბაღნარის,
ჩემი რთველის და ნაჟურის,
წლის მოსავალი მოვიმკე,
სევდისთვის როგორ მოვიცლი,
იმ სიხარულის ჭირიმე,
ქართველმა კაცმა რომ იცის.

 

დაიბეჭდა  ჟურნ. “ნოსტალგია”, 2008, ქუთაისი, N4, გვ.9

 

ღვინობისთვე ქუთაისში

მამის ნათელ ხსოვნას

მამამ შემაყვარა ეს ხელოვნება. ყოველ რვა ნოემბერს, ამინდის მიუხედავად, უთენია ვესტუმრებოდით ქუთაისის მწვანე ბაზარს, სადაც იმერეთის გლეხობას ურმებით შემოზიდული
ჰქონდა ქარვისფერი ყურძნით სავსე გოდრები. მამა ყოველთვის სოფელ გორაზეინდრის ყურძენს ყიდულობდა: ცოლიკაურს, ციცქას, კრახუნას. ზოგჯერ ალადასტურს ან ოჯალეშსაც ვწურავდით. ჩემს სახლში ტიციან ტაბიძის N17, დარჩა ის მოწყობილობები, რაც ამ ხელოვნების განხორციელებისათვის არის აუცილებელი.

ყვითელ ფოთლებს

ქარი არხევს შარაგზაზე…
მტევნებში კი
ქარვისფერი ჩაიღვენთავს;
შემოდგომა,
შემოდგომა მოდის ასე:
სავსე კალთას
საწნახელში ჩაიბერტყავს.
საქაჩველში მოვარდება
ღვარი მაჭრის
და ბადაგი
ადუღდება მერე როცა,images111
მხიარული, დარდიმანდი,
სუფრას გავშლი,
წლის მოსავლის
ბარაქას და ლაზათს ვლოცავ,
მზე  მიწიდან
გაყვითლებულ ფერებს წაშლის
და ლაჟვარდი
თოვლის დარად დამძიმდება,
შემოდგომა ჩაილევა
შრომით, გარჯით
და ბოცებში
ქარვისფერი დაღვინდება.

 

დაიბეჭდა  ჟურნ. “ნოსტალგია”, 2008, ქუთაისი, N4, გვ.9

პაპიაშვილი ი., ოდა იმერთა მეფის და აფხაზთა მთავრის შვილის თავდადებაზე, თბ., 2010, გვ.42, 47,69,84-85,87.